კანი შინაგან ორგანოთა დაავადებების დროს
უკანასკნელ ათწლეულებში დაავადებათა კლინიკური გამოვლინების თუ მათი აღმოცენების უნატიფესი მექანიზმების დაჩქარებულმა შესწავლამ განაპირობა წარსულში დამკვიდრებული მრავალი შეხედულების რადიკალური ცვლილება. ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც კანის დაავადებებია. მართალია, დღეს უარყოფილია არა ერთი თეორია კანისა და შინაგან ორგანოთა (მაგალითად, ნაღვლის ბუშტის) დაავადებების მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთკავშირის შესახებ, მაგრამ უდავოა, რომ შინაგან ორგანოთა მთელი რიგი დაავადებების დროს, კანის გარკვეული მახასიათებლები იცვლება. დღეს შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
კანი ნაწლავთა ანთებითი დაავადებების დროს
ტერმინი ნაწლავთა ანთებითი დაავადებები აერთიანებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქსოვილების ხანგრძლივი (ქრონიკული) ანთებით მიმდინარე ორ დაავადებას – წყლულოვან კოლიტსა და კრონის დაავადებას. წყლულოვანი კოლიტისას მსხვილი ნაწლავისა (კოლინჯის) და სწორი ნაწლავის ლორწოვანის გასწვრივ ვითარდება ანთება და წყლულები. კრონის დაავადებისას ანთება შეიძლება მოიცავდეს ნაწლავის უფრო ღრმა შრეებსაც, უპირატესად ზიანდება წვრილი ნაწლავი, თუმცა, არ არის გამორიცხული პროცესი მოიცავდეს მსხვილ ნაწლავს ან, უფრო იშვიათად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილებს. ორივე დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ფაღარათით, მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენით, მუცლის ტკივილით, სისუსტით, წონის კლებით.
დღეს არსებული მონაცემებით ნაწლავთა ანთებითი დაავადებების დროს პაციენტთა 8 პროცენტზე მეტს აღენიშნება გამოვლინებები კანის მხრივ. ზოგიერთი მათგანის აღმოცენება დაავადების გართულებას უკავშირდება, ზოგი კი ნაწლავის ანთებისაგან დამოუკიდებლად ვითარდება.
ნაწლავთა ანთებითი დაავადებების ყველაზე ხშირი დერმატოლოგიური (კანის მხრივ) გამოვლინებებია კვანძოვანი ერითემა და განგრენული პიოდერმია.
კვანძოვანი ერითემა არის წითელი ან იისფერი, ოდნავ წამოწეული, რბილი კანქვეშა კვანძოვანი წარმონაქმნები, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება კიდურებზე – ხელებზე ან ფეხებზე.
განგრენული პიოდერმია არის მოწითალო კვანძები ან ჩირქის შემცველი ბუშტუკები, რომელთა აღმოცენებასაც ხშირად წინ უსწრებს კანის ტრავმირება. კანის შემდგომი ნეკროზი იწვევს ღრმა წყლულების გაჩენას.
ცნობილია, რომ კვანძოვანი ერითემა დაავადების აქტივობის პარალელურად ვითარდება, ხოლო განგრენულ პიოდერმიას ასეთი კავშირი არ ახასიათებს. მიუხედავად ამისა, ორივე მათგანის უკუგანვითარება ძირითადი დაავადების წარმატებულ მკურნალობაზეა დამოკიდებული. დადგენილია, რომ ნაწლავთა ანთებითი დაავადებების დროს შესაძლოა მომატებული იყოს მელანომის რისკი.
ამ გამოვლინებების პათოგენეზი (განვითარების მექანიზმი) ბოლომდე დადგენილი არ არის. არსებული ჰიპოთეზის თანახმად, საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანის ანთებითი დაზიანება შესაძლოა იყოს ბიძგი იმუნური სისტემის პასუხისათვის, რომელიც ნაწლავის გარეთ, ამ შემთვევაში კი კანში ვლინდება.
კანის ცვლილებები ღვიძლის ციროზისას
ღვიძლის ციროზის დროს აღმოცენებული კანის ცვლილებების მიმოხილვისას, უპირველესად, სიყვითლე და ტელეანგიექტაზიები უნდა განვიხილოთ.
სიყვითლე არის კანისა და ლორწოვანების მოყვითალო შეფერვა, რაც სისხლში ბილირუბინის შემცველობის მატებას უკავშირდება. სიყვითლე შეიძლება კაროტინებით მდიდარი საკვების (სტაფილო, ციტრუსები) ჭარბი მიღების დროსაც აღმოცენდეს, თუმცა, ამ დროს ლორწოვანის ფერი არ იცვლება
კანის ფერი შეიძლება შეიცვალოს ციროზის გამომწვევი დაავადებების – ჰემოქრომატოზისა და ვილსონის დაავადებისას. ჰემოქრომატოზი არის მემკვიდრული დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმში რკინა ჭარბად გროვდება. სხვა სიმპტომებთან ერთად დამახასიათებელია კანის ბრინჯაოსებრი შეფერვა. ვილსონის დაავადება სპილენძის მეტაბოლიზმის დარღვევით მიმდინარე მემკვიდრული დაავადებაა, რომლის დროსაც კანის ცვლილებათაგან ყურადღებას იპყრობს წვივების პიგმენტაცია.
