პანკრეასის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პანკრეასის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა

უმეტესად ტკივილს თან ახლავს გულისრევა და მრავალჯერადი ღებინებაც. ზოგჯერ გაუწყლოების გამო იწყება არაპროდუქტიული ღებინება (ღებინება კუჭის შიგთავსის გარეშე). ზოგიერთი, განსაკუთრებით ისინი, ვისაც მწვავე პანკრეატიტი ალკოჰოლიზმის გამო უვითარდება, ზომიერი ტკივილის გარდა ვერაფერს გრძნობს, ზოგი კი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ავადმყოფს დაავადებისთვის დამახასიათებელი შესახედაობა აქვს: გაწამებული გამომეტყველება, ოფლით დაცვარული სხეული. პულსი გახშირებულია (წუთში 100-დან 140-მდე), სუნთქვა - ზერელე და ხშირი. სუნთქვის გახშირების მიზეზია თანდართული ფილტვების ანთება მარცხენამხრივი პლევრიტით. თავდაპირველად სხეულის ტემპერატურა შესაძლოა ნორმალური იყოს, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ ის 38-39 გრადუსამდე იმატებს. არტერიული წნევა ნორმალური ან დაბალია, მაგრამ ამჟღავნებს დაწევის ტენდენციას, როცა ადამიანი ფეხზე დგება. შედეგად ვითარდება თავბრუხვევა, მკვეთრი სისუსტე და მხედველობის დაბინდვა. დაავადების პროგრესირებასთან ერთად პაციენტი სულ უფრო ნაკლებად აღიქვამს გარშემო მიმდინარე პროცესებს; ზოგიერთი ახლოს არის უგონო მდგომარეობასთან. ზოგჯერ თვალის სკლერები მოყვითალო ფერს იღებს. მწვავე პანკრეატიტის მქონე ყოველი ხუთი პაციენტიდან ერთ-ერთს უვითარდება მუცლის ზედა ნაწილის შებერილობა. ეს კუჭისა და ნაწლავების პერისტალტიკის დარღვევის ან იმის შედეგია, რომ დაავადებული კუჭქვეშა ჯირკვალი დიდდება და კუჭს წინ სწევს. მუცლის ღრუში შესაძლოა დაგროვდეს სითხე (ასციტი). მწვავე პანკრეატიტის მძიმე ფორმის (ნეკროზული პანკრეატიტი) დროს არტერიული წნევა ეცემა და ვითარდება შოკი. მძიმე მწვავე პანკრეატიტის შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.

მიზეზები

ნორმალურ მდგომარეობაში კუჭქვეშა ჯირკვლის წვენი მისი სადინარის საშუალებით თორმეტგოჯა ნაწლავში ხვდება. ის არააქტიური ფორმის საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს შეიცავს. პანკრეასის სადინარის ობსტრუქცია (დახშობა), მაგალითად, ნაღვლოვანი კენჭით, რომელიც ოდის სფინქტერში იჭედება, პანკრეასის წვენის დინებას აჩერებს. ამგვარი ობსტრუქცია, ჩვეულებრივ, დროებით, მცირე დარღვევებს იწვევს, რომლებიც მალე გაივლის, მაგრამ თუ ის დიდხანს გაგრძელდა, ფერმენტები აქტიურდება და კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედების მონელებას იწყებს, რის შედეგადაც მძიმე ანთებითი მდგომარეობა ვითარდება. ნაღვლოვანი ქვები და ალკოჰოლიზმი შემთხვევათა 80%-ში მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზით ჰოსპიტალიზაციის მიზეზად ითვლება. მწვავე პანკრეატიტი, რომელიც ნაღვლოვანი ქვებით არის გამოწვეული, ქალებთან მამაკაცებზე 1,5-ჯერ ხშირად გვხვდება, თუმცა მამაკაცებთან 6-ჯერ ხშირად დიაგნოსტირდება მწვავე პანკრეატიტი ალკოჰოლიზმის გამო. ნაღვლის ქვებმა, რომლებიც მწვავე პაკრეატიტს იწვევს, შესაძლოა დაახშოს ოდის სფინქტერი, მაგრამ შემთხვევათა უმრავლესობაში ისინი ნაწლავში გადადიან. რამდენიმე წლის განმავლობაში 100-150 გრამი ალკოჰოლის ყოველდღიური მიღება არღვევს კუჭქვეშა ჯირკვლის იმ წვრილ სადინართა გამავლობას, რომლებიც პანკრეატიტის სადინარში ხვდება, რაც ადრე თუ გვიან მწვავე პანკრეატიტს იწვევს. პანკრეატიტის შეტევას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს გადაძღომამ ან გადაბმულმა სმამ, ასევე - სხვა ფაქტორებმაც.

