ჰერპეს ზოსტერი ანუ ბუშტუკოვანი ლიქენი
მას სხვაგვარად შემომსარტყვლელ და ბუშტუკოვან ლიქენსაც უწოდებენ. დაავადების ტიპური კლინიკური ტრიადა მოიცავს ზოგად ინფექციურ სიმპტომებს, დამახასიათებელ ეკზანთემას და სხვადასხვა ტიპის ნევროლოგიურ დარღვევებს, როგორც ცენტრალური, ისე პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებით.
დადგენილია, რომ ამ დაავადების გამომწვევია Hერპესვირიდაე-ს ოჯახის ვირუსი, რომელიც ლიქენის გარდა ჩუტყვავილასაც იწვევს. დასნებოვნებას განიცდიან უპირატესად ასაკოვანი ადამიანები, რომელთაც გადატანილი აქვთ ჩუტყვავილა.
დაავადება იწყება ძლიერი მფეთქავი ხასიათის ტკივილით, რომელიც მოიცავს ზურგისა და წელის, ზოგჯერ კი ნეკნების არეს. ადამიანს აწუხებს სისუსტე, გულისრევა, ზოგჯერ ტემპერატურის მომატება. ზოგს ჰგონია, რომ გულის პრობლემამ შემოუტია. გამოხატულ სიმპტომებს ხშირად თირკმლის ჭვალს (კოლიკას), ქოლეცისტიტს ან კიდევ აპენდიციტს მიაწერენ. მოგვიანებით ყველაფერი ნათელი ხდება – მტკივნეულ ადგილებში მოვარდისფრო ლაქები ჩნდება, დაახლოებით ერთ დღე-ღამეში კი მათ ადგილზე სითხით სავსე ბუშტუკების კოლონიები ვითარდება. ბუშტუკები დროთა განმავლობაში ხმება და ქერქს იკეთებს. ასეთია ჰერპეს ზოსტერის კლასიკური სურათი. თუმცა, გამონაყარი შესაძლოა სრულებითაც არ გამოვლინდეს ან კიდევ ერთეული იყოს, იმდენად იშვიათი, რომ მას ყურადღება არც მიაქციონ. ეს უკანასკნელი არ ნიშნავს იმას, რომ დაავადება იოლი ფორმით მიმდინარეობს, იმიტომ რომ ლიქენის გამომწვევი ვირუსი, კანის გარდა, ნერვულ სისტემასაც აზიანებს, კერძოდ, იწვევს ნერვული განგლიების (კვანძების) ანთებას. სწორედ ამის გამო განიცდიან პაციენტები მტანჯველ ტკივილს, რომელიც განსაკუთრებით ღამით ძლიერდება. ზოგს უწყვეტად მიმდინარე ყრუ ტკივილი აწუხებს, ზოგს კი მწველი, მფეთქავი, შეტევისებური. ბუშტუკოვანი ლიქენის დროს ტკივილი ძირითადად ნერვული ღეროების გასწვრივ შეიგრძნობა, უხშირესად ნეკნთაშუა არეში, ზურგზე კი ცალმხრივად ვლინდება გამონაყარი. თუ ვირუსმა სამწვერა ნერვი მოიცვა, გამონაყარი შესაძლოა სახეზეც განვითარდეს, ზოგჯერ ცხვირის ლორწოვან გარსზე და თვალის კაკალზეც. ყურის ფორმის დროს ვარდისფერი ლაქები ყურის ნიჟარას, მის ირგვლივ არესა და გარეთა სასმენ მილს მოიცავს.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თავად ჰერპეს ზოსტერი კი არ არის საშიში (თუ, რა თქმა უნდა, სწორად ვუმკურნალებთ მას), არამედ ის გართულებები, რომელთაც ის იწვევს. ლიქენის ყველაზე გავრცელებული გართულება ნევრალგიაა. ნევრალგია კლასიკურად შეტევითი, მწვავე ტკივილია ნერვის მიმართულებით მოძრაობის, მგრძნობელობისა და რეფლექსების მოშლის გარეშე, თუმცა, ასაკოვან ადამიანებთან შესაძლოა მოძრაობითი დარღვევები და მგრძნობელობის მოშლაც გამოვლინდეს. მძიმე გართულებები შესაძლოა განვითარდეს ყურისა და თვალის ფორმების დროს – სმენისა და სახის ნერვის ანთება, მხედველობისა და სმენის დაქვეითება. ბუშტუკოვან ლიქენს შესაძლოა თან დაერთოს მეორადი ინფექცია – სტრეპტოკოკური ან სტაფილოკოკური. ეს კი პნევმონიის, კანის ანთებითი პათოლოგიებისა და სხვა დაავადებების პროვოცირებას ახდენს.