წითელი ბრტყელი ლიქენი (პასუხები ძირითად კითხვებზე) - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

წითელი ბრტყელი ლიქენი (პასუხები ძირითად კითხვებზე)

წითელი ბრტყელი ლიქენი (პასუხები ძირითად კითხვებზე)
რატომ ვითარდება წითელი ბრტყელი ლიქენი, რა არის მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი? ამ პრობლემის შესწავლას არაერთი მეცნიერული კვლევა თუ შრომა მიეძღვნა, თუმცა სადღეისოდ მაინც უცნობია დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი. აღნიშნული სფეროს წამყვანი სპეციალისტების აზრით, წითელი ბრტყელი ლიქენი აუტოიმუნური დაავადებაა. იმუნური სისტემის ფუნქციობის დარღვევებთან დაავადების კავშირს ადასტურებს ისიც, რომ წითელი ბრტყელი ლიქენით დაავადებულებს სხვებთან შედარებით გაცილებით ხშირად აღენიშნებათ სხვა აუტოიმუნური დაავადებები, როგორებიცაა, მაგალითად, წყლულოვანი კოლიტი, ბუდობრივი ალოპეცია ან ვიტილიგო.

კლინიკური კვლევების მსვლელობისას დადგინდა, რომ ზოგ ადამიანს წითელი ბრტყელი ლიქენის ახალი კერები უვითარდება კანის
მექანიკური დაზიანების უბნებში, მაგალითად, ნაკაწრის, ნახეთქის არეში ან კიდევ იქ, სადაც კანს ტანსაცმელი ან ესა თუ ის სამკაული ეხახუნება. წითელი ბრტყელი ლიქენის კერები პირის ღრუში შესაძლოა აღმოცენდეს ლორწოვანი გარსის კბილის ქვით ან კბილის ბასრი კიდით მუდმივად ტრავმირების გამო. მედიცინაში ამ ფენომენს კებნერის რეაქციას უწოდებენ.

წითელი
ბრტყელი ლიქენი შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, თუმცა დაავადების ზოგიერთი ფორმა გარკვეული ასაკის პირებთან ვლინდება. მაგალითად, ბრტყელი ლიქენი პირის ღრუში უხშირესად 50-60 წლისებს უვითარდებათ, წითელი ბრტყელი ლიქენი კანზე კი, ძირითადად, 40-45 წლის ასაკის ადამიანთა პრობლემაა.

თანამედროვე სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში ზრდასრული ადამიანების 0,1-დან 4%-ს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ჰქონია წითელი ბრტყელი ლიქენი. ეს დაავადება ბავშვებს იშვიათად უვითარდებათ.

mkurnali.ge

უკავშირდება თუ არა წითელი ბრტყელი ლიქენი სტრესს?

წითელი ბრტყელი ლიქენით დაავადებულთა დიდ ჯგუფებზე ხანგრძლივად დაკვირვებით გაირკვა, რომ დაავადების გამოვლინებასა და გამწვავებას სწორედაც რომ სტრესი (შფოთვა, უარყოფითი ემოციები, გადაღლა და სხვა) უწევს პროვოცირებას.


რამდენად უკავშირდება წითელი ბრტყელი ლიქენი ალერგიას?


კვლევებით დადგენილია, რომ წითელი ბრტყელი ლიქენის კერების აღმოცენება პირის ღრუში შესაძლოა სხვადასხვა კომპონენტზე განვითარებულ ალერგიულ რეაქციას უკავშირდებოდეს, მაგალითად, პროთეზების ან კბილის დასაბჟენად განკუთვნილი მასალების შემადგენლობაში შემავალ ვერცხლისწყალს ან კიდევ კბილის პასტებში შემავალ არომატიზატორებს. ამის გათვალისწინებით, თუ პირის ღრუში წითელი ბრტყელი ლიქენის კერები შენიშნეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმ-ალერგოლოგს. ის კანის მარტივ ალერგიულ სინჯებს ჩაგიტარებთ და გაარკვევს, გაქვთ თუ არა ალერგია ამა თუ იმ ქიმიურ ნივთიერებაზე. ზოგიერთ ადამიანს კბილის პასტის ან კბილის პროთეზის შეცვლის შემდეგ პირის ღრუში წითელი ბრტყელი ლიქენის კერები სრულად უქრება.


იწვევს თუ არა მედიკამენტები წითელ ბრტყელ ლიქენს?

წითელი ბრტყელი ლიქენის კერების პირის ღრუში აღმოცენების პროვოცირებას იშვიათად ახდენს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (მაგალითად, ასპირინი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი და სხვა), ასევე ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინკონვერტირებადი ფერმენტის ინჰიბიტორები, სულფონილშარდოვანას წარმოებულები და მალარიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი. თუ აღნიშნული მედიკამენტების მიღების ფონზე შენიშნავთ წითელი ბრტყელი ლიქენის კერების განვითარებას პირის ღრუში, აუცილებლად მოახსენეთ ეს დერმატოლოგსა და იმ ექიმს, რომელმაც შესაბამისი პრეპარატი დაგინიშნათ.


გადამდებია თუ არა წითელი ბრტყელი ლიქენი?

ლიქენის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, წითელი ბრტყელი ლიქენი არ არის ინფექციური დაავადება და ერთი ადამიანისგან მეორეზე არ გადადის. თუმცა აღსანიშნავია ერთი ფაქტორი, ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც უვითარდება წითელი ბრტყელი ლიქენი, ვირუსული ჩ ჰეპატიტითაა დაავადებული. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი მეტად საშიში და ვერაგი დაავადებაა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და სქესობრივი გზითაც გადაეცემა. ამიტომ, როდესაც ადამიანს წითელი ბრტყელი ლიქენი უვითარდება, სასურველია ჩ ჰეპატიტზეც ანალიზის ჩატარება.


რამდენად საშიშია წითელი ბრტყელი ლიქენი? რა გართულებები ახლავს მას?

წითელი ბრტყელი ლიქენი უმრავლეს შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა, ზოგიერთ ადამიანს მეტად მძიმე გართულებები უვითარდება. კერძოდ, წითელი ბრტყელი ლიქენით დაავადებული კანის უბნები შესაძლოა დროებით გამუქდეს, ზოგს ამ უბნებზე ნაწიბურები ან ერთგვარი ჩაღრმავებები (ე.წ. ჩავარდნილობები) უვითარდება. წითელი ბრტყელი ლიქენის თავის კანზე განვითარებამ შესაძლოა თმის შეუქცევადი ცვენა გამოიწვიოს. ბრტყელი ლიქენის ეროზიულმა ფორმამ, რომელიც სასქესო ორგანოთა ლორწოვან გარსს აზიანებს, შესაძლოა ნაწიბურების, შეხორცებების განვითარება, საშოს შევიწროება და ფიმოზი გამოიწვიოს. თვალის არეში განვითარებულმა წითელმა ბრტყელმა ლიქენმა კი მხედველობის დაკარგვა ან კიდევ საცრემლე არხის შევიწროება განაპირობოს (რაც, თავის მხრივ, უწყვეტ და შემაწუხებელ ცრემლდენას იწვევს). წითელი ბრტყელი ლიქენის ფრჩხილებზე გავრცელებისას ზოგჯერ ფრჩხილების ძლიერი დეფორმაცია ვითარდება.


მართალია თუ არა, რომ წითელმა ბრტყელმა ლიქენმა შესაძლოა კიბოს განვითარება გამოიწვიოს?


წითელი ბრტყელი ლიქენის კერები კანზე კიბოდ არ გარდაიქმნება, მიუხედავად ამისა, პირის ღრუში არსებულმა კერებმა დროთა განმავლობაში შესაძლოა კიბოს განვითარებას მისცენ დასაბამი. ერთ-ერთი კვლევის მონაცემებით, პირის ღრუს კიბო, ადრე თუ გვიან, უვითარდება წითელი ბრტყელი ლიქენით დაავადებული ადამიანების 2%-ს. იმისათვის, რომ კიბოს განვითარების ალბათობა შემცირდეს:

  • უარი უნდა თქვათ ალკოჰოლის მიღებასა და თამბაქოს მოწევაზე;
  • უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული;
  • პერიოდულად გაიაროთ ექიმ-სპეციალისტთან კონსულტაცია და შემოწმება.


რა სიმპტომებით ხასიათდება წითელი ბრტყელი ლიქენი?


წითელი ბრტყელი ლიქენი სახეზე, სხეულზე, ხელებზე, ფეხებზე, მკერდსა და საზარდულის არეში. წითელი ბრტყელი ლიქენის პირველი კერები, როგორც წესი, ვლინდება ხელებისა და ფეხების (ზედა და ქვედა კიდურების) კანზე სახსრების არეში. ჩვეულებრივ, ისინი მუქ წითელ გამკვრივებებად (კვანძებად) გამოიყურება და ძლიერი ქავილით ხასიათდება. რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ ეს კერები სხეულის სხვა უბნებშიც შეიძლება განვითარდეს. განსაკუთრებით ძლიერი ქავილით ხასიათდება ის კერები, რომლებიც თითებზე ჩნდება. ანალოგიური სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მუნისა და კანის სხვა დაავადებების დროს.

პაციენტთა 10%-ს წითელი ბრტყელი ლიქენის „კვანძები“ კანზე ჯგუფურად უვითარდება. დაავადების განვითარების კვალად, დაჯგუფების შიგნით კვანძების ნაწილი ქრება, დაჯგუფების პერიმეტრზე (კიდეზე) კი ახალი ჩნდება. ასეთ შემთხვევაში კვანძების დაჯგუფება რგოლივით გამოიყურება. მედიცინაში ამ ფენომენს წითელი ბრტყელი ლიქენის რგოლისებრ ფორმას უწოდებენ. მტევნებზე, წვივებსა და თითების სახსრებზე წითელი ბრტყელი ლიქენის კერები შესაძლოა ფორმირდეს შედარებით მსხვილ და მყარ ბალთებად. მედიცინაში ამ ფორმას ჰიპერტროფიულ ან მეჭეჭოვან ლიქენს უწოდებენ.

ზოგ შემთხვევაში (უხშირესად ფეხებზე, ზურგზე, დუნდულებზე ან პირის ღრუში) წითელი ბრტყელი ლიქენის კერების წარმოქმნიდან გარკვეული დროის შემდეგ მათზე სითხით სავსე ბუშტუკები ვითარდება, მედიცინაში მას ვეზიკულურ ფორმად მოიხსენიებენ.


წითელი ბრტყელი ლიქენი პირის ღრუში (პირის ლორწოვან გარსსა და ენაზე)

წითელი ბრტყელი ლიქენის კერები პირის ღრუში უხშირესად მცირე გამკვრივებების სახით გამოიყურება. აღნიშნულ გამკვრივებებს სხვა სიმპტომები არ ახლავს. მიუხედავად ამისა, ეს გამკვრივებები ზოგ პაციენტთან შესაძლოა მეტად მტკივნეულ წყლულებად გარდაიქმნას. წითელი ბრტყელი ლიქენის ამ ფორმას ეროზიულ-წყლულოვან ფორმას უწოდებენ.

mkurnali.ge

წითელი ბრტყელი ლიქენი სასქესო ორგანოთა არეში

წითელი ბრტყელი ლიქენი სასქესო ორგანოებზე უხშირესად მამაკაცებს უვითარდებათ. როგორც წესი, ამ შემთხვევაში დაავადება სასქესო ასოს (პენისის) თავს მოიცავს და რგოლისებრი ფორმა აქვს. იშვიათად წითელი ბრტყელი ლიქენი ვითარდება ჩუჩაზე და სათესლე პარკის კანზე.

წითელი ბრტყელი ლიქენის პათოლოგიური კერები სასქესო ორგანოებზე შესაძლოა ქალებსაც განუვითარდეთ. დროთა განმავლობაში მათ შესაძლოა შარდის გამომტანი მილისა და საშოს შევიწროება, შარდის გამოყოფის გაძნელება გამოიწვიონ. წითელი ბრტყელი ლიქენი სასქესო ორგანოთა არეში ძლიერ ქავილს, სქესობრივი აქტის დროს კი ტკივილს იწვევს.


წითელი ბრტყელი ლიქენი თავის თმიან ნაწილში და ფრჩხილებზე


წითელი ბრტყელი ლიქენი პაციენტთა 10%-ს თავის კანსა და ფრჩხილებზე უვითარდება. თავის კანზე პათოლოგიური კერები მუქი წითელი ქერცლებით დაფარული გამკვრივებების სახით გამოიყურება. მათ ძლიერი ქავილი ახლავს. დაავადების განვითარების კვალად წითელი ბრტყელი ლიქენის კერების ადგილზე შესაძლოა თმის ცვენა დაიწყოს. იმ შემთხვევაში, თუ დაავადება ფრჩხილებს მოიცავს, ეს უკანასკნელი დეფორმირდება (ხორკლებით იფარება), სქელდება, მუქდება და ყავისფერდება. აღნიშნული სიმპტომებით დაავადება ზოგჯერ ფრჩხილის სოკოს ემსგავსება.


რამდენ ხანს გრძელდება წითელი ბრტყელი ლიქენი?

კანზე განვითარებული წითელი ბრტყელი ლიქენი შესაძლოა 6 თვეს ან მეტხანსაც (ზოგჯერ 1,5-2 წელი და მეტიც) შენარჩუნდეს. ამის შემდეგ დაავადება გაივლის. ზოგჯერ გამოჯანმრთელების შემდეგ გარკვეულ ხანში დაავადება კვლავ ვითარდება, ანუ რეციდივს განიცდის. წითელი ბრტყელი ლიქენი პირის ღრუში საშუალოდ 5 წელს გრძელდება. ზოგ შემთხვევაში დაავადება 20 წელსაც კი ნარჩუნდება. ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება გამწვავდეს ან შენელდეს (რემისია).


როგორ დიაგნოსტირდება წითელი ბრტყელი ლიქენი?

სადიაგნოსტიკოდ დერმატოლოგისათვის, ჩვეულებრივ, საკმარისია პათოლოგიური კერებისა და მათ გარშემო არსებული კანის დათვალიერება. დიაგნოზის დასაზუსტებლად ზოგჯერ კანის ბიოფსიასაც კი მიმართვენ. წითელი ბრტყელი ლიქენის კერების გამოსავლენად ცხვირის ღრუში, საყლაპავში, შესაძლოა დაინიშნოს დამატებითი კვლევები, ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია და სხვა.


რა მკურნალობა ინიშნება წითელი ბრტყელი ლიქენის დროს?

მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა და გამოვლენილი კერების ლოკალიზაციაზე.სხეულის კანზე განვითარებული წითელი ბრტყელი ლიქენი თავისთავად გაივლის. ქავილის შესამცირებლად და გამოჯანმრთელების დასაჩქარებლად ხშირად კორტიკოსტეროიდული ჰორმონული მალამოები (საცხები) ინიშნება. ეს მალამოები წითელი ბრტყელი ლიქენის სამკურნალო ყველაზე ეფექტურ საშუალებებად მიიჩნევა. წითელი ბრტყელი ლიქენის ჰიპერტროფიული ფორმის დროს კორტიკოსტეროიდული ჰორმონები ზოგჯერ ინექციის სახით ინიშნება კანის დაზიანებულ უბნებში. ქავილის შესამცირებლად რეკომენდებულია პათოლოგიური კერების არეში დამარბილებელი და კანის დამატენიანებელი კრემების გამოყენება, ასევე ანტიჰისტამინური საშუალებების დალევა. თუ პირის ღრუში არსებული კერები პაციენტს არ აწუხებს, მათ არ მკურნალობენ, მაგრამ თუ ეროზიულ-წყლულოვანი ფორმა განვითარდა და პაციენტს დალევა-ჭამა უძნელდება, ინიშნება ჰორმონული პრეპარატები, ზოგჯერ კერების ლაზერით მოწვაც.


შეიძლება თუ არა გარუჯვა (საზოგადოდ, ზღვა და სოლარიუმი) წითელი ბრტყელი ლიქენის დროს?

კლინიკური დაკვირვებები იმაზე მიუთითებს, რომ წითელი ბრტყელი ლიქენის განვითარება არ უკავშირდება მზის გამოსხივებას. მედიცინაში აღწერილია დაავადების მხოლოდ ერთი იშვიათი ფორმა - სხივური წითელი ლიქენი, რომლის პროვოცირებასაც მზის სხივები ახდენს, თუმცა, ეს დაავადება მხოლოდ ტროპიკულ რეგიონებში გვხვდება, აფრიკაში, ინდოეთსა და შუა აღმოსავლეთში. ამგვარად, თუ ადამიანი დაავადებულია წითელი ბრტყელი ლიქენით, თამამად შეუძლია ზღვაზე დასასვენებლად გამგზავრება, მზეზე გარუჯვა, თუმცა, ზომიერად, რადგან მზე იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს.


დაშვებულია თუ არა შხაპი და აბაზანა წითელი ბრტყელი ლიქენის დროს?

დაავადების განვითარებაზე შხაპი და აბაზანა არავითარ გავლენას არ ახდენს. დაბანა, ჩვეულებრივ, შეიძლება წითელი ბრტყელი ლიქენის დროს, მთავარია აბანოსა თუ შხაპის მიღების შემდეგ ქავილის შესამცირებლად დამარბილებელი და დამატენიანებელი კრემების შეზელა კანის დაზიანებულ უბნებში.


რა გავლენას ახდენს წითელი ბრტყელი ლიქენი ორსულობაზე?


ამ დაავადების გავლენა ორსულობასა და ნაყოფის განვითარებაზე საბოლოოდ არ არის შესწავლილი, სადღეისოდ ჯერ კიდევ არ არსებობს შემოწმებულ-დასაბუთებული მონაცემები. თუ ქალი ორსულობის პერიოდში დაავადდა წითელი ბრტყელი ლიქენით, აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია გინეკოლოგთან!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
სახსრებისა და კუნთებისთვის -75მლ. ტუბი
ფასი: 41.9
ანთების დროს ტკივილის შესამცირებლად-30აბი
ფასი: 43.9
ხრტილოვანი ნაწილის შესანარჩუნებლად -30აბი
ფასი: 44.4
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
კატეგორიის სხვა სტატიები
ხშირი დაბანა ერთ-ერთი ჩვევაა, რასაც ბავშვობიდან გვასწავლიან და ვერც კი წარმოგვიდგენია რა მოგვივა დაუბანლობის შემთხვევაში.
ზღვის სეზონი მიიწურა და ბევრმა ჩვენგანმა მზის სხივების ზემოქმედების შედეგად
სახის კანის პრობლემები ხშირად მისი არასწორი მოვლის გამო ჩნდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახის დაბანის რეჟიმსა
ექსპერტთა განცხადებით, ყველაზე მეტად უჯრედებს აზიანებს და კოლაგენის გამომუშავებას აფერხებს (შესაბამისად იწვევს დაბერებას)
კანისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეები ფართოდ გავრცელებული ონკოლოგიური პათოლოგიებია.
SPF სადღეისოდ ყველასათვის ნაცნობია! SPF ფაქტორის შემცველ საშუალებებს უსაფრთხო რუჯისათვის სადღეისოდ ბევრი იყენებს.
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად