დერმატოლოგია

ზამთარი და კანი

ზამთარი და კანი
გააკეთეთ ყველაფერი პირიქით წელიწადის ცივი დრო კანის ღია ადგილების განსაკუთრებულად მოვლას გვკარნახობს. ზამთარში კანის მოვლის მთავარი თავისებურებაა პროცედურების „გრაფიკის“ შეცვლა. თუ ზაფხულში დამატენიანებელ კრემს დღისით იყენებდით, მკვებავს კი – ღამით, ზამთარში ყველაფერი პირიქით უნდა გააკეთოთ.

კანის კვება დაიწყეთ დილიდან (შინიდან გასვლამდე), ხოლო დამატენიანებელი პროცედურები ძილის წინ ჩაიტარეთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი უგულებელყოფა, რადგან ზამთარში კანს განსაკუთრებით ვნებს ჰაერის მომეტებული სიმშრალე. კანი ადაპტირებულია ტენიანობისა და ტემპერატურის ცვალებადობასთან, მაგრამ არასასურველმა ფაქტორებმა შესაძლოა დაარღვიოს ადაპტაციის რთული ბიოქიმიური მექანიზმი. გაუწყლოებული კანი სიცივეში აქერცვლას და გაწითლებას
იწყებს. კრემს შეუძლია, ყინვაში დაზიანებისგან დაიცვას კანი. შეარჩიეთ საშუალებები, რომლებიც შეიცავს სილიკონს და ქიტოზანს! არსებობს დღის კრემები, რომლებიც ზამთრის სიცივის მავნე ზემოქმედებისგან გვიცავს და ღამის დამამშვიდებელი კრემები, რომლებიც მცენარეულ საშუალებებს შეიცავს და სიწითლესა და დაჭიმულობას ხსნის. ცალკე გამოდის ცუდ ამინდში დამცავი კრემები.


იზრუნეთ ხელებზე


ნუ
ივლით სიცივეში შიშველი ხელებით. ჩაიცვით წყალგაუმტარი ხელთათმანები რბილი ნატურალური სარჩულით (და არა ნაქსოვი ხელთათმანები, რომლებიც წვიმასა და თოვლში სველდება და კანს აღიზიანებს). კვირაში ერთხელ გაიკეთეთ გვირილის ან მწვანე ჩაის დამარბილებელი აბაზანა. ღამით ხელზე წაისვით ნატურალურ ცხიმზე დამზადებული კრემი. აირჩიეთ უნივერსალური კრემები, რომლებიც კვებავს ხელების კანსა და ფრჩხილებს.


ნუ მოილოკავთ ტუჩებს

ტუჩების ლოკვის მავნე ჩვევა განსაკუთრებით საზიანოა ზამთრის სიცივეში. ეცადეთ, როგორმე მოერიოთ თავს და ეს ჩვევა დაძლიოთ. დიდი შეცდომაა შინიდან გასვლის წინ ტუჩებზე სუფთა სააფთიაქო ვაზელინის წასმა – ის აბრკოლებს კანიდან ტენის აორთქლებას და ხელს უწყობს მის დაგროვებას ეპიდერმისის ღრმა შრეებში. ამის შედეგად ტუჩები კარგავს მკვეთრ კონტურს. უმჯობესია, გამოიყენოთ სპეციალური ჰიგიენური საცხი და ბალზამი, ხოლო ძილის წინ შეიზილოთ ტუჩებში ქაფურის, ზეითუნის ან ჩვეულებრივი მზესუმზირას ზეთი. ზამთარში დაივიწყეთ მქრქალი და მდგრადი ტუჩსაცხები – ისინი თითქმის არ შეიცავენ ცხიმს და აშრობენ ტუჩის ნაზ კანს.