ქიმიური დამწვრობა
ქიმიური დამწვრობა, როგორც წესი, უსაფრთხოების წესების დაუცველობის, საყოფაცხოვრებო თუ საწარმოო ტრავმების, უბედური შემთხვევების, სუიციდის (თვითმკვლელობის) მცდელობის შედეგია. ადამიანის ორგანიზმის ქსოვილთა დაშლა-დაზიანების უნარი ბევრ ქიმიურ ნივთიერებას აქვს. ამგვარი თვისებით განსაკუთრებით გამოირჩევიან კონცენტრირებული მჟავები და ტუტეები.
ქიმიური დამწვრობის დროს ქსოვილთა დაზიანების სიღრმე დამოკიდებულია მოქმედი აგენტის ძალაზე (რომელიც გარკვეულწილად ხსნარში წყალბადისა და ჰიდროქსიდის იონების კონცენტრაციით განისაზღვრება), გამაღიზიანებელი ნივთიერების რაოდენობაზე (რაც უფრო მეტი რაოდენობის ნივთიერება იმოქმედებს ქსოვილზე, მით უფრო მეტად დაზიანდება ის), კანთან ქიმიური აგენტის მოქმედების ხანგრძლივობაზე, ნივთიერების შეღწევის სიღრმეზე.
კანის დამწვრობის გამომწვევი ქიმიური აგენტების კლასიფიკაცია
- დამჟანგველები - ეს ნივთიერებები ხელს უწყობენ დიდი რაოდენობით ატომური ჟანგბადის გამოყოფას, რომელიც მეტად აქტიური სუბსტანციაა და აქედან გამომდინარე, გამოხატულ დამწვრობას იწვევს. მათ მიეკუთვნება ყველასათვის კარგად ცნობილი კალიუმის პერმანგანატი (“ჩვეულებრივი მარგანცოვკა”), ქრომის მჟავა, ნატრიუმის ჰიპოქლორიდი.
- გამაუწყლოებელი ნივთიერებები, რომელთა მოქმედების ძირითადი საფუძველი სითხის დაკარგვის გზით უჯრედთა დაზიანებაა. ძლიერი დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) გამო უჯრედები სწრაფად იღუპება. ამ ნივთიერებებს მიეკუთვნება ზოგიერთი მჟავა: გოგირდის, ქლორწყალბადისა და მჟაუნმჟავა.
- კოროზიის გამომწვევი აგენტები - ფენოლი (კარბოლის მჟავა), თეთრი ფოსფორი, ზოგიერთი ტუტე (ნატრიუმის ჰიდროქსიდი).
- კანის ნახეთქების გამომწვევი შხამები, რომლებიც მოქმედებს კანსა და ლორწოვან გარსზე, იწვევს ადგილობრივად ქსოვილების დაზიანებას, ბუშტუკებისა და ნახეთქების განვითარებას. მათ მიეკუთვნება: მდოგვის აირი, ბენზინი, მეთილბრომიდი.
- მჟავები და ტუტეები - ქიმიური დამწვრობის გამომწვევი ყველაზე ხშირი აგენტები (მაგალითად, ძმარმჟავა). მჟავები განსხვავდება ერთმანეთისგან მოქმედების ძალით. ყველაზე ძლიერი მოქმედება აქვს იმ მჟავებს, რომელთა PH 2-ზე ნაკლებია (PH ხსნარში წყალბადიონთა კონცენტრაციის მაჩვენებელია. მისი დაბალი მნიშვნელობა მჟავე რეაქციაზე მიუთითებს, მაღალი კი - ტუტე რეაქციაზე). ძლიერი ტუტეების PH 11-ს ან უფრო მეტს უდრის.
სამწუხაროდ, ტუტით დამწვრობა უფრო მძიმეა, ვიდრე მჟავათი, რადგანაც კანზე მოქმედების მექანიზმით ეს ნივთიერებები ერთმანეთისგან განსხვავდება: მჟავები, ჩვეულებრივ, კოაგულაციური ნეკროზის (უჯრედთა კვდომის) განვითარებას იწვევენ, რომლის წყალობითაც საკმაოდ მკვრივი ქერქი (ერთგვარი ფუფხი) წარმოიქმნება. ეს უკანასკნელი ქიმიურ აგენტს არ აძლევს უფრო ღრმად გავრცელების საშუალებას. ტუტეები, პირიქით, კოლიკვაციური ნეკროზის გამომწვევნი არიან. ისინი თითქოს ერთგვარად ათხიერებენ ქსოვილს და ხელს უწყობენ ქიმიურ აგენტს ქსოვილებში უფრო ღრმად შეღწევასა და ბევრად ღრმა შრეების დაზიანებაში.
-
კანის ქიმიური დამწვრობის სიმპტომები და კლასიფიკაცია
კანის დაზიანების სიღრმის მიხედვით, ქიმიური დამწვრობა ოთხ ეტაპად (ხარისხად) იყოფა.
პირველი ხარისხის დამწვრობა გარეგნულად კანის ზომიერად გაწითლებით, ტკივილითა და წვით ვლინდება. დაზიანებული უბანი მკვეთრად შემოსაზღვრულია (გამოყოფილია) გარემომცველი ჯანმრთელი უბნებისგან.
პირველი ხარისხის დამწვრობის დროს ძირითადად კანის ზედაპირული შრე - ეპიდერმისი ზიანდება. პირველი ხარისხის დამწვრობას ძირითადად სუსტი მჟავებისა და ტუტეების ზემოქმედება განაპირობებს.
მეორე ხარისხის ქიმიური დამწვრობა შედარებით ინტესიური წითელი შეფერილობით, შეშუპებით, გამოხატული ტკივილით, გამჭვირვალე შიგთავსის მქონე ბუშტუკების წარმოქმნით ხასიათდება. ამ დროს კანის შედარებით ღრმა შრეები ზიანდება.
ჩვეულებრივ, მეორე ხარისხის დამწვრობა კანის იმ უბანში ვითარდება, სადაც უშუალოდ მოხვდება ქიმიური აგენტი, ხოლო იმ ადგილზე, სადაც გაჟონავს (ანუ სადაც მიაღწევს) აგრესიული ნივთიერება, პირველი ხარისხის დამწვრობა შეიძლება გამოვლინდეს.
მესამე ხარისხის დამწვრობა კანის ყველა შრის ნეკროზს იწვევს. დაზიანებული უბანი ამ დროს ფერს იცვლის - თეთრი ან, პირიქით, მუქი ფერის ხდება. მის ირგვლივ არსებული ქსოვილები სწრაფად შუპდება, წითლდება, მტკივნეული ხდება. ამ დროს განვითარებული ბუშტუკები მუქი შეფერილობის, ზოგჯერ სისხლნარევი სითხითაა სავსე. კანის მგრძნობელობა ირღვევა, დამწვარი უბანი უმტკივნეულოა.
მეოთხე ხარისხის ქიმიური დამწვრობა არის სრული ნეკროზი არა მხოლოდ კანის, არამედ მის ქვეშ მდებარე ცხიმოვანი ქსოვილის, მყესების, კუნთებისა და ძვლებისაც კი.
სამწუხაროდ, ქიმიური დამწვრობის უმრავლესობა ღრმა და მძიმე დაზიანებაა (მე-3, მე-4 ხარისხის). როგორც უკვე აღვნიშნეთ, მჟავებით ან ტუტეებით დამწვრობისას დაზიანებულ უბანზე ერთგვარი ფუფხი (ქერქი) წარმოიქმნება. ტუტით გამოწვეული დამწვრობის დროს განვითარებული ქერქი თეთრი, რბილი და ფხვიერია, მეზობელ ქსოვილებზე მკვეთრი საზღვრების გარეშე გადადის.
ტუტეებს, მჟავებისგან განსხვავებით, უფრო ძლიერად გამოხატული დამშლელი მოქმედება აქვთ, რადგან ბევრად უფრო ღრმად აღწევენ ქსოვილებში. მჟავებით გამოწვეული ქიმიური დამწვრობის დროს წარმოქმნილი ფუფხი, ჩვეულებრივ, მშრალი და მკვრივია, კანის ჯანმრთელი უბნებისგან მკვეთრად შემოსაზღვრულია ზოლით. მჟავებით გამოწვეული დამწვრობა, უფრო ხშირად, ზედაპირულია.
ქიმიური დამწვრობის დროს დაზიანებული კანის ფერი ქიმიურ აგენტზეა დამოკიდებული.
- გოგირდმჟავათი დამწვარი კანი თავდაპირველად თეთრი ფერისაა, შემდგომში ფერს იცვლის, რუხი ან ყავისფერი ხდება;
- აზოტმჟავათი დაზიანების შემთხვევაში კანი მოყვითალო-მომწვანო ან მოყავისფრო-მოყვითალო შეფერილობას იღებს;
- კონცენტრირებული წყალბადის ზეჟანგით გამოწვეული დამწვრობის დროს კანს მორუხო ელფერი აქვს და ა.შ.
ქსოვილთა დაზიანება ქიმიურ აგენტთა ზემოქმედების გავლენით გრძელდება მათთან უშუალო შეხების შემდეგაც, რადგან დამწვარ უბანში მავნე ნივთიერებათა შეწოვა გარკვეული ხნის განმავლობაში კიდევ გრძელდება. აქედან გამომდინარე, ქსოვილთა დაზიანების ხარისხის განსაზღვრა დამწვრობის პირველ საათებში და ზოგჯერ ტრავმის შემდეგ დღეების განმავლობაშიც მეტად რთულია.
დამწვრობის ჭეშმარიტი სიღრმე, ჩვეულებრივ, ქიმიური დამწვრობიდან 7-10 დღეში ვლინდება, მაშინ, როდესაც ფუფხი ჩირქდება. ქიმიური დამწვრობის სიმძიმე და საფრთხე დამოკიდებულია არა მხოლოდ ქსოვილთა დაზიანების სიღრმეზე, არამედ ფართობზეც. რაც უფრო დიდ ფართობს მოიცავს დამწვარი უბანი, მით უფრო საშიშია ის დაზარალებულის სიცოცხლისათვის.
სასწრაფო გადაუდებელი დახმარება კანის ქიმიური დამწვრობის დროს
კანზე აგრესიული ქიმიური აგენტის მოხვედრის შემთხვევაში შემდეგი ძირითადი ღონისძიებები უნდა გატარდეს: სასწრაფოდ მოსცილდეს კანის ზედაპირს დამაზიანებელი აგენტი, დაზიანებული უბანი ჩამოირეცხოს დიდი რაოდენობით გამდინარე წყლით და შემდეგ გაცივდეს.
თუ კანზე ქიმიური ნივთიერება მოგხვდათ:
- აუცილებლად გაიხადეთ ტანსაცმელი, რომელზეც მოხვდა მჟავა, ტუტე ან სხვა ქიმიური აგენტი;
- დაზიანებული უბანი გამდინარე წყლით ჩამოიბანეთ მინიმუმ 30-40 წუთის განმავლობაში. თუ ქიმიური აგენტის კანზე მოხვედრის მომენტიდან გარკვეული დროა გასული, დაზიანებული უბანი გამდინარე წყლის ნაკადის ქვეშ კიდევ უფრო დიდხანს გააჩერეთ. გაითვალისწინეთ, რომ კირითა და ალუმინის შემცველი ქიმიური ნაერთებით მიღებული დამწვრობის შემთხვევაში დაზიანებული უბნის წყლით ჩამობანა უკუნაჩვენებია. ასეთ დროს შესაძლოა ქიმიური რეაქციის პროვოცირება მოხდეს (მაგალითად, ჩაუმქრალი კირის ჩაქრობა), ქიმიური რეაქციის დროს კი დიდი რაოდენობით სითბო გამოიყოფა, რომელმაც შესაძლოა დამატებით სითბური დამწვრობა გამოიწვიოს და კიდევ უფრო დაამძიმოს მდგომარეობა;
- არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პირსახოცი, ხელსაწმენდი, ცხვირსახოცი ან ტამპონი კანიდან ქიმიური აგენტის ნარჩენების მოსაცილებლად. ამით მხოლოდ გააღრმავებთ დაზიანებას, გააძლიერებთ ტკივილსა და შეშუპებას;
