ფერიმჭამელები და გამონაყარი სახეზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფერიმჭამელები და გამონაყარი სახეზე

სტატისტიკის მიხედვით, 12-24 წლის ახალგაზრდების 60-80%-ს აღენიშნება სახეზე გამონაყარი. ამ ერთი შეხედვით უწყინარმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვის პათოლოგიური შეგრძნება და ზოგიერთ შემთხვევაში დეპრესიაც კი. ადამიანები ამ დროს განიცდიან სოციალურ გარემოში ადაპტაციის სირთულეებს.

რატომ და საიდან აღმოცენდება სახეზე მუწუკები? ძირითადი მიზეზი კანში ფოლიკულებთან არსებული ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირების დარღვევაა. ის განსაკუთრებით ბევრია შუბლის, ცხვირის, ნიკაპის, გულმკერდისა და ზურგის არეში. სწორედ ამიტომაა კანის ამ უბნებზე მეტად გამოხატული მუწუკოვანი გამონაყარი. ისინი ჩნდებიან, როდესაც ცხიმოვანი ჯირკვლები იწყებენ კანის ცხიმის ნორმაზე მეტად გამომუშავებას. ამასთან, ამ შემთხვევაში, მისი (ცხიმის) ქიმიური შემადგენლობაც იცვლება. აღსანიშნავია, რომ ცხიმოვანი ჯირკვლები მიეკუთვნება ჰოლოკრინული ტიპის ჯირკვლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხიმის გამომმუშავებელი უჯრედი კვდება და გარდაიქმნება რქოვან ქერცლად, რომელიც გამოდის ჯირკვლის სანათურიდან კანის ზედაპირზე. მუწუკოვანი გამონაყარის დროს ამგვარი უჯრედების გარქოვანების სიჩქარე მნიშვნელოვნად მომატებულია, ისინი ვერ ასწრებენ ჯირკვლის სანათურის გათავისუფლებას, სადინარის გამოსავალი იბლოკება, ხოლო ფოლიკულში გროვდება დიდი რაოდენობით კანის ცხიმი. ასე წარმოიქმნება მუწუკები.

ვიდრე ისინი ბაქტერიების ოკუპაციაში არ მოხვდებიან, შესაძლებელია არც კი გამოვლინდეს. საქმე ისაა, რომ თმის ფოლიკული ბაქტერიების საყვარელი ადგილია. მისი გამრავლება იწვევს ფოლიკულის ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევას, მასში ბაქტერიების ცხოველმყოფელობის აქტიური პროდუქტების დაგროვებას, რაც ანთების მედიატორია. ამასთან, პათოლოგიურ პროცესში შეიძლება ჩაერთოს როგორც ზედაპირული, ისე კანის ღრმა ფენები, რაც განაპირობებს დაავადების სხვადასხვა კლინიკურ სურათს.

რა არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებას? არსებობს ამ პროცესის მართვის ორი მექანიზმი, პირველი ნეიროგენულია. ცნობილია, რომ მრავალ ფსიქიკურ და ნერვულ დაავადებას შეიძლება თან ახლდეს კანის ცხიმიანობის გაზრდა. მეორე მექანიზმი ჰორმონულია. კანის ცხიმის გამოყოფის მასტიმულირებელ ჰორმონებს მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდები – თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ჰორმონები, ასევე ანდროგენები და პროგესტერონი.

საწინააღმდეგო მოქმედებას ახდენს ესტროგენები – ისინი თრგუნავენ ცხიმის გამომუშავებას. ახალგაზრდა გოგონას ორგანიზმში, საკვერცხის ფუნქციის ჩამოყალიბების პერიოდში, მამაკაცის სასქესო ჰორმონების – ანდროგენების შემცველობა შეიძლება მომატებული იყოს. სწორედ ისინი იწვევენ ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის გაძლიერებას.

როგორ ვუმკურნალოთ

დღეისათვის არსებობს სხვადასხვა ფორმის მუწუკოვანი გამონაყარის ეფექტური მკურნალობის მეთოდები.

მსუბუქი ფორმისას აქცენტირებულია სახის კანის სწორი მოვლა, ჰიგიენური პროცედურების რეგულარულად ჩატარება. ამისათვის რეკომენდებულია ანტიბაქტერიული საპონი, სპეციალური გამწმენდი და კანის დამამშვიდებელი ქაფები, ლოსიონები, ტონიკები. პრეპარატების შერჩევას და პილინგის პროცედურის მიზანშეწონილობის განსაზღვრას ახორციელებს ექიმი-კოსმეტოლოგი. ამგვარმა პაციენტებმა სიფრთხილით უნდა შეარჩიონ კოსმეტიკური საშუალებები, ხოლო დეკორატიული კოსმეტიკა უნდა შეიძინონ „ნონცომედოგენიც“ მარკირებით.

საშუალო და მძიმე ფორმების მკურნალობა მოითხოვს სისტემური, ფარმპრეპარატების (როგორიცაა ანტიბიოტიკები, ჰორმონული პრეპარატები და ა.შ.) დანიშვნას. ჩვენების მიხედვით, ფართოდ გამოიყენება მკურნალობის ფიზიკური და ქიმიური მეთოდები.

მუწუკის, განსაკუთრებით ღრმად არსებულის თვითნებურად მოშორება არ შეიძლება. ზედაპირული ანთება დროთა განმავლობაში თავისთავად უკვალოდ გაივლის, ხოლო ღრმა – უფრო დიდხანს მწიფდება და შეიძლება ნაწიბური დაგვიტოვოს, მით უმეტეს, თუ მას ზედმეტად შევეხებით.

მუწუკოვანი გამონაყარის დროს თქვენს ტუალეტის მაგიდაზე უნდა იყოს ცხიმიანი და შერეული ან პრობლემური კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკა. ასეთი საშუალებები ასუფთავებს კანს, სძენს მას ერთგვაროვან ელფერს, ხსნის ანთებას, აკონტროლებს ცხიმიანი ჯირკვლების აქტივობას, გამონაყარის აღმოცენებას და ბაქტერიების გამრავლებას.

კანის გასასუფთავებლად რეკომენდებულია მცენარეული ექსტრაქტების, რძის მჟავას, მენთოლის შემცველი გელები. ისინი ასუფთავებენ, გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება. ზოგიერთი მათგანი შეიცავს მიკროგრანულებს, რომელიც რბილი სკრაბის ფუნქციას ასრულებს.

აუცილებლად გამოიყენეთ ტონიკები ან ლოსიონები: ისინი ავიწროებენ ფორებს, აშორებენ ზედმეტ ცხიმს, ბაქტერიებისგან ასუფთავებენ კანს. მათ შემადგენლობაში შეიძლება იყოს მცენარეული ექსტრაქტები, ტრიკლოზანი, სალიცილის მჟავა. უმრავლესობა არ შეიცავს სპირტს ან მისი კონცენტრაცია მინიმალურია.

პრობლემური კანის საშუალებების შემადგენლობაში შედის ინგრედიენტები, რომლებიც არეგულირებენ კანის ცხიმის გამოყოფას, გააჩნიათ მთრიმლავი და ანტისეპტიკური მოქმედება. ეს არის გრძელწიწვიანი ღვია, თალგამის, პაპაინის, გვირილის, გულყვითელას, როზმარინის, სალბის, გრეიპფრუტის, გამამელისას, დაფნის, ევკალიპტის ექსტრაქტი, ასევე შავი მოცხარის, კვიპაროსის ზეთი.

კვირაში ერთხელ კანი გაისუფთავეთ სკრაბით, რომელიც შედგება რბილი აბრაზიული ნივთიერებებისაგან. სკრაბი ფრთხილად წაისვით, რომ არ დაგიზიანდეთ ანთებითი კანი.

კარგ ეფექტს იძლევა გამწმენდი ნიღბები: ისინი ავიწროებენ ფორებს, აშორებენ ზედმეტ ცხიმოვან გამონაყარსა და გარქოვანებულ უჯრედებს.

არ დაივიწყოთ შინაურული კოსმეტიკა. გაიკეთეთ ბოსტნეულის, ხილის, კენკრის, თაფლის, საფუარის, კარტოფილის პიურეს, შვრიის, კვერცხის გულის მზესუმზირის ზეთთან კომბინირებული ნიღბები.

ერთი-ორი გამონაყარის შემთხვევაში გამოიყენეთ კანის ლოკალური დაზიანების საშუალებები – გელები, ფანქრები, პლასტირები. ისინი შეიძლება შეიცავდეს ტალკს, თუთიის ოქსიდს, ტრიკლოზანს, ბისაბოლოლს. ამგვარი პრეპარეტები აჩქარებენ მუწუკის მომწიფებას და კანი სწრაფად იშორებს დეფექტს.

სპეციალური გამწმენდი, შემნიღბავი ფანქარი არა მარტო დაფარავს მუწუკს, არამედ მკურნალობს კიდეც მას. ზოგიერთი მწარმოებელი ყოველდღიური მოვლისთვის გვთავაზობს სპეციალურ გამწმენდ ხელსახოცებს.

ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ კოსმეტიკური საშუალებების შეძენას. ცნობილი კომპანიები პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდებიან სამკურნალო საშუალებების რეცეპტურას და ხარისხის გარანტს წარმოადგენენ.

ნუ დავივიწყებთ ხალხურ საშუალებებსაც. ცხიმიანი და მუწუკებიანი კანის გასასუფთავებლად აკეთებენ კრაზანას ნაყენს. 2 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ მცენარეს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აციებენ და მიღებული ნაყენით ყოველდღე ისუფთავებენ კანს. კურსი შეადგენს 20-25 პროცედურას. შემდეგ კეთდება ერთკვირიანი შესვენება და ისევ იმეორებენ მკურნალობას.

ყურადღება უნდა მივაქციოთ კვების რაციონსაც. მოვერიდოთ ცხიმიან, მაღალკალორიულ საკვებს. შევზღუდოთ შოკოლადის, კვერცხის, ცხარე და მარილიანი საკვების, ყავისა და გაზიანი სასმელების მიღება.

მუწუკებთან ბრძოლაში დაგვეხმარება ვარდისა და ლავანდის კომპრესები. 1 ჭიქა ვარდის წყალში მოათავსეთ 2 ჩაის კოვზი ლავანდის ხმელი ყვავილები, დაახურეთ სარქველი და გააჩერეთ 2 საათი. გადაწურეთ, ბამბის ხელსახოცი დაასველეთ ნაყენში და დაიდეთ წინასწარ დაბანილ სახეზე. ასეთი კომპრესი ამშვიდებს კანს, ხსნის ანთებას და აუმჯობესებს კანის ფერს.

ფერიმჭამელებთან საბრძოლველად ყოველ 2-3 დღეში გამოიყენეთ ტალახის ნიღბები.