ტელეანგიექტაზიები, ანუ „სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები“, ობობას ქსელივით განშტოებული, გაგანიერებული კანქვეშა კაპილარებია. ისინი ხშირად აღმოცენდებიან სახის, მხრების არესა და გულმკერდის ზედა არეში.
ტელეანგიექტაზიების აღმოცენების ზუსტი მექანიზმი აუხსნელია, თუმცა, არსებული შეხედულებების თანახმად, ციროზის დროს მათ გაჩენას ღვიძლში სასქესო ჰორმონების მეტაბოლიზმის (ცვლის) დარღვევას უკავშირებენ.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტელეანგიექტაზია არ არის მხოლოდ ციროზისათვის დამახასიათებელი ცვლილება. ის შეიძლება გაჩნდეს ორსულობისას, კვების მძიმე დეფიციტისას და ზოგჯერ ჯანმრთელებთანაც კი შეგვხვდეს, მაგრამ უკანასკნელ შემთხვევაში რაოდენობა სამს არ აღემატება. როგორც წესი, ციროზის დროს ტელეანგიექტაზიების რაოდენობა და ზომა ღვიძლის დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. მრავალი დიდი ზომის ტელეანგიექტაზია, შესაძლოა, საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან სისხლდენის დიდ რისკზე მიუთითებდეს.
კიდევ ერთი ცვლილება, რაც ციროზის დროს შეიძლება შევამჩნიოთ, არის პალმარული ერითემა – ხელის გულების სიწითლე. ის ციროზიან პაციენტთა დაახლოებით მეოთხედს აღენიშნება, თუმცა, „სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების“ მსგავსად მხოლოდ დაავადებისას არ გვხვდება
ღვიძლის დაავადებების დროს აღმოცენებული კანის ცვლილებების განსაკუთრებული მკურნალობა არ ინიშნება. ძირითადი დაავადების აქტივობის დაქვეითებისას, აღწერილი ცვლილებების გამოხატულება ქვეითდება, ისინი ნაკლებად შესამჩნევი ხდება.
თირკმლის დაავადებები და კანი
თირკმლის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც საბოლოოდ ორგანოს ფუნქციის დაქვეითების – თირკმლის უკმარისობის მიზეზია, ხშირად იწვევენ კანის სხვადასხვა ტიპის დაზიანებას, რაც ამავე დროს გარემო ფაქტორებზეც არის დამოკიდებული.
არსებული სტატისტიკის თანახმად, თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს პაციენტთა დაახლოებით 50-100%-ს კანის რაიმე პრობლემა აქვს. მათ შორის განსაკუთრებით ხშირი და მნიშვნელოვანია ქსეროზი ანუ კანის სიმშრალე, პიგმენტაცია, ქავილი.
ქსეროზისათვის დამახასიათებელია კანის სიმშრალე, გაუხეშება. პაცინეტს აღენიშნება კანის აქერცვლა, ნახეთქები, ზოგადი დისკომფორტი. ასეთი ცვლილებები აქვს დიალიზზე მყოფპაციენტთა 50-75%-ს. სამწუხაროდ, აღწერილი დაზიანებები ზრდიან კანის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების რისკს.
თირკმლის ქრონიკული დაავადებისას ორგანიზმიდან ცვლის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებების გამოყოფისათვის აუცილებელი ხდება დიალიზის პროცედურა. ამ დროს იზრდება კანის პიგმენტაციის (შეფერილობის) ცვლილების რისკი. არსებული მონაცემებით, დიალიზზე მყოფპაციენტთა დაახლოებით 25-70%-ს აქვს:
- ჰიპერპიგმენტაცია – კანის იმ ნაწილზე, რომელიც მზის სხივების ზემოქმედებას განიცდის, ვითარდება შედარებით მუქი შეფერვა;
- სიფერმკრთალე – ხშირად უკავშირდება ანემიას;
- მოყვითალო შეფერვა – ვითარდება კანში ლიპოქრომებისა და კაროტინოიდების დაგროვების შედეგად;
- რაც უფრო ხანგრძლივია თირკმლის უკმარისობა, მით უფრო დიდია ამ ცვლილებების აღმოცენების რისკი.
თირკმლის ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ერთ-ერთი სერიოზული პრობელმაა კანის ქავილი, რომელიც ზოგჯერ ძალიან შემაწუხებელი ხდება. ქავილი აღენიშნება დიალიზზე მყოფპაციენტთა 50-90%-ს და თირკმლის ქრონიკული დაავადებისას პაციენტთა 15-49%-ს. ჩვეულებრივ, ქავილი ძლიერდება ღამით და უპირატესად მოიცავს მუცლის, თავის, ზურგის, წინამხრების არეებს. შემაწუხებელი ქავილისას უპირველესად მნიშვნელოვანია დაავადების მართვის გაუმჯობესება, დიალიზის პროცედურის ოპტიმიზაცია, რათა მიღწეული იყოს სამიზნე ბიოქიმიური მაჩვენებლები. აუცილებელია კანის დატენიანება, დარბილება, რაც უნდა გაგრძელდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველივე ღონისძიება ქავილს არ ამცირებს. თუ ორი კვირის განმავლობაში ეს ღონისძიება ქავილს არ ამცირებს, შესაძლოა ადგილობრივი საანესთეზიო (გამაყუჩებელი) საშუალებების, ანტიჰისტამინური (ანტიალერგიული) პრეპარატების, გაბაპენტინის გამოყენება.
