მტევნების სოკოვანი პათოლოგია
მტევნების მიკოზის ძირითადი გამომწვევია სოკო – Trichophyton rubrum. ასეთ დროს კანის დაზიანებას რუბროფიტიას უწოდებენ. შედარებით იშვიათად მტევნების მიკოზს სოკო – Trichophyton mentagrophytes Interdigitale იწვევს. ამ შემთხვევაში ეპიდერმოფიტიაზე საუბრობენ. მტევნების იზოლირებული მიკოზი მხოლოდ მაშინ გვხვდება, როდესაც დაავადების გამომწვევი სოკო თავდაპირველად უშუალოდ მტევნების კანში იჭრება, ეს შესაძლოა მოხდეს:
- მანიკიურის გაკეთებისას;
- დაინფიცირებული ხელთათმანების გამოყენებისას;
- ხელის ჩამორთმევისას;
- პირადი ჰიგიენის ნივთების მოხმარებისას.
სოკო უხშირესად ტერფების კანს, ფრჩხილებს და კანის მსხვილ ნაკეცებს აზიანებს, რომლებიც შემდეგ ადვილად ხდება ინფექციის გავრცელების წყარო. დასახელებული ადგილებიდან მიკოზი თითებშუა არეებსა და მტევნის თითებზე გადადის. ცნობილია, რომ ხელის სოკო ბევრ ადამიანს აღენიშნება, თუმცა, მათ უმრავლესობას ის არ უვლინდება.
რისკ-ფაქტორები, რომლებიც ზრდის მიკოზის აღმოცენების ალბათობას:
- ხანდაზმული ასაკი;
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
- დასუსტებული იმუნიტეტი;
- შაქრიანი დიაბეტი;
- აუზებით, აბანოებითა და საუნებით ხშირი სარგებლობა;
- ხელების, განსაკუთრებით, თითებშუა არეების კანის ხშირი დაზიანება;
- სხვადასხვა ქრონიკული დაავადება.
როგორ ვლინდება მტევნების სოკო
მტევნების მიკოზი თავდაპირველად თითებშუა არეებში კანის აქერცვლით ვლინდება. ხშირად თითებშუა სოკო უმნიშვნელო ნახეთქია. ასეთ ცვლილებებს ადამიანები, ჩვეულებრივ, ვერც ამჩნევენ, ან კიდევ არ ანიჭებენ მნიშვნელობას და შესაბამისად, არ აქცევენ ყურადღებას. ხშირად ზიანდება თითებშუა კანის ერთი ნაკეცი. საზოგადოდ, თითზე აღმოცენებული სოკო შესაძლოა სრულებით არ აწუხებდეს ადამიანს. ამიტომაც ის არ აკითხავს ექიმს. ზოგს თითებს შორის კანის ცვლილება უფრო მეტად აქვს გამოხატული. კანის აქერცვლა ძლიერდება (ხშირად ბეჭდისებური უბნების სახით), ვითარდება ქავილი, ჰიპერკერატოზი (გარქოვანება), რომელიც კანის გასქელება-გამკვრივებით ვლინდება. მიკოზის კიდევ ერთი დამახასიათებელი სიმპტომია კანის მოლურჯო-მოწითალო ფერი, სიმშრალე და კანის სურათის გაძლიერება. თუ მსგავსი ცვლილებები აღმოცენდება, რომლებიც ვრცელდება თუნდაც თითებშუა ერთ უბანზე, აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი, რათა დროულად დაისვას დიაგნოზი და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.
მიკოზის გამო ხშირად მტევნის თითებზე ფრჩხილებიც ზიანდება. იცვლება მათი ფერი, სტრუქტურა. ფრჩხილი სქელდება, დეფორმირდება, მასზე ლაქები და ზოლები ჩნდება. თუ მსგავსი სიმპტომები შენიშნეთ, ეს მტევნის სოკოს მანიშნებელია. პათოლოგიური პროცესი ზოგჯერ მტევნის ზურგის ზედაპირზე ვრცელდება. ასეთ დროს კანზე სიწითლე და აქერცვლა შეინიშნება. დაზიანებული უბნები, ჩვეულებრივ, წყვეტილი ანთებითი რგოლითაა შემოფარგლული. საკუთრივ შემომსაზღვრელი რგოლი კვანძებით, ბუშტუკებით ან ქერქებითაა წარმოდგენილი. ასეთი სახის დაზიანება შესაძლოა თითებშუა ნებისმიერმა არემ განიცადოს. ელასტიკურობის დაქვეითებისა და გამოშრობა-გამოფიტვის გამო კანზე ხშირად მტკივნეული ნახეთქები ჩნდება. იშვიათად, თითებშუა სოკოს სიწითლე და შეშუპება ერთვის. ამ უკანასკნელს ემატება ეროზიისა და ღრმა ნახეთქების განვითარება, ქავილისა და წვის შეგრძნება. მტევნის სოკო ზოგჯერ მრავალრიცხოვანი სქელკედლიანი ბუშტუკების განვითარებითაც ხასიათდება. აღნიშნული ბუშტუკები თითებზე და მათ შუა არეებში ჩნდება. ბუშტუკების ზომა იზრდება და ერთმანეთს ერწყმის. მათი გახეთქვისას მოვარდისფრო-მოწითალო ეროზიები ვითარდება, ანთებითი პროცესის გაღრმავების კვალად კი სიწითლე განსაკუთრებით იკვეთება.
მიკოზის მკურნალობის მთავარი პრინციპი
მიკოზის მკურნალობამდე, ექიმ-სპეციალისტმა უნდა შეაფასოს მტევნების კანის დაზიანების ხარისხი, მტევნების როგორც ზურგისკენა არის, ასევე ხელისგულების მდგომარეობა, გამოავლინოს დაავადების სიმპტომები, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს თითებშუა არეების დათვალიერება-შესწავლას. იმის დასადგენად, რომ დაავადება ნამდვილად სოკოს მიერ არის გამოწვეული, აუცილებელია ანაფხეკის მიკროსკოპული გამოკვლევა. კანის ანაფხეკს, ჩვეულებრივ, თითებშუა არიდან იღებენ შესასწავლად. დიაგნოზის დამოწმება კულტურალურ გამოკვლევას ეფუძნება (სოკო ითესება სპეციალურ საკვებ ნიადაგზე, სადაც ის შემდგომ იზრდება). მკურნალობა მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაინიშნოს, რაც გამომწვევი მიკროორგანიზმის სახეობა განისაზღვრება.
როგორ მკურნალობენ მიკოზს? – თითებზე განვითარებულ მიკოზს სპეციალური პრეპარატებითა და მალამოებით ებრძვიან. კანის გავრცელებული დაზიანებისას აუცილებელი ხდება სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების დალევაც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დოზის სწორად შერჩევას და თერაპიის ხანგრძლივობის განსაზღვრას. მტევნების ადგილობრივად მკურნალობა მოიცავს სპეციალური მალამოების, კრემებისა და ხსნარების გამოყენებას.
პროფილაქტიკური ზომები
მტევნების მიკოზის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:
- სხეულისა და ხელების ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა.
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან დაბრუნების შემდეგ სარეცხის საპნით ან სხვა სადეზინფექციო საშუალებით ხელების საგულდაგულოდ დაბანა.
- იმუნიტეტის ამაღლება, ამისათვის სრულფასოვანი, სასარგებლო და დაბალანსებული საკვების მიღება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ფიზიკური აქტივობა და სხვა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა.
თუ გსურთ, მტევნების მიკოზი თავიდან აიცილოთ, ერიდეთ მანიკიურის სალონებში ვიზიტს, უკიდურეს შემთხვევაში კი, ყურადღება მიაქციეთ, გამოყენებული ინსტრუმენტები დეზინფიცირებული იყოს. საეჭვო ვითარებებში ხელს ნუ ჩამოართმევთ დაავადებულს, მით უფრო, თუ მტევნების კანზე ნაკაწრი ან სხვა სახის დაზიანება გაქვთ. ნუ გამოიყენებთ სხვის ხელთათმანებს. თუ დასნებოვნებული ხართ მიკოზით, იზრუნეთ გარშემომყოფებზეც, ნუ დაასნებოვნებთ მათ. საგნებსა თუ ნივთებს, რომელთაც ეხებით, პერიოდულად დეზინფექცია ჩაუტარეთ. ამისათვის გამოიყენეთ ფორმალდეჰიდი, ქლორჰექსიდინი ან ძმარი. არსებობს აგრეთვე სოკოს საწინააღმდეგო სპეციალური სპრეებიც.
რა უნდა გახსოვდეთ:
- თუ სოკო ერთხელ შეიჭრა კანში, ის თავისთავად არ გაქრება და განადგურდება. მის აღმოსაფხვრელად აუცილებლად ბრძოლაა საჭირო.
- ზოგს ჰგონია, რომ მტევნების კანზე არსებული სოკო – კანის აქერცვლა თუ მცირე ზომის ნახეთქები უმნიშვნელო პრობლემაა, რომელიც სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს ადამიანს. ეს არასწორია! კანზე არსებული სოკო ტოქსინებით წამლავს მთელ ორგანიზმს, აქვეითებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ალერგიის განვითარებას.
- სოკომ არანამკურნალებ შემთხვევაში, შესაძლოა, კანიდან შინაგან ორგანოებში გადაინაცვლოს, საიდანაც მისი ლიკვიდაცია კიდევ უფრო რთულია.