დიაგნოსტიკა

მწვავე პანკრეატიტზე ეჭვი შესაძლოა მუცლის მიდამოში დამახასიათებელი ტკივილის გამო დაიბადოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტი ნაღვლის ბუშტის დაავადებით ან ალკოჰოლიზმით იტანჯება. ანალიზების ჩამონათვალით მკითხველი რომ არ დავღალოთ, მოკლედ ვეტყვით, რომ ამ დროს ექიმი გამოკვლევის სხვადასხვა მეთოდს მიმართავს, სისხლის ანალიზით დაწყებული და ექოსკოპიით თუ რენტგენით დამთავრებული. მწვავე პანკრეატიტის დროს, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფიაც. ის განსაკუთრებით ეფექტურია კუჭქვეშა ჯირკვლის ზომების ცვლილებათა გამოსავლენად. ამ მეთოდს მძიმე და გართულებულ შემთხვევებში მიმართავენ, მაგალითად, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემის დროს. მწვავე პანკრეატიტის მძიმე ფორმის დროს კომპიუტერული ტომოგრაფია დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირებაში გვეხმარება. ზოგჯერ დიაგნოსტიკისთვის იყენებენ ენდოსკოპიურ აპარატებს, რომლებსაც ზოგიერთ შემთხვევაში დაავადების დიაგნოსტირებასთან ერთად მწვავე პანკრეატიტის სიმპტომების მოხსნაც (ოდის სფინქტერიდან ნაღვლოვანი ქვის ამოღება) შეუძლია.


მკურნალობა

მწვავე პანკრეატიტით დაავადებულები უფრო ხშირად ექვემდებარებიან ჰოსპიტალურ მკურნალობას. მწვავე პანკრეატიტის მსუბუქი ფორმის დროს შედეგიანია შიმშილობა, რადგან კვება ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვალს, რომელიც პასუხად მეტ საჭმლის მომნელებელ ფერმენტს გამოიმუშავებს. სითხეები და საკვები ნივთიერებები ამ დროს პაციენტის ორგანიზმში ვენიდან შეჰყავთ, ცხვირიდან კი ავადმყოფის კუჭში ზონდი შეაქვთ სითხისა და ჰაერის ამოსაღებად, განსაკუთრებით მაშინ, როცა გულისრევა და ღებინება გრძელდება. მძიმე ფორმის მწვავე პანკრეატიტის შემთხვევაში პაციენტი, წესისამებრ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხვდება, სადაც სასიცოცხლო ფუნქციების (პულსის, არტერიული წნევის, სუნთქვის სიხშირის) კონტროლი წარმოებს. იზომება გამოყოფილი შარდის ოდენობაც. ანალიზისთვის იღებენ სისხლს. კვება ვენიდან გადასხმებით ხდება. შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანაც. მძიმე ფორმის მწვავე პანკრეატიტის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა დაისვას ოპერაციის საკითხი. ოპერაცია აუცილებელია, როცა პანკრეატიტი ტრავმის შედეგია. ზოგიერთ შემთხვევაში ქირურგიული ოპერაცია დიაგნოზის დაზუსტებაში ეხმარება ექიმს. არის შემთხვევები, როცა ოპერაცია დაავადებიდან ერთი კვირის შემდეგ კეთდება პაციენტის მდგომარეობის გაუარესების გამო. ამ დროს ქირურგი პანკრეასის ინფიცირებულ და დაშლილ ნაწილებს ამოკვეთს. ზოგჯერ კუჭქვეშა ჯირკვალში ვითარდება ფსევდოკისტა, რომელიც სავსეა პანკრეასის ფერმენტებით, სითხითა და დაშლილი ქსოვილით. კისტა შესაძლოა საჰაერო ბუშტის ზომისაც კი გახდეს. თუ ფსევდოკისტა მეტისმეტად დიდია, იწვევს ტკივილს და სხვა სიმპტომებს, ექიმი მის დრენირებას ახდენს. ეს პროცედურა სასწრაფო წესით კეთდება, როდესაც ფსევდოკისტა სწრაფად იზრდება, ინფიცირდება, სისხლმდენია ან სადაცაა გასკდება. იმის მიხედვით, პანკრეასის რომელ ნაწილშია მოთავსებული ფსევდოკისტა, მას რამდენიმე კვირის განმავლობაში ადრენირებენ ან ქირურგიულ ოპერაციას ატარებენ. ნაღვლოვანი ქვებით გამოწვეული მწვავე პანკრეატიტის დროს მკურნალობის ხასიათი პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ სახეზეა მწვავე პანცრეატიტის მსუბუქი ფორმა, ნაღვლის ბუშტის ამოღებას იქამდე გადადებენ, ვიდრე სიმპტომები არ ჩაცხრება. მძიმე ფორმის (ნაღვლოვანი ქვებით გამოწვეული) მწვავე პანკრეატიტის დროს მკურნალობენ ენდოსკოპიურად ან ქირურგიული ოპერაციით. ქირურგიული ოპერაციისას ამოკვეთენ ნაღვლის ბუშტს და ახდენენ სადინართა სანაციას. ხანდაზმულ პაციენტებს, რომელთაც რომელიმე, მაგალითად, გულის თანმხლები დაავადება აქვთ, პირველად ენდოსკოპირებას უტარებენ. თუ მკურნალობის ეს მეთოდი უეფექტო აღმოჩნდა, ტარდება ქირურგიული ოპერაცია.

