მქავანა დერმატოზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მქავანა დერმატოზები

- ცნება “პრურიგო” აერთიანებს დერმატოზებს, რომელთა ძირითადი სიმპტომია კანის ქავილი. ეს არის კანის ერთგვარი ანთებითი რეაქცია, რომელიც მოიცავს ეპიდერმისსა და დერმას. დაავადების კლინიკური სურათი, ისევე როგორც მისი მიზეზები, მრავალფეროვანია. მწვავე სტადიისთვის დამახასიათებელია ქავილი, ერითემა და ვეზიკულები, ქრონიკულისათვის - ქავილი, კანის სიმშრალე, ლიქენიფიკაცია და ჰიპერკერატოზი. შესაძლებელია ნაპობების გაჩენაც. რაც შეეხება კანის ქავილს, ის მართლაც შეიძლება დამოუკიდებელ ნოზოლოგიად ჩაითვალოს.

- რისი ბრალია კანის ქავილი?

- მის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ენდოგენური ფაქტორები, კერძოდ, ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემების ფუნქციის მოშლა, აგრეთვე - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები. ხშირად პაციენტს აღმოაჩნდება ხოლმე აქილია, ჰიპერ- ან ჰიპოაციდოზი, ასიმპტომური ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი. ხშირია ქავილი ღვიძლის ფუნქციური უკმარისობისას, აივ-ინფიცირებისას. ზოგჯერ ის თან ახლავს ფარულ ავთვისებიან პროცესს, მეტასტაზირებულ ონკოლოგიურ დაავადებას, ბილიარული სისტემის დისკინეზიას, პროქტოსიგმოიდიტს, ყაბზობას ან დიარეას, ნაწლავთა დისბაქტერიოზს, ენზიმოპათიას, ქრონიკულ პანკრეატიტს, ქრონიკულ ურეთრიტს, პროსტატიტს, ადნექსიტს. კანის ქავილი ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერმა ინტოქსიკაციამ, ნივთიერებათა ცვლის მოშლამ. მაგალითად, ორსულთა ქავილის ანუ მორეციდივე ქოლესტაზის მიზეზია ესტროგენების სიჭარბე, რომელიც თრგუნავს ღვიძლის გლუკურონილტრანსფერაზის აქტივობას. ამის შედეგად ირღვევა გლუკურონის მჟავასთან ბილირუბინის შეკავშირება, ვითარდება ქოლესტაზი - ნაღვლის შეგუბება - და სისხლში იმატებს ნაღვლის მჟავების შემცველობა. ნაღვლის მჟავები გროვდება კანქვეშ და ქავილს იწვევს. დაავადება ვითარდება ორსულობის მეორე ნახევარში და გაივლის მშობიარობის შემდეგ. ბავშვთა პრურიგოს, სტროფულუსის, განვითარება ხშირად განპირობებულია კვებითი სენსიბილიზაციით (რძე, შოკოლადი, თაფლი, მურაბა, კენკრა, კვერცხის ცილა, ხორცის ბულიონი და სხვ.), იშვიათად მისი მიზეზია წამლისმიერი სენსიბილიზაცია ან ჭიისმიერი ინვაზია.

- როგორია ქავილის განვითარების მექამიზმი?

