კანის გაახალგაზრდავების მეთოდები ვაჩერებთ დროს!
ასაკთან ერთად, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ტემპი იკლებს, ამის გამო უჯრედები სულ უფრო ნაკლებად მარაგდებიან ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით, ამას ემატება ულტრაიისფერი სხივების დამაზიანებელი მოქმედება კანზე და კიდევ რამდენიმე ნეგატიური ფაქტორი, რაც საბოლოოდ ჩვენი სხეულის საფარველს ელასტიკურობას, სიმკვრივეს აკარგვინებს და პირველი ნაოჭებიც ჩნდება...
თუ ადრე ფიქრობდნენ, რომ უკვე გაჩენილ ნაოჭებს ვეღარაფერი გააქრობდა, დღეს სულაც არ არის ასე, რადგან ამ უსიამოვნო პროცესის შემაჩერებელი უამრავი საშუალება არსებობს.
პლასტიკურმა ქირურგიამ შეძლო და უკანასკნელ წლებში საკმაოდ ბევრ ქალს ააცილა ნაოჭებთან დაკავშირებული დისკომფორტი, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირად ღირებული ჩარევა ყველასთვის ხელმისაწვდომი როდია, სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტი ქალი სარგებლობს კანის გაახალგაზრდავების ე.წ. არაოპერაციული მეთოდებით.
კანის გაახალგაზრდავება შესაძლებელია კანის დაბერების პირველივე ნიშნების გაჩენისას - ეს, ჩვეულებრივ, 30 წლის შემდეგ პერიოდს ემთხვევა, თუმცა ისინი გაცილებით ეფექტიანია მოგვიანებითაც, 40, 50 და 60 წლის ასაკშიც კი.
თანამედროვე კოსმეტოლოგების დახმარებით შესაძლებელია როგორც პირველი მიმიკური, ისე ღრმა ნაოჭების გასწორება, ფთოზის კორექცია, პიგმენტური ლაქების გაქრობა, კანის სიმკვრივის გაზრდა.
ესთეტიკური მედიცინა კანის გაახალგაზრდავების არაოპერაციული მეთოდების ორ კატეგორიას იყენებს: აბლაციურსა და არააბლაციურს.
პირველი კატეგორიისას ირღვევა კანის მთლიანობა, მეორისას კი - არა.
მაშ ასე, გაიცანით მეთოდები, რომლებიც კანის დაბერების წინააღმდეგ და მის გასაახალგაზრდავებლად საიმედო სამსახურს გვიწევენ, მეთოდები, რომლითაც ვაჩერებთ დროს!
კარბოქსითერაპია
პროცედურისას დერმაში (კანის ღრმა შრეში) შეჰყავთ სამედიცინო ნახშირორჟანგი (ინვაზიური კარბოქსითერაპიისას ინიექციის სახით, არაინვაზიურისას კი ნიღბის სახით), რომელიც აპროვოცირებს კანის შესაბამის უბნებში ჟანგბადისა და კოლაგენის სინთეზს. პროცედურა ტარდება ლოკალურად იმ ადგილებში, სადაც ნაოჭები განსაკუთრებით შესამჩნევია.
პროცედურის შემდგომ კანის უჯრედების კვების გაუმჯობესება იწვევს: რქოვანი შრის შემცირებას, კანის ეპიდერმისის და ზოგადი სტრუქტურის გაუმჯობესებას, რადგან უჯრედულ დონეზე ნორმალიზდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები.
კარბოქსითერაპია უზრუნველყოფს ელასტინისა და კოლაგენის გააქტიურებას და სულ მოკლე დროში სწორდება კანის სტრუქტურა, იგი უწინდელ ელასტიკურობასა და სიმკვრივეს იბრუნებს.
ამ პროცედურის დახმარებით შესაძლებელია სახის ფერის გაუმჯობესება, ოვალის კონტურების აღდგენა და რაც მთავარია, იგი თითქმის არ იწვევს ალერგიასა და სხვა ტიპის ანთებით პროცესებს, მის შემდგომ რეაბილიტაციის დრო მოკლეა და არ ითვალისწინებს ცხოვრების ჩვეული რეჟიმის შეცვლას.
