როდესაც პრობლემები სახეზეა
თუმცა, უგულებელყოფილ პრობლემას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს – არა მხოლოდ ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის, არამედ ფსიქიკისთვისაც. ზოგიერთისთვის შესაძლებელია ჭარბი გამონაყარი ნაკლებად გამაღიზიანებელი იყოს, მაშინ, როდესაც სხვისთვის, აკნეს ერთეული ელემენტიც კი, ფსიქოლოგიური სტრესის საბაბი გახდეს. აკნეს გავლენა ემოციურ მდგომარეობაზე დამოკიდებულია უამრავ ინდივიდუალურ ფაქტორზე – დაწყებული ფსიქიკური მგრძნობელობითა და სტაბილურობით, განსაზღვრული ღირებულებითი სისტემით, დამთავრებული გარე გარემოებებით. აკნეს განვითარების მიზეზებზე, კლინიკურ გამოვლინებებსა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება გაგუას კლინიკის
ექიმი დერმატო-ვენეროლოგი ნინო მოსაშვილი.
– ქალბატონო ნინო, რა დაავადებაა აკნე?
– აკნე ახალგაზრდა ასაკის ყველაზე ხშირი დაავადებაა, რომელიც პაციენტს გარდა ვიზუალური დისკომფორტისა, მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის. ა.შ.შ.-ში პირველად ჯანდაცვის დაწესებულებებში აკნეთი მიმართვიანობა შეადგენს დაახლოებით 50 მილიონს, მსოფლიო მოსახლეობის 80% ავადობს აკნეთი პუბერტულ ასაკში. თუმცა, არსებობს გვიანი აკნე, რომელიც ზრდასრულ ასაკში გვხვდება და ახალშობილთა აკნე, რომელიც ჰორმონულ ცვლილებებს უკავშირდება. ვულგარული აკნე ეს არის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი დაავადება, ქრონიკული დერმატოზი, რომელსაც საფუძვლად უდევს ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობა (ობსტრუქცია) ცხიმით ან კერატინოციტებით.
– რამ შეიძლება გამოიწვიოს აკნე?
– აკნეს განვითარებაში მონაწილეობს სხვადასხვა ფაქტორი, როგორიცაა:
- ცხიმის გაძლიერებული პროდუქცია;
- ანთებითი პროცესი, და მისი გამომწვევი პროპიონიბაცტერიუმ.
არსებობს სხვადასხვა სიმძიმის აკნე:
- მსუბუქი;
- საშუალო სიმძიმის;
- მძიმე ფორმის აკნე.
სხვადასხვა სიმძიმის აკნეზე გვხვდება სხვადასხვა გამონაყარი, როგორიც არის:
- პაპულები;
- პუსტულები;
- კვანძები;
- კომედონები;
- კისტები და ა.შ.
დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება:
- გენეტიკურ ფაქტორს, ასევე გარემო ფაქტორებს;
- არასწორად შერჩეულმა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს აკნეს განვითარებას, ზეთოვან-ცხიმოვანი კომპონენტები იწვევს კანის დაზიანების გამწვავებას, ხოლო წყალზე დამზადებული ნაკლებად კომედოგენურია. დასაბანი საშუალებები კანის ზედაპირიდან ცხიმს აცილებენ, მაგრამ ცხიმის პროდუქციაზე გავლენას ვერ ახდენენ;
- დაავადებას ამწვავებს ასევე ტენიანობა და ძლიერი ოფლი;
- არსებობს აკნეს სიმძიმის კოლერაცია სტრესთან.
– კონკრეტულად სად შეიძლება განვითარდეს აკნე და როგორია კლინიკური ნიშნები?
– აკნეს ლოკალიზაციის ადგილებია ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარი კანის უბნები, როგორიცაა:
- სახე;
- გულმკერდი;
- ზურგის არე;
- კისერი და;
- მხრები.
– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
– პაციენტის შეფასება იწყება ფიზიკური გასინჯვით. დგინდება გამონაყარის ზომა, დაზიანების ლოკალიზაცია და ტიპის განსაზღვრა. ამის შემდეგ ინიშნება ადეკვატური მკურნალობა აკნეს სიმძიმის და კანის ტიპის მიხედვით.
კვლევების ჩატარება საჭირო არ არის, თუ ჰირსუტიზმი, ვირილიზაცია ან ენდოკრინული დაავადებები არ არის გამოხატული, მაგალითად, ქალებს შორის პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი, რომელიც ჰიპერანდროგენიზმის ერთ-ერთი მიზეზია.
ბაქტერიოლოგიური კვლევა რუტინულად არ ტარდება, თუ არ აღინიშნება მეორადი დაინფიცირება.
– როგორია აკნეს მკურნალობის თანამედროვე მიდგომები?
– აკნეს სამკურნალოდ გამოიყენება ადგილობრივი და სისტემური საშუალებები. მათი არჩევა დამოკიდებულია კლინიკურად გამოვლენილი დაზიანების ტიპსა და სიმძიმეზე.
მკურნალობა აუცილებლად უნდა დაიწყოს დაავადების გამოვლენისთანავე, რომ დაავადება არ გამწვავდეს და ნაწიბურები არ ჩამოყალიბდეს.
– როდის დგება მკურნალობაში რეტინოიდების (როგორც გარეგანად გამოსაყენებლად, ისე შინაგანად მისაღებად) ჩართვის საკითხი?
– ადგილობრივი რეტინოიდები არჩევითი პრეპარატებია არაანთებითი აკნეს მკურნალობაში. ისინი ამცირებენ ობსტრუქციას ფოლიკულში, აფერხებენ ახალი კომედონების წარმოქმნას. მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ საღამოს, რათა არ გამოიწვიოს სიწითლე, კანის გაღიზიანება, დამწვრობა, აუცილებლად მზისგან დამცავ საშუალებებთან ერთად.
ადგილობრივად გამოიყენება ანტიბიოტიკები, თუ ანთებითი ხასიათის გამონაყარია, ასევე სალიცილის მჟავა, თუმცა, რეტინოიდებთან შედარებით, მისი კომედოლიზური მოქმედება უფრო სუსტია.
სისტემური მკურნალობა ინიშნება საშუალო სიმძიმისა და მძიმე ფორმის აკნეს სამკურნალოდ. გამონაყარი აუცილებლად უნდა შეაფასოს დერმატოლოგმა და დანიშნოს ადეკვატური მკურნალობა. ერთი უნდა ვიცოდეთ, სახის მოვლის საშუალებებით აკნე არ იკურნება, ხშირად ამასთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაცია კეთდება და ასევე ხშირია სხვისი დანიშნულების გაზიარება. არასწორი მკურნალობით შესაძლოა კანის სერიოზული გაღიზიანების გამოწვევა. ამიტომ აუცილებელია სპეციალისტის რეკომენდაცია.