- თუ დამწვრობა ფხვნილისებრი სტრუქტურის აგენტმა გამოიწვია, დაზიანებული უბნის წყლით ჩამორეცხვამდე, აუცილებელია ფხვნილის ნარჩენების მოცილება. დამწვარი უბანი მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხვდეს წყლის ნაკადის ქვეშ;
- დაუშვებელია დაზიანების გამომწვევი ქიმიური აგენტის სხვადასხვა საშუალებით განეიტრალებაც. უმრავლეს შემთხვევაში ეს მეთოდი არაეფექტურია, მეტიც - სახიფათოა. რადგან დაზარალებულმა იშვიათად იცის, ზუსტად რამ გამოიწვია დამწვრობა. იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ მჟავამ დაგწვათ, კანის დაზიანებული უბანი საპნიანი წყლით ან საჭმლის სოდის 2%-იანი ხსნარით (ერთი ჩაის კოვზი სოდა 2,5 ჭიქა წყალზე) ჩამოიბანეთ, რათა მჟავა განეიტრალდეს, ხოლო თუ კანზე ტუტე მოგხვდათ, მაშინ დამწვარი უბანი ძმრის ან ლიმონმჟავას სუსტი ხსნარით უნდა ჩამოიბანოთ. კირით დამწვრობის დროს დამაზიანებელი აგენტის განეიტრალებისათვის შაქრის 20%-იანი ხსნარი გამოიყენება. კარბოლის მჟავას გლიცერინი ანეიტრალებს;
- კანის დაზიანებული უბანი უნდა გააცივოთ. ამისათვის ცივ წყალში დასველებული პირსახოცი ან ყინული დაიდეთ;
- დამწვრობით გამოწვეულ ჭრილობაზე უნდა დაიდოთ სტერილური ნახვევი, ამის შემდეგ დაუყოვნებლივ მიმართეთ კვალიფიციურ დახმარებას.
უმნიშვნელო ქიმიური დამწვრობა, ჩვეულებრივ, თავისით გაივლის, შემდგომი მკურნალობის გარეშე, მაგრამ თუ დამწვრობა დიდ ფართობს მოიცავს და ღრმაა, აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ:
- დაზარალებულს შოკის ნიშნები აქვს (გონების დაკარგვა, სიფერმკრთალე, ზედაპირული სუნთქვა);
- ქიმიური დამწვრობა ქსოვილებში ღრმად ვრცელდება და 7,5 სმ დიამეტრის მქონე უბანზე მეტ ფართობს მოიცავს;
- ქიმიური დამწვრობა შეეხო თვალებს, ხელებს, ფეხებს, სახეს, საზარდულის არეს, დუნდულებს ან მსხვილ სახსრებს, ასევე პირის ღრუსა და საყლაპავს (თუ დაზარალებულმა ქიმიური აგენტი დალია);
- დაზარალებულს აწუხებს ძლიერი ტკივილი, რომელსაც ვერ ხსნის ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზიური) საშუალებები, მაგალითად, იბუპროფენი და სხვა.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში მისვლისას სასურველია თან იქონიოთ დამაზიანებელი ქიმიური აგენტის გარკვეული მოცულობა, რათა იქ ზუსტად მოხდეს მისი იდენტიფიკაცია. დამწვრობის გამომწვევი აგენტის ქიმიური ბუნების ზუსტად განსაზღვრა მედპერსონალს მისი ნეიტრალიზაციისა და სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალებას აძლევს.
თვალის ქიმიური დამწვრობა
თვალების ქიმიურ დამწვრობას მათში ქიმიური აგენტის (მჟავა, ტუტე, ნიშადურის სპირტი, კირი და სხვა) მოხვედრა იწვევს. მხედველობის ორგანოს ქიმიური დამწვრობა ყველა შემთხვევაში თვალების მძიმე დაზიანებაა, ამიტომაც კვალიფიციური სპეციალისტის დროულ კონსულტაციას, სათანადო გამოკვლევასა და მკურნალობას საჭიროებს.
თვალების დამწვრობის სიმძიმე დამოკიდებულია დამაზიანებელი ქიმიური აგენტის შემადგენლობაზე, კონცენტრაციაზე, რაოდენობასა და ტემპერატურაზე, აგრეთვე დაზარალებულის თვალების მდგომარეობაზე, მისი ორგანიზმის რეაქტიულობაზე, დროულად აღმოჩენილ სათანადო სამედიცინო დახმარებაზე.
თვალების დამწვრობის დროს, როგორც წესი, განურჩევლად დამაზიანებელი აგენტის ბუნებისა, შემდეგი სუბიექტური შეგრძნებები ვლინდება: სინათლის შიში, მჭრელი ხასიათის ტკივილი თვალების არეში, ცრემლდენა, მძიმე შემთხვევებში - მხედველობის დაკარგვაც. იმავდროულად ზიანდება თვალების ირგვლივ არსებული კანი.
თვალების დამწვრობის დროს დაზარალებულს დაუყოვნებლივ უნდა აღმოვუჩინოთ პირველი დახმარება. ამისათვის აუცილებელია გამდინარე წყლით თვალების სასწრაფოდ და ხანგრძლივად ამობანა.
ქიმიური აგენტის მოცილების მიზნით საჭიროა ქუთუთოების მაქსიმალურად გადაწევა და გამდინარე წყლით თვალების ამობანა 15-20 წუთის განმავლობაში. გამანეიტრალებელი საშუალების მოძიებაზე დროის დაკარგვა არ ღირს, რადგან გამდინარე წყლით თვალების ინტესიურად ამობანა ბევრად ეფექტურია.
ტუტეებით დამწვრობის შემთხვევაში თვალების ამოსაბანად სასურველია რძის გამოყენება. ამობანის შემდეგ მშრალი ნახვევის დადებაა საჭირო (დოლბანდის ან ბინტის ჩამონაჭერით). ყველაზე მთავარი ექიმთან დროულად ვიზიტი და დანიშნული მკურნალობის სრულად ჩატარებაა.
საყლაპავისა და კუჭის ქიმიური დამწვრობა
საყლაპავისა და კუჭის ქიმიური დამწვრობა ვითარდება შემთხვევით ან განზრახულად (სუიციდის, ანუ თვითმკვლელობის მცდელობისას) კონცენტრირებული მჟავების (მაგალითად, ძმრის ესენციის, აკუმულატორის ელექტროლიტის) ან ტუტეების (მაგალითად, ნიშადურის სპირტის, კაუსტიკური სოდის) დალევისას.
საჭმლის მომნელებელი სისტემის დასახელებულ ორგანოთა დამწვრობისას გამოვლენილი ძირითადი სიმპტომებია: პირის ღრუს, ხახის, საყლაპავისა და კუჭის ძლიერი ტკივილი. თუ იმავდროულად განვითარდა ხორხის ზედა ნაწილის დამწვრობაც, დაზარალებულს მოხრჩობა ეწყება. ვითარდება ღებინება სისხლნარევი ლორწოთი და დამწვარი ლორწოვანი გარსის ნაფლეთებით.
მჟავებით გამოწვეული დამწვრობის დროს ვითარდება კოაგულაციური ნეკროზი მკვრივი ფუფხის წარმოქმნით, რომელიც ხელს უშლის დამაზიანებელ აგენტს ქსოვილების ღრმა შრეებში შეჭრასა და სისხლში შეღწევაში.
ტუტეები იწვევს კოლიკვაციურ ნეკროზს, რომელიც ხელს უწყობს ტუტეს უფრო ღრმა ქსოვილებში გადასვლასა და მათ დაზიანებაში. საყლაპავისა და კუჭის ქიმიურ დამწვრობას ადგილობრივი დაზიანების გარდა თან ახლავს ზოგადტოქსიკური მოქმედება პოლიორგანული უკმარისობით (უპირველეს ყოვლისა, ღვიძლისა და თირკმლის უკმარსობის სახით).
ტუტეებით გამოწვეული დამწვრობა საყლაპავის კედლის უფრო ღრმა და გავრცელებული დაზიანებით ხასიათდება. პათოლოგიური ცვლილებები განსაკუთრებით მკვეთრად არის გამოხატული ფიზიოლოგიური შევიწროებების უბნებში.
დამწვრობის პათოლოგანატომიური სტადიებია:
I - ჰიპერემია და ლორწოვანი გარსის შეშუპება;
II - ლორწოვანი გარსის ნეკროზი და დაწყლულება;
III - გრანულაციური ქსოვილის განვითარება;
IV - დანაწიბურება.
კლინიკური სურათი საყლაპავის დამწვრობის დროს
პირველი სტადია (მას სხვაგვარად პირველადი დისფაგიის, მწვავე კოროზიული ეზოფაგიტის ან უბრალოდ მწვავე სტადიას უწოდებენ) - ხასიათდება პირის ღრუს, ხახის, მკერდის ძვლის უკანა არისა და ეპიგასტრალურ არეში გამოხატული ტკივილით, ჰიპერსალივაციით, ანუ გაძლიერებული ნერწყვდენით, დისფაგიით, ანუ ყლაპვის გაძნელებით, ტრავმიდან უახლოეს საათებში შოკის განვითარებით, დამწვრობითი ტოქსემიით, რომლის სიმპტომებიც რამდენიმე საათში პრევალირებს, ანუ სხვა სიმპტომებს გადაფარავს.
მეორე სტადია (მოჩვენებითი სიმშვიდის სტადია) - გრძელდება 7-30 დღეს. დანეკროზებული ქსოვილების აშრევებისა და ჩამოფცქვნის გამო ყლაპვა რამდენადმე ადვილდება. ამ სტადიაზე გართულებების სახით მოსალოდნელია სისხლდენა საყლაპავიდან, საყლაპავის კედლის პერფორაცია, ანუ გახვრეტა, სეფსისი.
მესამე სტადია (მეორეული დისფაგიის, ანუ სტრიქტურის განვითარების სტადია) - ორიდან ექვს თვეს მოიცავს. ზოგჯერ წლობით გრძელდება. საყლაპავის კედელზე სხვადასხვა გავრცელების დუნედ მიმდინარე შეხორცების უბნები ვითარდება, დამწვარი, ნაიარევი ზედაპირი ადვილად სისხლმდენია, დაფარულია ფუფხებით. ვითარდება დისფაგია, ანუ ყლაპვის გაძნელება საყლაპავის სრული გაუვალობით, ლარინგოსპაზმი, ხველა, სულხუთვა საკვების სასუნთქ გზებში მოხვედრის გამო.
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დამწვრობის სწრაფად გავრცელების გამო პირველი სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს აღმოჩენილი. პირველი დახმარება საყლაპავისა და კუჭის ქიმიური დამწვრობის დროს მოიცავს ქიმიური აგენტის ნეიტრალიზაციას. ტუტეებით დამწვრობის შემთხვევაში მიმართავენ კუჭის ამორეცხვას ძმარმჟავას სუსტი ხსნარით, მჟავებით დამწვრობის შემთხვევაში კი - სოდიანი ხსნარით.
კუჭი უნდა ამოირეცხოს დიდი რაოდენობით სითხით, რათა დამწვრობის გამომწვევი აგენტის სრულად მოცილება მოხდეს. საყლაპავისა და კუჭის ქიმიური დამწვრობის დროს აუცილებელია დაზარალებულის დაუყოვნებლივ გადაყვანა კლინიკაში. საყლაპავისა და კუჭის ქიმიური დამწვრობის დროს ყველაზე ხშირი გართულებებია:
- საყლაპავის ნაწიბუროვანი შევიწროება;
- სისხლძარღვშიდა ჰემოლიზი ძმრის ესენციით დამწვრობის შემთხვევაში;
- ასპირაციული პნევმონია;
- ფსიქოზი;
- სეფსისი.