- ადამიანის კანი ერთგვარი რეცეპტორებით დანაღმული ველია – მის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე 5000-მდე მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებაა. რეცეპტორებს უშუალო კავშირი აქვთ უმაღლეს ნერვულ სისტემასთან. რეცეპტორებით განსაკუთრებით მდიდარია სახის, თავისა და კიდურების კანი. ისინი დაუყოვნებლივ რეაგირებენ (თავის ტვინს ინფორმაციას გადასცემენ) გარემოს ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელსაც ორგანიზმისთვის ზიანის მოტანა შეუძლია და ამით საიმედოდ იცავენ მას. ქავილის რეცეპტორები კანის მხოლოდ ზედა შრესა და ლორწოვან გარსზე (თვალები, ყურები, ცხვირი და ყელი, ანალური ხვრელი, ურეთრა და გენიტალიები) მდებარეობს, საერთოდ არ არის კუნთებში, სახსრებსა და შინაგან ორგანოებში, ამიტომ ადამიანს არასოდეს ექავება სხეულის ეს ნაწილები. სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რატომ აქრობს ფხანა ქავილის შეგრძნებას: თურმე მოქავებისას ზურგის ტვინში იბლოკება იმ ნერვულ უჯრედთა მოქმედება, რომლებიც თავის ტვინს ქავილის შესახებ სიგნალებს გადასცემს. კანმა თავდაცვითი ფუნქცია სრულფასოვნად რომ შეასრულოს, აუცილებელია, მისი ზედა შრე მუდმივად ნოტივდებოდეს ოფლისა და ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ გამოყოფილი სეკრეტით. არასაკმარისი დატენიანებისას კანი შრება და იქერცლება, შიშვლდება მისი ზოგიერთი უბანი და თავს იჩენს ქავილი, ზედმეტი დატენიანებისას კი კანი იჯირჯვება და მიკროორგანიზმებისთვის ადვილად შესაღწევი ხდება. ყველაზე ხშირად ზიანდება ის ადგილი, სადაც ერთი უბნის კანის ზედაპირი მეორე უბნისას ეხება: ნაოჭები, შორისის მიდამო, ბოქვენის არე, სარძევე ჯირკვლების ქვეშ, ზედა და ქვედა კიდურების თითებშუა არსებული არეები და სხვა.

- რომელ დერმატოლოგიურ დაავადებებს ახლავს თან კანის ქავილი?

- ქავილით მიმდინარე დერმატოზებია:

  • ალერგოდერმატოზები (ტოქსიდერმია, ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, ჭინჭრის ციება და სხვა);
  • ნეიროდერმატოზები;
  • მიკოზები (სოკოვანი დაავადებები);
  • პარაზიტებით გამოწვეული კანის დაავადებები (მუნი, დემოდეკოზი);
  • კვანძოვანი პრურიგო;
  • კანის აუტოსენსიბილიზაცია;
  • მონეტისებური ეგზემა;
  • ორსულთა მქავანა დერმატოზი.

განასხვავებენ მის რამდენიმე სახეობას:

  • ორსულთა ქავილს, იმავე ორსულთა მორეციდივე ქოლესტაზს;
  • ორსულთა მქავანა ფოლიკულიტს;
  • ორსულთა პრურიგოს;
  • ბავშვთა პრურიგოს - სტროფულუსს.
- რა თავისებურებები ახასიათებს თითოეულ ამ ნოზოლოგიას?


ჭინჭრის ციება ანუ ურტიკარია

- მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ჰქონია კანის ალერგიული დაავადების ერთ-ერთი ფორმა - ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია. ის პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მრავალი ფაქტორი იწვევს, მათ შორის - საკვები, მედიკამენტები, ინფექცია, მწერის ნაკბენი. ჭინჭრის ციების დროს გამონაყარი ძლიერ წააგავს ჭინჭრის ნასუსხს. ის სხვადასხვა ადგილას ჩნდება და თან ახლავს ძლიერი ქავილი. ცალკე უნდა გამოვყოთ პარაონკოლოგიური - პარანეოპლაზიური დერმატოზი - კანის დაავადება, რომელიც ორგანიზმზე სიმსივნური პროცესის ზემოქმედების შედეგია. მას, წესისამებრ, განაპირობებს შინაგანი ორგანოების ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები და ლეიკოზების სხვადასხვა ფორმა, უფრო ზუსტად, მათი გავლენა ნივთიერებათა ცვლის, ენდოკრინულ, ტოქსიკურ-ალერგიულ, აუტოიმუნურ და სხვა ფიზიოლოგიურ მექანიზმებზე. პარაონკოლოგიური პროცესები შესაძლოა განვითარდეს ავთვისებიანი პროცესების კლინიკური სიმპტომების გამოვლენამდე, მათთან ერთად ან მოგვიანებით. შინაგანი ორგანოების ახალწარმონაქმნებთან პარაონკოლოგიური დერმატოზის კავშირზე მეტყველებს კანის სიმპტომების ალაგება სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ. პარაონკოლოგიურ დერმატოზებს მიაკუთვნებენ რგოლისებურ ერითემას, შეძენილ იქთიოზს, შეძენილ ჰიპერტრიქოზს, დიურინგის დაავადებას, ბულოზურ პემფიგოიდს, განგრენოზულ სარტყლისებურ ლიქენს, მრავლობით კერატოაკანტომებს. ჭეშმარიტ პერაონკოლოგიურ დერმატოზებს მიეკუთვნება კანის დაავადებები, რომლებსაც ატოპიური მიმდინარეობა ახასიათებს. მაგალითად, ტორპიდულად მიმდინარე ჭინჭრის ციება, განგრენოზული პიოდერმია. კონტაქტური დერმატიტი, ალერგოდერმატოზის ერთ-ერთი სახეობა, ვითარდება კანზე ქიმიური ნივთიერების უშუალო ზემოქმედების შედეგად როგორც კანის დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქცია. უვითარდებათ მხოლოდ წარსულში რომელიმე ქიმიური ნივთიერებით სენსიბილიზებულ პირებს. ორსულთა მქავანა დერმატოზი კანის დაავადებაა, რომელიც ორსულობისას ვლინდება, მისი დასრულებისთანავე ქრება და მიეკუთვნება ორსულთა ადრეული გესტოზების იშვიათ ფორმებს. ბავშვთა პრურიგო, სტროფულუსი, აღინიშნება 5 თვიდან 5 წლამდე ასაკში და, ჩვეულებრივ, წარმოადგენს ატოპიური დერმატიტის კანისმიერ სინდრომს.

