როცა სილამაზის პროცედურა საფრთხედ იქცევა - რა უნდა ვიცოდეთ ინიექციურ კოსმეტოლოგიაზე
ბოტულოტოქსინი და ფილერი: რა განსხვავებაა მათ შორის და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ინიექციებს
„ფილერის არასწორად გაკეთებამ შესაძლოა ნეკროზამდე მიგვიყვანოს“ - ია დარსაველიძე ინიექციური კოსმეტოლოგიის რისკებზე
ინიექციური კოსმეტოლოგია თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის ერთ-ერთი მიმართულებაა, თუმცა ბოტულოტოქსინისა და ფილერის გამოყენება სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. რა ასაკიდან შეიძლება ინიექციური პროცედურების ჩატარება, რით განსხვავდება ბოტულოტოქსინი ფილერისგან, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს არასწორად ჩატარებულ ჩარევას და რატომ არის მნიშვნელოვანი გარეგნობის ინდივიდუალობის შენარჩუნება? ამ საკითხებზე ესთეტიკური მედიცინის ცენტრის დამფუძნებელი, დერმატოკოსმეტოლოგი ია დარსაველიძე საუბრობს.
რა ასაკიდან შეიძლება ინიექციური პროცედურების ჩატარება?
სამწუხაროდ, თინეიჯერობის ასაკიდან ბავშვები უკვე იწყებენ საკუთარ გარეგნობაზე ფიქრს და ძალიან პატარა ასაკში უჩნდებათ უკმაყოფილება საკუთარი გარეგნობის მიმართ. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ღრმა, ინიექციური ჩარევები სრულწლოვანებამდე არ უნდა ჩატარდეს - 18 წლამდე ასაკში ინიექციური პროცედურები დაუშვებელია.
არსებობს სხვა მდგომარეობებიც, როდესაც პრეპარატების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის. ეს შეიძლება იყოს ქრონიკული დაავადებები, ორსულობა, ძუძუთი კვება და სხვა უკუჩვენებები.
რაც შეეხება კანის მოვლის დაწყებას, ეს ინდივიდუალურია. კანის ტიპის მიხედვით განსხვავდება მოვლის საჭიროებაც. მაგალითად, ცხიმიან კანს შესაძლოა უფრო ხშირად სჭირდებოდეს სახის გაწმენდა და მოვლის უფრო ინტენსიური რუტინა. მშრალი კანის შემთხვევაში კი გარკვეული პრობლემები შესაძლოა უფრო ახალგაზრდა ასაკში გამოვლინდეს, რის გამოც კანის დატენიანებისა და გამკვრივების საჭიროება დადგეს, მოხდეს ინიექციური პროცედურების ჩატარება.
თუ ადამიანს საკუთარ გარეგნობაში რაღაც არ მოსწონს, მან სწორ სპეციალისტს უნდა მიმართოს და კონსულტაცია გაიაროს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პაციენტთან კონსულტაციის შემდეგ მიგრძნია, რომ ის ჩემს შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო. ასეთ დროს მისთვის სხვა სპეციალისტთან კონსულტაციის გავლაც მირჩევია. ეს კარგი მიდგომაა - ადამიანმა სხვა აზრიც უნდა მოისმინოს.
დღეს ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც გარკვეულ კურსს გაივლის, თუმცა საკმარისი ცოდნა არ აქვს და პაციენტს სხვადასხვა პროცედურის ჩატარებას აძალებენ. ეს არასწორია. რაც არ სჭირდება პაციენტს, ის არ უნდა გავუკეთოთ.
ბოტულოტოქსინი - რისთვის გამოიყენება და რა უნდა ვიცოდეთ?
ბოტოქსი, ანუ ბოტულოტოქსინი, ესთეტიკურ მედიცინაში დიდი ხანია გამოიყენება. თავად პრეპარატს სამედიცინო დანიშნულება აქვს: მას იყენებენ პედიატრიაში, ნევროლოგიასა და ოფთალმოლოგიაში, მათ შორის კუნთოვანი სპაზმის მოსახსნელად.
30 წელზე მეტია, რაც ბოტულოტოქსინი მიმიკური ნაოჭების კორექციისთვისაც გამოიყენება. თავდაპირველად მისი გამოყენება ძირითადად სახის ზედა მესამედით შემოიფარგლებოდა, თუმცა გამოცდილებისა და კვლევების შედეგად გამოყენების არეალი გაფართოვდა.
დღეს ბოტულოტოქსინს ესთეტიკურ მედიცინაში იყენებენ არა მხოლოდ სახეზე, არამედ ყელისა და ბეჭის კუნთების მიდამოშიც. ის ასევე გამოიყენება ჰიპერჰიდროზის, ანუ ჭარბი ოფლიანობის სამკურნალოდ - ხელისა და ფეხის გულებზე და იღლიის არეში.

რადგან ეს სამედიცინო დანიშნულების პრეპარატია და გართულებების გამოწვევაც შეუძლია, მისი გამოყენება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმმა უნდა უზრუნველყოს. სპეციალისტს პრეპარატის სწორად გამოყენებასთან ერთად შესაძლო გართულებების მართვაც უნდა შეეძლოს.
საზოგადოებაში პრეპარატი უფრო მეტად „ბოტოქსის“ სახელით არის ცნობილი, თუმცა რეალურად ბოტულოტოქსინზეა საუბარი. დღეს ბაზარზე სხვადასხვა პრეპარატი არსებობს, მათ შორის დისპორტი და კორეული წარმოების პრეპარატები.