გარდა აღნიშნულისა, კანის პრობლემები მოსალოდნელია თირკმლის გადანერგვის შემდგომ, ვინაიდან იმუნოსუპრესიული (იმუნიტეტის დამთრგუნველი) ეფექტის მქონე პრეპარატები ზრდისკანის ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული ინფექციების რისკს.
ენდოკრინული დაავადებებით გამოწვეული კანის ცვლილებები
სიახლე არ არის, რომ ენდოკრინული სისტემის დაავადებები სხეულის თითქმის ყველა ორგანოთა სისტემას მოიცავენ. ბუნებრივია, გამონაკლისი არც კანია. მედიკოსებისათვის ცნობილია, რომ ზოგჯერ კანის ცვლილება შეიძლება წინ უსწრებდეს დაავადების სხვა სიმპტომებს, ზოგჯერ კი პათოგნომური (დამახასიათებელი) იყოს მისი გამომწვევი დაავადებისათვის. არის შემთხვევები, როცა კანზე გამოვლინება ენდოკრინული დაავადების ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომია და მნიშვნელოვნად აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. აღნიშნულის გამო, პაციენტებიც სამედიცინო დაწესებულებას სწორედ კანის პრობლემების გამო მიმართავენ. ქვემოთ მოკლედ განვიხილავთ გავრცელებული თუ იშვიათი ენდოკრინული დაავადებებით განპირობებულ კანის ცვლილებებს.
გრეივსის დაავადება
გრეივსის დაავადება აუტოიმუნური (საკუთარი სხეულის უჯრედების მიმართ წარმოქმნილი ანტისხეულებით განპირობებული) პათოლოგიაა, რომლის დროსაც ორგანიზმში იმატებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველობა – ვითარდება ჰიპერთირეოზი.
ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი ჰორმონები იწვევენ სხეულის ტემპერატურის მატებას, ჭარბ ოფლიანობას ანუ ჰიპერჰიდროზს, რაც ვლინდება თბილი, ნამიანი (ოფლიანი) კანით. ჰიპერჰიდროზი უპირატესად გამოვლენილია მტევნების და ტერფების არეში. იცვლება ფრჩხილებიც – ვითარდება ონიქოლიზი ანუ პლამერის ფრჩხილები – ფრჩხილი წამოწეულია ფრჩხილბუდიდან.
დამახასიათებელია თიროიდული დერმოპათია ანუ პრეტიბიალური მიქსედემა – ხორცისფერი ან მოყვითალო-ყავისფერი კანის გასქელებული და გამკვრივებული წამოწეული უბნები. კანის ასეთი ცვლილება უხშირესად ვითარდება წვივის არეში, მის წინა ზედაპირზე, ზოგჯერ უკანა ზედაპირსა და ტერფზე. თირეოიდული დერმოპათია ხშირად აღმოცენდება ასევე ტრავმის, ქირურგიული ჩარევის შემდგომი თუ დამწვრობის შემდგომი ნაწიბურების არეში. შორსწასულ შემთხვევებში შეიძლება აღმოცენდეს ჰიპერკერატოზი (კანის გარქოვანება), სოკოვანი ინფექცია, კანი გახდეს ხორკლიანი.
თიროიდული დერმოპათიის გამოვლინება შეიძლება იყოს ქვედა კიდურების შეშუპება, რომელმაც შეიძლება მიაღწიოს მაქსიმალურ, სპილოვანების დონეს, რაც ლიმფური მიმოქცევის ობსტრუქციას (დახშობას) უკავშირდება.
გრეივსის დაავადებისას დერმოპათიით პაციენტთა დაახლოებით 20%-ს აქვს აკროპათია – თითების კომბლისებრი დეფორმაცია.
გრეივსის დაავადების დროს, კანის ცვლილებების უკუგანვითარება, უპირველეს ყოვილსა, ძირითადი დაავადების წარმატებულ მკურნალობაზეა დამოკიდებული. თუ ეს საკმარისი არ არის, შესაძლოა სპეციალისტმა დანიშნოს ადგილობრივი სამკურნალო საშუალებებიც.
ჰაშიმოტოს თიროიდიტი
ჰაშიმოტოს თიროიდიტი, ანუ ქრონიკული ლიმფოციტური თიროიდიტი, ჰიპოთიროიდიზმის – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობა იწვევს მეტაბოლიზმის შეფერხებას, კანი ხდება ცივი და მშრალი. მძიმე შემთხვევებში კანში გროვდება მუკოპოლისაქარიდები, ვითარდება მიქსედემა (კანქვეშა შეშუპება). უპირველესად ზიანდება წვივის წინა ზედაპირები. მიქსედემის შორს წასულ შემთხვევებში შუპდება ენა, ცხვირის ლორწოვანი, ტუჩები, კანი წითლდება, რაც დერმატომიოზიტის ან ბეჭდისებრი ერითემის ცენტრისებური ფორმის დროს ცვლილებებს შეიძლება მოგვაგონებდეს.
ჰიპოთირეოზის დროს კანის ცვლილებების მკურნალობისათვის აუცილებელია, ლევოთიროქსინის პრეპარატების გამოყენებით, ჯირკვლის ჰორმონების სრულფასოვანი ჩანაცვლება – ჰორმონული მაჩვენებლების ნორმალიზაცია.
შაქრიანი დიაბეტი
დიაბეტის დროს შეიძლება აღმოცენდეს კანის როგორც დამახასიათებელი, ასევე მეტაბოლიზმის დარღვევასთან დაკავშირებული ცვლილებები. ეს შეიძლება იყოს კანის სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციები, განმეორებითი, დიაბეტური ლიპოიდური ნეკრობიოზი, დიაბეტური ბულები და კანის აუტოიმუნური დაავადებები (მაგალითად, ვიტილიგო). ყველაზე ხშირი კანის დაზიანება კი არის დიაბეტური დერმოპათია – მცირე ზომის (1-დან 2,5 სმ-მდე), მომრგვალო, ვარდისფერი, მოწითალო ან მოყავისფრო ლაქები, რომლებიც შეიძლება ნაწიბურებს ან ჩაღრმავებებს გავდნენ. ისინი არ იწვევენ ქავილს, ტკივილს ან გამონადენს. დიაბეტური დერმოპათია უხშირესად ვითარდება ორივე წვივის წინა ზედაპირზე, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს ბარძაყების ან მკლავების არეში, ლაქების რაოდენობა შეიძლება იყოს განსხვავებული სხვადასხვა მხარეს.
ბუნებრივია, აღწერილი ცვლილებების წარმატებული მკურნალობისთვის აუცილებელია დაავადების სათანადო მართვა, გლუკოზის დონის ნორმალიზაცია. ამასთან ერთად, დიაბეტური ლიპოიდური ნეკრობიოზისას გამოიყენება სტეროიდები ადგილობრივად ან უშუალოდ დაზიანებულ არეში ინიექციის სახით.
კუშინგის სინდრომი
კუშინგის სინდრომის დროს პაციენტს ქრონიკულად აქვს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების – გლუკოკორტიკოიდების, სიჭარბე. უკანასკნელის მიზეზი შეიძლება იყოს კორტიზოლის ჭარბი წარმოქმნა თირკმელზედა ჯირკვლების მიერ, ჰიპოფიზში ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ჭარბი წარმოქმნა ან ამ ჰორმონის წარმოქმნა სხეულის სხვა არეში სიმსივნის მიერ.
გლუკოკორტიკოიდების ჭარბი შემცველობის შედეგად ვითარდება „ცენტრალური სიმსუქნე“ – სიმსუქნე სახის, კისრის, გულმკერდის, მუცლის არეში. სახე მსუქანია, ლოყები წითელი, რასაც მთვარისებრ სახეს უწოდებენ. ცხიმი გროვდება კისრის მე-7 მალის არეში, რაც ბიზონის კუზის ან კლიმაქტერული კუზის სახელითაა ცნობილი. ჭარბი კორტიზოლი არღვევს კოლაგენის სინთეზს, რის გამოც კანი თხელდება, მინიმალური ტრავმის დროსაც აღმოცენდება სისხლჩაქცევები. მუცლის გვერდით კედლებზე ჩნდება იისფერი, ფართო, 1 სანტიმეტრზე განიერი სტრიები, რომლებიც დროთა განმავლობაში არ თეთრდებიან, სიმსუქნით გამოწვეული სტრიებისაგან განსხვავებით. მოიისფრო სტრიები კუშინგის სინდრომის პათოგნომური სიმპტომია. შესაძლოა აღმოცენდეს ჰიპერპიგმენტაცია, შავი აკანტოზი.
შავი აკანტოზი
ამ სიმპტომს ყურადღებას ვუთმობთ ფართოდ გავრცელების გათვალისწინებით. შავი აკანტოზი არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კანის მუქი, სქელი, ხავერდისებრი უბნების არსებობით იღლიების, საზარდულის, კისრის არეში. დაზიანებულ არეში შესაძლოა აღინიშნებოდეს ქავილი. ასეთი ცვლილება ხშირია სიმსუქნით დაავადებულებს შორის, ინსულინრეზისტენტობის, ტიპი 2 დიაბეტის დროს. იშვიათად, შავი აკანტოზი შეიძლება იყოს კუჭის, ღვიძლის ან მსხვილი ნაწლავის სიმსივნის სიმპტომი.
უშუალოდ შავი აკანტოზის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებები არ არსებობს, მაგრამ დიაბეტის კონტროლი და წონის ნორმალიზაცია ხშირად საკმაოდ ეფექტურია.
თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი უკმარისობა
თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი უკმარისობისას ჯირკვალი კარგავს სათანადო რაოდენობით კორტიზოლის წარმოქმნის უნარს. ამ მდგომარეობის უხშირესი მიზეზია აუტოიმუნური ადრენალიტი – ადისონის დაავადება.
ადისონის დაავადების წამყვანი დერმატოლოგიური ნიშანია კანისა და ლორწოვანი მემბრანების ჰიპერპიგმენტაცია. ის პაციენტთა 90%-ს აღენიშნება. ჰიპერპიგმენტაცია, ანუ კანის მუქი შეფერვა, უმთავრესად გვხვდება სხეულის იმ არეებში რომლებიც ტანსაცმელს უფრო ინტენსიურად ეხახუნება (საყელო, ქამარი) ან მზის სხივების ზემოქმედებას განიცდის. ძირითადი დაავადების წარმატებული მკურნალობისას ჰიპერპიგმენტაცია უკუგანვითარდება.
ადისონის დაავადების დროს პაციენტთა 10%-ს უვითარდება ვიტილიგო – კანის დეპიგმენტაცია.
დაავადების სათანადო მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჰიპერპიგმენტაცია მცირდება, რამდენიმე თვის შემდეგ კი მნიშვნელოვანწილად ქრება, თუმცა, კანზე არსებული ნაწიბურები შესაძლოა პიგმენტირებული დარჩეს ბოჭკოვან შემაერთებელ ქსოვილში პიგმენტის (მელანინის) ჩალაგების გამო.
გლუკაგონომა
გლუკაგონომა არის პანკრეასის ანუ კუჭქვეშა ჯირკვლის ალფა უჯრედების ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ჰორმონ გლუკაგონს გამოყოფს. რის შედეგადაც ვითარდება ტრიადა – გლუკაგონომა, შაქრიანი დიაბეტი და კანის ცვლილება, რაც მანეკროზებელი მიგრაციული ერითემის სახელწოდებითაა ცნობილი. გარდა ამ სიმპტომებისა, ხშირად აღინიშნება წონის კლება, ანემია, ვენური თრომბოზი, გამოვლინებები კუჭ-ნაწლავის და ფსიქიკის მხრივ.
მანეკროზებელი მიგრაციული ერითემა, რომელიც გლუკაგონომის დერმატოლოგიური გამოვლინებაა, თითქმის ყველა პაციენტს უვითარდება, თუმცა, დასაწყისშივე შესაძლოა არ იყოს გამოხატული. თავდაპირველად ვითარდება ერითემა (სიწითლე), რომელიც მომდევნო 7-14 დღის განმავლობაში პროგრესირებს და ყალიბდება მტკივნეული, ქავანა ბულები (ბუშტები) და/ან ვეზიკულები (ბუშტუკები), რომელთა შიგთავსიც გასკდომის შედეგად გამოიყოფა და დაზიანებული არეები იფარება ფუფხით, ვითარდება ჰიპერპიგმენტაცია. მანეკროზებელი მიგრაციული ერითემა შეიძლება ნებისმიერ არეში აღმოცენდეს, თუმცა ხშირია საზარდულის არეში, შემდეგ კი ვრცელდება ბარძაყების, დუნდულოების, შორისისაკენ. კანი შეიძლება დაზიანდეს პირის ირგვლივაც. ხშირია მეორეული ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია. გლუკაგონომის გამოვლინება შეიძლება იყოს ანგულარული ხეილიტი (ნახეთქები ტუჩების კუთხეებში) და/ან სტომატიტი.
მანეკროზებელ-მიგრაციული ერითემა შესაძლოა ეფექტურად იმართოს პრეპარატ ოქტრეოტიდით, თუმცა ეს არ მოქმედებს მის გამომწვევ გლუკაგონომაზე. სიმსივნის ქირურგიული ამოკვეთა (თუ ეს შესაძლებელია) მანეკროზებელი მიგრაციული ერითემის უკუგანვითარებვასაც იწვევს.
რევმატოლოგიური დაავადებებით გამოწვეული კანის ცვლილებები
რევმატოლოგიური დაავადებების უდიდესი ნაწილის ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინება კანის სხვადასხვა სახის ცვლილებაა, რაც შეიძლება დაავადების პირველი სიმპტომი იყოს ან დაავადების აქტივობის, ზოგჯერ კი გადაუდებელი მდგომარეობის ინდიკატორი. ქვემოთ განვიხილავთ კანის გავრცელებულ ცვლილებებს რევმატოლოგიური დაავადებების დროს.
წითელი მგლურა
წითელი მგლურა არის აუტოიმუნური ფოტოსენსიტიური (მზის სხივებისადმი მგრძნობიარე) დერმატოზი, რომელიც შეიძლება იყოს ლოკალური (კანის ფორმა) ან სისტემური დაავადების გამოვლინება. ხშირია ამ ორი ფორმის ერთდროული თანაარსებობა.
ლოკალური კანის (დისკოიდური) წითელი მგლურა ჩვეულებრივ ლოკალიზებულია თავისა და კისრის არეში და ხასიათდება ატროფიული, დანაწიბურებისაკენ მიდრეკილი ბალთების წარმოქმნით სხეულზე, მზის ზემოქმედების არეებში. პაციენტთა ხუთ პროცენტს უვითარდება სისტემური წითელი მგლურა.
ქვემწვავე კანის წითელი მგლურა ხასიათდება ბეჭდისებრი ვარდისფერი ან წითელი ბალთების არსებობით მზის სხივებისათვის მისაწვდომ უბნებში და საყელოს მსგავსად არის გავრცელებული გულმკერდის, ზურგისა და მკლავების არეებში. დისკოიდური წითელი მგლურასაგან განსხვავებით, ამ დროს დანაწიბურება არ ვითარდება.
სისტემური წითელი მგლურასთვის დამახასიათებელი კანის ცვლილებებია ერითემა ანუ სიწითლე სახის, კერძოდ, ლოყების, ზედა ყბების არეში, ფოტომგრძნობელობა, წყლულები პირის ღრუში, დისკოიდური ბალთები, ბუშტები, პურპურა, კანის კალცინოზი, გამელოტება. სახის არის ერითემას ხშირად აქვს დამახასიათებელი პეპლისებრი შესახედაობა, რასაც „მგლურას პეპელას“ უწოდებენ და სისტემური წითელი მგლურას ყველაზე ხშირი გამოვლინებაა.
