სახსრების ტკივილი ადამიანებს ცხოვრების ხალისს უკარგავს! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახსრების ტკივილი ადამიანებს ცხოვრების ხალისს უკარგავს!

მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ პლაზმის, როგორც აქტიურად მოქმედი ნივთიერების, გამოყენება მეტად ეფექტურია სახსრების სამკურნალოდაც, კერძოდ, ართროზით დაზიანებული სახსრების აღსადგენად.

ართროპლაზმოლიფტინგის დანერგვა რუსი მეცნიერების დამსახურებაა, მათ მიერ შემუშავებულ-დახვეწილი ტექნოლოგია დაზიანებული სახსრის ელემენტების აღდგენის საშუალებას იძლევა. ამ მეთოდით სადღეისოდ შესაძლებელია ხრტილოვანი, კუნთოვანი, ძვლოვანი ქსოვილების, მყესების, დაზიანებული სახსარშიდა ელემენტების აღდგენა, რაც სახსარში ტკივილის მოხსნის, მასში მოძრაობის აღდგენისა და პაციენტებისათვის ცხოვრების გაუმჯობესების საფუძველია.

სწორედ, ართროპლაზმოლიფტინგის საინტერესო მეთოდზე, მის ჩვენებებსა და ეფექტებზე გვესაუბრება ქ. თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს ადამიანის ეკოლოგიის განყოფილების ექიმი, ტრავმატოლოგი ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი - ელგუჯა კვინიკაძე:

- ბატონო ელგუჯა, ართროპლაზმოლიფტინგის საინტერესო და ეფექტური მეთოდის განხილვამდე, მოდი, კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ჩვენს მკითხველს ინფორმაცია ართროზზე...

- სახსრებში მუდმივ ტკივილს იწვევს დაავადება ართროზი, რომელიც სხვადასხვა მიზეზთა გამო ვითარდება - დიდი ფიზიკური დატვირთვის, ჭარბი წონის, დისპლაზიური დაავადებებით ჩამოყალიბებული დეფორმაციების, ენდოკრინული დაავადებების, ტრავმების, ხანდაზმულ ასაკში განვითარებული ოსტეოპოროზისა და სხვათა გამო.

მოსახლეობის 80% ართროზით იტანჯება, ქალები და მამაკაცები - თითქმის თანაბრად; განსაკუთრებით ხშირია ეს პათოლოგია პოსტმენუალურ და ხანდაზმულ ასაკში. ართროზი დისტროფიული დაავადებაა, რომელიც სახსარშიდა ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანების გამო ვითარდება. მის დასადგენად საჭიროა კლინიკური, რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევების ჩატარება.

სახსრებში მწვავე ან ხანგრძლივად მიმდინარე პათოლოგიური პროცესების შედეგად, ძვლების მფარავი ხრტილოვანი ქსოვილი თხელდება, იბზარება, ჩნდება ნახეთქები, ღრმულები, სახსარი იცვლის ანატომიურ ფორმას, ზიანდება მისი ელემენტები. სახსრებში იწყება დეფორმაცია, ანთება, ტკივილის გამო მოძრაობის ფართის შეზღუდვა, რაც განაპირობებს ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას. ხერხემალში მალათაშუა დისკები განიცდიან პროტრუზიას, მალები აწვება ნერვულ კვანძებს, რაც ტკივილის დაწყების მიზეზი ხდება.

აღნიშნული პროცესები ხრტილოვან ქსოვილში ანაბოლური და კატაბოლური წონასწორობის ბალანსის დარღვევის შედეგია.

ტკივილი შემაწუხებელია როგორც მოძრაობის, ასევე მოსვენების დროს ხერხემლის, მხრის, მენჯ-ბარძაყის, მუხლის, კოჭ-წვივის სახსრებში. შემაწუხებელია ასევე კიდურების სხვადასხვა მიდამოში განვითარებული ენთეზოპათიის (ტრავმის შემდგომი ანთება კუნთის მყესის ძვალთან მიმაგრების ადგილზე, რომელიც იწვევს ტკივილს კიდურის მოძაობის დროს), ტენდინოპათიის (მომხრელი ან გამშლელი მყესის ბუდის ასეპტიკური ანთება, სინოვიალური სითხის ნაკლებობით), ტენოსინოვიტის (მომხრელი ან გამშლელი მყესის ბუდის ასეპტიკური ანთება, სინოვიალური სითხის ჭარბად გამოყოფით), კუნთების და მყესების მწვავე ან ქრონიკული ტრავმების, დაავადებების, ნევროპათიების გამო.

რადგანაც ოსტეოართროზი ვითარდება ქრონიკულად, ამიტომ პაციენტები სამკურნალოდ მიმართავენ დაავადების განვითარების სხვადასხვა ფაზაში.

- რას გვეტყვით მუხლის სახსრის ართროზზე?

- მუხლის სახსრის ართროზის ხარისხის განსაზღვრის კლინიკური და რენტგენოლოგიური მდგომარეობის შეფასების 4 სტადიაა ცნობილი. ჩვენ ვიყენებთ Kელლგრენ-Lაწრენცე-ის კლასიფიკაციას. ამით განისაზღვრება სამკურნალო ღონისძიებების ჩატარების სახეები.

I, II და III ხარისხის ართროზის დროს სამკურნალო ღონისძიებები კონსერვატიულია, მედიკამენტური, ტკივილგამაყუჩებელი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით და კორტიკოსტეროიდებით დამთავრებული. იმის გამო, რომ ართროზის დროს ხრტილოვან ქსოვილში განვითარებული დეგენერაციული პროცესები შეუქცევადია, ამ სახით ჩატარებული მკურნალობით ავადმყოფების მდგომარეობა მხოლოდ უმჯობესდება.

ართროზის მე-4 ხარისხის მიღწევის შემდეგ ტკივილის მოხსნა და სახსარში მოძრაობის აღდგენა შესაძლებელია ენდოპროთეზირებით.

- რას მოიცავს ოსტეოართროზის კონსერვატიული მკურნალობა?

- ოსტეოართროზის კონსერვატიული მკურნალობისათვის, სხვა მეთოდებთან ერთად, გამოიყენება სახსარშიდა ინექციები, ხანგრძლივი მოქმედების საანესთეზიო საშუალებები კორტიკოსტეროიდთან ერთად, ჰიალურონის მჟავას პრეპარატები, თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა, ძვლის ტვინიდან და ცხიმოვანი ქსოვილებიდან ასპირაციით მიღებული ღეროვანი უჯრედები, ამნიონური სითხე.

მართალია, საანესთეზიო საშუალებებთან (ლიდოკაინი, ტრიმეკაინი, ბუპივიკაინი, ლევობუპივიკაინი) ერთად, სახსარში შეყვანილი კორტიკოსტეროიდი ტკივილს ამცირებს, მაგრამ დროებით. ბოლო დროს მას იშვიათად იყენებენ კორტიკოსტეროიდების უარყოფითი გვერდითი მოვლენების გამო.

მიმდინარე ათწლეულის განმავლობაში ტრავმატოლოგი ორთოპედები 1-2 და მე-3 ხარისხის ოსტეოართროზის სამკურნალოდ წარმატებით იყენებენ კონსერვატიულ მეთოდს, ართროპლაზმოლიფტინგს.

- აუხსენით მკითხველს, მკურნალობის რა მეთოდია ართროპლაზმოლიფტინგი.

- მეთოდი გულისხმობს დაავადებულ სახსრებსა და მტკივნეულ მიდამოში თრომბოციტებით გამდიდრებული სისხლის პლაზმის (PRP-Platelet-Rich Plasma) ინექციით შეყვანას. პლაზმა მზადდება იმავე პაციენტის ვენური სისხლისგან. ლაბორანტი, პროცედურის ჩატარების წინ, სპეციალურ ვაკუუმიან სტერილურ სინჯარაში, სადაც ანტიკოაგულანტიანი გელია, იღებს სისხლს ვენაში ჩადგმული კათეტერით, სინჯარა ივსება. აღებული სისხლის რაოდენობა განისაზღვრება შესაყვანი მიდამოს მოცულობით, 5-დან 40 მილილიტრამდე.

სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა ასტიმულირებს ქსოვილების თვითრეგენერაციის პროცესს. ხორცდება მიკროტრავმებით დაზიანებული ქსოვილები, აღდგება დაბზარული ხრტილოვანი ქსოვილები.

- როდის გამოიყენება ართროპლაზმოლიფტინგი?

- PRP თერაპიას, ანუ ართროპლაზმოლიფტინგს იყენებენ: მხრის, სხივ-მაჯის, მენჯ-ბარძაყის, მუხლის, კოჭ-წვივის სახსრების ოსტეოართროზის, ხერხემლის დაავადების - სპონდილოართროზის დროს. ასევე:

  • მხრის როტატორული მანჟეტის დაზიანების;
  • მხრის ორთავა კუნთის გრძელი მყესის ტენდინიტის;
  • მხრის ძვლის ეპიკონდილიტის;
  • კვირისტავის იოგის ტენდინოპათიის;
  • მცირე წვივის მყესის ტენდინიტის;
  • ქუსლის ძვლის მყესის ტენდინიტის;
  • წინა ჯვარედინა იოგის ტრანსპლანტატის რეპარაციული პროცესის;
  • ოსტეოქონდროპათიიის - ოსგუდ შლატერის დაავადების დროს.

პაციენტის ვენიდან აღებული სისხლის ცენტრიფუგირებით მიღებული პლაზმა შეიცავს: 91% წყალს, 7% ცილას (fibrinogens, albumins, globulins), 2% საკვებ ელემენტებს (ამინმჟავებს, შაქარს, ლიპიდებს), ჰორმონებს (ერითროპოეტინს, ინსულინს და სხვა), ელექტროლიტებს (Ca, Ph, N და სხვა.), სისხლისგან პლაზმის გამოსაყოფად დამატებულ ანტიკუაგულანტს.

