კანის პრობლემები - რა იწვევს სიწითლეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის პრობლემები - რა იწვევს სიწითლეს

 

წვრილი სისხლძარღვების მკვეთრად გაძლიერებული სისხლმომარაგება, პლუს კედლების სინაზე, მათ გაფართოებას იწვევს. შედეგად სახეზე დროებითი წითელი ლაქები ჩნდება, დროთა განმავლობაში კი შესაძლოა სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები ან ქსელები (კუპეროზი) და ვარდისფერი ფერიმჭამელები (როზაცეა) ჩამოყალიბდეს.

სახის სიწითლე ყველაზე ხშირად 30-35 წელს გადაცილებულ ქალბატონებს აწუხებთ. განსაკუთრებით იჩაგრებიან სუსტი სქესის ის წარმომადგენლები, რომელთაც ღია ფერის, მგრძნობიარე კანი აქვთ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, კანის სიწითლე უამრავმა სხვა პათოლოგიამაც შეიძლება გამოიწვიოს, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ. თხელი კანი გაწითლებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილებით გამოირჩევა. იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში ამგვარი პრობლემების გამწვავება თავიდან აიცილოთ, აუცილებელია სასწრაფოდ ჩაიტაროთ სპეციფიკური გამოკვლევები, რომელთაც ექიმი-დერმატოლოგი გირჩევთ.

 

ნიშნები, რომლებზეც ყურადღების გამახვილება აუცილებელია

დისკომფორტის შეგრძნება და კანის სათუთი უბნების სიწითლე სხვადასხვა პათოლოგიის დროს შეინიშნება. არ მოტყუვდეთ და დრო "თავისით გაივლის" ლოდინში არ დაკარგოთ. დიახ, სიწითლემ შეიძლება დროებით გაიაროს კიდეც, მაგრამ თანდათან ის უფრო და უფრო ხშირად წარმოიქმნება და უფრო და უფრო მეტხანს გასტანს, საბოლოოდ კი შესაძლოა სამუდამო სიწითლედაც იქცეს. სიწითლის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ:

  • დროებით სიწითლეს ან სისხლის მოწოლას;
  • გაფანტულ, მაგრამ მუდმივ სიწითლეს. ასეთ სიწითლეს ერითროდერმიას უწოდებენ. ის, ჩვეულებრივ, ლოყებზე ჩნდება;
  • უწვრილეს ხილულ სისხლძარღვებს (როზაცეა), ერითროდერმიის გაძლიერებას;
  • წითელ ლაქებს, ზოგჯერ - კომედონებით (კომედონები მცირე ზომის შავი წერტილებია, რომლებიც კანის ფორებში ცხიმისა და მტვრის დაგროვებით წარმოიქმნება), რომლებიც შესაძლოა ანთებად როზაცეაში გადაიზარდოს.

მიზეზები

ყოველგარი ტიპის სიწითლის მიზეზი კანის სისხლძარღვების მომატებული აქტიურობაა. როცა კანის სისხლძარღვები სწრაფად ფარდოვდება, სახეზე სიწითლე ჩნდება - ეს წამოღაჟღაჟებაა. შემდეგ სისხლძარღვები ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება, მაგრამ დროთა განმავლობაში სხვადასხვა პათოლოგიის გამო ეს ფენომენი თანდათან ძლიერდება, სისხლძარღვები უფრო და უფრო ძლიერ ფარდოვდება, მათი დანახვა უკვე შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება, ხოლო სიწითლის გაჩენის რისკი უკვე მუდმივია. სიწითლე შეიძლება სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვიოს და გააძლიეროს. ესენია:

  • გარეგანი ფაქტორები - ულტრაიისფერი სხივები, დაბინძურება, კლიმატური პირობები, საკვები და სტრესი, რომლებიც აძლიერებს სისხლის მიკროცირკულაციას;
  • შინაგანი ფაქტორები - ემოციური დატვირთვა, ყავისა და ცხარე საკვების ხშირი მოხმარება;
  • მემკვიდრეობა - სიწითლე შეიძლება იმ ადამიანებს განუვითარდეთ, რომელთაც კანის მეტისმეტად მგრძნობიარე სისხლძარღვები აქვთ, ეს თავისებურება შეიძლება მემკვიდრეობითაც გადაეცეს;
  • კანის დაბერება - 25 წლიდან სიწითლისკენ კანის მიდრეკილება იზრდება;
  • ცივი ან ცხელი წყლით დაბანა;
  • მეტისმეტად ინტენსიური ჰიგიენური და კოსმეტიკური პროცედურები;
  • არასწორად შერჩეული სახის კანის მოსავლელი საშუალებები;
  • კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი დაავადება - ქრონიკული შეკრულობა, კუჭის წვენის  მცირე მჟავიანობა, ჭიები და სხვა.