მიმიკური ნაოჭების კორექციისას ბოტულოტოქსინს ძირითადად შუბლის, წარბებს შორის და თვალის მიდამოს ნაოჭებზე ვიყენებთ, თუმცა შესაძლებელია მისი სხვა ზონებშიც გამოყენება. ამ დროს სპეციალისტმა კარგად უნდა იცოდეს ანატომია და თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად მიუდგეს.
სახეზე შესაძლოა ასიმეტრიაც იყოს, რომელიც კუნთის სპაზმთან არის დაკავშირებული. არასწორმა ინიექციამ შეიძლება რამდენიმე თვით შეცვალოს ადამიანის გარეგნობა ისე, რომ პაციენტს შედეგი არ მოეწონოს, ან გართულებები გამოიწვიოს.
ფილერი - რისთვის გამოიყენება?
ფილერი შევსებას გულისხმობს. ეს პრეპარატები ძირითადად ჰიალურონის მჟავას ბაზაზე მზადდება. ჰიალურონის მჟავა ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია, რომელსაც ორგანიზმი თავადაც გამოიმუშავებს. ასაკობრივი ცვლილებების დროს მისი რაოდენობა მცირდება, რაც სახეზეც აისახება.
მაგალითად, შესაძლოა ადამიანს ყვრიმალის მოცულობა შეუმცირდეს ან ნიკაპის ფორმა შეეცვალოს. ფილერები გამოიყენება მოცულობის შესავსებად და სახის სხვადასხვა ნაწილის კორექციისთვის - მათ შორის ყვრიმალის, ნიკაპის, სახის ოვალის, ყბის ხაზის, ცხვირისა და ცხვირ-ტუჩის ნაოჭის მიდამოში. ერთ-ერთი გავრცელებული გამოყენება ტუჩების კორექციაცაა.
რამდენიმე წლის წინ ფილერების გამოყენება განსაკუთრებით პოპულარული გახდა, თუმცა დიდი რაოდენობით ფილერის გამოყენება სახის მოცულობას ზრდის და გარეგნობაში მკვეთრ ცვლილებებს იწვევს. ასეთ დროს ადამიანს შესაძლოა ინდივიდუალური ნაკვთები დაეკარგოს.
დღეს ესთეტიკურ მედიცინაში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა დამზოგველ მიდგომას - ჩარევა უნდა იყოს მაქსიმალურად ზომიერი და არ უნდა იწვევდეს ადამიანის გარეგნობის რადიკალურ ცვლილებას.
ბოტულოტოქსინსა და ფილერს შორის მთავარი განსხვავება მათი მოქმედებაა: ბოტულოტოქსინი მიმიკური ნაოჭების კორექციისთვის გამოიყენება, ფილერი კი მოცულობის შესავსებად და სახის კონტურების გამოსაკვეთად.
რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ინექციურ პროცედურებს?
როგორც ყველა პროცედურას, ინექციურ კოსმეტოლოგიასაც ახლავს გართულებების რისკი. ბოტულოტოქსინის შემთხვევაში არასწორ შრეში ან არასწორ კუნთში შეყვანილმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ფტოზი - კუნთის ზედმეტი მოდუნება. შესაძლოა ქუთუთო დაეშვას, თვალის მიდამო შეიცვალოს ან სიმძიმის შეგრძნება გაჩნდეს. შესაძლებელია საპირისპირო ვიზუალური ცვლილებაც - თვალის ზედმეტად გახელა.

ფილერის შემთხვევაში გართულებები შესაძლოა უფრო რთული იყოს. რადგან ფილერი ღრმა შრეებში შეჰყავთ, არსებობს სისხლძარღვის ოკლუზიის, ანუ შევიწროების რისკი. თუ პრეპარატი სისხლძარღვში მოხვდა, შესაძლოა სისხლის მიმოქცევა დაირღვეს და მიმდებარე ქსოვილებს ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები აღარ მიეწოდოს.
ამ პროცესმა შეიძლება იშემია, მძიმე შემთხვევებში კი ქსოვილის ნეკროზი გამოიწვიოს. შესაძლო ნიშნებია კანის გაფერმკრთალება, სიწითლე და დაზიანებული უბნის შემდგომი ცვლილებები.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა იცოდეს, როგორ შეამციროს სისხლძარღვში პრეპარატის მოხვედრის რისკი, ყურადღება მიაქციოს პაციენტის შეგრძნებებს და საჭიროების შემთხვევაში გართულების მართვა შეძლოს.
ფილერის გართულებისას ერთ-ერთი საშუალება ჰიალურონიდაზაა. ამიტომ აუცილებელია, რომ შესაბამისი საშუალება კაბინეტში ხელმისაწვდომი იყოს და ექიმს გადაუდებელი დახმარების გაწევა შეეძლოს.
ყველაფერი სპეციალისტის კომპეტენციამდე, ცოდნასა და შესაბამის კვალიფიკაციამდე მიდის. პაციენტებმა, რომლებსაც გარეგნობაში მცირე ცვლილების შეტანა სურთ, სპეციალისტი ყურადღებით უნდა შეარჩიონ. ეს მნიშვნელოვანია როგორც გართულებების რისკის შესამცირებლად, ისე მათი წარმოქმნის შემთხვევაში სათანადო მართვისთვის.