რეპარაციული პროცესის ძირითადი ფიგურანტია თრომბოციტები, მცირე ზომის, დიამეტრით 2-4 მიკრომეტრი. 1 მიკროლიტრ ცირკულირებულ სისხლში 300 000-მდე თრომბოციტია. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 7 დღეა, გამომუშავდებიან ძვლის ტვინში, გროვდებიან და გამოიყოფიან ელენთიდან, მონაწილეობენ ჭრილობების შეხორცების პირველ ფაზაში, შეიცავენ იონებს Ca ++, K +, ATF, ADF, ციტოკინებს (სერო ტონინს, ჰისტამინს, დოფამინს, პროსტოგლანდინს), ქემოკინებს, შედედების ფაქტორებს, მჟავე ჰიდროლაზებს, ელასტაზებს, ლიზოციმს, D და E კატეპსინს, პროტეაზებს, 7 ზრდის ფაქტორს, ანტიბაქტერიულ და ფუნგიციდურ ცილებს, აქტიურ სუბსტანციებს (ციტოკინებს, ქემოკინებს, ზრდის ფაქტორებს). ფიბრობლასტები არიან ბიოლოგიური მედიატორები, მონაწილეობენ ქსოვილის ფიზიოლოგიური მოდელირებისა და რეგენერაციის პროცესებში როგორც ენდოკრინული ჯირკვლების ჰორმონები.

- რა ეფექტი აქვს ართროპლაზმოლიფტინგს?

- PRP თერაპია ანუ ართროპლაზმოლიფტინგი ასტიმულირებს სახსრის სინოვიალურ გარსში ხრტილოვანი უჯრედების აღდგენის პროცესს, აძლიერებს ხრტილოვან ქსოვილსა და სინოვიალურ გარსში ცილა ლუბრიცინის სეკრეციას. ლუბრიცინი ამცირებს სასახსრე ზედაპირებს შორის ხახუნის კოეფიციენტს, განსაკუთრებით დიდი დატვირთვისას, მოძრაობის დროის მცირე მონაკვეთში გავლენას ახდენს ხრტილოვან ქსოვილში და სინოვიალურ გარსში ჰიალურონის მჟავას სინთეზზე.

პირველივე პროცედურის დამთავრებისთანავე პაციენტს სახსარში ტკივილი საგძნობლად უმცირდება. კიდურის მოძრაობის ფართობი იზრდება, რაც აიხსნება შეყვანილი პლაზმის სიბლანტით შექმნილი ხახუნის ლიკვიდაციით. შემდგომ პერიოდში ფიბრობლასტების მიერ გამოყოფილი ზრდის ფაქტორები განაპირობებენ ხტილოვანი უჯრედების გამრავლებას, ქსოვილის მთლიანობისა და კიდურის ფუნქციის აღდგენას.

PღP თერაპია სახსრებში ართროზით გამოწვეული ტკივილის შემცირებისა და მოხსნის შესაძლებლობას იძლევა, ეხმარება ხრტილოვანი ქსოვილების აღდგენას, დაზიანებული ელემენტების შეხორცებას, ანთების პროცესის დაცხრობას. საუკეთესო შედეგები მიიღწევა 1-ლი, მე-2 და მე-3 ხარისხის ართროზის დროს. პაციენტის მიერ რეკომენდაციების ზუსტად შესრულებისას რემისია გრძელდება 1 წლის განმავლობაში.

- რა რეკომენდაციებია ეს?

- მკურნალობის წინ პაციენტს ეძლევა შემდეგი რეკომენდაციები: 2 კვირით ადრე ანტიკოაგულანტების, არაჰორმონული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, ანალგეზიური საშუალებების მიღების შეწყვეტა, ალკოჰოლის მიღების და მოწევის შეწყვეტა, ცხიმიანი და შემწვარი საკვებისგან თავის შეკავება. პროცედურის წინ გამოძინება, სტრესული სიტუაციის არიდება. პროცედურები ტარდება 5-7-ჯერ ერთკვირიანი ინტერვალით.

მკურნალობის პროცესში და შემდგომ პაციენტებს ეძლევათ ართროზის გამომწვევი მიზეზების არიდების რეკომენდაციები, კერძოდ, შეძლონ ნამკურნალევი კიდურის განტვირთვა, წონის ნორმალიზება, ოსტეოპოროზით გამოწვეული ძვლების სიმკვრივის სამკურნალო საშუალებებითა და ვარჯიშებით გაუმჯობესება, თანმხლები დაავადებების მკურნალობა და მათი მავნე მოქმედების შემცირება.

ფუნდამენტური კვლევებით დადასტურებულია PღP თერაპიის - ართროპლაზმოლიფტინგის გამოყენების უპირატესობა ართროზების მკურნალობაში. სხვა მეთოდებთან შედარებით, ის მარტივად შესასრულებელია, ეკონომიურია, ხასიათდება ხანგრძლივი რემისიით.