კანის მოვლა

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დერმატოკოსმეტიკას. ის შეიძლება იქცეს როგორც თქვენი პრობლემების სათავედ, ასევე თქვენს დამხმარედაც. პირველი შემთხვევა თავიდან რომ აიცილოთ, ეცადეთ, ხარისხიანი კოსმეტიკა შეარჩიოთ. მართალია, ეს ძვირი დაგიჯდებათ, მაგრამ, სამაგიეროდ, ალერგიის ან კანის პრობლემების განვითარების რისკი მინიმალური იქნება. რაც შეეხება დახმარებას, კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც მგრძნობიარე კანისთვის არის განკუთვნილი, შეიცავს სხვადასხვა აქტიურ ინგრედიენტს, მათ შორის: ც ვიტამინს, რომელიც ამაგრებს თხელკედლიანი სისხლძარღვების კედლებს; ბ ვიტამინს, რომელიც ამაგრებს კანს და იცავს მას სხვადასხვა გარეგანი გამაღიზიანებლისა თუ კლიმატური ცვლილებებისგან. სიწითლესთან ბრძოლისთვის აუცილებელია კოსმეტიკის მოხმარების შემდეგი წესების რეგულარული დაცვა:

  • გამოიყენეთ მაკიაჟის მოხსნის ისეთი საშუალებები, რომლებიც არ საჭიროებს პირზე წყლის შესხმას, თავი არიდეთ სახის წყლით გაწმენდას;
  • ყოველდღიურად წაისვით ის დამატენიანებელი საშუალებები, რომლებიც კანის სიწითლის საწინააღმდეგოდ არის მიმართული;
  • დაირბილეთ კანი ანადუღარი წყლით;
  • დერმატოლოგმა შესაძლოა გირჩიოთ ადგილობრივი (კრემები, ემულსიები და სხვა) ან პერორალური გზით მისაღები ანტიბიოტიკების გამოყენება, ასევე - იმ ადგილების ლაზერით მკურნალობა, რომლებზეც სიწითლე უკვე მუდმივი გახდა.

სიფრთხილის ყოველდღიური ზომები

  • ყურადღება მიაქციეთ დიეტას, შეზღუდეთ ალკოჰოლის, ცხარე საკვების, ყავის მიღება.
  • თავი დაიცავით კლიმატური ცვლილებისგან, ერიდეთ ცივი გარემოდან თბილში და თბილიდან ცივში ერთბაშად მოხვედრას. გამოიყენეთ ისეთი საშუალებები, რომლებიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების საწინააღმდეგო ფილტრს.

იმისთვის, რომ კრიალა კანი დიდხანს შეინარჩუნოთ, უნდა დაიცვათ შედეგი წესები:


10 ოქროს წესი სახის კანის ყოველდღიური მოვლისთვის

1. ყურადღებით შეარჩიეთ კანის მოსავლელი საშუალება - კანის მოვლის პირველი და მთავარი წესი იმ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი. მშრალი და ცხიმიანი კანის მოთხოვნილებები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

2. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანის მგრძნობიარე უბნებს. ზოგან სახის კანი თხელი და მეტისმეტად მოწყვლადია და სპეციფიკურ მოვლას მოითხოვს, განსაკუთრებით - თვალებისა და ტუჩების ირგვლივ. ეს მიდამოები მეტისმეტად მგრძნობიარეა და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

3. ნაზად გაიწმინდეთ კანი: მგრძნობიარე კანის მოვლა მაკიაჟის მოცილებით იწყება. იმისთვის, რომ მას დამატებითი სტრესი არ მიაყენოთ და ბუნებრივი ბალანსიც შეინარჩუნოთ, გამოიყენეთ ნეიტრალური პჰ-ის მქონე მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები, რომლებიც სპეციალურად არის შემუშავებული კანის ნაზად მოვლისთვის.

4. გახსოვდეთ: თვალები რისკის ზონაა! თვალების ირგვლივ არსებული კანი ათჯერ უფრო თხელია, ვიდრე სახის სხვა ადგილას არსებული კანი, ამიტომ გამოიყენეთ თვალებიდან მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური საშუალებები.

