როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კანი
ადამიანის სხეულში კანი ყველაზე დიდი ორგანოა და მას მრავალი ფუნქცია აკისრია. ის შეიწოვს სხვადასხვა ნივთიერებებს, მონაწილეობს სხეულის ტემპერატურის რეგულაციაში და წარმოადგენს ბარიერს, რომელიც გვიცავს გარემოსგან. ჯანმრთელი და ბზინვარე კანი ადამიანის კარგი ფიზიკური მდგომარეობის პირდაპირი მაჩვენებელია.
კანის მდგომარეობაზე გავლენა აქვს როგორც შინაგან, ისე გარეგან ფაქტორებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენეტიკური მონაცემების, ცხოვრების სტილისა და გარემო ფაქტორების მოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გარკვეული ფაქტორების, მაგალითად გენეტიკური წინასწარგანწყობის, კონტროლი, მნიშვნელოვანია შევძლოთ ჯანსაღი კანის შენარჩუნება სხვა ფაქტორების მავნე ზეგავლენის შემცირებით. WY კანის კლინიკის (WY skin clinic) ერთ-ერთი დერმატოლოგი ამბობს „ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად მნიშნელოვანია გვესმოდეს ბალანსი ჩვენს გენებსა და ჩვენს კანზე მოქმედ გარემო ფაქტორებს შორის “.
კანზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები
ყველა ადამიანს განსხვავებული ტიპის კანი აქვს, შესაბამისად განსხვავებული მოვლა ესაჭიროება. ამის მიუხედავად, კონკრეტული ფაქტორები ყველა ტიპის კანისათვის საზიანოა. შესაძლებელია მათი შინაგან და გარეგან ფაქტორებად დაყოფა.
შინაგანი ფაქტორები:
- კვება - მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობისთვის, არამედ აუცილებელია ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად. ცუდი კვებითი ჩვევები და არასაკმარისი წყლის მიღება უარყოფითად აისახება კანზე. ისეთი საკვების მიღება, რომელიც სწრაფად ზრდის სისხლში შაქრის დონეს, იწვევს ინსულინის ინტენსიურად გამოყოფას. ინსულინის ჭარბად გამოყოფისას კანში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ცხიმი, რასაც შესაძლოა მოჰყვეს აკნეს განვითარება და ფორებს დახშობა.
- ცხოვრების სტილი და ჩვევები - მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კანზე.
- უძილობა (8 საათზე ნაკლები ძილი) ორგანიზმში ზრდის სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის დონეს, რაც ხელს უწყობს ანთებითი პროცესების ინტენსიურად მიმდინარეობასა და შეშუპებას.
- ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღება ხელს უწყობს არა-მელანომური კანის კიბოს განვითარებას.
- მოწევა ავიწროვებს კანის გარეთა შრეში არსებულ სისხლძარღვებს, რის შედეგად მცირდება კანისათვის სისხლისა და ჟანგბადის მიწოდება, ამიტომ კანი ნაადრევად ბერდება. ამასთან ერთად, მოწევა ხელს უწყობს კოლაგენის დაშლას, ამიტომ კანის მოქნილობა საგრძნობლად მცირდება.
გარეგანი ფაქტორები:
- ულტრაიისფერი (UV) გამოსხივება - მზის მავნე მოქმედება კანის დაზიანების პირველი გამომწვევი მიზეზია. კანის ცვლილების 90%, რომელიც უმეტესად ასაკს მიეწერება, მზის მოქმედებითაა გამოწვეული. მიუხედვად იმისა, რომ მზეზე არ იწვებით ან არ ირუჯებით, დაუცველ კანზე მზის სხივების მოქმედება აზიანებს კანის უჯრედებს, რაც იწვევს კანის კიბოს, ნაადრევ დაბერებასა და პიგმენტაციას.
- ჰაერის დაბინძურება - ჰაერში ხშირად ხვდება სხვადასხვა მავნე მიკროსკოპული ნაწილაკი. მათი ზომის სიმცირის გამო, ისინი მარტვად აღწევენ კანში, იწვევენ ანთებას, რომელიც მოგვიანებით შეიძლება გადაიქცეს ეკზემად, აკნედ ან გამოიწვიოს კანის პიგმენტაცია.
როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კანი?
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანზე უარყოფითად მოქმედი მრავალი ფაქტორი, არსებობს კანის მოვლის გზები და საშუალებები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია მავნე ეფექტების უგულებელყოფა.
დერმატოლოგიის ამერიკული აკადემიის ექსპერტები გამოყოფენ კანის ხუთ ძირითად ტიპს: ცხიმიანი, მშრალი, ნორმალური, კომბინირებული და მგრძნობიარე. მნიშვნელოვანია თქვენი კანის ტიპის იდენტიფიცირება იმისათვის, რომ შეარჩიოთ თქვენი კანისათვის ოპტიმალური მოვლის საშუალებები. თუმცა, გარკვეული ცვლილებების შეტანა კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში ყველა ტიპის კანისათვის სასარგებლოა.
- ჰიგიენის დაცვა და წმენდა - მნიშვნელოვანია კანის მოვლის რუტინის ჩამოყალიბება. გაღვიძებისას, ოფლიანობისას და დაძინებამდე მნიშვნელოვანია სახის ნაზად დაბანა. შესაძლებელია სახის გამწმენდის თბილ წყალთან ერთად გამოყენება, რომელიც თითების ნელი და წრიული მოძრაობით უნდა დაიტანოთ სახეზე. სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შეიმშრალეთ. ეს პროცესი ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების მოშორებასა და დახშული ფორების გასუფთავებას.
- დატენიანება - კანის სიმშრალის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია დამატენიანებლის რეგულარული მოხმარება. დამატენიანებელი ასევე ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას. დამატენიანებლის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ პროდუქტს, რომელიც შეიცავს კერამიდებსა და ჰიალურონის მჟავას - ეს ნივთიერებები ხელს უწყობს კანის ტენიანობის შენარჩუნებას და აუმჯობესებს მოქნილობას. კანის ტენიანობის შენარჩუნება ასევე ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.
- დაცვა მზის მავნე გამოსხივებისგან - მზის სხივების მავნე მოქმედების თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია მზის დამცავის გამოყენება. დერმატოლოგები უპირატესობას ანიჭებენ SPF 30-ის შემცველი მზის დამცავის გამოყენებას მთელი წლის განმავლობაში.
- ჯანსაღი საკვები რაციონი - კანის ჯანმრთელობა საგრძნობლად უმჯობესდება ისეთი საკვების მოხმარებისას, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, ჯანსაღ ცხიმსა და ვიტამინებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფოთლოვანი ბოსტნეულის, პომიდორის, კენკრის, პარკოსნების, თხილეულის, სხვდასხვა თესლებისა და C ვიტამინის შემცველი პროდუქტის საკვებ რაციონში დამატება. მოერიდეთ გადამუშავებული საკვების, არაჯანსაღი ცხიმისა და დიდი რაოდენობით შაქრის მოხმარებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება.
- სტრესის შემცირება - სტრესის დროს გამომუშავდება ჰორმონი კორტიზოლი, რომლის მაღალი დონე შლის კანში შემავალ ცილებს, ხელს უწყობს კანში ჭარბი ცხიმის წარმოქმნას, იწვევს აკნესა და კანის სხვა პრობლემებს. სტრესის მენეჯმენტი მნიშვნელოვანია ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად. მედიტაცია ან სხვა სტრესის შემამცირებელი აქტივობა ხელს უწყობს კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
- ძილი - ჯანსაღი კანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საკმარისი ძილი. ცუდად ძილი მალევე აისახება კანზე. კანის ჯანმრთელობისათვის საჭიროა 8-10 საათი ძილი როგორც ზრდასრულებისთვის, ისე მოზარდებისათვის.
ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია რეგულარული ვიზიტი დერმატოლოგთან. აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს კანის მცირე ცვლილებები როგორიცაა პიგმენტაცია ან გამონაყარი. ასევე საყურადღებოა ხალები - თუკი შენიშნავთ, რომ თქვენ ხალს უცნაური ფორმა ან შეფერილობა აქვს, ან თუნდაც ზომაში იზრდება, დაუყოვნებლივ აცნობეთ დერმატოლოგს შესაბამისი ზომების მისაღებად.
მარიამ ღვინეფაძე