კონტრაცეფცია თუ აბორტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კონტრაცეფცია თუ აბორტი

თუმცა თუ ელემენტარულ საკითხებში გავერკვევით, აშკარა გახდება, რომ კონტრაცეფცია სრულებითაც არ არის ისეთი რთული, როგორიც ზოგიერთ ქალს ჰგონია. გვესაუბრება საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის №5 ქალთა კონსულტაციის მეან-გინეკოლოგი სვეტლანა აბრამიშვილი.

  • კონტრაცეფციის რომელ მეთოდებს ფლობს თანამედროვე მედიცინა?

- ამჟამად კონტრაცეფციის ანუ არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების რამდენიმე მეთოდი არსებობს. ესენია:

  • ჰორმონული კონტრაცეფცია;
  • საშვილოსნოსშიგა კონტრაცეფცია;
  • ნებაყოფლობითი ქირურგიული სტერილიზაცია;
  • ლაქტაციური ამენორეის მეთოდი (ამ დროს ქალს ორსულობისგან ძუძუთი კვება იცავს);
  • ბარიერული მეთოდები;
  • სპერმიციდები;
  • ბუნებრივი (რითმული) მეთოდები;
  • შეწყვეტილი სქესობრივი აქტი.

მეთოდიკა, ერთი შეხედვით, საკმაოდ მრავალფეროვანია. რას გულისხმობს თითოეული ტერმინი?

- მოდი, თავდაპირველად ბუნებრივი მეთოდის შესახებ ვისაუბროთ. ის გულისხმობს სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავებას იმ დღეებში, როდესაც დაორსულების რისკი მაქსიმალურია. ასეთია ოვულაციის – მომწიფებული კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გადმოსროლის - პერიოდი. ბუნებრივია, იბადება შეკითხვა, როგორ განვსაზღვროთ ოვულაციის ფაზა. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული კალენდარული, ბაზალური ტემპერატურისა და სხვა მეთოდები. მკითხველს თავი რომ არ შევაწყინოთ, ვიტყვით, რომ უმჯობესია, განაყოფიერების თვალსაზრისით უსაფრთხო დღეების შესახებ შეკითხვა ექიმს პირადად დაუსვან, ჩვენ კი დავძენთ, რომ კალენდარული მეთოდი მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როდესაც მენსტრუაციული ციკლი რეგულარულია.

  • შესაძლოა, დაიბადოს შეკითხვა - რა საჭიროა სხვა მეთოდები, როცა არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება ბუნებრივი გზითაც შესაძლებელია?

- სამწუხაროდ, ბუნებრივი მეთოდი მაღალი ეფექტიანობით არ გამოირჩევა. სტატისტიკის თანახმად, მისი გამოყენებისას 100 ქალიდან 9-20 შეიძლება დაორსულდეს. გარდა ამისა, ზოგიერთს დისკომფორტს უქმნის ის ფაქტი, რომ განსაზღვრული დღეების განმავლობაში აუცილებელია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბუნებრივი მეთოდი სასქესო გზების ინფექციებისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან არ იცავს. თუმცა ამ მეთოდს ღირსებაც აქვს. კერძოდ, ის არ ახდენს გავლენას ქალის ჯანმრთელობაზე და არ აქვს სისტემური გვერდითი ეფექტები.

  • რას წარმოადგენს ბარიერული მეთოდები და სპერმიციდები?

- კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი მექანიკური გზით აფერხებს სპერმის მოხვედრას საშოში ან საშვილოსნოს არხში და ქალს არასასურველი ორსულობისაგან იცავს. ბარიერული საშუალებებია დიაფრაგმა, რომელიც საშოში თავსდება, საშვილოსნოს ყელის ჩაჩი, კონდომი (ანუ პრეზერვატივი, რომელსაც მამაკაცი იყენებს). სპერმიციდი კი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც საშოში მოხვედრილ სპერმატოზოიდს აქტივობას უკარგავს ან კლავს, ვიდრე ის ზედა სასქესო ტრაქტში შეაღწევდეს. სპერმიციდები გამოდის სანთლების, ტაბლეტების, კრემების, ჟელეების, ქაფების სახით. კონტრაცეფციული ეფექტის გაძლიერების მიზნით მიზანშეწონილია ბარიერული მეთოდის გამოყენება სპერმიციდებთან ერთად, თუმცა მათ დამოუკიდებლადაც იყენებენ. მექანიკური და ქიმიური მეთოდების კომბინაციაა კონტრაცეფციული ღრუბელი.

