რამდენად უსაფრთხოა ლაზერული ეპილაცია
ამ პროცედურის მიმართ ქალებს ორგვარი დამოკიდებულება აქვთ: ერთნი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა არასასურველი თმისგან სამუდამოდ გასათავისუფლებლად, მეორე ჯგუფი კი სიფრთხილით ეკიდება მას, კისტის, სიმსივნის პროვოცირების შიშისა და დამწვრობის მიღების გამო.
„გლუვი“ ბიზნესი
ლაზერული ეპილაცია სამედიცინო პროცედურაა და როგორც ნებისმიერ სამედიცინო პროცედურას, ეპილაციასაც ჩვენებებისა და უკუჩვენებების სერიოზული ჩამონათვალი გააჩნია. ის უნდა ჩატარდეს არა სილამაზის სალონში, არამედ ლიცენზირებულ სამედიცინო ცენტრში, გამოცდილი სპეციალისტის მიერ.
ლაზერული ეპილაცია არ არის იაფი სიამოვნება. ქალის ჰორმონული ჯანმრთელობის, ინდივიდუალური ალერგიული რეაქციებისა და თმის ზრდის გენეტიკური განწყობის მიხედვით, შესაძლებელია საჭირო გახდეს 6-დან 12 პროცედურამდე, რომლებიც 3-5 კვირის ინტერვალით უნდა ჩატარდეს.
პროცედურის სრული კურსის მყარი შედეგი გრძელდება 2-დან 5 წლამდე. ინტენსიური პირველი კურსის შემდეგ წელიწადში 1-2-ჯერ საჭიროა შემანარჩუნებელი პროცედურის ჩატარება, რომელიც თმის ფოლიკულს აღდგენისა და ახალ თმას გაზრდის საშუალებას არ მისცემს.
უკუჩვენებები:
- პროცედურამდე ერთი თვით ადრე ინტენსიური რუჯი;
- აქტიურ ფაზაში მწვავე რესპირატორული დაავადება, გრიპი და გაციება;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- ჰორმონული და ძლიერმოქმედი პრეპარატების მიღება;
- კანის ნაწიბუროვანი ცვლილებები;
- დასამუშავებელ უბანზე დიდი რაოდენობით ხალის არსებობა;
- დასამუშავებელ უბანზე კეთილთვისებიანი წარმონაქმნები: ფიბრომა, მიომა, ლიპომა, ჰემანგიომა, კისტები და მასტოპათია;
- პრეპარატების მიღება, რომლებიც ზრდის კანის მგრძნობელობას მზისა და ხელოვნური ულტრაიისფერი სხივებისადმი - ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკები, ნეიროლეპტიკები;
- ცუდად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი;
- დასამუშავებულ უბანზე კანის ანთებითი პროცესი;
- ონკოლოგია ანამნეზში.
თავის მხრივ, პროცედურის ძირითადი ჩვენებაა მუქი თმის ინტენსიური საფარველი, რომლის საპარსით სრულად მოშორება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში დეპილაცია იწვევს კანის გაღიზიანებას და თმის ჩაბრუნების პროვოცირებას. ამიტომ რადიკალური ეპილაცია თმის მოშორების ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. ღია ფერის, თხელი და იშვიათი თმისთვის ლაზერული ეპილაცია ნაკლებად ეფექტურია.
უკუჩვენებების გათვალისწინებით, ლაზერული ეპილაცია შეიძლება შედარებით უსაფრთხო პროცედურად ჩაითვალოს, ვიდრე ფოტოეპილაცია, და მეტად ქმედითად, ვიდრე თმის მექანიკურად მოშორება (ცვილი, პინცეტი, კრემები და დეპილატორები).
რომელი ლაზერი გვჭირდება
კლინიკების უმრავლესობა ალექსანდრიტისა და დიოდურ ლაზერს შორის არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. პირველში გამოიყენება ალექსანდრიტის ქვა, რომელიც ინტენსიურად ხურდება და საკმაოდ აზიანებს კანს, სამაგიეროდ, ის მყისიერად აშორებს თმას და კანი ეპილაციისთანავე გლუვი ხდება. ალექსანდრიტის ლაზერი ყველაზე ეფექტურად აცილებს სქელ, მუქ თმას ღია კანიდან.
დიოდური ლაზერით ეპილაცია ნაკლებად მტკივნეულია და უფრო ეკონომიურია ალექსანდრიტთან შედარებით. ის მგრძნობიარე კანის დროს უნდა გამოიყენოთ. ამ ეპილაციის ნაკლი ისაა, რომ შედეგი პროცედურიდან მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ ჩანს, როდესაც თმა დაზიანებული ფოლიკულიდან იწყებს ცვენას. ამასთან, დიოდური ლაზერი ებრძვის მხოლოდ იმ თმას, რომელიც ზრდის აქტიურ სტადიაშია (თმის დაახლოებით 20%), ამიტომ სტაბილური შედეგისთვის უფრო მეტი და ხშირი პროცედურაა საჭირო.
აპარატის სახეობის მიუხედავად, ლაზერული ეპილაციის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში არ შეიძლება აქტიური მზის აბაზანები. ამიტომ პირველი პროცედურის დაწყება შემოდგომა-ზამთრის პერიოდშია რეკომენდებული.
შეიძლება თუ არა ლაზერმა გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადებებისა თუ კისტის განვითარების პროვოცირება?
ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, როცა საქმე ეხება იღლიისა (სარძევე ჯირკვლების ახლოს) და ბიკინის ზონაში თმის მოშორებას. ლაზერმა შეიძლება გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადებების ან კისტის განვითარება, თუმცა ამ ჰიპოთეზის მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს.
ორგანიზმისთვის ყველაზე საშიში მაღალსიხშირიანი მაიონიზებელი გამოსხივება რენტგენისა და გამა-სხივებია, ისინი რენტგენის აპარატებსა და ტომოგრაფიაში გამოიყენება. ასეთი გამოსხივება ნამდვილად აზიანებს უჯრედის დნმ-ს და შეიძლება გამოიწვიოს ავთვისებიანი სიმსივნის პროვოცირება. მაგრამ ლაზერული გამოსხივება არ არის მაიონიზებელი. ის მოქმედებს მხოლოდ კანზე და არ შეუძლია დნმ-ს მუტაციის გამოწვევა.
ლაზერული ეპილაციის ყველა უსიამოვნო შედეგი, ჩვეულებრივ, ზედაპირულია. ეს შეიძლება იყოს მცირე გაღიზიანება, ქავილი, კანის გაწითლება, პიგმენტაცია ან დამწვრობა - თუ პროცედურა არასწორადაა შესრულებული.
თმის ფოლიკულზე ღრმად - 3-5მმ - მიმართული ლაზერი ვერ აღწევს. ანუ ეპიდერმისის ღრმა უჯრედებზე და მით უმეტეს, ფერტილობაზე ან შინაგანი ორგანოების მდგომარეობაზე ლაზერული ეპილაცია გავლენას არ ახდენს.