- როგორია ქავილის ხასიათი და ინტენსივობა კანის სხვადასხვა პათოლოგიის დროს?

- კანის პარაზიტული დაავადებებისთვის დამახასიათებელია ქავილი უმთავრესად ღამით. ესაა მისი ერთგვარი განმასხვავებელი ნიშანი კანის სხვა დაავადებებისგან. კანის მიკოზების დროს ქავილი ასევე შემაწუხებელია, მაგრამ სხვაგვარი პერიოდულობა ახასიათებს. ქავილს თან ახლავს წვა, კანზე ნაპობების გაჩენისას ან ინფიცირებისას - ტკივილიც. ტკივილი ახასიათებს პრურიგოსაც. პრურიგოს დროს პაციენტები უჩივიან კანის შეტევით შემაწუხებელ ქავილს, უძილობას, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებას. ხშირად ქავილი იმდენად მტანჯველია, რომ პაციენტები თავს ვეღარ იკავებენ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კი იქავებენ კანს. დაავადებული ადამიანი ხდება ასოციალური, გაურბის საზოგადოებას, მუდამ უგუნებოდაა, ქავილის გახსენებაზეც კი ეწყება ქავილის პაროქსიზმი, რომელიც უცხრება მხოლოდ ენერგიული, სისხლმდენი მოფხანის შემდეგ.

- როგორ ხდება კანის ქავილის დროს დიაგნოსტიკა და დაავადებათა დიფერენცირება?

- მქავანა დერმატოზის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ანამნეზის დროული და სწორი შეკრება, ფიზიკალური და ლაბორატორიული კვლევები: გამონაყარის დათვალიერება ექიმის მიერ, საჭიროების შემთხვევაში - დერმატოსკოპითაც. კანის ანაფხეკის ციტოლოგიური კვლევა კანის ავთვისებიან დაავადებაზე ეჭვის დროს ტარდება. კანის მიკოზზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა კანის დათვალიერება სიბნელეში ვუდის ნათურით (შესაძლოა ჩატარდეს კანის ანაფხეკის მიკროსკოპიული გამოკვლევაც კალიუმის ჰიდროქსიდით). კანის მეორეული ინფიცირებისას საჭიროა ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული ანალიზი. დემოდეკოზზე ეჭვისას ინიშნება დემოდექსზე კანისა და წამწამების ლაბორატორიული კვლევა. ორსულთა ქავილის დიფერენცირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკალურ გამოკვლევას. ნაკაწრები, რომლებიც ფხანის შედეგად ჩნდება, შესაძლოა დაინფიცირდეს. ნაფხანი და ნაჭდევები დაფარულია ოქროსფერი ქერქით და წითელი გარსით. სისხლში მომატებულია ნაღვლის მჟავების რაოდენობა. შესაძლოა მოიმატოს ტუტე ფოსფატაზის აქტივობამ, ალანინამინოტრანსფერაზისა და ბილირუბინის შემცველობამ შრატში (სიყვითლე, ჩვეულებრივ, გამოხატული არ არის). კანის ბიოფსია ამ დროს არაინფორმაციულია. ორსულთა ქავილის დიაგნოსტიკისას უნდა გამოირიცხოს ქავილის სხვა მიზეზები: შაქრიანი დიაბეტი, ჭიებით ინვაზია, მედიკამენტებზე ან საკვებზე ალერგიული რეაქცია და სხვა. პარაონკოლოგიურ დერმატოზზე ეჭვის შემთხვევაში პაციენტი აუცილებლად უნდა გაიგზავნოს ონკოლოგიურ გამოკვლევაზე. ატოპიური დერმატიტის ქავილით მიმდინარე კანის სხვა დაავადებებისგან დიფერენცირებისთვის საჭიროა სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრა. უნდა დადგინდეს, რომელი საყოფაცხოვრებო, კვებითი, მცენარეული თუ ბაქტერიული ანტიგენი იწვევს კონკრეტულ პირთან ალერგიულ რეაქციას.

