გენიტალური სოკოვანი ინფექცია - როგორ ვიმკურნალოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გენიტალური სოკოვანი ინფექცია - როგორ ვიმკურნალოთ

სასქესო ორგანოებზე სოკოვანი ინფექცია სქესობრივი კონტაქტისას ვრცელდება, თუმცა ეს პათოლოგია არ მიიჩნევა ვენერულ დაავადებად. ის შესაძლოა ბავშვებსაც განუვითარდეთ. საშიშროებას ქმნის სოკოების მიერ გამოყოფილი ტოქსინები, რომლებიც აქვეითებს იმუნურ სისტემას, იწვევს ალერგიულ რეაქციებს და შინაგანი ორგანოების დაავადებებსაც კი.

ქალთა თუ მამაკაცთა გენიტალიებზე (სასქესო ორგანოებზე) სოკოვანი ინფექცია სქესობრივი კონტაქტისას უსიამოვნო ფიზიკურ შეგრძნებებსა და დისკომფორტს ქმნის, ასევე მეტად არაესთეტიკურად გამოიყურება.

სოკოვანი ინფექციის მიზეზი სხვადასხვაა. ყველა შემთხვევაში ხელშემწყობ ფაქტორად გვევლინება იმუნიტეტის დაქვეითება. რისკჯგუფში შედიან მამაკაცები - სწორედ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს აღენიშნებათ უფრო ხშირად სოკოს ზოგიერთი სახეობა, მაგალითად, საზარდულის ეპიდერმოფიტია.

სოკოს სახეები

სასქესო ორგანოთა (გენიტალიების) სოკოვან დაავადებას ყველაზე ხშირად კანდიდას ტიპის სოკო იწვევს (უროგენიტალური კანდიდოზი).

მამაკაცებთან ეს სოკო იწვევს კანდიდოზურ ბალანიტს (სასქესო ასოს თავის ანთება) და ბალანოპოსტიტს (ასოს თავისა და ჩუჩის ანთება). აღნიშნული სოკო საფუარას ტიპისაა და რამდენიმე ქვესახეობად იყოფა.

კანდიდა, საზოგადოდ, ყველა ადამიანის ორგანიზმში არსებობს. ძირითადად გვხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ჩვეულებრივ პირობებში შეუმჩნეველია, იმუნიტეტის დაქვეითებისა და დაავადების გამომწვევ სხვა ფაქტორთა არსებობისას კი აქტიურად ავლენს თავს. სოკოს შეუძლია სისხლის მიმოქცევის გზით მთელ ორგანიზმში გავრცელება, მაგალითად, საშოში, ყურის შიგნითა ზედაპირზე, ცხვირის ღრუში და სხვა.

აღნიშნული სოკოს ცხოველმყოფელობის თავისებურება ის გახლავთ, რომ ინტენსიურად იკვებება ნახშირწყლებით, კერძოდ, გლიკოგენით, რომელსაც გამოიმუშავებს ვაგინალური (საშოს) ეპითელიუმის უჯრედები. იმის გამო, რომ სოკო მთლიანად „ჭამს“ ნახშირწყლებს, არღვევს საშოს ბუნებრივ მიკროფლორას, გარდა ამისა, სწრაფად მრავლდება, სხვა ბაქტერიები კი იღუპებიან. ასეთ პირობებში სწრაფად ვითარდება ანთება. ხელშემწყობი ფაქტორებია თბილი და ტენიანი გარემო, განსაკუთრებით - ოფლი. ის მეტად ხელსაყრელია სოკოს განვითარება-გამრავლებისთვის.

მამაკაცებს შესაძლოა სოკოვანი ინფექცია განუვითარდეთ მძიმე ფიზიკური დატვირთვის, სპორტული ვარჯიშის დროს, განსაკუთრებით - ზაფხულის ცხელ პერიოდში, თუ არ იცავენ ჰიგიენის ელემენტარულ წესებს, არ აქვთ რეგულარულად ჰიგიენური პროცედურების ჩატარებისა და თეთრეულის გამოცვლის საშუალება.

ბავშვებს საბავშვო ბაღებში სოკოვანი ინფექცია შესაძლოა პირსახოცითა და თეთრეულით გადაედოთ. ხელსაყრელ პირობებში სოკო სწრაფად მრავლდება და არღვევს სასქესო ორგანოთა მიკროფლორას.

ქალებთან სოკოვანი ინფექციის განვითარების ხელშემწყობია ორსულობა, ენდოკრინული დარღვევები, ესტროგენების სიმცირე, ქირურგიული ოპერაციები, გადატანილი ინფექციები, სტრესი, დაღლილობა, ორგანიზმის დასუსტება.

