ფრჩხილები - კანის რქოვანი დანამატები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფრჩხილები - კანის რქოვანი დანამატები

.

  • ფრჩხილის ფირფიტა

ფრჩხილის ფირფიტა მთლიანად კერატინის შემცველი რქოვანი უჯრედებისგან შედგება. მას აქვს სხეული და ფესვი. ფრჩხილის ფესვი რქოვანი ფირფიტის უკანა ნაწილია, სხეული კი - თავად რქოვანი ფირფიტა. ფრჩხილის ფირფიტა ფრჩხილბუდის გვერდებიდან კანის ნაკეცებით - ფრჩხილის ქედებით - არის შემოსაზღვრული.

განასხვავებენ უკანა და გვერდით ქედებს. უკანა ქედი ფრჩხილის ფესვთან ახლოს მდებარეობს და წარმოქმნის ფრჩხილზედა კანს. სწორედ ის იჭრება მანიკიურის დროს.

ფრჩხილბუდე კარგად განვითარებული სისხლმომარაგების წყალობით ფირფიტას საკმარისი რაოდენობის საშენ მასალას აწვდის და მის განახლე-ბაში მონაწილეობს. მას საკმაოდ მდიდარი ნერვული და სისხლძარღვოვანი ქსელი აქვს, რის გამოც ფრჩხილი ძლიერ მგრძნობიარეა. ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს მისი თავისუფალი კიდე - ის ფრჩხილბუდეს არ უკავშირდება. ამიტომაც არის ფრჩხილების დაჭრა უმტკივნეულო.

  • ფერი

ჯანმრთელი ადამიანის ფრჩხილი ვარდისფერი, ბზინვარე, გლუვია და თითის ფორმას შეესაბამება.

დიდსა და საჩვენებელ თითებს ფესვის ახლოს აქვს მოთეთრო ნახევარმთვარისებრი წარმონაქმნები - ფრჩხილის მთვარეები, რომლებიც ფესვის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს.

  • ფრჩხილის მახასიათებლები

ფრჩხილის ნორმალური სისქე 0,3 მმ-ია, სიგანე - 10-დან 17 მმ-მდე, სიგრძე - საშუალოდ 10-15 მმ, თუმცა ცნობილია შემთხვევები, როცა ადამიანმა ფრჩხილის 40-45 სმ-მდე გაზრდა შეძლო. ფრჩხილი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იზრდება. ზრდის ტემპი დამოკიდებულია ფრჩხილის მატრიქსზე, რომელიც მუდმივად დაყოფადი უჯრედებისგან შედგება და მათ აქტიურობაზე.

  • ფრჩხილის მატრიქსი

მატრიქსი ადგილია, სადაც რქოვანი ფირფიტა წარმოიქმნება. ის შედგება ეპითელური უჯრედებისგან - ონიქობლასტებისგან, რომლებიც ფრჩხილს წარმოქმნის. მატრიქსის საშუალებით უჯრედები გაძლიერებულად მუშაობს და კერატინს გამოიმუშავებს. კერატინის შემცველი უჯრედები უშუალოდ ფრჩხილის ფირფიტის ქვეშ ლაგდება და ნელ-ნელა კიდისა და ფირფიტისკენ მიიწევს, თანდათან კარგავს სითხეს, მკვრივდება და რქოვანდება.

  • ფრჩხილის შედგენილობა

ფირფიტის ძირითადი კომპონენტი ცილა კერატინია, რომელსაც გარკვეული ოდენობით შეიცავს კანიც და თმაც. ფრჩხილებისა და თმის სიმკვრივე იმით არის განპირობებული, რომ კერატინი საკმაოდ დიდი ოდენობით შეიცავს გოგირდის ატომებს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირით კერატინის მოლეკულას სიმყარეს სძენს.

