როგორ და რის გამო იცვლება ფრჩხილები? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

როგორ და რის გამო იცვლება ფრჩხილები?

როგორ და რის გამო იცვლება ფრჩხილები?
ფრჩხილები ორგანიზმის ჯანმრთელობის სარკედ მიიჩნევა. მათი მდგომარეობის მიხედვით 20-ზე მეტი კონკრეტული დაავადების განსაზღვრა-დიაგნოსტიკაა შესაძლებელი, მეტიც, მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ სხვა სპეციფიკურ სიმპტომთა გამოვლენამდე ხშირად სწორედ ფრჩხილებია პირველი და ყველაზე ადრეული ინფორმატორი ამა თუ იმ დაავადებისა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, დაუშვებელია ფრჩხილების ცვლილებათა უგულებელყოფა, აუცილებელია მათ მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილება და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე დროულად ზრუნვა.

ზოგი ჩივის, რომ ფრჩხილის ძალზე თხელი და მტვრევადი ფირფიტა აქვს, ყოველდღიურ ყოფაში, სხვადასხვა საგანთან შეხებისას ადვილად ემტვრევა, თანაც ხშირად არა მხოლოდ ფრჩხილის თავისუფალი კიდე, არამედ ფრჩხილბუდის ნაწილიც კი,
რაც ძალიან მტკივნეული და ტრავმულია. ამის საპირისპიროდ, ზოგს იმდენად მყარი და სქელი ფრჩხილები აქვს, რომ მოჭრა-დამუშავებაც კი უძნელდება.

რატომ და როგორ იცვლება ფრჩხილები, რა არის მათი აშრევება-მტვრევის მიზეზი, არის თუ არა სქელი და მყარი ფრჩხილი, საზოგადოდ, ჯანმრთელობის მანიშნებელი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს
დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის წევრი, დერმატო-ვენეროლოგი მაია პაიკიძე:

– ქალბატონო მაია, რატომ იმტვრევა ფრჩხილები? რა არის ამის ყველაზე ხშირი მიზეზი?

– ფრჩხილი კანის დანამატია, სარკე, რომელიც ავლენს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს, ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ მასზე ასახულ ნებისმიერ ცვლილებას.

ონიქოკლაზია – ფრჩხილის მტვრევადობა შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი ფაქტორებით. მაგალითად, საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებთან კონტაქტით, მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით, ორგანიზმში მიმდინარე დაავადებებით.

– არის თუ არა სქელი და მყარი ფრჩხილი, საზოგადოდ, ჯანმრთელობის მანიშნებელი? რა განაპირობებს ფრჩხილის პათოლოგიურ გასქელებას?

– ფრჩხილის ფირფიტის გასქელების მიზეზი სხვადასხვაა: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, სოკოვანი ინფექცია, ალერგიული დაავადებები, ფსორიაზი, სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემის დაავადებები და სხვა.

ონიქომიკოზის – ფრჩხილის სოკოვანი დაავადებისათვის დამახასიათებელია ფრჩხილის ფირფიტის გაყვითლება, გასქელება, გაფხვიერება.

ონიქოგრიფოზის დროს ფრჩხილის ფირფიტა ბრჭყალისებრი, გასქელებული, გამაგრებული, მრავლობითი დაზოლვით, მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობისაა, როგორც ფრინველის კლანჭი. გვხვდება უმეტესად ასაკოვნებთან.

ონიქაუქსისი – ფრჩხილის ფირფიტის გასქელება ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზის გამო.

– ცალკე პრობლემაა ფრჩხილის აშრევება, ფენებად აქერცვლა, რაზე მიანიშნებს ეს მდგომარეობა? როგორ მკურნალობთ?

– ონიქოშიზისი, შიზონიქია – ფრჩხილის ფირფიტის დისტალური ნაწილის აშრევება, ფენებად დაყოფაა. მისი მიზეზია მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები, ალერგიული დაავადებები, ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი.

