კანის დაავადებანი
- დაავადების გამომწვევ აგენტთა ვირულენტობა;
- იმუნიტეტისა და იმუნური ძალების მკვეთრი შესუსტება;
- არასაკმარისი პირადი ჰიგიენა;
- კანი, როგორც ყველაზე დიდი ორგანო; განსაკუთრებით ადვილად ზიანდება როგორც გარეგანი, ისე შინაგანი დამაზიანებელი ფაქტორების მოქმედებით;
- ზოგადი ალერგიული ფონის გაზრდა;
- ადრე სჭარბობდა ინფექციური ხასიათის პიოდერმიტები, გამოწვეული სტაფილოკოკებითა და სტრეპტოკოკებით, დღეს გაცილებით ხშირია იმუნური და ალერგიული გენეზის დერმატოლოგიური პრობლემები;
- მომატებულია არაჯანსაღი საკვებითა და უხარისხო პროდუქტებით გამოწვეული დერმატიტები, ასევე ეგზემის შემთხვევები, გამოწვეული პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობით, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე შრომითი პროცესისას;
- გაზრდილია მზის რადიაციით გამოწვეული კანის დაავადებათა რაოდენობაც.
დერმატოლოგიურ პრობლემათა პროფილი
დიდი მრავალფეროვნების მიუხედავად, დერმატოლოგიური დაავადებები შესაძლებელია 4 ძირითად ჯგუფად დაიყოს:
- დაავადებანი, გამოწვეული კონკრეტული გარეგანი ფაქტორებით;
- დაავადებანი, გამოწვეული კონკრეტული შინაგანი ფაქტორებით;
- დაავადებანი, გამოწვეული გენეტიკური ფაქტორებით;
- დაავადებანი, გამოწვეული დაუდგენელი ფაქტორებით.
I ჯგუფი
ეს ჯგუფი აერთიანებს კანის საფარველზე სხვადასხვა გარეგანი ფაქტორის ზემოქმედებით განვითარებულ პრობლემებს;
- კანის საფარველის ტრავმები;
- სხვადასხვა ტიპის ჭრილობა;
- კანის ტანსაცმლით გადახეხვა;
- კანზე წყლულები, ნახეთქები და ანთება, გამოწვეული სიცივითა და სითბოთი;
- მაღალი ტემპერატურით გამოწვეული დამწვრობა;
- საყოფაცხოვრებო ქიმიით, მჟავებით, ტუტეებით გამოწვეული კანის საფარველის დაზიანებანი;
- ბაქტერიებით გამოწვეული კანის დაზიანება, მაგალითად, ფურუნკული;
- სოკოვანი ინფექციით კანის დაზიანება;
- ვირუსული ინფექციით კანის დაზიანება, მაგალითად, ჰერპეს ვირუსი, მეჭეჭები, კონდილომები და სხვა;
- კანის დაზიანება გამოწვეული სხვადასხვა მწერის, პარაზიტისა და ტკიპის ნაკბენით.
ეს ის დაზიანებებია, რომელთა მიზეზის დადგენის შემდგომ, ყველა სიმპტომი ქრება და პაციენტი სრულად იკურნება, გამონაკლისია ამ ჯგუფში ვირუსული დაზიანებანი, მაგალითად, მთვლემარე მარტივი ჰერპესის ვირუსი, ყველა ადამიანის ორგანიზმში ცხოვრობს და არ ქმნის პრობლემას, თუმცა, ზოგიერთ ფაქტორთა გავლენით ის აქტიურდება და პრობლემაც იწყება, რაც აუცილებელ სპეციალიზებულ მკურნალობას მოითხოვს.
II ჯგუფი
ამ ჯგუფის დაავადებებს სპეციალისტები დერმადრომებსაც უწოდებენ, ანუ შინაგან ორგანოთა დაავადების კანისმიერ გამოვლინებას.
ამ ჯგუფის დაავადებათა სრული განკურნება შესაძლებელია მისი მიზეზის დადგენისა და მკურნალობის შემდგომ, ანუ იმ კონკრეტული შინაგანი ორგანოს მკურნალობით, რამაც კანისმიერი გამოვლინება გამოიწვია.
III ჯგუფი
სპეციალისტთა მონაცემებით, კანის დაავადებათა 50% გენეტიკურ ფაქტორებს უკავშირდება, მათ დადებითი გენეტიკური განწყობით გამოწვეულ მულტიფაქტორულ დაზიანებებს უწოდებენ.
გენეტიკურად წინასწარგანწყობილი დაავადებების განვითარებას აპროვოცირებს გენები, რომლებიც ადამიანს ამ კონკრეტული დაზიანებისადმი მიდრეკილს, დადებითად განწყობილს ხდის, ეს გენები არ არღვევენ ორგანიზმის მთლიან განვითარებას, თუმცა, ქმნიან დადებით ნიადაგს ზოგიერთი ტიპის დაავადების წარმოსაქმნელად. გენთა ეს ვარიანტები ყოველი ადამიანისთვის ინდივიდუალურია, ამიტომ ეს როდი ნიშნავს, რომ თუ ბაბუას ფსორიაზი ჰქონდა, ის აუცილებლად ექნება შვილიშვილს, თუმცა, მასში დაავადების განვითარების ალბათობა, სხვასთან შედარებით, დიდია.
გენეტიკურად განპირობებული დაავადებებია:
- ფსორიაზი;
- წითელი ლიქენი;
- ეგზემა;
- კონტაქტური დერმატიტი;
- წითელი მგლურა;
- ჭინჭრის ციება;
- ვასკულიტები.
ამ დაავადებათა სრული განკურნება შეუძლებელია, მკურნალობის მიზანი კი მათი გამოვლინებათა ლიკვიდაციაა.
IV ჯგუფი
ამ ჯგუფს მიეკუთვნება კანის ლიმფომის ყველა ტიპი, მელანომა. ამ ჯგუფის დაავადებათა სრული განკურნება ყოველთვის არ ხდება, თუმცა დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა მნიშვნელოვნად აადვილებს მათ მართვას ისე, რომ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ შეექმნას.
გადავხედოთ სტატისტიკას
- დღეისთვის ცნობილია 2 ათასზე მეტი დერმატოლოგიური პროფილის დაავადება, რომლებიც შემოსაზღვრულ და გავრცელებულ ხასიათს ატარებენ, მიმდინარეობენ მწვავედ, ქრონიკულად, პერიოდული რეციდივებით ან მათ გარეშე;
- მსოფლიოში სპეციალისტთან პირველადი ვიზიტების 10%-ის მიზეზი დერმატოლოგიური პრობლემებია, აშშ-ში კი ეს მაჩვენებელი 13%-ია;
- განვითარებულ ქვეყნებში ისინი სერიოზულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენენ და მათ სწრაფზრდას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: არახელსაყრელი ეკოლოგია, სოციალური და ოჯახური სტრესები, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, არასწორი კვება, საყოფაცხოვრებო ქიმია და ცხოვრების წესი;
- ყველაზე გავრცელებული დერმატოლოგიური პრობლემაა ატოპიური დერმატიტი, ეს ალერგოდერმატოზია და ის ალერგიულ დაავადებათა სტრუქტურაში 50-60%-ში გვხვდება, განვითარებულ ქვეყნებში ბავშვებს შორის მისი გავრცელების მაჩვენებელი 15-30%-ია, მოზრდილებს შორის 2-10%;
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გენეტიკური ბუნების ატოპიური დერმატიტის ერთი მშობლის შემთხვევაში გამოვლინების ალბათობა 50%-ია, ხოლო ორივე მშობლის შემთხვევაში 75%;
- დღეს მსოფლიოში რამდენიმე მილიონამდე ადამიანი ავადობს ეგზემით;
- ფსიქოლოგები დერმატოლოგიურ დაავადებათა 73-84%-ის შემთხვევაში ფსიქოსომატურ მიმდინარეობაზე მიგვითითებენ;
- კანის დაავადებათა სტრუქტურაში მეორე ადგილს სოკოვანი ინფექციები იკავებს, რომლებიც არამხოლოდ აუარესებენ ცხოვრების ხარისხს, არამედ აპროვოცირებენ ალერგიულ რეაქციებს და ანთებით პროცესებს;
- ისეთი დერმატოლოგიური დაავადებით, როგორიც ფსორიაზია, სხვადასხვა ქვეყნებში დაახლოებით მოსახლეობის 3-5% ავადობს, მამაკაცებისა და ქალების წილი ერთნაირია. დაავადება ყველაზე ხშირად 20 წლისთვის ჩნდება, ქალებს შორის ცოტა უფრო ადრე, ვიდრე მამაკაცებთან.
საგულისხმოა, რომ იმატებს ფსორიაზით მოავადე ბავშვების რაოდენობა და იმ პირთა რიცხვი, რომელთაც დაავადება ხანდაზმულ ასაკში გამოუვლინდათ.