თმასა და ფრჩხილებში გოგირდის შემცველი ამინომჟავა ცისტეინის ოდენობა ყოველთვის ერთნაირი არ არის. ამას უმთავრესად მემკვიდრეობითი თავისებურებები განსაზღვრავს. ამიტომაც აქვს ზოგს ფრჩხილები გაცილებით მყარი და მკვრივი, ზოგს კი - ნაზი და რბილი. ამით აიხსნება ისიც, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ფრჩხილების გასქელება და გამკვრივება, ვინაიდან მატრიქსის აქტიურობას ყოველ ადამიანში მისთვის დამახასიათებელი გენეტიკური კოდი განსაზღვრავს. კერატინი მხოლოდ ცისტეინსა და გოგირდს არ შეიცავს. მის შრეებს შორის ცხიმისა და წყლის თხელი ფენებია, რომლებიც ფრჩხილის ფირფიტას ელასტიკურობასა და ბზინვარებას ანიჭებს.

ფრჩხილი წყლის შეწოვის შესანიშნავი უნარით გამოირჩევა, ამიტომ მათ, ვისაც ხშირად უხდება ხელების წყალში ჩაყოფა, ფრჩხილები ურბილდებათ და უსქელდებათ. ფრჩხილი სხვა მიკროელემენტებსაც შეიცავს: კალციუმს, ქრომს, სელენსა და თუთიას. მათ შემცველობაზე ბევრად არის დამოკიდებული ფრჩხილის სიჯანსაღე.

  • ფრჩხილის ზრდა

ფრჩხილი დაახლოებით ერთი და იმავე სიჩქარით იზრდება, თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ცვლის ზრდის ტემპს. ფრჩხილი გაცილებით ნელა იზრდება, ვიდრე თმა. ის დღე-ღამეში საშუალოდ 0,1-0,12 მმ-ს იმატებს, მთლიანად კი (ფესვიდან თავისუფალ კიდემდე) დაახლოებით 180-190 დღეში ახლდება. ქირურგიული წესით ფრჩხილის მოცლის შემდეგ ახალი ფირფიტა ხელზე საშუალოდ 22 კვირაში იზრდება, ფეხზე - 52-77 კვირაში. ხელის ფრჩხილები კვირაში საშუალოდ 1 მმ-ით იზრდება, ფეხისა - 0,25 მმ-ით. ბავშვს ფრჩხილი გაცილებით სწრაფად ეზრდება, ვიდრე მოზრდილს.

  • ზრდის თავისებურებანი

ფრჩხილის ზრდას აძლიერებს ჰორმონული ცვლილებები - გარდატეხის ასაკი, წინარემენსტრუაციული პერიოდი, ორსულობა, ასევე - მოქმედება, რომელიც ფრჩხილების ლესვას იწვევს: ბეჭდვა, ფრჩხილების კვნეტა, ხელების მასაჟი.

ფრჩხილის ზრდას აფერხებს მკაცრი დიეტა, როდესაც რაციონი საჭიროზე გაცილებით ნაკლებ ცხიმს, ცილასა და ვიტამინებს შეიცავს; ასევე - დაავადებები, რომლებსაც თან სდევს სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ნივთიერებათა ცვლის მოშლა.

ახალგაზრდებს ფრჩხილები ხანდაზმულებზე გაცილებით სწრაფად ეზრდებათ, მამაკაცებს - უფრო სწრაფად, ვიდრე ქალებს, ზაფხულში ფრჩხილი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ზამთარში. ფრჩხილის ზრდის შეჩერება ნორმალური მოვლენა არ არის. ეს ყოველთვის რომელიმე პათოლოგიას უკავშირდება. ფრჩხილის ზრდას აფერხებს შინაგან ორგანოთა ზოგიერთი პათოლოგია, ზოგი მათგანი კი ფირფიტას ფორმასა და შესახედაობას უცვლის.

  • ფრჩხილის ფუნქციები

ფრჩხილის მთავარი ფუნქციაა, დაიცვას თითის უკანასკნელი ფალანგები მექანიკური დაზიანებისგან და არ დაუშვას ორგანიზმში უცხო სხეულებისა და მიკრობების შეღწევა.

