კონტრასტული შხაპი სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს, ამასთან იმუნურ და ნერვულ სისტემებსაც აძლიერებს
- ცნობილია, რომ ძლიერი დატვირთვის შემდეგ აუცილებელია ერთ-ორდღიანი შესვენება და ამ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ცხოვრების ჯანსაღი წესი. რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომელთა შრომაც ხერხემალს საფრთხეს უქმნის?
- უწინარეს ყოვლისა, კონტრასტულ შხაპს - ყოველ დილით, აბაზანის შემდეგ, გადადით კონტრასტულ შხაპზე. შეუნაცვლეთ ერთმანეთს ცხელი და ცივი წყალი. ეს ააქტიურებს ცენტრალურ სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალური ტონუსის შენარჩუნებას.
ფიტნესი. თუ ბინის ფართობი არ გაძლევთ შინ ვარჯიშის საშუალებას, ესტუმრეთ ფიტნესკლუბს, სადაც ინსტრუქტორთან კონსულტაციის შემდგომ შეარჩევთ თქვენთვის ოპტიმალურ ვარჯიშთა კომპლექსს თქვენი ინდივიდუალური რესურსის გათვალისწინებით. გარდა ამისა, მრავალ სპორტულ ცენტრში შემოგთავაზებენ მასაჟს, რომელიც მეტად სასარგებლოა: აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის კუნთების ტონუსს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
მჯდომარე პროფესიათა წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია სავარძლის მორგება, იგი უნდა იყოს ერგონომიული, ანუ იმეორებდეს ხერხემლის ფიზიოლოგიურ ფორმას და ითვალისწინებდეს მის ნადრეკებს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი ერგონომიულიც არ უნდა იყოს სავარძელი, ჯდომისას ხერხემალზე ზეწოლა მაინც 40%-ით ძლიერდება, ამიტომ აუცილებელია პერიოდული შესვენება, პაუზა, წელში გამართვა და ხანმოკლე სუნთქვითი ვარჯიში. მჯდომარე და მდგომარე პროფესიათა წარმომადგენლებისთვის სასარგებლოა სამკურნალო ტანვარჯიში და ცურვა, სამკურნალო ტანვარჯიში ითვალისწინებს რამდენიმე ტიპის ვარჯიშს, რომელთა შესრულებაც შეიძლება როგორც შინ, ისე სამუშაო ადგილზეც.