  • ჰიგიენის რომელი წესები უნდა დაიცვას ქალმა აღნიშნული საშუალებების გამოყენებისას?

- ვიდრე ჰიგიენის წესებზე ვისაუბრებდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ხსენებული საშუალებები ქალს გინეკოლოგმა უნდა შეურჩიოს შარდსასქესო სისტემის მდგომარეობის, ალერგიული ანამნეზისა და სქესობრივი აქტიურობის გათვალისწინებით.

გარდა ჰიგიენის აუცილებელი წესებისა, არსებობს მითითებები, რომელთა შესრულებაც საჭიროა ბარიერული კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენებისას. დიაფრაგმა და საშვილოსნოს ყელის ჩაჩი უნდა ჩაიდგას სქესობრივი აქტის წინ, მაქსიმუმ 6 საათით ადრე. აქტის შემდეგ მას საშოში ტოვებენ 8 საათის განმავლობაში, შესაძლოა, ოდნავ მეტხანსაც, მაგრამ არა უმეტეს 24 საათისა. არც ერთ ეტაპზე არ არის რეკომენდებული საშოს გამორეცხვა. ყოველი სქესობრივი აქტის წინ დიაფრაგმის შიგნითა მხარე უნდა დაიფაროს სპერმიციდით – კრემით ან ჟელეთი. ყოველი გამოყენების შემდეგ დიაფრაგმა უნდა გაირეცხოს საპნით, გამშრალდეს და დეზინფექციისთვის 70-80%-იან ეთილის სპირტიან ხსნარში ჩაიდოს. დიაფრაგმა ინახება მშრალ ადგილას. კონტრაცეფციული ღრუბლის ჩადგმა უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ ხდება. ღრუბელი საშოში შეიძლება დარჩეს 24 საათის განმავლობაში. განმეორებითი სქესობრივი აქტის დროს დამატებითი დამცავი მეთოდის გამოყენება საჭირო არ არის. ღრუბელი ერთჯერადია და გამოყენების შემდეგ გამოუსადეგარია.

რაც შეეხება სპერმიციდებს, სანთლები და ტაბლეტები საშოში შეგვაქვს სქესობრივ აქტამდე 10-15 წუთით ადრე. სწორედ ამ ხნის შემდეგ იწყება მათი კონტრაცეფციული მოქმედება, რომელიც 1-დან 2 საათამდე გასტანს. კრემებისა და ჟელეების შესაყვანად იყენებენ სპეციალურ აპლიკატორს, რომელიც შემდეგ საპნითა და წყლით უნდა გაირეცხოს. განმეორებითი სქესობრივი აქტის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს სპერმიციდის ახალი დოზა. სქესობრივი აქტის შემდეგ 6-8 საათს საშო არ უნდა გამოირეცხოს. თუ სპერმიციდის შეყვანიდან 1-3 საათის განმავლობაში სქესობრივი კავშირი არ მოხდა, საჭიროა დამატებითი დოზის შეყვანა. შესაძლოა, მკითხველს უცნაურად მოეჩვენოს ესოდენ დეტალური საუბარი ელემენტარული წესების შესახებ, მაგრამ თუ გვსურს, ორსულობა თავიდან ავიცილოთ, მათი შესრულება აუცილებელია.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბარიერული მეთოდებისა და სპერმიციდების კონტრაცეფციული ეფექტურობა სრულყოფილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაორსულების შანსი არსებობს.

