კიდევ ერთხელ ჰერპესის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიდევ ერთხელ ჰერპესის შესახებ

- ამჟამად მეცნიერები ჰერპესის ასამდე სახეობას იცნობენ, მაგრამ ადამიანს მხოლოდ რვა მათგანი ემუქრება. ადამიანის ჰერპესვირუსებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია I ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსი (მჰვ-I ანუ აჰვ-I) და II ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსი (მჰვ-II ანუ აჰვ-II). ადამიანის მჰვ-I-ით ინფიცირების შედეგია სახისა და ზედა კიდურების კანის სხვადასხვაგვარი დაზიანება. მჰვ-II-ით ინფიცირება სასქესო ორგანოთა დაზიანებასა და ახალშობილთა დაავადებებს იწვევს. აქვე უნდა ითქვას, რომ ამჟამად გენიტალიური ჰერპესის ყოველი მე-4 შემთხვევა პირველი ტიპის ჰერპესვირუსით არის გამოწვეული, რაც არატრადიციული სქესობრივი კავშირების შედეგია. III ტიპის ჰერპესვირუსით (აჰვ-III ანუ ზოსტერი) ინფიცირება იწვევს ორ დამოუკიდებელ დაავადებას - ჩუტყვავილასა და სარტყლისებრ ლიქენს ანუ სარტყლისებს სირსველას. IV ტიპის ჰერპესვირუსი (აჰვ-IV) ანუ ებშტეინ-ბარის ვირუსი შესაძლოა ინფექციური მონონუკლეოზისა და ენის ვირუსული ლეიკოპლაკიის მიზეზად იქცეს. V ტიპის ჰერპესვირუსი (აჰვ-V) ციტომეგალოვირუსული ინფექციის მიზეზია. VI ტიპის ჰერპესვირუსი (აჰვ-VI), უახლესი მონაცემებით, ადრეული ასაკის ბავშვებში უეცარ ეგზანთემას იწვევს, ხოლო ზრდასრულებში - ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. ვარაუდობენ, რომ ეს ვირუსი კიდევ რამდენიმე დაავადების განვითარებაში მონაწილეობს. 1990 წელს აღმოჩენილ იქნა აჰვ-VII და აჰვ-VIII, რომლთა აქტიური შესწავლა დღემდე მიმდინარეობს. აჰვ-VII ლიმფოპროლიფერაციულ დაავადებებსა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან ასოცირდება, აჰვ-VIII კი კაპოშის სარკომასთან.

- გენიტალიური ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰერპესული ინფექციაა...

- როგორც მოგახსენეთ, მას მჰვ-II და მჰვ-I იწვევს. ინფიცირება უმთავრესად ხდება უსიმპტომო ფორმით დაავადებულთან სქესობრივი კონტაქტის დროს. ვირუსი რემისიის პერიოდშიც გადამდებია. შესაძლებელია ახალშობილის ინფიცირება მშობიარობისას. შედარებით იშვიათია აუტოინოკულაცია - ორგანიზმის ერთი ადგილიდან მეორეზე ინფექციის გადატანა. დაავადება ნებისმიერ ასაკში გვხვდება. ქალებს დაავადების მეტი შანსი აქვთ. შესაძლოა, ამაში ბრალი მიუძღოდეს მათი სხეულის ანატომიურ თავისებურებას - სქესობრივი კონტაქტის დროს შეხების ზედაპირი უფრო დიდია. ჰომოსექსუალები და ბისექსუალი მამაკაცები ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ჰეტეროსექსუალი მამაკაცები.

- როგორ მიმდინარეობს გენიტალიური ჰერპესი?

- არსებობს სასქესო ორგანოების ჰერპესის რამდენიმე ფორმა:

  • სასქესო ორგანოს პირველადი ჰერპესი. ეს არის დაავადების პირველი ეპიზოდი, როდესაც ინფექციის გამოვლენისას ვირუსის მიმართ ანტისხეულები გამომუშავებული არ არის. ის რთულად და დიდხანს (2-3 კვირა) მიმდინარეობს. დამახასიათებელია რეგიონული ლიმფადენიტი. მოსალოდნელია ნევროლოგიური და ზოგადი სიმპტომების გაჩენაც. კერძოდ, სასქესო ორგანოს პირველად ჰერპესს ახასიათებს მრავლობითი ორმხრივი გამონაყარი გენიტალიებზე ან პერიანალურ მიდამოში. მამაკაცებში გვხვდება ურეთრიტი, რომელიც შარდის გამოყოფის დროს ტკივილით მიმდინარეობს. ქალებს შესაძლოა ეროზიული ცერვიციტი განუვითარდეთ. კანზე არსებული გამონაყარი 7-15 დღის განმავლობაში ასეთი თანამიმდევრობით იცვლის სახეს: პაპულა > ვეზიკულა > პუსტულა > წყლული > ქერქი. ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო გამონაყარი აქაც ჩნდება. შესაძლოა განვითარდეს საზარდულის ლიმფადენიტი (გადიდდეს ლიმფური ჯირკვლები), ტკივილი შარდვის დროს, გაჩნდეს გამონადენი შარდსადენი მილიდან და საშოდან. არცთუ იშვიათად გვხვდება ნევროლოგიური სიმპტომებიც. კერძოდ, ნერვების ადგილობრივი დაზიანების გამო ვითარდება შარდის შეკავება, შეკრულობა. გარდა ამისა, მოსალოდნელია ცხელება, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, სინათლის შიში და სხვა.
  • სასქესო ორგანოების არაპირველადი ჰერპესი არის დაავადების პირველი ეპიზოდი, როდესაც ინფექციის გამოვლენისას ვირუსის მიმართ ანტისხეულები უკვე გამომუშავებულია. ამ დროს ზოგადი სიმპტომები იშვიათია, გამონაყარი - ნაკლებად გამოხატული. მკურნალობის გარეშე ის 10-14 დღეში ალაგდება. საზარდულის ლიმფადენიტი იშვიათია. აგრეთვე იშვიათია გამონადენი შარდსადენი გზებიდან, ტკივილი შარდვის დროს, ზოგადი და ნევროლოგიური სიმპტომები.
  • სასქესო ორგანოების ჰერპესის რეციდივი. ეს გახლავთ დაავადების მეორე და მომდევნო ეპიზოდები, რომლებსაც მსუბუქი მიმდინარეობა, რეგიონული ლიმფადენიტის, ნევროლოგიური და ზოგადი სიმპტომების არარსებობა ახასიათებს. ჩნდება მხოლოდ ერთეული გამონაყარი, რომელიც, წესისამებრ, ცალმხრივია.
  • უსიმპტომო ინფექცია. სასქესო ორგანოების ჰერპესი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. აქვე დავაზუსტებ: გვხვდება როგორც ჭეშმარიტად უსიმპტომო შემთხვევები, ასევე შემთხვევები, როდესაც სიმპტომები პაციენტის მიერ არასწორად არის შეფასებული.

- რამდენად საშიშია ორსულობის დროს ჰერპესვირუსით ინფიცირება?

- ჰერპესვირუსით (განსაკუთრებით - II ტიპის ვირუსით) ინფიცირებამ, თუ ეს ორსულობისას მოხდა, შესაძლოა ნაყოფის ინფიცირებაც გამოიწვიოს. განსაკუთრებით საშიშია გენიტალიური ჰერპესის გამწვავება ორსულობის 32-ე კვირის შემდეგ. თუ მკურნალმა ექიმმა გამწვავება ამ დროს აღმოაჩინა, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა. თუ მშობიარობა გამონაყარის გაქრობამდე დაიწყო, რეკომენდებულია საკეისრო კვეთა, ვინაიდან მაღალია სამშობიარო გზებში გავლისას ნაყოფის ინფიცირების რისკი. სასქესო ორგანოების ჰერპესის დედისგან შვილზე გადაცემა კი ძალიან საშიშია - შესაძლოა, ბავშვის სიკვდილი ან მყარი ნევროლოგიური დაზიანება გამოიწვიოს. თუ ქალი ორსულობამდე იყო ინფიცირებული ჰერპესვირუსით და ორსულობისას გაუმწვავდა, ამ შემთხვევაში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და მკურნალობის ტაქტიკას ექიმი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში  ინდივიდუალურად არჩევს.

- რას ითვალისწინებს მკურნალობა? შესაძლებელია თუ არა ჰერპესის ვირუსის განადგურება?

- მკურნალობა აუცილებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვირუსის განადგურება ვერ ხერხდება - მიიღწევა არა სრული გამოჯანმრთელება, არამედ დაავადების ფარულ ფორმაში გადასვლა. ეფექტურია პერორალურად (შინაგანად) მისაღები ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა. ანტივირუსული პრეპარატების ადგილობრივ გამოყენებას აზრი არ აქვს - ვირუსი ნერვულ განგლიებში ბუდობს და კანზე წასმული ანტივირუსული საშუალება მას ვერაფერს დააკლებს. თუმცა აუცილებელია დაზიანებული არის სათანადო მოვლა მეორეული ინფექციის თავიდან ასაცილებლად: ხშირი ბანა, ანტისეპტიკური ხსნარებით (ფიზიოლოგიური ხსნარით, უფერო კასტელანით) დამუშავება. ექიმი ნიშნავს ისეთ საფენებს, რომლებიც წყლულებს აშრობს და მათ სწრაფ ეპითელიზაციას (შეხორცებას) უწყობს ხელს.

- პროფილაქტიკისთვის როგორ მოვიქცეთ?

- პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა, არ დავინფიცირდეთ, რისთვისაც ცხოვრების ჯანსაღ წესს უნდა მივდიოთ და ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორი გვყავდეს. ჰერპესვირუსით ინფიცირების შემთხვევაში კი პროფილაქტიკა გამწვავებისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად. ფარულ პერიოდში ნებისმიერი თანხვედრილი ინფექცია, ფილტვების ანთება იქნება ეს,  გაციება, გრიპი თუ სხვა, ყოველთვის ააქტიურებს ჰერპესის ვირუსს, ამიტომ ეს რისკფაქტორი თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ლატენტურ ფაზაში მყოფ ვირუსს უნდა შეუქმნათ ისეთი პირობები, რომ არ გააქტიურდეს. ვგულისხმობ სრულფასოვან კვებას, სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნას, დადებით ემოციებს და სხვა.