ლამაზი ფეხები რომ გვქონდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლამაზი ფეხები რომ გვქონდეს

როგორ დავიცვათ თავი ვარიკოზისგან

სპეციალისტების შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობის 20-50%-ს ადრე თუ გვიან ვარიკოზული დაავადების ნიშნები გამოაჩნდება. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების უმოძრაო წესის გამო ვარიკოზი მეტისმეტად გაახალგაზრდავდა. თუმცა არც მედიცინა დგას ერთ ადგილზე - არსებობს მრავალი ეფექტური მეთოდი ამ სენთან საბრძოლველად. მთავარია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა, რომლებიც დაგვეხმარება, თავი გავართვათ პრობლემებს და თავიდან ავიცილოთ პოტენციური გართულებები.

წესი #1. გახსოვდეთ რისკის ფაქტორები

როგორც მრავალი სხვა დაავადების შემთხვევაში, ვარიკოზის დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროულ დიაგნოსტიკას. თუ დაავადებას ადრეულ სტადიაშივე გამოვავლენთ, მასთან გამკლავება საგრძნობლად გაგვიადვილდება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვინც რისკის ჯგუფში შედიან.

  • ვარიკოზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა, რომელიც ვარიკოზით დაავადებულთა 60-80%-ს აღენიშნება. თუ მშობლებს ვენებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, დიდია ალბათობა, ამ პრობლემას თქვენც შეეჯახოთ.
  • რისკის მეორე ფაქტორია მჯდომარე ან მდგომარე სამუშაო. როდესაც ფეხები დიდხანს არის უძრავად (განსაკუთრებით - ვერტიკალურ მდგომარეობაში), ვენებს უჭირთ გაუმკლავდნენ მუდმივ ჰიდროსტატიკურ წნევას; იწყება ქვედა კიდურებში სისხლის შეგუბება, რასაც ვარიკოზამდე მივყავართ. სამწუხაროდ, რისკის ამ ჯგუფში შეიძლება მოხვდნენ პრაქტიკულად ყველა პროფესიის წარმომადგენლები: გამყიდველებიდან და მძღოლებიდან დაწყებული მენეჯერებითა და ბანკირებით დამთავრებული.
  • ქალებისთვის რისკის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ორსულობა. ბავშვის დამატებითი წონის გამო ფეხებზე დატვირთვა საგრძნობლად იზრდება.
  • ვენებთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად უჩნდებათ ჭარბწონიანებს, აგრეთვე მათ, ვისი საქმიანობაც ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს (მტვირთავები, ძალოსნები).
  • როდესაც ადამიანი დიდხანს ზის ან დგას, მის ფეხებს სტატიკური დატვირთვა ადგება, რომელიც მეტად საზიანოა ვენებისთვის, ხოლო დინამიკური დატვირთვა (როდესაც ადამიანი დადის ან დარბის), პირიქით, მეტად მნიშვნელოვანია. შემთხვევითი არ არის, რომ ფლებოლოგები წვივის კუნთებს `პერიფერიულ გულს~ უწოდებენ - სწორედ მათი მუშაობა განაპირობებს ქვედა კიდურებიდან სისხლის გადინებას. ამიტომაც მოგვიწოდებენ სპეციალისტები, ხშირად ვიაროთ ფეხით.

რაც შეეხება ორსულებს, მათ ფლებოლოგს ორჯერ უნდა მიმართონ: ორსულობის ადრეულ და გვიან სტადიებში. ცხოვრების ჯანსაღი წესით და სწორად შერჩეული კომპრესიული ტრიკოტაჟით ვარიკოზის თავიდან აცილება შესაძლებელია.

წესი #2. პროფილაქტიკა სჯობს მკურნალობას

ვარიკოზული დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკაა ფეხის კუნთების რეგულარული დინამიკური დატვირთვა. სასარგებლოა სიარული ფეხით და ველოსიპედით, სირბილი, ცურვა, კიბეზე ასვლა. მოკლედ, რაც უფრო მეტად მუშაობს ფეხის კუნთები, მით უფრო ნაკლებია ვენების დაავადების ალბათობა. ვარიკოზული დაავადების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კომპრესიულ ტრიკოტაჟს. სპეციალური წინდები, კოლჰოტები ახდენს ზეწოლას ვენებზე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქვედა კიდურებში, ამსუბუქებს ვენებისა და კუნთოვანი ტუმბოს მუშაობას, ამცირებს გულის დატვირთვას, აქრობს ფეხების დაღლილობას, ტკივილსა და შეშუპებას. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ორი რამ: უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ხარისხიანი კომპრესიული ტრიკოტაჟი და ის უნდა შეგვირჩიოს სპეციალისტმა. თუ კომპრესიის დონე არასწორად იქნა შერჩეული, თეთრეულმა შეიძლება უფრო მეტად გვავნოს, ვიდრე გვარგოს.