დიდი მნიშვნელობა აქვს ძირითადი გამომწვევი დაავადების მკურნალობას, აგრეთვე მიკროელემენტებისა და ვიტამინების მიღებას, ადგილობრივი გამოყენების საშუალებებს, ხელთათმანის გამოყენებას იმ მავნე ქიმიური ნივთიერებებისაგან დასაცავად, რომლებიც დამაზიანებლად მოქმედებენ ფრჩხილის ფირფიტაზე.

– ფრჩხილებზე ზოგჯერ სხვადასხვა ზომისა და ფერის ლაქები ჩნდება, თეთრი, მოყავისფრო-მოყვითალო და სხვა. რა არის ამის მიზეზი? რა უნდა გაითვალისწინოს ამ დროს ადამიანმა? რას გულისხმობს მკურნალობა, პრობლემის აღმოფხვრა?

– ფრჩხილის ფირფიტას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფერი, სხვადასხვა დაავადების დროს.

ლეიკონიქია – თეთრი ლაქები (წერტილოვანი, ხაზოვანი, ტოტალური) ფრჩხილზე. მისი გაჩენის მიზეზია ფრჩხილის მატრიცის დაზიანება, ტრავმა, მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტი.

ფრჩხილის ფირფიტა თეთრდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტის დროს. თეთრი ფრჩხილის ფირფიტა შეინიშნება თირკმლისა და ღვიძლის (ჰეპატიტი ან სხვა) დაავადებების დროს.

ტერის სიმპტომი, ტერის ფრჩხილები – ფრჩხილის ფირფიტის ორი მესამედი თეთრია, დანარჩენი დისტალური ნაწილი კი ვარდისფერი. დამახასიათებელია ღვიძლის ციროზისთვის, გულისა და თირკმლის უკმარისობისთვის.

მკრთალი ფრჩხილები შეიძლება იყოს შემდეგი დაავადებების ნიშანი: გულის შეგუბებითი უკმარისობა, ციროზი, ანემია, დიაბეტი, ჰიპერთირეოიდიზმი.

ფრჩხილის ფირფიტის მოლურჯო ელფერი მიგვანიშნებს სისხლში ჟანგბადის ნაკლებობაზე. შეიძლება გამოწვეული იყოს ფილტვის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, ზოგიერთი მედიკამენტის მიღებით, ტოქსიკური ნივთიერებებით განპირობებული ინტოქსიკაციით.

ფრჩხილის ფირფიტის გაყვითლების ყველაზე ხშირი მიზეზია სოკოვანი ინფექცია და თამბაქო. ფრჩხილის ფირფიტის გაყვითლება შეიძლება გამოიწვიოს ასევე დაბალი ხარისხის ფრჩხილის ლაქის ხშირმა გამოყენებამ. იშვიათი მიზეზია ბრონქოექტაზია, ბრონქული ასთმა, ტუბერკულოზი, სინუსიტი, თირეოიდიტი, შაქრიანი დიაბეტი, იმუნოდეფიციტი, ლიმფომა, ნეფროზული სინდრომი, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება და სხვა.

მელანონიქია – ფრჩხილქვეშა მუქი სიგრძივი ჩანართები ფრჩხილის ფირფიტაზე. ფრჩხილის ჰიპერპიგმენტაცია შეიძლება იყოს მთლიანი ან ნაწილობრივი. მუქი ფერის ხაზები ფრჩხილის ფირფიტაზე ზოგიერთ რასაში ნორმალური მოვლენაა, ხაზოვანი მელანონიქია შეიძლება იყოს ფრჩხილქვეშა კეთილთვისებიანი პიგმენტური ნევუსის გამოვლინება, მაგრამ აგრეთვე ახასიათებს ავთვისებიან მელანომას. ფრჩხილის ფირფიტაზე მუქი სიგრძივი ჩანართების გამოვლენისას უმჯობესია ექიმთან დროული ვიზიტი.