5. პილინგი (ექსფოლიაცია) - სახის კანის მოვლისთვის აუცილებელი პროცედურაა: გამოიყენეთ თქვენი კანისთვის შესაფერისი ტიპის პილინგი კვირაში ერთი-ორჯერ. პილინგი ეფექტიანი, მაგრამ ნაზი უნდა იყოს და ტრავმას არ აყენებდეს კანს. გამოიყენეთ ის საშუალებები, რომელთაც ნეიტრალური პჰ აქვთ და რომლებიც კარგად წმენდენ და არბილებენ კანს ისე, რომ არ არღვევენ მის ბუნებრივ ბალანსს.

6. დატენიანება განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს. დერმის 70%-ს წყალი შეადგენს, ეპიდერმისი კი მხოლოდ 15%-ია. იმისთვის, რომ კანი ყოველთვის კარგად იყოს დატენიანებული, ისეთი საშუალებები გამოიყენეთ, რომლებიც კანში მუდმივად ინარჩუნებს ტენიანობას. ასევე შეიძლება რეგულარულად იკეთოთ დამატენიანებელი ნიღაბი. მისი ნარჩენები გადადუღებული წყლით უნდა მოიშოროთ.

7. უპირატესობა მიანიჭეთ ჰიპოალერგიულ დეკორატიულ კოსმეტიკას, რათა თავიდან აიცილოთ ალერგია, რომელსაც თქვენი კანისთვის შეუსაბამო კოსმეტიკური საშუალებები იწვევს. ჰიპოალერგიულია დეკორატიული კოსმეტიკა, რომელიც სპეციალურად მზადდება ყველა ტიპისა და თვალების ირგვლივ არსებული კანისთვის, მათ შორის - მგრძნობიარე კანისთვისაც.

8. თავი დაიცავით მზისგან. წელიწადის ნებისმიერ დროს გამოიყენეთ მზისგან დამცავი ფილტრის შემცველი კოსმეტიკური საშუალებები. ისინი ამცირებენ მზის სხივების იმ მავნე მოქმედებას, რომელიც აჩქარებს დაბერების პროცესს.

9. თავი არიდეთ არასასურველ გარეგან ფაქტორებს: გარემოს დაბინძურებას, მოწევას, სტრესს... ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას ახდენს კანზე. შინიდან გასვლამდე გამოიყენეთ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც დაიცავს თქვენს კანს არასასურველი ფაქტორებისაგან, ხოლო საღამოობით შინ დაბრუნებისთანავე გულდასმით გაიწმინდეთ სახე.

10. არ დაივიწყოთ ტუჩები. როგორც კი შეატყობთ, რომ ეს აუცილებელია, გამოიყენეთ ტუჩების რეგენერირებისთვის განკუთვნილი კრემი. კრემი იმდენჯერ შეგიძლიათ წაისვათ, რამდენჯერაც მოისურვებთ.

როზაცეა

როზაცეა ანუ ვარდისფერი ფერიმჭამელები კანის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სებორეის ფონზე ვითარდება და გამოვლინდება სახის კანის, განსაკუთრებით - ცხვირისა და ლოყების გაწითლებით. ამ დროს წარმოიშობა ვარდისფერი კვანძებიც, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება დაჩირქდეს კიდეც. ყველაზე ხშირად როზაცეით იტანჯებიან საშუალო ასაკის და ხანდაზმული ადამიანები, რასაც შეიძლება უამრავი მიზეზი ჰქონდეს, სახელდობრ:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები;
  • ნევროლოგიური დაავადებები;
  • ენდოკრინული დარღვევები;
  • კლიმაქსური ფაქტორები (ქალებში);
  • ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება;
  • ემოციური გადაძაბვა და სტრესი.

დაავადების გამწვავება შეიძლება გამოიწვიოს საუნის ან აბანოს ბოროტად გამოყენებამ, მზეზე ან ყინვაში დიდხანს ყოფნამ, ალკოჰოლის, ცხარე და ცხელი საკვების ხანგრძლივად მიღებამ, სტრესმა. პაციენტები უჩივიან ქავილის შეგრძნებასა და სახის გაწითლებას. თუ მკურნალობა დაგვიანდა, კანი მოლურჯო ელფერს იღებს, კვანძებისა და გაფართოებული სისხლძარღვების რაოდენობა იმატებს. როზაცეა შეიძლება გართულდეს დემოდეკოზით (დაავადება, რომელსაც მიკროსკოპიული ტკიპა დემოდექსი იწვევს). მოხვდება თუ არა კანის დაზიანებულ უბნებზე, ტკიპა გაძლიერებულ გამრავლებას იწყებს, რითიც უფრო მეტად აღრმავებს დაზიანებას და აუარესებს პაციენტის მდგომარეობას. დაავადების შემდგომი განვითარებისას კანში გუბდება ვენური სისხლი, რის შედეგადაც კანი უხეშდება და თითქოს ბორცვებიანი ხდება, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ვითარდება რინოფიმა - ცხვირის კანის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც კანის ყველა ელემენტი დიდდება და ცხვირი ფორმას კარგავს. ზოგიერთ პაციენტს თვალები უზიანდება - უწითლდება, ცრემლი სდის ან უშრება. როზაცეის მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს, რომელიც აუცილებელი დიაგნოსტიკური გამოკვლევებისა და დაავადების მიზეზის დადგენის შემდეგ ეფექტურ თერაპიას დანიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის კურსი ინდივიდუალურად განისაზღვრება, უმეტესად იგი შედგება ანტიბაქტერიული თერაპიისგან (განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩირქოვანი გამონაყარი უხვია), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მკურნალობისგან, საკვერცხეების ფუნქციობის დარღვევათა კორექციისგან, ვიტამინების მიღებისა და ადგილობრივი მკურნალობისგან (საფენები, მალამოები და სხვა). როზაცეის მკურნალობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიეტას - რაციონიდან გამოირიცხება ის პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს დაავადების გამწვავებას (ალკოჰოლიანი, მარილიანი, ცხარე და ცხელი საკვები, მაგარი ჩაი და ყავა და სხვა). იმის გათვალისწინებით, რომ როზაცეა მძიმე ქრონიკული დაავადებაა, ექიმთან მისი განვითარებისთანავე უნდა მიხვიდეთ. თუ სახე ოდნავ გიწითლდებათ და ვარდისფერი ფერიმჭამელები გაგიჩნდათ, ეს უკვე საკმაო საფუძველია საიმისოდ, რომ დერმატოლოგს მიმართოთ. ექიმთან ვიზიტის გადადება და თვითმკურნალობის დაწყება არ ღირს - დაავადება უფრო მძიმე ფორმაში გადავა, რომელიც გაცილებით ძნელად ემორჩილება მკურნალობას. დროულად დაწყებული მკურნალობა კი დაავადების გამოვლინებებს ძალზე შეამსუბუქებს და გამწვავებათა სიხშირეს მაქსიმალურად შეამცირებს. ერითროფობია სახის გაწითლებაა, რომელიც ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასწორ მუშაობასთან არის დაკავშირებული. დროთა განმავლობაში მის ნიადაგზე ვითარდება სახის გაწითლებისადმი შიში. ამ პრობლემის მკურნალობისას საქმეში პირველად (საწყის ეტაპზე) ნევროლოგები ერთვებიან, ხოლო თუ სამკურნალო საშუალებებითა და ფსიქოლოგიური დახმარებით პრობლემას არ ეშველა, მაშინ საქმეში ქირურგია, კერძოდ, ენდოსკოპია ერთვება. ენდოსკოპის საშუალებით ხდება სიმპათიკური ნერვის გადაჭრა, რაც ზემოთ აღნიშნული პრობლემის რადიკალური მკურნალობის გზას წარმოადგენს.


ჰიპერტონიული დაავადება

სახის გაწითლება თან სდევს მომატებულ არტერიულ წნევას და ჰიპერტონიულ კრიზს. თუ ჰიპერტონიული დაავადება დიდი ხანია მიმდინარეობს, სახის სიწითლე შესაძლოა მუდმივი იყოს - ეს სისხლძარღვებში არტერიული წნევის მომატებით არის გამოწვეული. გარდა ამისა, ამ დაავადების დროს ორგანოების სისხლით შევსება, წესისამებრ, მომატებულია. ჰიპერტონიული დაავადების მკურნალობა და, ამის კვალობაზე, სახის სიწითლის მკურნალობაც ამ დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივ მიღებას გულისხმობს.

ფერიმჭამელები

ამ პრობლემის არსებობისას შეინიშნება სახის ალაგ-ალაგ შეწითლება. გაწითლებული უბნები კანის შეუცვლელ უბნებთან მონაცვლეობს. დაავადებისთვის დამახასიათებელია ფერიმჭამელების გაჩენა. მკურნალობა ადგილობრივად მოქმედი ანტიბიოტიკების გამოყენებასა და საერთო გამაჯანსაღებელ თერაპიას ითვალისწინებს.

სამკურნალო საშუალებები

სიწითლეს (სისხლის მოწოლის შეგრძნებითურთ) იწვევს ზოგიერთი სამკურნალო საშუალებაც. მათ შორის:

  • ქლორპროპამიდები (დიაბეტის სამკურნალოდ განკუთვნილი წამლები), განსაკუთრებით მაშინ, როცა მათთან ერთად ალკოჰოლსაც იღებენ;
  • ნიტრატები - გულის იშემიური დაავადების სამკურნალო პრეპარატები;
  • ტამოქსიფენი - პრეპარატი, რომელიც ძუძუს კიბოს მკურნალობისას გამოიყენება;
  • რალოქსიფენი - ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატი;
  • კალციტონინი - სამკურნალო საშუალება, რომელიც ძვლის პათოლოგიის მკურნალობისას გამოიყენება;
  • კალციუმის არხების ბლოკატორები - კარდიოლოგების მიერ გულის იშემიური და ჰიპერტონიული დაავადების დროს გამოყენებული წამლები.

ერითროდერმია

ერითროდერმია - ეს რამდენიმე სხვადასხვა დაავადების განზოგადებული სახელწოდებაა. საერთო ჯამში კი ასე უწოდებენ მთელი ან თითქმის მთელი კანის დიფუზურ სიწითლეს. მასთან ერთად შეიძლება შეინიშნებოდეს კანის აქერცვლა, ეროზიები, ალოპეცია, პუსტულების განვითარება და ფრჩხილების დაცვენა. მოსალოდნელია ისეთი სიმპტომებიც, როგორიც არის ციებ-ცხელება, შემცივნება, ჰიპოთერმია, ლიმფური კვანძების გადიდება, შეშუპება, გულის უკმარისობა და სხვა. ერითროდერმიის ძირითადი მიზეზებია: კანის დაავადებები; წამლისმიერი ტოქსიკოდერმია; ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, ყველაზე ხშირად - სოკოს მსგავსი მიკოზი; იდიოპათიკური ერითროდერმია, ფსორიაზი და მრავალი სხვა. ბუნებრივია, ერითროდერმიის გამომწვევი სხვადასხვა დაავადება სხვადასხვაგვარ მიდგომას მოითხოვს. რაც მთავარია, ამა თუ იმ დაავადების აღმოჩენისთანავე აუცილებელია ექიმთან მისვლა.

სიწითლის პროფილაქტიკა

კუპეროზისა და როზაცეის მკურნალობა ხანგრძლივია და სულაც არ გახლავთ ადვილი. აი, პროფილაქტიკისათვის კი აუცილებელია, ყურადღებით ადევნოთ თვალი საკუთარ რაციონს: მიიღოთ პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს პ, კ და ც ვიტამინებს, უარი თქვით იოგურტზე, ყველზე, პარკოსნებზე, ღვიძლზე, ტომატზე, შოკოლადზე, შებოლილ და ცხარე საკვებზე. ჯობს, ძალისხმევა აღნიშნული დაავადებების პროფილაქტიკისთვის გაიღოთ და ისინი იმ სტადიამდე არ მიიყვანოთ, რომელიც რადიკალურ ჩარევას მოითხოვს. სახის სიწითლის პროფილაქტიკის ძირითადი წესია, არ დაუშვათ სისხლძარღვების გაფართოების პროვოცირება. ამიტომ თუ სიწითლისკენ მიდრეკილება შეამჩნიეთ, თავი არიდეთ სახის სითბურ პროცედურებს (ორთქლის აბაზანებს, გამაცხელებელ ნიღბებს და სხვა), ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს, მზეზე, ქარში, ყინვაში დიდხანს ყოფნას, კანის მექანიკურ დაზიანებას (გახეხვას, კრემების ენერგიულ შეზელას და სხვა). მოწევა და ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება ასევე ნეგატიურად მოქმედებს სისხლძარღვების მდგომარეობაზე. და, რა თქმა უნდა, ერიდეთ სტრესს. მუდმივ ნერვულ დაძაბულობას ძალუძს მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობა შეარყიოს. ის გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზეც.