როცა კუჭის არეში ტკივილი კუჭის ბრალი არ არის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა კუჭის არეში ტკივილი კუჭის ბრალი არ არის

- თავდაპირველად დავაზუსტოთ, სად მდებარეობს კუჭი. ზოგიერთი კუჭის მიდამოდ მიიჩნევს მთელ მუცელს და მუცელში აღმოცენებულ ყოველგვარ ტკივილს საჭმლის მომნელებელი სისტემის ამ ორგანოს მიაწერს. ჯანმრთელი ადამიანის კუჭის დიდი ნაწილი მუცლის ზედა ცენტრალურ ზონაშია მოქცეული. იგი მდებარეობს მუცლის კედლის უკან, იმ ადგილას, სადაც ნეკნთა რკალი მკერდის ძვლიდან გამოდის. ეპიგასტრიუმის მიდამოში ტკივილს მრავალი მიზეზი და სხვადასხვა წარმომავლობა აქვს. პირობითად ის ამგვარად შეიძლება დავყოთ:

  • უშუალოდ კუჭისმიერი ტკივილი, განპირობებული კუჭის ფუნქციური ან ორგანული პათოლოგიით;
  • კუჭგარეთა ტკივილი, დაკავშირებული სხვა ორგანოების პათოლოგიებთან.

არის შემთხვევებიც, როდესაც ტკივილის მიზეზის დადგენა ჭირს.

- თქვენ ბრძანეთ, რომ კუჭის არეში ტკივილის მიზეზი შეიძლება სულაც არ იყოს კუჭი. კიდევ რომელი ორგანოების პათოლოგია იწვევს ამ სიმპტომს?

- ესენია:

  • პანკრეასის დაავადებები (პანკრეატიტი, კისტა, აბსცესი, სიმსივნე);
  • მწვავე აპენდიციტი;
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
  • ხერხემლის დაავადებები.

ეპიგასტრიუმის მიდამოში ტკივილი თან ახლავს, მაგალითად, კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკულ ან მწვავე ანთებას. შეშუპებული პანკრეასის ქსოვილები ან ამ ორგანოში არსებული სიმსივნური წარმონაქმნი ირგვლივ მდებარე ქსოვილებს აწვება და ტკივილს იწვევს. ტკივილის გამოწვევა შეუძლია აგრეთვე ნერვულ ღეროში ჩაზრდილ კიბოს. ტკივილების ინტენსივობა უმნიშვნელოდან (მაგალითად, ქრონიკული პანკრეატიტის დროს) გაუსაძლისამდე (მაგალითად, ავთვისებიანი დაზიანების შემთხვევაში) ვარირებს. ვითარების კვალობაზე, მას შესაძლოა თან ახლდეს დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, ღებინება), ფაღარათი, წონის კლება, ტემპერატურის მატება. წყლულის სამკურნალო საშუალებებმა პანკრეატიტის დროს შესაძლოა შვება მოჰგვაროს პაციენტს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

- მწვავე აპენდიციტი ახსენეთ. რითი აიხსნება ამ დროს ტკივილი კუჭის არეში?

- ერთი მხრივ - ინერვაციის თავისებურებებით, მეორე მხრივ კი აპენდიკულარული წანაზარდის ანომალიური მდებარეობით. ამ მიდამოში ტკივილის აღმოცენებას ქირურგები განიხილავენ როგორც ადრეულ სიმპტომს. ხშირად შეცდომით კუჭის პათოლოგიაზე მიაქვთ ეჭვი და არა მწვავე აპენდიციტზე. ამ დიაგნოსტიკურ შეცდომასთან დაკავშირებული სამედიცინო ღონისძიებები - წყლულის საწინააღმდეგო საშუალებების მიცემა, კუჭის ამორეცხვა და სხვა - უეფექტოა და ზოგჯერ აუარესებს კიდეც დაავადების მიმდინარეობას. ეპიგასტრიუმის ზონაში პირველადი ლოკალიზაციის ტკივილით მიმდინარე მწვავე აპენდიციტის დროს ტკივილის შეგრძნება, წესისამებრ, ზომიერია, მუდმივი, შესაძლოა თან ახლდეს ღებინება, გულისრევა, ცხელება და კუჭის მოქმედების მოშლა. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს აბდომინალური სინდრომის არსებობა შესაძლოა სამედიცინო დახმარების დაგვიანების მიზეზად იქცეს.


მიოკარდიუმის ინფარქტის კლასიკური ვარიანტის დიაგნოსტირება დღესდღეობით არ არის რთული, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი კლინიკა შესაძლოა შენიღბული ან წაშლილი იყოს. ამგვარ შემთხვევებში დიაგნოსტიკური შეცდომის წყაროა ტკივილის ლოკალიზაცია ეპიგასტრიუმის არეში მარჯვენა ბეჭისკენ ირადიაციით, ტკივილის შეგრძნება მთელ მუცელში, ზოგჯერ ხანჯლის ჩაცემის მსგავსი დასაწყისით, რამაც შესაძლოა გვაეჭვებინოს მწვავე პანკრეატიტი, კუჭის წყლულის პერფორაცია ან აბდომინალური კატასტროფის სხვა ფორმა. მსგავსებას აღრმავებს თანდართული, ცდომილი ნერვის გადაძაბვასთან დაკავშირებული ღებინება და კოლაფსი. მიკარდიუმის ინფარქტის ამ ფორმას აბდომინალურს უწოდებენ. მიოკარდიუმის ინფარქტის ამგვარი დასაწყისი (უმეტესად - უკანა კედელზე ლოკალიზაციით) აღენიშნებათ პირებს, რომლებსაც აქვთ ჰიპერტონიული დაავადება გამოხატული ათეროსკლეროზით და მიკარდიუმის განმეორებითი ინფარქტი. გვხვდება იმ პაციენტებთანაც, რომლებსაც ერთდროულად აქვთ სტენოკარდია და წყლულოვანი დაავადება ან ქოლეცისტიტი. მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი აღმოცენდება ასევე მოციმციმე არითმიით, პერიკარდიტით გართულებული მიოკარდიუმის ინფარქტის დროს. იმავდროულად, ინფარქტს შეუძლია კუჭ-ნაწლავის ნებისმიერი პათოლოგიის მწვავე ფორმის სიმულირება, რასაც ხშირად მცდარ დიაგნოზამდე და ოპერაციულ ჩარევამდეც კი მიჰყავს ექიმი. უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს მიოკარდიუმის ატიპური ინფარქტი, არსებობს მისი ატიპური დასაწყისი.


- როგორ უნდა მოხდეს დიფერენცირება?

- გასათვალისწინებელია ტკივილის ლოკალიზაცია, რომელიც, განსაკუთრებით - მიოკარდიუმის უკანა კედლის ინფარქტის დროს, მუცლის ზედა ნახევარში აღმოცენდება, თუმცა იგრძნობა გულის არეშიც. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ყურადღება ექცევა ტკივილის სინდრომის დახასიათებას. პაციენტი ამბობს: “ტკივილი გაძლიერდა, დამძიმდა, ჰგავს ზეწოლას, მსუბუქდება ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ”. მნიშვნელოვანია ასევე ტკივილის ხასიათი, ირადიაცია, რაც გულდასმით დიფერენციაციას მოითხოვს. ხშირად ტკივილი უეცრად აღმოცენდება ფიზიკური ან ემოციური გადაძაბვის დროს, ემთხვევა საკვების მიღებას, აქვს ტალღისებური ხასიათი და თანდათან იმატებს, რასაც თან ახლავს სიკვდილის შიში. ტკივილს შესაძლოა ახლდეს გულისრევა და ერთჯერადი ღებინებაც.

- ხერხემლის რომელი პათოლოგიები იწვევს ტკივილს კუჭის არეში?

- ხერხემლის გულმკერდის ნაწილში მიმდინარე ყოველგვარი პათოლოგიური პროცესი ხშირად იწვევს კუჭის საპროექციო არეში ტკივილს. ტკივილს ხშირად პროვოცირებას უწევს და აძლიერებს აქტიური მოძრაობა; შესაძლოა, ასოცირებული იყოს ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვასთან; არ უკავშირდება კვებას, წელიწადის დროს და თან არ ახლავს დისპეფსიური მოვლენები (ღებინება და სხვა), თუმცა გამორიცხული არ არის, თან ახლდეს ხელების დაბუჟება, მოძრაობის შეზღუდვა. ღამის დასვენების შემდეგ ეს სიმპტომები საგრძნობლად სუსტდება.

- რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს დიაგნოზის დასაზუსტებლად?

- აუცილებელ სადიაგნოზო გამოკვლევათა ჩამონათვალში შედის:

  • ფიბროეზოფაგოგასტროსკოპია ბიოფსიით (შეიძლება აღმოვაჩინოთ ანთება, მოტორული დარღვევები, სიმსივნური პროცესები, წყლულოვანი დაზიანება);
  • ბიოპტატების პათომორფოლოგიური შეფასება;
  • კუჭის რენტგენოსკოპია კონტრასტით;
  • მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია/მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია;
  • პანკრეატის ფერმენტების დონის შეფასება;
  • ხერხემლის რენტგენოლოგიური ან კომპიუტერული ტომოგრაფია/მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ელექტროკარდიოგრაფია (საბაზისო მეთოდი მიოკარდიუმის დაზიანების დასადასტურებლად);
  • გულის ულტრასონოგრაფია (ჰიპოკინეზიის ზონები შესაძლოა მოწმობდეს მიოკარდიუმის ინფარქტს);
  • ტრანსამინაზების, ლაქტატდეჰიდროგენაზის, კრეატინფოსფოკინაზის МВ ფრაქციის შეფასება (მაჩვენებლები იზრდება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს);
  • მიოკარდიუმის დაზიანების მარკერების - ტროპონინის, სისხლის მიოგლობინის განსაზღვრა;
  • ჰემოგრამა (შესაძლოა გამოავლინოს სისხლნაკლებობა და ანთების ნიშნები).

ამ კვლევების მეშვეობით ვადგენთ კუჭის არეში არსებული ტკივილის რეალურ მიზეზს, სათანადოდ ვაფასებთ მდგომარეობას, ვუწევთ პაციენტს დროულ და ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, ვუნიშნავთ შესაბამის მკურნალობას.