ფრჩხილის ფირფიტის ყავისფერი შეფერილობა ვითარდება ორსულობის, შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ადისონის დაავადების, უხარისხო ფრჩხილის ლაქის ხშირი გამოყენების, ზოგიერთი მედიკამენტის მიღების დროს.

აუცილებელია დროულად მივმართოთ ექიმს, რომ დროულად მოხდეს პრობლემის აღმოჩენა, რომელიც იწვევს ფრჩხილის ფირფიტის ფერის ცვლილებას და დაიგეგმოს შესაბამისი მკურნალობა.

– არცთუ იშვიათია ფრჩხილის ზედაპირის დახორკვლა, უხარისხო მანიკიურის დროს ან კიდევ სხვადასხვა სარეცხ თუ სადეზინფექციო საშუალებასთან შეხების გამო, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ფრჩხილზე გამონაყარი გაჩნდაო, ან კიდევ ამ ქიმიურმა საშუალებამ ფრჩხილის ქსოვილი „შეჭამაო“, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით და რა რეკომენდაციებს მისცემთ, საზოგადოდ, მკითხველს?

– ფრჩხილის ფირფიტის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს უხარისხო ფრჩხილის ლაქის ხშირი გამოყენება, საყოფაცხოვრებო ქიმიურ სარეცხ ან საწმენდ საშუალებებთან კონტაქტი.

ფრჩხილის ლაქის შეძენისას ყურადღება მივაქციოთ შემადგენლობას და ხარისხს. ქიმიურ საშუალებებთან კონტაქტისას, ფრჩხილების გარდა, მთლიანად ორგანიზმზეც გასათვალისწინებელია მათი მავნე ზემოქმედება, ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომაც კონტაქტისას უნდა გამოვიყენოთ ხელთათმანი და პირბადე.

– დღეს აქტუალურია შილაკის თემა, ჩვენს ჟურნალში ამაზე ბევრი სტატია გამოქვეყნდა. როგორც პროფესიონალი დერმატოლოგი, რას ეტყვით ქალებს, საშიშია თუ არა შილაკი და რამდენად ვნებს ის ფრჩხილებს?

– შილაკის მოხსნის შემდეგ ხშირია ფრჩხილის ფირფიტის დაზიანება, გათხელება, მტვრევადობა, დაზიანებულ ფრჩხილზე ადვილად ვითარდება სოკოვანი ინფექცია. თუმცა, შილაკი იმდენად კომფორტულია, რომ ქალებისათვის რთულია მასზე უარის თქმა. მთავარია, გავითვალისწინოთ პროცედურებს შორის ინტერვალი.

– დაბოლოს, რა არის საჭირო ფრჩხილების სიჯანსაღისა და სილამაზისთვის?

– საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა, რომელიც იწვევს ფრჩხილის ფორმის, სისქის, ფერის ცვლილებას, ჯანმრთელი ფრჩხილის ზრდის შეფერხებას. ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღება როგორც მედიკამენტებით, ასევე საკვებით, ხილით. ფრჩხილის სწორად მოვლა, ტრავმის, მექანიკური დაზიანების არიდება, რაც ხშირი მიზეზია ფრჩხილის სხვადასხვა დაავადების დაწყებისა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
რატომ არის გარუჯული კანი პოპულარული? - ის ლამაზად გამოკვეთს სხეულის კონტურებს
სამი მხიარული ასო – SPF სადღეისოდ ყველასათვის ნაცნობია!
ზაფხულში დასვენება ლამაზ რუჯთან არის დაკავშირებული. ხანდახან, სასურველი ფერის მისაღებად,
მედიკოსებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გარუჯვა უსაფრთხო და რა რაოდენობით რუჯი მიიჩნევა "სწორ ზომად".
ჭორფლი – მცირე ზომის პიგმენტური ლაქები ხშირად მემკვიდრეობით გადმოცემული საჩუქარია. ჩვეულებრივ, ის ადრეულად, 4-6 წლის ასაკში ვლინდება.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად