დერმატოლოგიური დაავადებები გაზაფხულზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დერმატოლოგიური დაავადებები გაზაფხულზე

ქრონიკული დაავადებების დარად, მწვავდება. როგორ ავიცილოთ თავიდან მათი გამწვავება და როგორ მოვიქცეთ, თუ რეციდივი მაინც განვითარდა? ამ და სხვა კითხვებზე ექიმი დერმატოლოგი ლია ჯერვალიძე გვიპასუხებს.

- რა სახის დაავადებებია ეგზემა, ფსორიაზი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი და ჰერპესი, როგორი გამონაყარი ახასიათებს თითოეულ მათგანს?

- ეგზემა კანის ზედაპირული შრეების ანთებაა, რომელიც ვითარდება ორგანიზმზე სხვადასხვა გამღიზიანებლის ზემოქმედების საპასუხოდ. ახასიათებს პოლიმორფული გამონაყარი, ქავილი და ხანგრძლივად მორეციდივე მიმდინარეობა.

გამონაყარი დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, თუმცა ეგზემის ძირითად გამოვლინებად მაინც კანზე მიკროვეზიკულების - მცირე ზომის ბუშტუკების არსებობა მიიჩნევა. დაავადების აღმოცენებასა და ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს როგორც ალერგიული რეაქციები, ისე ფსიქოემოციური ფონი. მის განვითარებას ხელს უწყობს სტრესი, საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები, ენდოკრინული ცვლილებები, ნეიროიმუნური დარღვევები და სხვა.

ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. გამონაყარი უმეტესად სახესა და კიდურებზე ჩნდება. თავდაპირველად კანი შეწითლებულია, ახასიათებს ძლიერი ქავილი, პატარა ბუშტების გაჩენა, რომელთა გასკდომის შემდეგ სველ კანზე ეროზიები წარმოიქმნება, რამდენიმე ხანში კი მათ ადგილას საკმაოდ ღრმა და მტკივნეული ნახეთქები ჩნდება. ფსორიაზი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, თან ახლავს ანთებითი, აქერცვლისადმი მიდრეკილი გამონაყარი. აზიანებს კანის თმოვან საფარველს, ფრჩხილებსა და სახსრების მფარავ კანს. ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი.

დაავადების უშუალო მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია, თუმცა ცნობილია ფაქტორები, რომლებიც მას აპროვოცირებს: ვირუსები, ნეიროგენული და მემკვიდრეობითი ფაქტორები. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა რგოლის დარღვევაც. დაავადება ხშირად ვითარდება ტრავმის, ინფექციური დაავადების, არასწორი კვებისა და ძლიერი სტრესის შედეგად. შესაძლოა, არასწორად მიღებულმა სამკურნალო საშუალებებმა, კლიმატურმა ცვლილებებმაც გამოიწვიოს.

ფსორიაზის დროს გამონაყარი ერთეულ პაპულებს წარმოადგენს, რომლებიც ფოლაქების სახით გვხვდება დაავადებისთვის დამახასიათებელ ადგილებში - თავის თმიან ნაწილზე, იდაყვის, მუხლის სახსრების გამშლელ ზედაპირზე.

მკვეთრი ვარდისფერი ან წითელი ფოლაქები შესამჩნევად არის გამოყოფილი ჯანსაღი კანისგან. დაავადებისთვის დამახასიათებელია გამწვავება ტრავმის ან ნაკაწრის ადგილას. შესაძლოა ამ დროს პროცესში არა მხოლოდ კანი, არამედ სახსრებიც ჩაერთოს და განვითარდეს ფსორიაზით გამოწვეული ართროპათია.

დერმატიტი კანის ანთებითი დაავადებაა, რეაქცია რომელიმე ფაქტორით გამოწვეულ გაღიზიანებაზე. ჩვეულებრივ, ხანმოკლეა, მაგრამ შესაძლოა გახანგრძლივდეს კიდეც, თუ ინფექცია დაერთო.

არსებობს დერმატიტის ორი ფორმა: კონსტიტუციური ანუ ენდოგენური და ეგზოგენური ანუ კონტაქტური. ეს უკანასკნელი კანზე ალერგენის უშუალო ზემოქმედების შედეგად ვლინდება. დერმატიტისთვის დამახასიათებელია კანის მკვეთრი შეწითლება, ერითემა, კანის შეშუპება და ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომლებიც იხსნება და კანზე სველ ეროზიულ ადგილებს ტოვებს.


ჰერპესული გამონაყარი ბუშტუკისებრია, უმეტესად ტუჩებზე და ცხვირის ღრუში ლოკალიზდება. ვირუსისთვის დამახასიათებელია ერთი უბნიდან მთელ სხეულზე გავრცელება. ჰერპესი ადამიანის ორგანიზმში პასიურ მდგომარეობაში მთელი სიცოცხლე რჩება, მწვავდება დროდადრო, არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების, გადაცივების, გადაღლის შედეგად. დაავადების გამწვავებას ყოველთვის იწვევს იმუნიტეტის დაქვეთება.

ჰერპესული ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა. ვლინდება კანზე გაჩენილი შემოსაზღვრული სიწითლით, რომლის ადგილასაც რამდენიმე ხანში გამჭვირვალე შიგთავსიანი ბუშტუკები წარმოიქმნება.

- როგორ მოვიქცეთ ამ დაავადებათა პროფილაქტიკისთვის? შესაძლებელია თუ არა მათი გამწვავების თავიდან აცილება?

- ეგზემის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ალერგენის დროული მოცილება, დერმატიტების მკურნალობა, პროფესიული ეგზემის შემთხვევაში - საწარმოო ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტა და შრომის პროცესის დაცვისთვის აუცილებელ საშუალებათა გამოყენება. ფსორიაზის გამწვავების თავიდან ასაცილებლად პაციენტი მუდმივად უნდა იმყოფებოდეს დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. განსაკუთრებით - ზამთარში და ადრე გაზაფხულზე, როდესაც რეციდივია მოსალოდნელი. კარგია კურორტული მკურნალობა, კერძოდ, გოგირდწყალბადისა და რადონის, მზისა და ზღვის აბაზანები.

დაავადების პროფილაქტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში. ჰერპესვირუსის პროფილაქტიკა, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების ჯანსაღ წესს უკავშირდება. აუცილებელია სწორი კვება, ვიტამინთერაპია, იმუნური სისტემის გაძლიერება, ინფიცირებულებთან კონტაქტისთვის თავის არიდება, პირადი ჰიგიენის დაცვა.

- კანის სნეულებით ქრონიკულად მოავადე პაციენტები გაზაფხულის დამდეგს არცთუ იშვიათად თავად იტარებენ გამწვავების პროფილაქტიკას ანტიჰისტამინური პრეპარატებით და სტეროიდული მალამოებით. რამდენად მართებულია ეს?

- დერმატოლოგიური დაავადებების გამწვავების ანტიჰისტამინებით პროფილაქტიკა, თუ გამწვავების ნიშნები ჯერ არ გამოვლენილა, დაუშვებელია. მათი მიღება შეიძლება გამწვავების პირველ დღეებში, ისიც - მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. რაც შეეხება თავის დაცვას სტეროიდული მალამოებითა თუ სხვა სახის ჰორმონული პრეპარატებით, ესეც გაუმართლებელია. მათი გამოყენება რეკომენდებულია ექიმის დანიშნულებით, მაშინ, როდესაც აშკარაა კანის სერიოზული და ღრმა დაზიანება. სხვა შემთხვევაში არასტეროიდული პრეპარატებისა და სხვა ამ ტიპის ადგილობრივი საშუალებების გამოყენება სჯობს.

- დერმატოლოგიურ დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამკურნალო კვება. რას ისახავს მიზნად ამგვარი დიეტა?

- ფსორიაზის დროს დიეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაა. იგი მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად ინიშნება ოგორც დაავადების მწვავე ფაზაში, ასევე შესაძლო გამწვავების პერიოდში - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. გამწვავების პერიოდში დიეტური მკურნალობა 2-3 კვირა გრძელდება. ირჩევა კვების რეჟიმი და რაციონი, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემას მექანიკურად და ქიმიურად ასუფთავებს და მაქსიმალურად ზოგავს ღვიძლსა და ნაწლავებს.

კვების რაციონი აუცილებლად უნდა შეიცავდეს სრულფასოვან ცილებსა და ნახშირწყლებს. სამაგიეროდ, სასურველია ცხიმების მაქსიმალურად შემცირება - მათი დღეღამური ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 50 გრამს.

სრულფასოვანი ცილებით რაციონი უმჯობესია რძის პროდუქტების, განსაკუთრებით - ხაჭოს, ხარჯზე გამდიდრდეს, ხოლო ვიტამინებით - ხილის, ბოსტნეულის, კენკრისა და მათი წვენების ხარჯზე. რაც შეეხება ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს: შაქარს, თაფლს, მურაბას, მათი რაოდენობაც უნდა შემცირდეს. კვირაში ერთი-ორჯერ მიზანშეწონილია განტვირთვის დღეების მოწყობა. სასურველია რაციონში ჩართოთ ზღვის პროდუქტები: ზღვის კომბოსტო, კალმარი, ნაკლებცხიმიანი თევზი. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ ფსორიაზს თან გულ-სისხლძარღვთა დაავადება ახლავს.

ეგზემის დროს აუცილებელია ორგანიზმის სრული გაწმენდა: ნაწლავებისა, ღვიძლისა, თირკმელებისა და სისხლისა. დერმატიტების მკურნალობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს რაციონალური გამომრიცხავი დიეტა - ინდივიდუალური გამღიზიანებლების გამორიცხვა საკვები რაციონიდან. იზღუდება შაქარი, მარილიანი და ცხარე საკვები, ფქვილის ნაწარმი, სახამებლის შემცველი პროდუქტები, აგრეთვე - შებოლილი და შემწვარი ხორცი.

ნუ მიეძალებით ცხიმიან თევზს, ღორისა და ფრინველის ხორცს. დროებით თავის შეკავება გიჯობთ შოკოლადის, კაკაოს, კვერცხის, ნიგვზის, ფორთოხლის, მანდარინის, მარწყვის და, საზოგადოდ, ალერგიის გამომწვევი საკვების მიღებისგან. ჰერპესის გამწვავებისას აკრძალულია ყავა, მუქი ჩაი, შოკოლადი, ცხარე და მეტისმეტად არომატული, სანელებლებიანი საკვები.

- რას ურჩევთ პაციენტებს, თუ დაავადება მაინც გამწვავდა?

- გამწვავებისას აუცილებელია ექიმთან მისვლა. დაუშვებელია თვითმკურნალობა. უმნიშვნელო ქავილი და კანის შეწითლება იმის მაუწყებელია, რომ ქრონიკული დაავადება გამწვავებას აპირებს, ამიტომ დროულად უნდა დაიწყოთ მკურნალობა ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატებით. ასეთი ქმედებით შეძლებთ, რეციდივის განვითარებასაც შეუშალოთ ხელი და გამოჯანმრთელების პროცესიც დააჩქაროთ.

დერმატოლოგიური დაავადებების დროს უმეტესად გამოიყენება მალამოები, რომლებიც აუცილებლად კოსმეტიკური ჩხირებით უნდა წაისვათ, რათა თავიდან აიცილოთ გამონაყარის გავრცელება. იმ პაციენტებს, რომელთაც ხშირად აქვთ რეციდივი, წამალი ყოველთვის ხელთ უნდა ჰქონდეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალაქგარეთ გადიან ან ისეთ ადგილას მიემგზავრებიან, სადაც შესაძლოა აფთიაქამდე მისვლა გაჭირდეს. თუ ჩვეულებრივი რეციდივის დროს გამონაყარი 8-10 დღის განმავლობაში არ ჩაცხრა, აუცილებლად ესტუმრეთ დერმატოლოგს, რადგან ასეთი გამონაყარი შესაძლოა რომელიმე სერიოზული დაავადების სიმპტომი იყოს, ისეთისა, რომელსაც სპეციალიზებული მკურნალობა სჭირდება.

ჰერპესინფიცირებულებისთვის არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი გარუჯვა, რადგან ეს ხელს უწყობს ვირუსის აქტიურ


გამრავლებას, ქავილისა და ტკივილის გაძლიერებას. ამის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი მალამოები. განსაკუთრებით სასარგებლოა წიწვოვანი ტყის ჰაერი. დერმატოლოგიური პათოლოგიებით ქრონიკულად მოავადეთათვის მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული სამოსის ტარება. ვიწრო და მოტმასნილი ტანსაცმელი არ ატარებს ჰაერს, ხელს უწყობს კანის აქერცვლას და აპროვოცირებს გამონაყარის ხელახალ აღმოცენებასა და გართულებას.

ნებისმიერი დაავადების დროს აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა. ამ მიზნით გამოყენებული საგნები აუცილებლად ინდივიდუალური უნდა იყოს. გამწვავების პერიოდში ქავილის, ტკივილისა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებათა შესამცირებლად კარგია თბილი აბაზანა ან შხაპი. შხაპის შემდეგ კანის დაზიანებული უბნები შეგიძლიათ საშრობის გრილი ჰაერის ნაკადით გააშროთ.

ის მოაშრობს წყლულებს და შეამცირებს ქავილს, ხელს შეუწყობს წყლულების სწრაფ შეხორცებას. თუ საშრობი არ გაქვთ, თბილი წყლის აბაზანის ან შხაპის შემდეგ გამონაყარიან ადგილებზე 10-15 წუთით ყინულის კუბები დაიდეთ. უარი თქვით ალკოჰოლსა და სიგარეტზე. დერმატოზებით ქრონიკულად მოავადეებს კანი გამწვავებამდეც მშრალი, უხეში და აქერცლილი აქვთ, ამიტომ კანის აღმდგენი და დამარბილებელი საშუალებები, - ისეთები, რომლებიც კანს დაანოტივებს, დაარბილებს და გააცხიმიანებს, - რემისიის პერიოდშიც უნდა იხმარონ და გამწვავებას არ დაელოდონ.

  • დაიცავით დღის რეჟიმი, გაიკაჟეთ ორგანიზმი.
  • ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
  • მიირთვით ცხარე სანელებლების გარეშე მომზადებული საკვები.

გამწვავებისას კატეგორიულად იკრძალება ყოველგვარი კოსმეტიკური პროცედურა, რომელიც კანის მექანიკურ გაღიზიანებას უკავშირდება: ვაკუუმი, ხელით ან ულტრაბგერით კანის გაწმენდა, ეპილაცია, ქიმიური პილინგი, - ეს მანიპულაციები აფერხებს გამოჯანმრთელების პროცესს. გაზაფხულის დამდეგს მაქსიმალურად არიდეთ თავი სტრესს, ნერვულ და ფსიქიკურ გადაძაბვას. ეცადეთ, სულიერი სიმშვიდე და წონასწორობა აღიდგინოთ.