კანის წითელი მგლურას მკურნალობისათვის რეკომენდებულია მზის სხივებისაგან დაცვა, ადგილობრივად კორტიკოსტეროიდები, კალცინეურინის ინჰიბიტორები (იმუნოსუპრესიული საშუალებები), ტაბლეტირებული ანტიჰისტამინური (ანტიალერგიული) პრეპარატები. ეს არის ე. წ. „პირველი რიგის მკურნალობა“. თუ აღნიშნული ღონისძიებები ეფექტური არ არის, გამოიყენება იმუნომოდულატორული საშუალებები, იმუნოთერაპია.
სკლეროდერმია
სკლეროდერმია არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც შეიძლება იყოს ლოკალიზებული (კანის) ან გენერალიზებული (სისტემური). ლოკალიზებური ფორმა იწყება ერითემული (მიწითალო) ლაქებით, რომლებიც გარდაიქმნებიან მუქ, ჰიპოპიგმენტირებულ, მოიისფრო კიდეების მქონე, ტორსზე ლოკალიზებულ ინდურირებულ (გამკვრივებულ) ლაქებად.
სკლეროდერმიის სისტემური ანუ გენერალიზებული ფორმებია პროგრესული სისტემური სკლეროზი და ე. წ. krest CREST სინდრომი. უკანასკნელი აბრევიატურაა და იშიფრება როგორც კალცინოზი, რეინოს ფენომენი, საყლაპავის მოტორიკის დარღვევა, სკლეროდაქტილია, ტელეანგიექტაზიები. კრესტ სინდრომის დროს პროგნოზი უფრო კეთილსაიმედოა.
კანის პროგრესული და დიფუზური (გავრცელებული) დაზიანებისას სამკურნალოდ ინიშნება ციტოსტატიკური პრეპარატები.
ქავილის წინააღმდეგ რეკომენდებულია კანის დატენიანება, ანტიალერგიული (ანტიჰისტამინური) პრეპარატები. შემაწუხებელი ქავილისას, რაც ასევე შესაძლებელია აღმოცენდეს, იყენებენ გლუკოკორტიკოიდებს. ტელეანგიექტაზიები შეიძლება დაიფაროს კოსმეტიკური საშუალებებით. დიდი ზომის ტელეანგიექტაზიების მკურნალობა შესაძლებელია ლაზერით. როცა კანის კალცინოზის მედიკამენტური მკურნალობა არაეფექტურია, მნიშვნელოვანი ტკივილისას შესაძლოა კალცინატების ქირურგიული მოცილება.
რეაქტიული ართრიტი
რეაქტიული ართრიტი, ანუ რეიტერის სინდრომი (კონიუნქტივიტი, ურეთრიტი (საშარდე მილის ანთება და ფაღარათი), ჩვეულებრივ, მოსდევს მწვავე გასტროენტერიტს ან ურეთრიტს, რომელთა გამომწვევი მიკროორგანიზმებია კამპილობაქტერია, შიგელა, სალმონელა, ურეაპლაზმა, იერსინია. დაავადებულებს (ძირითადად მამაკაცებს) ხშირად სასქესო ასოს არეში უვითარდებათ ბუშტუკები და ფუფხით დაფარული ბალთები, მტევნებსა და ტერფებზე ერითემული პუსტულები (მოწითალო დაჩირქებული ბუშტუკები) და პაპულები (კვანძები). პირის ღრუში შეიძლება აღმოცენდეს მტკივნეული წყლულები. პაციენტთა დაახლოებით ნახევარს აქვს საკროილეიტიც – გავა-თეძოს სახსრის ანთება.
როცა კანის მხრივ გამოვლინებები ან პირის ღრუს წყლულები უმნიშვნელოა, დამატებითი ჩარევა აუცილებელი არ არის. უფრო შორს წასულ შემთხვევებში შესაძლოა ეფექტური იყოს ადგილობრივი სტეროიდები. მათი არაეფექტურობისას გამოიყენება მეტოტრექსატი ან ე. წ. ბიოპრეპარატები.
დერმატომიოზიტი
დერმატომიოზიტი არის შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს სიმეტრიული კუნთების სისუსტე (მიოზიტი), ფოტომგრძნობელობა, პაპულების (კვანძების) და ბალთების წარმოქმნა მტევნების, იდაყვების, მუხლების არეში (გორტონის პაპულები), პერიორბიტული (თვალბუდეების ირგვლივ) შეშუპება და ამ არეში მოიისფრო ელფერი. გარდა ამისა სახის, კისრის, ტორსის, კიდურების არეში ვითარდება აქერცლილი, ტელეანგიექტაზიებიანი ბალთები ატროფიითა და დაქვეითებული პიგმენტაციით; ყვრიმალების ერითემა (სიწითლე), ფრჩხილების ცვლილებები.
ჩვეულებრივ, დაავადების წარმატებული მკურნალობისას კანის ცვლილებები უკუგანვითარდება.
კანი და სისხლის სისტემის დაავადებები
მედიკოსთათვის კარგადაა ცნობილი, რომ სისხლის სისტემის დაავადებათა მნიშვნელოვანი ნაწილი კანის მხრივ ცლილებებით თუ კანთან დაკავშირებული სხვადასხვა ჩივილით ვლინდება, რაც დიაგნოზისთვის საკმაოდ ღირებული მონაცემია.