უსამართლობა იქნება, თუ ამ ნაკლთან ერთად არ აღვნიშნეთ ბარიერული მეთოდებისა და სპერმიციდების უდავო ღირსებები:

  • ისინი არ უქმნიან ჯანმრთელობას სერიოზულ რისკს;
  • დიაფრაგმის გამოყენებისას 5 წლისა და მეტი ხნის განმავლობაში მცირდება საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარების ალბათობა;
  • დიაფრაგმისა და ჩაჩის გამოყენება მრავალჯერ შეიძლება;
  • დიაფრაგმა და კონტრაცეფციული ღრუბელი ნაწილობრივ იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან და გავლენას არ ახდენს ძუძუთი კვებაზე.

მართალია, ჩვენ ქალის მიერ გამოსაყენებელ კონტრაცეფციულ საშუალებებზე ვსაუბრობთ, მაგრამ არ შეიძლება არ ვახსენოთ სადღეისოდ ყველაზე პოპულარული ბარიერული საშუალება – კონდომი, რომელსაც მამაკაცი იყენებს. ის აფერხებს სპერმის მოხვედრას რეპროდუქციულ ტრაქტში და იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, მათ შორის - აივ/შიდსისა და ჰეპატიტის ვირუსებისგან.

რამდენიმე რეკომენდაციის დაცვა მამაკაცის კონდომის გამოყენების დროსაც აუცილებელია:

  • გამოყენების წინ უნდა შემოწმდეს ვარგისობის ვადა;
  • ყოველი სქესობრივი აქტისას გამოიყენება ახალი კონდომი, რომელიც ფრთხილად უნდა გაიხსნას, რათა ფრჩხილმა ან წვეტიანმა საგანმა არ დააზიანოს.

მიუხედავად უდავო ღირსებისა (მარტივი გამოყენება, საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან დაცვა), არც ამ მეთოდის კონტრაცეფციული ეფექტია სრულყოფილი.

  • რა არის ჰორმონული კონტრაცეფცია, რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა ის და რომელი მითითებების დაცვაა საჭირო კონტრაცეფციის ამ მეთოდის არჩევისას?

- ჰორმონული კონტრაცეფცია გულისხმობს არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას ქალის სასქესო ჰორმონების – პროგესტერონისა და ესტროგენების - სინთეზური ანალოგების მეშვეობით. სინთეზური ანალოგები ძალიან ჰგავს ნატურალურს, ხოლო მათი აქტივობა ბევრად უფრო მაღალია.

ჰორმონული კონტრაცეფციის სახეებია:

  • კომბინირებული ორალური კონტრაცეფცია (ტაბლეტები შეიცავს ორივე ჰორმონს);
  • პროგესტინული აბები;
  • საინექციო კონტრაცეფცია;
  • იმპლანტი (ჰორმონული პრეპარატის შემცველი კაფსულა იდგმება კანქვეშ);
  • კომბინირებული ტრანსდერმული პლასტირი (პლასტირს იკრავენ კანზე).

ამ საშუალებების უდავო ღირსებაა მათი მაღალი კონტრაცეფციული ეფექტურობა, ზოგიერთი გინეკოლოგიური დაავადებისგან (საკვერცხის ფუნქციური კისტებისგან, საკვერცხისა და ენდომეტრიუმის კიბოსგან, სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნისგან...) დაცვა და პათოლოგიური მდგომარეობების (ანემია, დისფუნქციური სისხლდენა, უშვილობა, აკნე, ჰირსუტიზმი) მკურნალობა.

რაც შეეხება მეთოდის უსაფრთხოებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონტრაცეფციის მეთოდის შერჩევისას ექიმი ითვალისწინებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და უკუჩვენებების (მძიმე ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, თრომბოზები, ღვიძლის მძიმე დაავადება...) არსებობისას კონტრაცეფციის სხვა მეთოდს ურჩევს.

კონტრაცეფციის ამ მეთოდის გამოყენებისას განსაკუთრებული წესების დაცვა აუცილებელი არ არის. მთავარია, პაციენტმა რეგულარულად მიიღოს პრეპარატი ან გაიკეთოს ინექცია. ერთი აბის გამოტოვებისას მეორე დღეს 2 აბი უნდა მიიღოს – დილით და საღამოს, 2 ან 2-ზე მეტი აბის გამოტოვებისას - 2-2 აბი, ვიდრე ყველა გამოტოვებულ ჯერს არ აანაზღაურებს, ხოლო 7 დღის განმავლობაში კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდი გამოიყენოს.

  • რას გულისხმობს საშვილოსნოსშიგა კონტრაცეფცია, რომელი მითითებები უნდა დაიცვას ამ დროს პაციენტმა?

- კონტრაცეფციის ეს სახეობა ემყარება საშვილოსნოსშიგა საშუალებების ან, პოპულარული ენით რომ ვთქვათ, სპირალის გამოყენებას. ის არამედიკამენტურიც შეიძლება იყოს (მას პოლიეთილენისგან ამზადებენ) და მედიკამენტურიც. ეს უკანასკნელი საშვილოსნოს ღრუში სპილენძის იონს ან ჰორმონს გამოყოფს. თანამედროვე საშვილოსნოსშიგა საშუალებების კონტრაცეფციული აქტივობა, რომელიც საკმაოდ მაღალია, 5-12 წელს გრძელდება. საშვილოსნოსშიგა საშუალებებს დგამს გინეკოლოგი სასქესო ორგანოთა დაავადებების გამორიცხვის შემდეგ. პაციენტების საყურადღებოდ კი უნდა აღვნიშნოთ, რომ თუნდაც არაფერი გაწუხებდეთ, არამც და არამც არ შეიძლება ამ საშუალებების ტარება იმაზე მეტხანს, ვიდრე ექიმმა გირჩიათ (ეს ვადა საშუალოდ 5 წელია).

  • მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ვერ უარვყოფთ, რომ არასასურველი ორსულობის შეწყვეტის მიზნით იშვიათობას არ წარმოადგენს აბორტიც. რას ურჩევდით პაციენტებს მისი გართულებების თავიდან ასაცილებლად?

- აბორტი ანუ ორსულობის შეწყვეტა შეიძლება იყოს სპონტანურიც (თვითნებური) და ხელოვნურიც. თვითნებური აბორტი თავისთავად ვითარდება ქალის გინეკოლოგიური დაავადებების, ორგანიზმის ზოგადი პათოლოგიის ან ტრავმისა თუ სტრესის შედეგად, ხოლო ხელოვნური ტარდება სამედიცინო ჩვენებით (როდესაც ორსულობა ქალისთვის უკუნაჩვენებია ან დადგენილია ნაყოფის პათოლოგია).

განურჩევლად მისი სახეობისა, აბორტი ყოველთვის უკავშირდება განსაზღვრულ რისკს, რომლის შესამცირებლად ამგვარი ჩარევა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა მოხდეს და ის კვალიფიციურმა ექიმმა უნდა ჩაატაროს. გარდა ამისა, პაციენტებს ვურჩევთ, სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართონ, ვინაიდან ორსულობის ადრეულ ვადაზე შესაძლებელია ჩატარდეს მედიკამენტური აბორტი ან ვაკუუმასპირაცია (ეგრეთ წოდებული მინი-აბორტი), რომელთა გართულების რისკი გაცილებით დაბალია. ქალმა, რომელსაც აბორტი ჩაუტარდა, მკაცრად უნდა დაიცვას ექიმის ყველა რეკომენდაცია, სულ ცოტა 2 კვირით გამორიცხოს მძიმე ფიზიკური დატვირთვა.

დაუშვებელია სქესობრივი კავშირი აბორტის შემდგომი პირველი მენსტრუაციის დამთავრებამდე (3-4 კვირა), აკრძალულია აბაზანის მიღება, აუზში, საუნაში ბანაობა, ნებადართულია მხოლოდ შხაპი. მკაცრად უნდა იქნეს დაცული ჰიგიენის წესები – სასქესო ორგანოების ჩაბანა წინიდან უკან დღეში ორჯერ ანადუღარი თბილი წყლით ან პერმანგანატის ძალიან ბაცი ხსნარით, საფენების ხშირი ცვლა. და მაინც, ყველა ქალს ვაფრთხილებთ – გართულებათა პროფილაქტიკის საუკეთესო გზა თავად აბორტის თავიდან აცილებაა.