- როგორ მკურნალობენ?

- ალერგოდერმატოზების მკურნალობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ალერგენის ზემოქმედების შეწყვეტას. ანტიჰისტამინური პრეპარატების დანიშვნას. საჭიროების შემთხვევაში - ადგილობრივ სიმპტომურ მკურნალობას. კორტიკოსტეროიდების მალამოები ეფექტურია ოკლუზიური სახვევის ქვეშ პენეტრაციის გასაზრდელად და ქავილის ბარიერის შესაქმნელად. ამ პრეპარატების ხმარება შეიძლება ორი კვირის განმავლობაში. ზოგჯერ კერის შიგნით კორტიკოსტეროიდების ინექციაც შეჰყავთ. მისი გამეორება შეიძლება 2-4 კვირის შემდეგ. შესაძლებელია ადგილობრივად ანტიჰისტამინური პრეპარატების ხმარებაც. მაგალითად, დიმედროლიანი გელისა, ფენისტილის გელისა, ქავილის საწინააღმდეგო პუდრისა, ქაფურის ან ანესთეზინის შემცველი მალამოებისა. ჩვენი ფარმაცევტული ბაზარი ამჟამად მდიდარია ამ სამკურნალწამლო ფორმებით. შესაძლოა ჩატარდეს ფოტოთერაპია ან კრიოთერაპია, მაგალითად, კვანძოვანი პრურიგოს ან დისჰიდროზული დერმატიტის დროს. ხანდახან ტარდება ცალკეული კერების ექსციზიაც. შესაძლოა შედეგიანი აღმოჩნდეს სელექციური სეროტონინის ინჰიბიტორების გამოყენება. კვანძოვანი პრურიგო ხშირად არ ექვემდებარება მკურნალობას. პარაონკოლოგიური დერმატოზის მქონე პაციენტი აუცილებლად უნდა გაიგზავნოს ონკოლოგიურ გამოკვლევაზე. მკურნალობა მიმართული უნდა იყოს ძირითადი დაავადების წინააღმდეგ. ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის წარმატებულ მკურნალობაზე მეტყველებს პარაონკოლოგიური დერმატოზების უკუგანვითარება. მქავანა დემატოზების მკურნალობის ერთ-ერთი წესია, ავუხსნათ პაციენტს, თავი შეიკავოს ქავილისგან, რადგანაც ეს პროცესს უმართავს და შეუქცეველს ხდის. ამ მიზნით ექიმი ურჩევს, ღამღამობით (რადგან გაუცნობიერებელი ქავილი ღამღამობით უფრო ხშირია) ჩაიცვას სპეციალური პიჟამა, რომელშიც კანის მოქავებას ვერ მოახერხებს. ატოპიური დერმატიტი მოითხოვს ხანგრძლივ კონტროლს, კომპლექსურ მიდგომას. მკურნალობა მოიცავს ბაზისურ და ანთების საწინააღმდეგო თერაპიათა ადეკვატურ კომბინაციას. ალერგენის გამორიცხვა ან მასთან კონტაქტის შემცირება დაავადების გამწვავებას აბრკოლებს. ამისათვის საჭიროა ოთახების განიავება, დალაგება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ყოველდღიური აბაზანა, პირადი ჰიგიენის დაცვა. დიდი მნიშვნელობა აქვს კვების სწორ რეჟიმს. პათოგენეზური თერაპია გულისხმობს ქავილის მოხსნას და დარღვეული ძილის მოწესრიგებას. გარეგანი თერაპია კლინიკური სურათის გათვალისწინებით უნდა წარიმართოს.