როგორ მოვუაროთ თმასა და ფრჩხილებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ თმასა და ფრჩხილებს

პიროვნების შესახებ დადებითი აზრი რომ შეგვექმნას, მხოლოდ მისი ინტელექტუალური მონაცემები როდი კმარა; არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი გარეგნული იერსახე, რომელსაც, უწინარეს ყოვლისა, მოვლილი თმა და ფრჩხილები განსაზღვრავს.

  • თმა

თმა, ისევე როგორც ფრჩხილები, კანის რქოვანი წანაზარდია, რომელიც ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეზრდება და ბუნებრივია, მუდმივ ჰიგიენურ მოვლა-პატრონობას მოითხოვს. თმის ფოლიკულში გახსნილი ცხიმი თმას ელასტიკურობას, დრეკადობასა და ბზინვარებას სძენს, ამასთანავე, ის თმის გაჭუჭყიანების მთავარი ფაქტორიც არის - სწორედ გაცხიმოვნებულ თმას ეკვრის ყველაზე მეტად მტვრის ნაწილაკები და ბზინვარებასა და მშვენიერებას უკარგავს.

დღემდე კამათობენ, რამდენ ხანში ერთხელ უნდა დაიბანოს თავი ადამიანმა. ამაზე სპეციალისტების პასუხი ერთმნიშვნელოვანია: იმდენჯერ, რამდენიც საჭიროა, რომ თმა მუდამ ბზინვარე, სუფთა, შრიალა და ფუმფულა იყოს.

  • შამპუნის შესახებ

თმის სისუფთავე და მიმზიდველობა პირდაპირ არის დამოკიდებული მართებულად შერჩეულ შამპუნზე.

შამპუნის მთავარი კომპონენტი ქიმიური მრეცხავი ნივთიერებები - დეტერგენტებია, რომლებიც ხარისხის მიხედვით რამდენიმე ჯგუფად იყოფა. ლაურილ სულფატისა და ლაურეტ სულფატის შემცველობა შამპუნის მაღალ ხარისხზე მეტყველებს, თუმცა მისი თვისება, გაზარდოს თმის მოცულობა და ჭუჭყისადმი მედეგობა, სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაგვარად ვლინდება, ამიტომ შამპუნის შეძენისას გირჩევთ რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინოთ:

  • ურიგო არ იქნება, თუ შამპუნის შეძენამდე გულისყურით წაიკითხავთ მის ეტიკეტს და გაარკვევთ, რომელ დეტერგენტებს შეიცავს იგი, ვინაიდან შამპუნის ეფექტიანობა სწორედ აქტიურ ნივთიერებებზეა დამოკიდებული.
  • შამპუნის ნატურალურობას მასში შემავალი ნატურალური ინგრედიენტები: ბალახებისა და ხილის ექსტრაქტები, ვიტამინები განსაზღვრავს. ისინი თავის კანისა და თმისთვის მართლაც სასარგებლოა, ამიტომ უპირატესობა სწორედ ამგვარ ინგრედიენტთა შემცველ საშუალებებს მიანიჭეთ.
  • შამპუნის გამწმენდი უნარი სრულებით არ არის დამოკიდებული იმ ქაფის ოდენობაზე, რომელსაც ის წარმოქმნის. გახსოვდეთ: უხვი ქაფი მაღალ ხარისხს არ ნიშნავს.

ვფიქრობთ, ზედმეტი არ იქნება, თუ აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც ყოველთვის მოგცემთ ლამაზი თმით თავის მოწონების საშუალებას.