პანკრეასის კიბო

პანკრეასის კიბოს მესამე ადგილი უკავია საჭმლის მომნელებელი ორგანოების ავთვისებიან სიმსივნეთა სტრუქტურაში და სიხშირით მხოლოდ კუჭის კიბოსა და კოლორექტალურ კიბოს ჩამოუვარდება. ონკოლოგიური დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებლით მამაკაცებთან ის მეოთხე, ქალებთან კი მეხუთე ადგილს იკავებს. მამაკაცებთან ის 1,5-ჯერ ხშირად აღირიცხება, ვიდრე ქალებთან. პანკრეასის ჯირკვლის კიბოს წარმოშობაში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს: მოწევა, ალკოჰოლიზმი, ქრონიკული (განსაკუთრებით - კალციფიცირებული) პანკრეატიტი, შემწვარი ხორცის, ცხოველური ცხიმის, ყავის ჭარბი მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, ალიმენტურ-კონსტიტუციური სიმსუქნე, ეგზოგენური კანცეროგენები, დამძიმებული მემკვიდრეობა, ზოგიერთი გენის მუტაცია და სხვა. კიბოს მეტასტაზირება ხშირად ხდება მუცლისგარე და იმ ლიმფურ კვანძებში, რომლებიც ღვიძლ-თორმეტგოჯა იოგშია განლაგებული. სისხლისმიერი გზით მეტასტაზები ღვიძლში, ფილტვებში, თირკმელებსა და ძვლებში ხვდება. კუჭქვეშა ჯირკვლის საერთო სიმპტომები ახალწარმონაქმნის სიდიდესა და მის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. პანკრეასის თავის კიბო ადრეულ სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან ვლინდება საერთო დარღვევებით - სისუსტით, დაღლილობის შეგრძნებით, დისპეფსიური მოვლენებით, მუცლის არეში სიმძიმით. ზოგჯერ ვითარდება ფაღარათიც. მოგვიანებით თავს იჩენს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ტკივილი მუცლის მიდამოში, ყრუ და მუდმივი ხასიათისა - ეპიგასტრიუმში ან მარჯვენა ნეკნქვეშა არეში. არცთუ იშვიათად ტკივილი გადაეცემა ზურგს, წელის მიდამოს და სხვა. აღნიშნული სიმპტომები არასპეციფიკურია და, ჩვეულებრივ, ქრონიკული პანკრეატიტის ან ხერხემლის ოსტეოქონდროზის გამოვლინებად განიხილება. ბევრ პაციენტთან ერთადერთი სიმპტომი მექანიკური სიყვითლეა, რომლის ინტენსივობა თანდათან იმატებს და რომელსაც თან სდევს კანის ქავილი. ზოგჯერ ნაწლავური გაუვალობა იჩენს თავს. კუდის ან პანკრეასის სხეულის კიბოს დროს სიმპტომები თითქმის არ შეინიშნება და დაავადება ვლინდება გვიან სტადიაზე, როცა აღმოცენდება ძლიერი ტკივილი მუცლის ან ზურგის მიდამოში. პანკრეასის კიბოს დიაგნოსტიკა უმთავრესად ექოსკოპიით, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ხდება. ორი უკანასკნელი კვლევა გაცილებით ინფორმაციულია. დიაგნოზის ვერიფიკაციისთვის ტარდება ახალწარმონაქმნის პუნქციაც. პანკრეასის კიბოს მკურნალობა ქირურგიულთან ერთად სხვა, თანამედროვე კომბინირებული მეთოდებითაც ხდება.

როდის გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება?

  • მუცლის ზედა ნაწილში მწვავე, მჭრელი ხასიათის ტკივილის განვითარების დროს;
  • გულისრევის, მრავალჯერადი ღებინების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ღებინება კუჭის შიგთავსის გარეშე ხდება;
  • ტაქიკარდიის დროს, მუცლის არეში ტკივილების ფონზე პროფუზული ოფლის გამოყოფისას, სკლერების სიყვითლისას, მუცლის ზედა ნაწილის შებერილობის, ტემპერატურის მომატებისა და არტერიული წნევის დაბალი მაჩვენებლების შემთხვევაში;
  • არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნისას;
  • გონების დაკარგვის დროს.