სტრესი და ფსორიაზი
სტრესმა, შფოთვამ, წუხილმა და ემოციურმა აჯანყებამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფსორიაზის დებიუტი, თუ არსებობს მის მიმართ გარკვეული მიდრეკილება, ასევე უკვე არსებული, რემისირებული პათოლოგიის გამწვავება.
-
რა ხდება ნერვული აშლილობის დროს?
არასპეციალისტისთვის რთულია იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება იყოს დამოკიდებული კანის პათოლოგია პაციენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მაგრამ, რეალურად, ეს ასეა. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ფსიქიკასა და დერმატოლოგიურ გამოვლინებებს შორის არსებობს შემდეგი კავშირი:
1) ადამიანი განიცდის სტრესს, რის გამოც ტვინს ეგზავნება სპეციფიკური იმპულსები. ნერვული სისტემა იწყებს გადაძაბულ მუშაობას წარმოქმნილი დისბალანსის კომპენსირებისთვის. შედეგად, ორგანიზმს არ შეუძლია ფიზიოლოგიური პროცესების მუდმივობის ეფექტურად შენარჩუნება. ეს ვლინდება არტერიული წნევის მომატებით, უძილობით, პანიკის შეტევებით, კუჭის წყლულით, ფსორიაზით და სხვა ქრონიკული დაავადებების გამწვავებით.
2) არსებობს ორგანიზმის ფუნქციათა ჰორმონული რეგულირება, რომელიც ასევე დამოკიდებულია ნერვული სისტემის მდგომარეობაზე. სტრესის ჰორმონები – კორტიზოლი და ადრენალინი – იწვევს რეაქციების კასკადს, მათ შორის ანთებითი პროცესების გაძლიერებას. ეს კი ფსორიაზის გამწვავების პირდაპირი გზაა.
-
როგორ მოვიქცეთ სტრესის დროს?
ნერვულ ნიადაგზე განვითარებული ფსორიაზის მკურნალობა ძალიან რთულია. მიიღება ჩაკეტილი (მანკიერი) წრე: ნერვული აშლილობის გამო განვითარდა პათოლოგია, რაც პაციენტს ფიზიკურ და მორალურ დისკომფორტს უქმნის – ეუხერხულება თავისი გარეგნობა, აწუხებს კომპლექსები, ვარდება დეპრესიაში – ჩნდება მორიგი ნერვული აშლილობა და ფსორიაზი უფრო მძაფრდება.
ფსორიაზის მიმდინარეობა და პროგნოზი ასევე დამოკიდებულია ადამიანის ტემპერამენტზე. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ქოლერიკებს და მელანქოლიკებს უფრო ხშირად აწუხებთ კანის დაავადებები, ვიდრე ფლეგმატიკებსა და სანგვინიკებს.
ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები ფიქსირდება თითქმის ყველა პაციენტთან, რომელსაც აწუხებს ფსორიაზი და ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია მკურნალობის კურსის დაგეგმვისას.
ფსორიაზი მოულოდნელად იწყება. პაციენტთა 40-50% დაავადების დაწყებას სტრესს უკავშირებს. მეცნიერთა აზრით, ფსორიაზი ხშირად ჩნდება მძიმე ფსიქოტრავმული სიტუაციების ფონზე, როგორც ბავშვობაში, ასევე ზრდასრულ ასაკში. ამავდროულად, ტრავმულ სიტუაციებთან დაკავშირებული ფსორიაზი ყველაზე ხშირად იწვევს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ სირთულეებს. ეს შეიძლება იყოს ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვასთან დაკავშირებული სირთულეები და ემოციური დარღვევები.
ფსორიაზით დაავადებული ადამიანებისთვის მთავარი პრობლემაა, როგორ რეაგირებენ სხვები მათ დაავადებაზე და რა ემოციები შეიძლება გამოიწვიოს კანზე მათმა გამონაყარმა. ადამიანებს რცხვენიათ ავადმყოფობის გამო, ბოდიშს იხდიან და დეპრესიაში ვარდებიან.
ამერიკელი დერმატოლოგის, რობერტ ბროდელის აზრით, სტრესი და ფსორიაზი მჭიდრო კავშირშია: სტრესი მოქმედებს ფსორიაზზე, ფსორიაზი კი სტრესზე!
ზოგჯერ სტრესის მიზეზი თავად ფსორიაზის მკურნალობის პროცესი ხდება. ეს დაავადება მოითხოვს ხანგრძლივ, საფუძვლიან მკურნალობას და ექიმთან რეგულარულ ვიზიტს.
ფსორიაზის მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური და ჩატარდეს დერმატოლოგისა და ფსიქოთერაპევტის შეთანხმებით. ფსიქოთერაპიული სეანსების დროს პაციენტი უნდა შეეგუოს თავის ავადმყოფობას და ისწავლოს მასთან ერთად ცხოვრება, რადგან მისი სრულად განკურნება შეუძლებელია!