  • სავარცხელი რბილი და ნატურალური მასალისა შეიძინეთ. თუ გრძელი თმა გაქვთ, უმჯობესია, მის შესაკრავად რბილი ქსოვილისგან დამზადებული თმის სამაგრები გამოიყენოთ.
  • სეზონური ცვლილებების დროს თმას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ასე რომ, ზაფხულობით მზის აბაზანები ნუ გაგიტაცებთ - ულტრაიისფერი სხივების სიჭარბე თმას აშრობს და ბზინვარებას უკარგავს.
  • ერიდეთ თმის ერთდროულად დახვევასა და შეღებვას. უმჯობესია, ჯერ დაიხვიოთ, ერთი კვირის შემდეგ კი შეიღებოთ.
  • გრძელი თმა დაბანამდე გულდასმით დაივარცხნეთ.
  • მოკლე თმა უმჯობესია თმის ძირებიდან დაივარცხნოთ, გრძელს კი ბოლოებიდან ძირებისაკენ აუყვეთ. ამასთანავე, არ არის აუცილებელი, სავარცხლის ერთი ჩამოსმისას თმის მთელი სიგრძე გაიაროთ, - შეგიძლიათ, ეს მანძილი ეტაპობრივად, ნელი მოძრაობებით დაფაროთ.
  • შამპუნის მთავარი ღირსება თმის ძირების გამაგრება, აღდგენა და კვებაა. ნივთიერებები, რომლებიც შამპუნს ამ უნარს სძენს, დაბანისას ქაფდება, კანის ფორებში შეიწოვება, აღწევს თმის ბოლქვებამდე და მათ ფუნქციონირებას არეგულირებს. ასე რომ, თუ გსურთ, შამპუნმა თვისებები მაქსიმალურად გამოავლინოს, ის კარგად უნდა შეიზილოთ.

თავის დაბანისას შამპუნს პირდაპირ თმაზე ნუ დაისხამთ. ჯერ ხელისგულზე გადმოისხით და თითებით ოდნავ ააქაფეთ, მერე კი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თმასა და კანში, თითქოს მსუბუქ მასაჟს იკეთებთ.

  • თუ შამპუნის წასმისას თავზე ქაფი უხვად დაგადგათ, ესე იგი, ზედმეტი მოგსვლიათ. მომდევნო ჯერზე მისი ოდენობის შემცირება მოგიწევთ.
  • შამპუნის ან საპნის ერთი წასმით თმას ჭუჭყის ნაწილი სცილდება, ამიტომ სასურველია, ის 2-3-ჯერ მაინც წაისვათ.
  • უდიდესი მნიშვნელობა აქვს თმის მართებულ გავლებას. გახსოვდეთ: შამპუნის მოცილებას გაცილებით მეტი წყალი და დრო სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივი საპნისას.
  • თავის მეტისმეტად ცხელი წყლით დაბანა სასურველი არ არის. მთავარია, სწორად დაბანილმა თმამ გაშრობის შემდეგ იშრიალოს.
  • ნუ დაუჯერებთ მოსაზრებას, თითქოს შამპუნს, დადებითი შედეგის მიუხედავად, პერიოდულად მაინც სჭირდება გამოცვლა. სასურველი და თქვენთვის მისაღები შამპუნი იმდენ ხანს შეგიძლიათ გამოიყენოთ, რამდენ ხანსაც გსურთ.
  • დაბანის შემდეგ თმა ასე უნდა შეიმშრალოთ: პირსახოცი ჩალმასავით შემოიხვიეთ და როდესაც ის ჭარბ სისველეს შეიწოვს, მოიხსენით. თუ დრო გაქვთ, თმას თავისით გაშრობის საშუალება მიეცით, თუ არადა საშრობი მოიშველიეთ, თუმცა არც მასთან გათამამებას გირჩევთ - თუ თავს კვირაში რამდენჯერმე იბანთ, საშრობი იშვიათად გამოიყენეთ, მათ კი, ვისაც მშრალი თმა აქვს, უმჯობესია, მასზე საერთოდ უარი თქვან და მხოლოდ პირსახოცით ისარგებლონ. უკიდურეს შემთხვევაში, საშრობი პირსახოცის მოხსნიდან მხოლოდ 10-15 წუთის შემდეგ ჩართეთ.

ის, ვისაც თმა ქიმიურად აქვს დახვეული, ფენს საერთოდ არ უნდა გაეკაროს. თუ სხვა გამოსავალი არ არის, ის თმისგან ოდნავ მოშორებით უნდა დაიკავოთ, რათა ცხელმა ჰაერმა თმის ხვეულები მეტისმეტად არ დააზიანოს.

  • ქერტლი

ადამიანის თავის კანის რქოვანი შრის უჯრედები საშუალოდ 21 დღეს ცოცხლობს, შემდეგ კი იქერცლება და კვდება. ქერტლი სწორედ თავის კანის ზედა რქოვანი შრის ანაქერცლია, მკვდარი უჯრედების გროვა. მის გაჩენას თავის კანის უჯრედების ბუნებრივი განახლების პროცესის პათოლოგიური აჩქარება განაპირობებს: როცა თვითგანახლების ციკლი 21-ის ნაცვლად 8-10 დღეს გრძელდება, კანის უჯრედები გარქოვანებასა და გამოშრობას ვერ ასწრებს, მათი ნაწილი იქერცლება, ერთმანეთს ეწებება და ქერტლად იქცევა.

ასე რომ, ქერტლი სულაც არ არის ბუნებრივი წარმონაქმნი. ის ფიზიოლოგიურ მოვლენად მხოლოდ მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ, როდესაც თმის დაუბანლობის გამო თვეში ერთხელ ან, უკიდურეს შემთხვევაში, სამ კვირაში ერთხელ ჩნდება. თუ ქერტლი რეგულარულად წარმოიქმნება დიდი ნაფიფქის სახით, ეს იმის ნიშანია, რომ თავის თმიანი საფარველის მიკროფლორა დაზიანდა და მასში სოკოვანმა მიკროორგანიზმებმა იმძლავრეს.

ადამიანის თავის კანზე, ისევე როგორც მთელ სხეულზე, უამრავი მიკროორგანიზმი სახლობს. ქერტლის გამომწვევი სოკოებიც მიკროფლორის ჩვეული წარმომადგენლები არიან, თმის ბოლქვებში ბინადრობენ და მათ მიერ გამომუშავებული სეკრეტით იკვებებიან. როდესაც მიკროფლორის წევრთა შორის თანაფარდობა ნორმალურია, სოკოები არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენენ, მაგრამ საკმარისია, რაიმე მიზეზით ბალანსი დაირღვეს, რომ ისინი ინტენსიურ ზრდასა და განვითარებას იწყებენ, რაც ვლინდება კიდეც თავის კანის რქოვანი შრის უჯრედთა გაძლიერებული სიკვდილითა და აქერცვლით. უჯრედების სიკვდილი უშუალოდ სოკოების ზემოქმედებით არ არის გამოწვეული. მათზე დამღუპველად ის ნივთიერებანი მოქმედებს, რომლებიც სოკოების ცხოველმყოფე-ლობის პროცესში - მათი კვების, ზრდისა და გამრავლებისას გამოიყოფა. ასე რომ, ზოგიერთ შემთხვევაში ქერტლი დაავადებაა და არა თმის მოუვლელობის შედეგი.

ქერტლის გაჩენით გამოწვეული პრობლემები ადვილად და სწრაფად მოგვარდება, თუ:

  • დააკვირდით თმასა და ნაფიფქს. თუ ქერტლი მცირე ზომისაა და თმას ჯანსაღი შესახედაობა აქვს, საფრთხე არც ისე დიდია, მაგრამ თუ ნაფიფქმა იმატა, ამას თავის ქავილიც დაერთო და თმამაც იცვალა იერსახე (განსაკუთრებით - ფერი), აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
  • თმის იერსახის შეცვლისთანავე შეგიძლიათ, სპეციალისტის გარეშე დაიწყოთ პოლივიტამინების სმა და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების მიღება. თმას განსაკუთრებით რგებსAA და B6 ვიტამინებითა და მიკროელემენტ სელენით მდიდარი ზღვის პროდუქტები.
  • ქერტლის გაჩენის ხელშემწყობი მთავარი ფაქტორებია ძლიერი სტრესი, ხანგრძლივი დეპრესია, მომატებული ემოციური აქტივობა, თმის საღებავები, შამპუნები, საპნები და კოსმეტიკური საშულებები, ამიტომ მისი ნამდვილი მიზეზის დადგენის შემდეგ გადამწყვეტი ქერტლის საწინააღმდეგო საშუალების მართებული მოხმარებაა. როგორც კი შხაპის ქვეშ დადგებით, თავზე მაშინვე უნდა წაისვათ შამპუნი და შხაპიდან გამოსვლამდე დაიტოვოთ, რათა მასში შემავალმა ანტიმიკრობულმა ინგრედიენტებმა სოკოვან ორგანიზმებზე ზემოქმედება მოასწრონ.

10-15 წუთის შემდეგ შეგიძლიათ, თავი ჩამოიბანოთ და შამპუნი ხელმეორედ წაისვათ, ხოლო 3-4 წუთში კვლავ ჩამოიბანოთ. მხოლოდ ასე თუ დარჩება თავის კანზე ქერტლის სამკურნალო ნივთიერების საჭირო რაოდენობა.

  • ქერტლი მონაცრისფრო თეთრი ფერის ცხიმოვანი წარმონაქმნია, ამიტომ ცხიმიანი კანის პატრონებმა, მიზანშეწონილია, ჭარბი ცხიმის მოცილებისა და მისი წარმოქმნის შემცირების უნარის მქონე შამპუნები გამოიყენონ. ასეთია, მაგალითად, კუპრის შემცველი შამპუნი, რომელსაც როგორც ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური, ისე ქავილისა და სოკოვანი მიკროორგანიზმების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

ქერტლის ნიშნების გაქრობის შემდეგ თავი დღეგამოშვებით უნდა დაიბანოთ კოსმეტიკური შამპუნით, რომლის შერჩევაც არანაკლებ მნიშვნელოვანია:

  • თუ ქერტლის მიზეზი არ იცით, სჯობს, ისეთი შამპუნი შეიძინოთ, რომელსაც სამკურნალო ეფექტების ფართო სპექტრი აქვს. სოკოს საწინააღმდეგო უნარის გარდა, მას უჯრედების პათოლოგიურად აჩქარებულ გამრავლებაზე ზემოქმედების უნარიც უნდა გააჩნდეს, არ უნდა შეიცავდეს არომატიზატორებს, კონსერვანტებსა და საღებავებს, არ უნდა იწვევდეს ალერგიულ რეაქციებს.
  • ქერტლისადმი მიდრეკილი პირები უნდა ერიდონ თავის საპნით დაბანას.
  • თუ სპეციალისტის მიერ გამოწერილი საშუალება უშედეგო აღმოჩნდება, ის აუცილებლად უნდა შეცვალოთ, თანაც - რაც შეიძლება მალე, განსხვავებული მოქმედების მექანიზმის მქონე მედიკამენტით.

  • ფრჩხილები

ფრჩხილების ჰიგიენა რამდენიმე ძირეულ წესს ითვალისწინებს:

  • არ შეიძლება ფრჩხილების კვნეტა და მათი წვალება უსუფთაო მჭრელი ინსტრუმენტით.
  • აუცილებელია ფრჩხილების რეგულარული დაჭრა, მათი ძირების სპეციალური საშუალებით გამოსუფთავება.

თუნდაც მეტისმეტად გრძელი ფრჩხილების ტარებას იყოთ ჩვეული, აუცილებელია, ისინი რამდენიმე თვეში ერთხელ ძირამდე დაიჭრათ, ვინაიდან ფრჩხილის უკიდურეს ნაწილებში დროთა განმავლობაში ფერხდება კვება, ქვეითდება ნივთიერებათაAცვლა, შედეგად ფირფიტა შესახედაობას იცვლის, იქერცლება და აშრევებას იწყებს, მასზე თვალით შეუმჩნეველი მიკრობზარები ჩნდება, ასეთი ფრჩხილი კი ღია კარიბჭეა დაავადების გამომწვევი ბაქტერიებისთვის.

  • ოჯახის თითოეულ წევრს ფრჩხილების მოსაწესრიგებელი საკუთარი კომპლექტი უნდა ჰქონდეს, მით უფრო - დღეს, როდესაც ასე იმატა სისხლის მეშვეობით გადამდებ ინფექციათა რიცხვმა.
  • აკრძალულია ქიმიურ ნივთიერებებთან შიშველი ხელებით კონტაქტი. სიფრთხილის წყალობით არა მარტო კანს, არამედ ფრჩხილებსაც მრავალი პათოლოგიისგან იხსნით.
  • დიდი მნიშვნელობა აქვს რაციონალურ, დაბალანსებულ, ვიტამინებითა და მიკლოელემენტებით მდიდარი პროდუქტებით კვებას. ფრჩხილებს ყველაზე მეტად A და D ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით "ასიამოვნებთ".

როდესაც ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში არასრულფასოვნად იკვებება, ორგანიზმი იფიტება და ფრჩხილებიც ადვილად მსხვრევადი ხდება, თეთრი ლაქები ან წვრილი ზოლები უჩნდება. ასეთი ცვლილებები უმეტესად ავიტამინოზის ბრალია, თუმცა ფრჩხილების მტვრევას ყოველთვის მას ნუ დააბრალებთ. ასეთი რამ მაშინაც შეიძლება მოხდეს, როცა ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას არ განიცდის. ფრჩხილების მსხვრევადობა, ისევე როგორც თმისა, ადამიანს შესაძლოა გენეტიკურად ახასიათებდეს.

  • ფრჩხილების დაზიანების ნიშნებია აქერცვლა, აშრევება, მსხვრევადობა და მტვრევადობა, ფორმის, შესახედაობის, ზედაპირის სიგლუვისა და შეფერილობის შეცვლა. რომელიმე ამ ნიშნის აღმოჩენისთანავე მიმართეთ სპეციალისტს, რადგან დაავადების სწრაფი დიაგნოსტიკა მისი სწრაფი განკურნების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

  • ქვედა კიდურების ფრჩხილების ჰიგიენა

ბოლო ხანს მეტად აქტუალურ სამედიცინო პრობლემად იქცა ფრჩხილების სოკოვანი დაავადება - ონიქომიკოზი, რომელიც, გარდა იმისა, რომ ძვირადღირებულ მკურნალობას მოითხოვს, მეტისმეტად დიდხანს ჭიანურდება და ზოგჯერ უკურნებელიც კი ხდება. ქვედა კიდურების მართებული მოვლა ონიქომიკოზისგან თავის დაცვის საუკეთესო გზაა. მთავარია ვიცოდეთ, როგორ განვახორციელოთ ის ეფექტიანი ღონისძიებები, რომლებიც ამ მეტად უხერხულ პრობლემას თავიდან აგვაცილებს.

  • უწინარეს ყოვლისა, ყურადღებით შეარჩიეთ ფეხსაცმელი, განსაკუთრებით - სპორტული. ის ზუსტად თქვენი ზომის უნდა იყოს, რადგან ვიწრო და მოჭერილ ფეხსაცმელში ფეხი ადვილად ოფლიანდება, ზიანდება, ეს კი დაავადების განვითარებას უწყობს ხელს.
  • ნურასოდეს ჩაიცვამთ სხვის ფეხსაცმელს და ნურც თქვენსას ათხოვებთ ვინმეს.
  • ერთ-ერთი ადგილი, სადაც შეიძლება ფრჩხილის სოკოთი დაავადდეთ, სილამაზის სალონია, ამიტომ უმჯობესია, პედიკიური თვითონვე გაიკეთოთ ან ისეთ სალონს მიმართოთ, სადაც დანამდვილებით იცით, რომ ინსტრუმენტებს გულმოდგინედ ასტერილებენ და სპეციალური ანტიმიკოზური საშუალებე-ბითაც ამუშავებენ.
  • ფრჩხილის სოკოს განსაკუთრებით "უყვარს" სპორტული დარბაზები, საუნები, გასახდელები, ზღვის ნაპირი - ნესტი მათი გამრავლებისათვის მეტად ხელსაყრელ გარემოს ქმნის. თუ ასეთ ადგილებში სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებები მოიკოჭლებს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ონიქომიკოზის გამომწვევს აუცილებლად შეხვდებით, რადგან დაავადებული ტერფის კანიდან ჩამოცვენილ უჯრედებთან ერთად გარემოში ხვდება სოკოს სპორებიც, რომლებიც იატაკზე, ხალიჩაზე, ბილიკებზე დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლის უნარს. საკმარისია, ასეთ ადგილას ვინმემ ფეხშიშველმა გაიაროს, რომ სპორები მის კანზე გადაინაცვლებენ და თავიანთ შავბნელ საქმიანობას დაიწყებენ. ასეთ ადგილებში სტუმრობისას აუცილებელია:
  • შესვლამდეც და გამოსვლის შემდეგაც კანი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებით დაიმუშაოთ;
  • ფრჩხილებზე აუცილებლად წაისვათ სპეციალური დამცავი ლაქი;
  • გქონდეთ პლასტმასის ფეხსაცმელი, ვინაიდან მასში სოკოს გამრავლება უფრო მეტად უჭირს, ვიდრე ფოროვან რეზინში;
  • ვარჯიშის დროს ეცადეთ, თავი არიდოთ მიკროტრავმებს. ყოველი შემთხვევისთვის, თან იქონიეთ იოდი ან წყალბადის ზეჟანგი, რომლითაც დაზიანებულ კანს უმალვე დაიმუშავებთ;
  • ზღვის ნაპირზე ფეხშიშველა სიარული სასიამოვნოა, მაგრამ გირჩევთ, ამ სიამოვნებისგან თავი შეიკავოთ - ონიქომიკოზი ხშირად სწორედ იმ სოკოების დამსახურებაა, პლაჟზე რომ "იზრდებიან".