წესი #3. დროული დიაგნოსტიკა

ბევრს მიაჩნია, რომ დღის ბოლოს ფეხების დაღლილობა, ტკივილი და შეშუპება ბუნებრივი მოვლენაა, ექიმები კი გვარწმუნებენ, რომ ასე არ არის. თუ ასეთი რამ მხოლოდ მძიმე სამუშაოს შემდეგ კი არა, ჩვეულებრივი დღის ბოლოსაც შეინიშნება, დროა, ექიმს მიმართოთ - ადვილი შესაძლებელია, ეს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის პირველი სიმპტომები იყოს. მით უმეტეს საჭიროა ექიმთან მისვლა, თუ ფეხებზე სისხლძარღვოვანი ვარსკვლავებიც გაგიჩნდათ. სამწუხაროდ, ბევრი ყურადღებას არ აქცევს ამგვარ `წვრილმანებს~ და მხოლოდ მას შემდეგ მიმართავს ექიმს, როდესაც შეშუპებას ხშირდება, ერთვის ტკივილი და კრუნჩხვა, შესამჩნევად იბერება მსხვილი სისხლძარღვები. დამატებითი სიმპტომია მსუბუქი ტროფიკული დარღვევები - სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო უარესდება ქსოვილების კვება. ყველაზე ჯიუტ პაციენტებს, რომლებიც ექიმს ამ დროსაც არ მიმართავენ, შესაძლოა დაავადება გადაეზარდოთ უკანასკნელ სტადიაში, როდესაც კანზე ტროფიკული წყლულები ჩნდება. ეს იმის ნიშანია, რომ დაავადება მეტისმეტად არის მიშვებული და ხანგრძლივი, რთული მკურნალობა დასჭირდება. ცხადია, საქმე აქამდე არ უნდა მივიყვანოთ. რაც უფრო ადრე მივმართავთ ფლებოლოგს, მით უკეთესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.


წესი #4. ერიდეთ თვითმკურნალობას

ვარიკოზით დაავადებული მრავალი ადამიანი ექიმთან მისვლას თვითმკურნალობას ამჯობინებს. ზოგი ხალხურ რეცეპტებს ჭრის გაზეთებიდან, ზოგი ყიდულობს რეკლამირებულ კრემებს, რომლებიც `ფეხების სიმსუბუქეს~ გვპირდება... ვარიკოზის სამკურნალო ხალხური საშუალებების უმეტესობა ნაკლებეფექტურია. რაც შეეხება ვენამატონიზებელ კრემებს, ამ საშუალებებით ვარიკოზისგან ვერ განიკურნებით, თუმცა უსიამოვნო შეგძნებების შემცირება ნამდვილად შეუძლიათ. სამკურნალო საშუალება უნდა შეარჩიოს სპეციალისტმა თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით. ჩვეულებრივ, ვარიკოზის მკურნალობა კომპლექსურია. უნივერსალური საშუალება, რომელიც ვენების პრობლემებისგან გვიხსნის, არ არსებობს. კომბინირებული მეთოდების არჩევა კი ფლებოლოგის კომპეტენციაა. თვითმკურნალობა დაუშვებელია.

წესი #5. მკურნალობისთვის მიმართეთ პროფესიონალს

ფლებოლოგის მთავარი ამოცანა ქვედა კიდურებში ნორმალური სისხლის მიმოქცევის აღდგენაა. დაავადების ადრეულ სტადიაში ოპერაციული ჩარევა შესაძლოა არც კი გახდეს საჭირო - მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დაავადების განვითარების შესაჩერებლად საკმარისი აღმოჩნდეს ხარისხიანი, სწორად შერჩეული კომპრესიული ტრიკოტაჟი ვენომატონიზებელი პრეპარატების კურსთან ერთად. შორს წასულ შემთხვევებში კი აუცილებელია ოპერაციული ჩარევა. ქირურგი ფლებოლოგი ამოკვეთს დაზიანებულ ვენებს და ვენურ სისხლს საღ კანქვეშა და უფრო ღრმა ვენებში გადაანაწილებს. უფრო და უფრო პოპულარული ხდება სკლეროთერაპია - ვარიკოზის მკურნალობის უოპერაციო მეთოდი, როდესაც დაზიანებულ ვენას კი არ კვეთენ, არამედ ინექციების საშუალებით შეჰყავთ მასში სპეციალური პრეპარატი. ეს პრეპარატი თითქოს `აწებებს~ ავადმყოფ ვენას, რომელიც დროთა განმავლობაში თავისთავად ქრება. ეს უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც არ ტოვებს არავითარ ნაწიბურს, თუმცა ყველა პაციენტისთვის მისი ჩატარება არ შეიძლება. მკურნალობის მეთოდი ექიმმა უნდა შეარჩიოს.

ვარჯიში ფეხებისათვის

  • დაწექით ზურგზე, ამოძრავეთ ტერფები კოჭ-წვივის სახსარში, არა წრიულად, არამედ ზემოთ-ქვემოთ. გაიმეორეთ 50-60-ჯერ.
  • იმავე მდგომარეობაში აბრუნეთ ტერფები კოჭ-წვივის სახსარში.
  • საწყისი მდგომარეობა - იგივე. ფეხები მოხარეთ მუხლებში, ჯერ - რიგრიგობით, მერე კი ერთდროულად ასწიეთ ქუსლები და დაებჯინეთ ფეხის წვერებს. გაიმეორეთ 40-50-ჯერ.
  • საწყისი მდგომარეობა - იგივე. ფეხები გაშალეთ, შეეცადეთ, რიგრიგობით მოკეცოთ ფეხის თითები 1-2 წუთის განმავლობაში.
  • საწყისი მდგომარეობა - იგივე. ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე და შეიკეცეთ. შეეცადეთ, ფეხის კუნთები დაჭიმოთ და ტერფები შეაერთოთ. გაიმეორეთ 10-15-ჯერ.
  • დადექით, ფეხის წვერები მიატყუპეთ, ქუსლები გაშალეთ, ხელები წელზე შემოირტყით. აიწიეთ ქუსლებზე, ხელები - ზევით, ჩაისუნთქეთ; დაეშვით - ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ 8-10-ჯერ.
  • დადექით, ტერფები შეატყუპეთ. ნელა აიწიეთ ფეხის წვერებზე, ნელა დაეშვით მთელ ტერფზე. გაიმეორეთ 10-20-ჯერ.
  • დადექით. ფეხები - მხრების სიგანეზე, ხელები - წელზე. ჩაჯექით ფეხის წვერებზე, ხელები - წინ. ადექით, ხელები დაუშვით. გაიმეორეთ 6-8-ჯერ.
  • იარეთ ტერფების გარეთა კიდეებით (ძალიან სასარგებლოა!) 5 წუთის განმავლობაში.
  • დადექით თითის წვერებზე და შეხტით ადგილზე 25-30-ჯერ.

ვარჯიშის შემდეგ კარგად დაიფერთხეთ ხელ-ფეხი

ურიგო არ იქნება, თუ ვარჯიშის შემდეგ წაისვამთ კრემს - ამ დროს ის უკეთ შეიწოვება. უფრო უკეთესია მასაჟი. ზოგიერთ ქალს ალბათ გაუჭირდება ვარჯიშისთვის დროის გამონახვა; ის მაინც მოახერხეთ, კომპიუტერთან ჯდომისას დროდადრო ფეხის კუნთები 10-15-ჯერ დაჭიმოთ - ამას ვერავინ შეამჩნევს. ასევე კარგი იქნება, თუ ქუსლებს რამდენიმეჯერ ასწევთ და დასწევთ. თუ უქუსლო ფეხსაცმელი გაცვიათ, ავტობუსის გაჩერებაზე დგომისას შეიძლება მონაცვლეობით აიწიოთ ფეხის წვერებზე. თუ სამსახურში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დადიხართ, შეეცადეთ, 5-10 წუთით მაინც გაიხადოთ და ფეხები დაასვენოთ.