  • ფრჩხილის პათოლოგიები

ფრჩხილის ზოგადად დაზიანებას ონიქია ეწოდება. პარონიქია ფრჩხილისირგვლივ ქსოვილთა ანთებითი დაზიანებაა სოკოებით, ბაქტერიებით და სხვა მიკროორგანიზმებით. ფრჩხილის დაზიანების სიმპტომებია:

  1. ფრჩხილის დისტროფია - მატრიქსის უჯრედებში საშენი მასალის ნაკლებობა, რაც ფრჩხილბუდეში სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის დარღვევით არის გამოწვეული და ფირფიტის განლევას და მის პათოლოგიურ ცვლილებას იწვევს;
  2. ფორმისა და ზომის ცვლილება:
    1. ონიქოლიზისი - მატრიქსის დაზიანების გამო ფრჩხილის ფირფიტის ნაწილობრივი მოვარდნა ფრჩხილის ბუდიდან;
    2. ონიქორექსისი - ფრჩხილის გაძლიერებული მტვრევადობა;
    3. ონიქოშიზისი - ფრჩხილის ფირფიტის დისტროფიით გამოწვეული აშრევება, აქერცვლა;
    4. ონიქოგრიფოზი - ფრჩხილების ჰიპერტროფია, რომელიც გამოწვეულია ხშირი და განმეორებითი ტრავმით და ფრჩხილის ზომისა და სისქის მომატებით ვლინდება;
    5. ტრაქიონიქია - უსწორმასწორო ფორმის ფრჩხილების წინა კიდის აქერცვლა;
    6. დისქრომია - ფრჩხილის პიგმენტაციის მოშლა, მისი ჩვეული ფერის შეცვლა.

ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ფრჩხილების დესტრუქციულ ცვლილებებს:

  1. ფრჩხილის ზრდის აპარატის ინფექციური დაავადებები (სოკოები და ბაქტერიები);
  2. კანის დაავადებების - ფსორიაზის, წითელი ლიქენის, ეგზემის, ნეიროდერმიტის, ალოპეციის და სხვათა - თანამდევი ონიქიები და პარონიქიები;
  3. შინაგანი, ინფექციური, ნერვულ-ფსიქიკური, ენდოკრინული და სხვა სისტემური დაავადებებით გამოწვეული ფრჩხილის აპარატის დაზიანება;
  4. ტრავმული და პროფესიული ონიქიები და პარონიქიები;
  5. ფრჩხილის აპარატის ახალწარმონაქმნები, სიმსივნეები;
  6. თანდაყოლილი მემკვიდრეობითი ონიქიები.
  • ფრჩხილი სიგნალს გვაძლევს

ფრჩხილები ხშირად ჰფენს ნათელს ორგანიზმში ფარულად მიმდინარე ავადმყოფურ პროცესებს. ასე, მაგალითად:

  1. ლებნისებრი ფირფიტა მიანიშნებს ქრონიკულ ანთებით პროცესზე, რომელიც ლოკალიზებულია ცხვირის ღრუს წიაღებში, ან რევმატიზმული პროცესის დასაწყისზე მიუთითებს.
  2. ფრჩხილის განივი დაღარვა შინაგანი ორგანოების - თირკმელების, ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებზე მეტყველებს. განივი ღარები ასევე მიუთითებს, რომ ორგანიზმს არ ჰყოფნის თუთია. რაკი ამ ელემენტის მთავარი წყარო ცხოველური საკვებია, ასეთი ფრჩხილები უმეტესად ვეგეტარიანელებს აქვთ.
  3. თუ ფრჩხილს საათის მინისებრი ფორმა აქვს, ეს მოსალოდნელ ფსორიაზზე, ფილტვის დაავადებებზე, ბრონქიტზე ან ონკოლოგიურ პათოლოგიებზე მიგვანიშნებს.
  4. კოვზისმაგვარი ფრჩხილები რკინის დეფიციტს ამხელს.
  5. სისხლის მიმოქცევის უკმარისობისას ფრჩხილები მოლურჯო ელფერს იძენს. ყვითელი შეფერილობა თირკმლის დაზიანებაზე მეტყველებს. მუქი მოყვითალო ფრჩხილები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს აქვთ ან სოკოვან დაზიანებაზე მიუთითებს.

ფრჩხილების ნებისმიერი ცვლილება რაღაცის მანიშნებელია. გაითვალისწინეთ ეს, დროულად მიმართეთ ექიმს და იმკურნალეთ.