ჰემატოლოგიური ანუ სისხლის დაავადებები შეისწავლის ყველა იმ მდგომარეობას, რომელიც სისხლის შემადგენელი ნაწილების დაზიანებით მიმდინარეობს. ეს შეიძლება იყოს უშუალოდ სისხლის უჯრედების (ლეიკოციტები – თეთრი უჯრედები), ერითროიციტების (წითელი უჯრედები), თრომბოციტების (სისხლის ფირფიტები) ცვლილებით ან მათი სიმსივნური დაზიანებით განპირობებული დაავადებები.
ჰემატოლოგიური დაავადებების დროს კანის ცვლილებები ხშირად დიაგნოზის დაზუსტებაში გვეხმარება, ზოგჯერ კი გართულებების მიზეზი ხდება.
ქვემოთ შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ სისხლის ზოგიერთი დაავადების ზეგავლენა კანზე.
კანი და ანემია
ანემიის ფართოდ გავრცელებული სახეებია რკინისა და ბ12 და/ან ფოლიუმის მჟავას ნაკლებობით გამოწვეული ანემია. ამ ანემიებისას კანის მხრივ ყურადღებას იპყრობს:
- გლოსიტი – პრიალა, წითელი ენა;
- კანისა და ლორწოვანების სიფერმკრთალე – განსაკუთრებით შეიმჩნევა ღრძილების, კონიუნქტივის არეში;
- კანის აქერცვლა, თმის ცვენა, თმის ბოლოების გაყოფა;
- ნახეთქები ტუჩების კუთხეებში;
- ფრჩხილების მტვრევადობა, ზოლიანობა, კოვზისებრი ჩაღრმავება (კოილონიქია).
ჰემოლიზური ანემიისას ერითროციტების თავისებურებების ან იმუნური პროცესების ზემოქმედების შედეგად ერითროციტების დაშლა გაცილებით აღემატება მათ პროდუქციას. ამ ანემიისას ყურადღებას იპყრობს:
- კანისა და ლორწოვანების მოყვითალო შეფერვა;
- კანის ქავილი;
- კანზე მოყავისფრო ლაქების გაჩენა;
- კანზე სისხლჩაქცევების არსებობა.
მიელოპროლიფერაციული დაავადებების ზეგავლენა კანზე
სისხლის დაავადებათა ეს ჯგუფი აერთიანებს სისხლის გარკვეული უჯრედების ანომალური მატებით ან დაქვეითებით მიმდინარე პათოლოგიებს.
ჭეშმარიტი პოლიციტემია
ჭეშმარიტი პოლიციტემია ქრონიკული მიელოპროლიფერაციული დაავადებაა, რომლის დროსაც მატულობს წითელი უჯრედების – ერითროციტების რაოდენობა. ერითროციტების (მასთან ერთად სხვა უჯრედებისა და გარკვეული ნივთიერებების) ჭარბი, უკონტროლო წარმოქმნა იწვევს კანის დამახასიათებელ ცვლილებებს, რომელთა შორის აღსანიშნავია:
- კანის ქავილი, რაც მკვეთრად ძლიერდება წყლის ზემოქმედებით (ბანაობის, ცურვის შემდეგ);
- კიდურების წვის და ტკივილის შეგრძნება – ერითრომელალგია;
- პლეთორა ანუ სისხლსავსეობა, რაც ვლინდება სახის, კონიუნქტივის სიწითლით;
- აკროციანოზი – მტევნების, ტუჩების მოწითალო-მოლურჯო შეფერვა;
- რეტიკულური ლივედო – კანს აქვს მოლურჯო-იისფერი ბადის შესახედაობა, ვლინდება უპირატესად ქვემო კიდურების არეში;
- კანის წყლულები, განგრენული პიოდერმია.
ფოყიერი უჯრედების დაავადება
ფოყიერი უჯრედების დაავადების ანუ მასტოციტოზისას ანომალურადაა გაზრდილი ამ უჯრედების წარმოქმნა, ჭარბი უჯრედები გროვდება ორგანოებსა და ქსოვილებში. განასხვავებენ მასტოციტოზის კანის და სისტემურ ფორმებს. პირველი უფრო ხშირია ბავშვთა, ხოლო მეორე ანუ სისტემური მასტოციტოზი, მოზრდილთა შორის. მასტოციტოზისას კანის მხრივ ყურადღებას იპყრობს:
- მასტოციტომა – ფოყიერი უჯრედების სიმსივნე;
- ქავილი;
- წითელი დერმოგრაფიზმი – კანის გაკაწვრისას ჩნდება წითელი კანიდან წამოწეული ზოლი;
- კანის მაკულოპაპულური მასტოციტოზი ანუ პიგმენტური ურტიკარია – ბავშვებს შორის ვლინდება ყავისფერი კვანძებით ან კანის ფერის ცვლილებით, მოწითალო-მოყავისფრო ლაქებით და მოზრდილებს შორის კვანძებით.
კანის ლეიკემია
კანის ლეიკემია არის ადრე ნამკურნალები ან არასათანადოდ დიაგნოსტირებული მიელო და ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების იშვიათი გამოვლინება. მისი შემთხვევები მოიცავს არა-ჰოჯკინის ლიმფომას და მწვავე მიელოიდურ ლეიკემიას. კანის ლეიკემიური უჯრედებით ინფილტრაციის შედეგად (კანში სიმსივნური უჯრედების „ჩალაგება“) ვითარდება სხვადასხვა ტიპის კვანძები (პაპულები), ლაქები, მოვარდისფრო-პურპურული უბნები. მათი ნაწილი შეიძლება კანზე ხელით შეხების დროსაც ისინჯებოდეს, მაგრამ არ იყოს მკვრივი.
ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები და კანი
მიელოპროლიფერაციული დაავადებების მსგავსად, ამ დროსაც ხდება სისხლის უჯრედების (ამ შემთხვევაში ლიმფოიდური რიგის უჯრედების) უკონტროლო გამრავლება. კანის ცვლილებები უფრო მეტად დამახასიათებელია ჰოჯკინის ლიმფომის, ლიმფომის სისტემური ფორმების და არა-ჰოჯკინის ლიმფომისათვის.
კანის თ-უჯრედოვანი ლიმფომა კანის მხრივ მრავალი სიმპტომით შეიძლება გამოვლინდეს. მათ შორის აღსანიშნავია:
- სეზარის სინდრომი – ექსფოლიაციური დერმატიტი ან ერითროდერმა;
- ფუნგოიდური მიკოზი (კანის ლიმფომის უხშირესი ფორმა) – აქერცლილი ლაქები, შესიებები ან ბალთები, რაც ერთეული ან მრავლობითია, ზომებიც განსხვავებულია, ფერი ნარინჯისფერიდან იისფერ-წითლამდე ვარირებს, ზოგჯერ კი ჰიპოპიგმენტირებულია (ნაკლებად შეფერილია);
- ქავილი, მტევნებისა და ტერფების კერატოდერმა (კანის გარქავება), თმის ცვენა, მეორეული ბაქტერიული ინფექცია.
კანის B-უჯრედოვანი ლიმფომა – კანის პირველადი B-უჯრედოვანი ლიმფომისას დაავადება სხეულის სხვა ნაწილში არ არის გავრცელებული. დამახასიათებელია დაწყლულებული, მოლურჯო, ერთეული ან შეჯგუფებული წითელი (ერითემული) წარმონაქმნები ან ბალთები ქვემო კიდურებზე. არის რისკი, რომ შეცდომით ჩაითვალოს ქრონიკული ვენური დაავადებით გამოწვეულ წყლულებად.
სისხლის შედედების დაავადებები
ჯანმრთელი ადამიანის სისხლში არსებული მრავალი ფაქტორი უზრუნველყოფს სისხლის თხევადი მდგომარეობის შენარჩუნებას, ანუ გვიცავს თრომბოზისა და ამავე დროს სისხლდენისაგან. შედედებაში ანუ კოაგულაციაში მონაწილე ფაქტორების დეფიციტი შეიძლება გახდეს გაძლიერებული სისხლდენის ან თრომბოზის მიზეზი.
სისხლდენებისადმი გაზრდილი მიდრეკილებისას კანზე ჩნდება სისხლჩაქცევები, რომელთა ზომაც შეიძლება იყოს 1-2 მმ-დან რამდენიმე სანტიმეტრამდე. პაციენტები ხშირად ამჩნევენ, რომ სისხლჩაქცევები აღმოცენდება მცირე ტრავმის დროსაც კი.
სისხლდენის რისკი გაზრდილია თრომბოციტოპენიის დროსაც. თრომბოციტოპენია ანუ თრომბოციტების რაოდენობის შემცირება შესაძლოა უკავშირდებოდეს გარკვეული მედიკამენტის მიღებას, გენეტიკურ დაავადებას (ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი), განპირობებული იყოს იმუნური დაავადებით. კანზე ვითარდება:
- ექკიმოზები – 1 სანტიმეტრზე დიდი სისხლჩაქცევები;
- პეტექიები კანსა და პირის ღრუში – 4 მმ-მდე ზომის სისხლჩაქცევები;
- პიგმენტური პურპურა – 4-დან 10 მმ-მდე სისხლჩაქცევები.
უხშირესად, სისხლის სისტემის დაავადებების წარმატებული მკურნალობისას კანის ცვლილებები უკუგანვითარდება და ადგილობრივი მკურნალობა აუცილებელი აღარ ხდება.
როგორც ვხედავთ, კანის ცვლილება მრავალი დაავადების დროს შესაძლოა გამოვლინდეს. განხილულ ცვლილებათა დიდი ნაწილი საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული და ხშირად შეგვიმჩნევია საკუთარ თუ სხვა ადამიანის სხეულზე. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანზე ყოველი ელემენტის არსებობისას გარკვეული დიაგნოზი ვივარაუდოთ. კანის ცვლილებებს ექიმი ყოველთვის პაციენტის გასინჯვით, მასთან გასაუბრებით მიღებულ მონაცემებთან ერთად განიხილავს, შეარჩევს და ნიშნავს სათანადო კვლევებს და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მსჯელობს ადამიანის ჯანმრთელობაზე. როცა კანის ცვლილებები შინაგანი ორგანოების დაავადებებით არის განპირობებული, მხოლოდ ადგილობრივი (კანის) მკურნალობა, სავარაუდოდ, არაეფექტური იქნება. ამიტომაც კანის ცვლილებების შემთხვევაში კვლავაც არ კარგავს აქტუალობას ჩვენი ტრადიციული რჩევა – კანზე უჩვეულო ცვლილებებისას მიმართეთ ექიმს!