სოკოვანი ინფექციის მძიმე გართულებას წარმოადგენს ვაგინიტი. სოკოთი დასნებოვნება, ძირითადად, სქესობრივი კონტაქტით ხდება, ინფექციის გადაცემა შესაძლებელია საყოფაცხოვრებო გზითაც (მაგალითად, პირსახოცით).

კანდიდას გარდა, არსებობს სხვა გენიტალური სოკოებიც, თუმცა ისინი ნაკლებად არის გავრცელებული.

სოკოვანი ინფექციის სიმპტომები

სოკო ქალებთან და მამაკაცებთან სხვადასხვაგვარად ვლინდება. სუსტი სქესის წარმომადგენლებს ხაჭოსებრი გამონადენი აღენიშნებათ, რომელსაც სასქესო ბაგეებისა და საშოს ქავილი ერთვის თან. მამაკაცებს ასოს თავი და ჩუჩა უწითლდებათ, შეხებისას სასქესო ორგანო მტკივნეულია, კანი - გაღიზიანებული, გამოხატულია ქავილი, ზოგჯერ ჩნდება მცირე გამონაყარი ასოს თავის ლორწოვან გარსზე.

საზარდულის ეპიდერმო ფიტია

ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სოკოვანი პათოლოგიაა საზარდულის ეპიდერმოფიტია, რომელსაც ხალხში „ჟოკეის ქავილს“ უწოდებენ. ამ დროს კანზე მკვეთრი კიდეებით შემოფარგლული ვარდისფერი ლაქები ჩნდება, რომლებიც დროთა განმავლობაში სითხით სავსე ბუშტუკებად გარდაიქმნება, კანი შრება და იქერცლება, ვითარდება მცირე ზომის ნახეთქები, ძლიერი ქავილი და წვა. გამოხატული სიმპტომები რამდენადმე ჰერპესინფექციის ნიშნებს წააგავს, ამიტომაც აუცილებელია ზუსტი დიაგნოსტიკა, რადგან დასახელებული პათოლოგიების მკურნალობა რადიკალურად განსხვავებულია. საზარდულის ეპიდერმოფიტია სასქესო ორგანოებზე ხშირად საზარდულის არეს აზიანებს. სოკო, ჩვეულებრივ, ბარძაყების შიგნითა ზედაპირზე, საზარდულის ნაკეცებში და ანალური ხვრელის გარშემო იკიდებს ფეხს.

მკურნალობა და პროფილაქტიკა

სოკოვანი ინფექციის თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა წყვილის ერთდროულად მკურნალობა, თუნდაც ერთ სქესობრივ პარტნიორს ჰქონდეს გამოხატული დაავადების ნიშნები.

მკურნალობა ტარდება სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებითა და ანტიბიოტიკებით. პაციენტებს ურჩევენ სოდის ან ფურაცილინის ხსნარით ჩაბანას. არ არის სასურველი საპნისა და კალიუმის პერმანგანატის ხსნარის გამოყენება - კიდევ უფრო მეტად რომ არ გამოშრეს გენიტალიების კანი. მკურნალობის პროცესში აუცილებელია შესაბამისი ჰიგიენის დაცვა, სქესობრივი კავშირის დროს თავდაცვა ან თავშეკავება მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში (რომელიც, ჩვეულებრივ, 2 კვირას მოიცავს, მძიმე შემთხვევაში კი 3-4 კვირასაც გრძელდება).

სოკოვანი ინფექციის მკურნალობის დროს ინიშნება სპეციალური დიეტა, რომელიც ზღუდავს ცხიმიანი, ტკბილი, მწარე, შებოლილი პროდუქტების, თეთრი პურისა და, საზოგადოდ, პურ-ფუნთუშეულის საკვებად გამოყენებას.

გახსოვდეთ, სოკოს ზოგიერთი შტამი დროთა განმავლობაში რეზისტენტული ხდება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედებისადმი, ამიტომაც აუცილებელია სამკურნალო კურსის ბოლომდე ჩატარება, სოკოს სრულფასოვნად განკურნება. უკუნაჩვენებია მკურნალობისას ცხელი აბაზანები, შხაპი, აუზი და აბანო. სასურველია სტრესის გამორიცხვა, პაციენტს უნდა ეცვას ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი თავისუფალი თეთრეული, რომელიც გამოცვლისთანავე უნდა გამოიხარშოს და გაუთოვდეს.