სახის ლაზერული პილინგი
დღეს ეს პროცედურა თითქმის ყველა კოსმეტოლოგიურ კაბინეტში ტარდება. მეთოდი ითვალისწინებს კანის გარქოვანებული ფენის მოცილებას, ქსოვილების რეგენერაცია-აღდგენის პროცესის გააქტიურებას და ახალი უჯრედების ფორმირებას. სახის ღრმა პილინგი არა მხოლოდ მცირე ზომის ნაოჭებს გვაცილებს, არამედ გამონაყარსა და ზოგიერთი ტიპის დეფექტსაც აქრობს კანიდან.
პროცედურა რამდენადმე ტრავმულია, ამიტომ მხოლოდ გამოცდილმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს.
მიკროკრისტალური დერმაბრაზია
მეთოდი ითვალისწინებს კანის მიზნობრივ და შერჩევით გაწმენდას მისი ზედა შრეების მაღალი წნევით დამუშავების გზით. პროცედურა ხორციელდება სპეციალური აპარატით, რომლის მუშაობასაც სრულად აკონტროლებს ექიმი.
მიკროგაპრიალებისთვის გამოიყენება სპეციალური მყარი ნივთიერებების, მაგალითად, ალუმინის ჰიდროქსიდის მიკროკრისტალები. მათ არც კანი იწოვს და არც ფორების დახშობის უნარი გააჩნიათ.
პროცედურა საკმაოდ დამზოგველია და არ საჭიროებს გაუტკივარებას, მისი ჩატარება შესაძლებელია სახის, კისრისა და დეკოლტეს არეებზე.
PRP-აუტოგაახლაგაზრდავება
პლაზმოლიფტინგი ან PRP-აუტოგაახალგაზრდავება მსურველებს კანის დაბერების წინააღმდეგ საკუთარივე სისხლის გამოყენებას სთავაზობს. იღებენ პაციენტის სისხლს, მისგან ამზადებენ თრომბოციტულ მასას, აცენტრიფუგებენ, მიიღებენ აუტოგელს, რომელიც შეიცავს დაუშლელ ცილა ფიბრინს და კანის ზრდის მასტიმულებელ სხვა ფაქტორებს. აუტოგელი კანს ქსოვილების რეგენერაციისა და განახლების გზით აახალგაზრდავებს.
LPG - სახის მასაჟი
უწინ ამ მეთოდს სხეულიდან ცელულიტის მოსაცილებლად მიმართავდნენ, დღეს ის ფართოდ გამოიყენება კანის წვრილი ნაოჭებისა და უსწორმასწორო რელიეფის გასასწორებლად.
მასაჟი ტარდება სპეციალური აპარატის დახმარებით, რომლის კანზე მოქმედების შედეგად აქტიურდება მასში კოლაგენური ბოჭკოების გამომუშავება. შედეგი თვალსაჩინოა რამდენიმე სეანსის შემდგომ.
ელექტრომასაჟი
სახელწოდებიდანაც ნათელია, რომ კანის გამაახალგაზრდავებელი ფაქტორი ამ შემთხვვაში ელექტროდენია, უფრო სწორად კი, ელექტროდებით იმპულსური, დაბალი სიხშირის მიკროდენი, რომლითაც მუშავდება სახისა და კისრის კანი.
ეს სრულიად უვნებელი პროცედურაა, რომელიც ააქტიურებს კანის ღრმა შრეში - დერმაში - სისხლის მიკროცირკულაციას, უჯრედოვან ცვლას, აძლიერებს უჯრედების ბუნებრივ გაყოფას და სახის კუნთებს გაცილებით ამკვრივებს.
ფოტოგაახალგაზრდავება
მეთოდი ითვალისწინებს კანზე ფართო სპექტრის სინათლის სხივების მოქმედებას, ულტრაიისფერის გარდა.
ფოტოგაახალგაზრდავებისას ყველაზე თანამედროვე ვერსიაა IPL აბრევიატურით ცნობილი „ინტენსიური იმპულსური სინათლე“.
მეთოდის დადებითი შედეგი თვალსაჩინოა რამდენიმე სეანსის შემდეგ: იხურება კანის ფორები, ქრება პიგმენტაცია და სიწითლეები, სწორდება ნაოჭები.
გარდა ამისა, ფოტოგაახალგაზრდავება აუმჯობესებს სახის კანის ფერს. მეთოდი პრაქტიკულად უვნებელია და ისე აახალგაზრდავებს კანს, რომ ორგანიზმს მინიმალურ ზიანსაც კი არ აყენებს.
მეზოთერაპია
უკანასკნელ წლებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ეს პროცედურა, რომლის დროსაც კანში ინიექციის გზით შეჰყავთ აქტიური ნივთიერებები, რაც კანის ქსოვილთა გაძლიერებულ რეგენერაციას იწვევს.
მეზოთერაპია ხელს უწყობს წვრილი ნაოჭების გაქრობას, სახის კანის რელიეფის გამოსწორებას.
მეთოდი საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა უკუჩვენებათა გამოსარიცხად პაციენტი წინასწარ სამედიცინო შემოწმებას საჭიროებს: სისხლის შედედების პროცესის დარღვევის გამოსარიცხად, ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილების გასარკვევად, ორსულობისას.
სოფთლიფტინგი
სოფთლიფტინგი ითვალისწინებს სახის არეში, სხვადასხვა სიღრმეზე, ჰიალურონის გელის შეყვანას სპეციალური საინიექციო ნემსით, რომელიც არ აზიანებს კაპილარებს და პროცედურის შემდგომ პაციენტს არც შეშუპება და არც სისხლჩაქცევით გამოწვეული სილურჯეები არ ემჩნევა.
3D ტექნოლოგიით განხორციელებული სოფთლიფტინგისას მიღებული ეფექტი 2 წლამდე ნარჩუნდება.
რადიოლიფტინგი
საკმაოდ პოპულარული მეთოდია, რომლის დროსაც კანზე რადიოტალღები მოქმედებენ, ისინი ღრმად აღწევენ რბილ ქსოვილებში, ააქტიურებენ კოლაგენის გამომუშავებას. ქრება წვრილი ნაოჭები და აღარ ჩნდება ახალი. რადიოლიფტინგი გამოიყენება გამონაყარის შემდგომ მოშვებული კანის გასამაგრებლად, რელიეფის გასასწორებლად და ნაწიბურების მოსაცილებლად.
ოქროს ძაფებით ლიფტინგი
ეს ნაკლებინვაზიური მეთოდია, რომლის დროსაც კანქვეშ სპეციალური ძაფები შეიყვანება, ისინი სახეს უწინდელ ოვალსა და ფორმას უბრუნებენ, ჭიმავენ კანის საფარველს.
ძაფები სხვადასხვანაირი მასალისგანაა და უპირატესობა ენიჭება ისეთებს, რომელთაც კანი ადვილად ეგუება.
ოქროს ძაფები ადამიანს დისკომფორტს არ უქმნის, მათ ვერც კი გრძნობენ, სანაცვლოდ, ისინი სახის კანის მყარ კარკასს ქმნიან, პრაქტიკულად არ აქვს გართულებები და მიღებული შედეგი ნარჩუნდება 3-4 წელი.
მეთოდი წარმატებულია არა მხოლოდ სახის, კისრის კანის გასაახალგაზრდავებლადაც.
ბოტოქსის ინიექციები
ამ მეთოდის მიზანი სახის მოძრავი კუნთების ბლოკირება და ნაოჭების გასწორებაა.
ასეთი ინიექციებით გამოწვეული ეფექტი საკმაოდ სწრაფად ჩნდება და შედეგი 4-6 თვის განმავლობაში ნარჩუნდება.
ბოტულინოთერაპია იწვევს კუნთების დროებით დამბლას, პარეზს, რომელიც ზღუდავს მიმიკას.
დასაწყისში ბოტოქსის ინიექციები მხოლოდ სახის ზედა ნახევარში კეთდებოდა, დღეს სახის ქვედა მესამედში, ყელისა და სხვა არეებშიც ტარდება.
ბოტოქსით შესაძლებელია ნაოჭების გასწორება სახის ნებისმიერ ნაწილზე, თუმცა ყველაზე ხშირად კეთდება წარბებს შორის, თვალების ირგვლივ და შუბლზე. კარგად ემორჩილება თერაპიას ტუჩების ირგვლივ არსებული ნაოჭებიც.
ქალები სულ უფრო ხშირად ირჩევენ მიკრობოტოქსს, რომლის დროსაც მიმიკა გაცილებით ცოცხალია და სახეც ბუნებრივ შესახედაობას ინარჩუნებს.
ბიორევიტალიზაცია
პროცედურისას კანის ეპიდერმისის შუა შრეში შეჰყავთ სუფთა ჰიალურონის მჟავა, რომელიც კანის ნაოჭებს 3-თვიდან წლამდე პერიოდში ასწორებს.
ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანის კანში ჰიალურონის მჟავას შემცველობა იკლებს, თუ ახალგაზრდა ასაკში მცირე ხნით დასვენება და გამოძინება კანის ჯანსაღ იერს სწრაფად აღადგენდა, მოგვიანებით თვითაღდგენის პროცესები ქვეითდება და მჟავას საჭირო კონცენტრაცია ადვილად ვეღარ ივსება, სწორედ ასეთ დროს არის ბიორევიტალიზაცია გამოსავალი, ის კანის გაცოცხლებას ნიშნავს.
პროცედურა კანის ნებისმიერ უბანზე ტარდება, ჩვეულებრივ: სახეზე, ყელზე, დეკოლტეზე, ხელის მტევანზე.
პროცედურის შედეგად კანი იჭიმება, ნაოჭები სწორდება, კანი მკვრივი, გლუვი და ელასტიკური ხდება.
კრიოთერაპია
მეთოდი ითვალისწინებს კანის გადაციებას ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურამდე. პროცედურა საკმაოდ სწრაფია, რამდენადაც კანზე ამგვარი დაბალი ტემპერატურის მოქმედება მხოლოდ წამიერადაა დასაშვები, ეფექტი კი მაშინვე ჩნდება.
ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურის წყალობით, სიცივით გამოწვეული სტრესის მოქმედების შედეგად, ქსოვილები აქტიურ განახლებას იწყებენ.
კრიოთერაპიით შესაძლებელია კანის პიგმენტაციის შეცვლა, ნაოჭების მოცილება და კანის ასაკობრივი ცვლილებებისთვის დამახასიათებელი სხვა ტიპის ხარვეზების აღმოფხვრა.
პლასტიკური ქირურგია
კანის გაახალგაზრდავების რადიკალური მეთოდია, რომელსაც გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით.
ქირურგიული მანიპულაციები საშუალებას გვაძლევს გავთავისუფლდეთ ჭარბი კანქვეშა ნაკეცებისგან, გადავიჭიმოთ კანი, გავასწოროთ ღრმა ნაოჭები, არსებითად გავიახალგაზრდაოთ სახეც.
ხშირად ქალები, სახის გადაჭიმვასთან ერთად, იტარებენ სხვა ტიპის პლასტიკურ ოპერაციებსაც, მაგალითად, ბლეფაროპლასტიკასა და რინოპლასტიკას.
ოპერაციის შემდგომ მიღწეული ეფექტი ნარჩუნდება რამდენიმე წელი, მოგვიანებით შესაძლებელია განმეორებითი ქირურგიული ჩარევებიც.
გაითვალიწინეთ!
ჩვენ მიერ აღწერილ ყველა მეთოდსა და პროცედურას გააჩნია როგორც უპირატესობა და ღირსება, ისე ნაკლი და უარყოფითი მხარეები, სწორედ ამიტომ ნებისმიერი მათგანის ჩატარებამდე აუცილებელია კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაცია, რათა ის თქვენთვის მაქსიმალურად სასარგებლო, შესაფერისი და ოპტიმალური მეთოდის შერჩევაში დაგეხმაროთ.