ათერომა და მისი მკურნალობა
ათერომა კისტოზური წარმონაქმნია, ხალხში ცხიმგროვის სახელწოდებით ცნობილი. ის წარმოადგენს კლასიკურ კისტას თავისი კაფსულითა და შიგთავსით. შიგთავსს ქმნის სქელი, ფაფისებრი მოყვითალო მასა, რომელიც შეიცავს ამორფულ და კრისტალურ ცხიმოვან ნივთიერებებს ეპითელურ უჯრედებთან ერთად. კისტის შიგთავსს ზოგჯერ უსიამოვნო სუნი აქვს. ათერომა ცხიმოვანი ჯირკვლის გამომტანი სადინარის დახშობის შედეგად წარმოიშობა.
ის ხშირად ლიპომაში ერევათ. ეს უკანასკნელი ცხიმოვანი ქსოვილისგან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა, ანუ სრულიად განსხვავებული წარმონაქმნი, თუმცა გარეგნულად ძალიან ჰგავს ათერომას.
ათერომა, წესისამებრ, სხეულის ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ უბნებში ჩნდება, ლიპომა კი უმეტესად იმ ადგილებზე, რომლებიც კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილითაა მდიდარი. დიფერენციალური დიაგნოსტიკა და სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმ სპეციალისტს შეუძლია ჰისტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.
ათერომას მიაკუთვნებენ კანის ეპითელურ კისტებს, რომლებიც, მიკროსკოპული შენებიდან გამომდინარე, რამდენიმე სახეობად იყოფა. ესენია: ეპიდერმული (ეპიდერმოიდული) კისტა, დერმოიდული კისტა, მრავლობითი სტეატოცისტომა.
კლინიკური გამოვლინებითა და მკურნალობით ყველა ერთმანეთს ჰგავს, ამიტომ მათ პირობითად ათერომებად მოიხსენიებენ. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ათერომა მემკვიდრეობითი პათოლოგიაა, ზოგიერთის აზრით კი ის ნივთიერებათა ცვლის ან ჰორმონული ბალანსის დარღვევის შედეგია. ათერომის, მეტადრე - მრავლობითი ათერომის, განვითარებაში ეკოლოგიური ფაქტორები, არასწორი კვება და ცხოვრების არაჯანსაღი წესიც ასრულებს განსაზღვრულ როლს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ათერომა უმთავრესად ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ ადგილებზე ჩნდება, ყველაზე ხშირად - თავზე, კისერზე, სახეზე, შედარებით იშვიათად - ხელზე, ზურგზე, შორისის მიდამოში, სათესლე პარკისა და გარეთა სასირცხო ბაგეების არეში. ათერომა ორივე სქესის ადამიანებს ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაუჩნდეთ. შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ისე მრავლობითი. გარეგნულად ის მრგვალი სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, თუმცა სიმსივნე არ არის. რბილია, ზომით 5-დან 40 მმ-მდე, ზოგჯერ - უფრო დიდიც.
ათერომის ზედაპირზე კანი, ჩვეულებრივ, უცვლელია, თუმცა მეორეული ინფექციის დართვისას შესაძლოა მოწითალო ფერი მიიღოს. ათერომა, წესისამებრ, გარემომცველ ქსოვილებთან ერთად მოძრავი და უმტკივნეულოა. ის შესაძლოა წლობით არ გაიზარდოს, ან კიდევ საკმაოდ მოკლე ხანში საგრძნობლად მოიმატოს ზომა. დაჩირქების შემთხვევაში ათერომა, გარდა იმისა, რომ იზრდება, მტკივნეულიც ხდება. ამ დროს მიმდებარე ქსოვილები უმეტესად შუპდება, კანი ათერომის ზედაპირზე წითლდება, არცთუ იშვიათად ტემპერატურაც იმატებს. ზოგჯერ ათერომა კანის ზედაპირს მცირე ზომის სანათურით უერთდება. ამ სანათურის საშუალებით ათერომული მასა (კისტის შიგთავსი) შესაძლოა გარეთ გამოვიდეს. ათერომა ხშირად ჩირქდება ან კანქვეშა ქსოვილში სკდება. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, თუ ათერომა მცირე ზომისაა, არ იზრდება და, რაც მთავარია, არ აწუხებს ადამიანს, მისი მოცილება აუცილებელი არ არის, სხვა შემთხვევაში კი ნაჩვენებია მისი ქირურგიული მკურნალობა.
ათერომის მოცილება (კაფსულიანად ამოკვეთა) ადგილობრივი ანესთეზიით ხდება. მალამოებითა და შინაგანად მისაღები პრეპარატებით მისგან განკურნება შეუძლებელია. ამჟამად, კლასიკურ ქირურგიულ მეთოდთან ერთად, ათერომის სამკურნალოდ ლაზერულ და რადიოტალღურ მეთოდებსაც იყენებენ. თუ ათერომა თავის თმიან ნაწილზეა ლოკალიზებული, კლასიკური ქირურგიული მეთოდით მისი მოცილებისას აუცილებელი ხდება თმის მოპარსვა, რაც მრავალ პაციენტს, მეტადრე - ქალებს, დისკომფორტს უქმნის, მაშინ როცა ლაზერული ან რადიოტალღური მეთოდებით მკურნალობისას ამის საჭიროება არ არის. ამ ორ მეთოდს სხვა უპირატესობაც აქვს: ისინი ბევრად უფრო ეფექტური და რეციდივის განვითარების თვალსაზრისით გაცილებით უსაფრთხოა, არ მოითხოვს ნაკერების დადებას, არ ტოვებს ნაწიბურს, ოპერაციის შემდგომი გართულებები გამორიცხულია.
ათერომის მკურნალობის ყოველ მეთოდს თავისი უპირატესობა და ჩვენება აქვს. კისტის ლოკალიზაციის, ზომისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით, მკურნალობის მეთოდი ექიმმა სპეციალისტმა უნდა შეარჩიოს. ოპერაციის შემდეგ ამოკვეთილი ათერომის მასალა აუცილებლად უნდა გადაიგზავნოს ლაბორატორიაში ჰისტოლოგიური გამოკვლევისთვის.