საკვები მარგებელი რომ იყოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვები მარგებელი რომ იყოს

ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც საახალწლო ნადიმს მოსდევს. რა არის მსგავსი ჩივილების მიზეზი, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღესასწაულებით მართლაც მდიდარი იანვარი ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე გავატაროთ? ამ შეკითხვებით ”ავერსის კლინიკას” ვესტუმრეთ. გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, გასტროენტეროლოგი თენგიზ თელია:

- ბატონო თენგიზ, ჩვენი მკითხველები კარგად იცნობენ გასტრიტის, ქოლეცისტიტისა თუ პანკრეატიტის დიაგნოზს. მრავალი მათგანი იძულებულია, დისკომფორტისა და ტკივილის თავიდან ასაცილებლად დიეტური კვების პრინციპებს იცავდეს. ახალი წლის დღეებში დიდია ცდუნება, ჩვეული კვების რეჟიმი დავარღვიოთ. დასაშვებია თუ არა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების დროს საერთო სუფრას მივუსხდეთ და ოჯახის სხვა წევრების მსგავსად მოვილხინოთ?

- ვფიქრობ, ამ კითხვის პასუხი მკითხველისთვის სასიამოვნო მოსასმენი იქნება: თანამედროვე შეხედულების თანახმად, თუ არ ჩავთვლით საკვები პროდუქტების ინდივიდუალურ აუტანლობას (მაგალითად, რძის შაქრის აუტანლობას) ან კვებით ალერგიას, როცა კონკრეტული საკვების მიმართ ადამიანს ალერგიული რეაქცია უვითარდება, ვერ დავასახელებთ ვერც ერთ პროდუქტს, რომლის მიღებაც პაციენტს მცირე ოდენობით მაინც არ შეეძლოს, განურჩევლად იმისა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რომელი ქრონიკული დაავადება აქვს მას. მით უმეტეს, არ არის აუცილებელი მკაცრი შეზღუდვა ახალი წლის დღეებში. თუკი პაციენტმა იცის, რომ აქვს რომელიმე საკვები ნივთიერების აუტანლობა ან ალერგია განსაზღვრული პროდუქტის საკვების მიმართ, რასაკვირველია, მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ჩივილების აღმოცენება გარდაუვალია.

- ნიშნავს თუ არა თქვენი პასუხი იმას, რომ არ არსებობს საკვები, რომლის მიღებაც საჭმლის მომნელებელი სისტემის ამა თუ იმ დაავადების დროს კატეგორიულად იყოს აკრძალული?

- როგორც მოგახსენეთ, თუ ადამიანს აქვს კვებითი აუტანლობა, მან თვითონვე იცის, რომელ საკვებს უნდა ერიდოს. ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია, მან თავი უნდა შეიკავოს ამ პროდუქტის მიღებისგან. ეს აკრძალვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი წლის დღეებში - ყველა ჩვენგანს ხომ სურს, დღესასწაულს საუკეთესო განწყობით, ყოველგვარი პრობლემისა და ავადმყოფობის გარეშე შეხვდეს. თუმცა გასათვალისწინებელია ფსიქოლოგიური მომენტიც - ზოგჯერ ადამიანს სჯერა, რომ ესა თუ ის საკვები ”აწყენს”. ასეთი ფსიქოლოგიური განწყობა მართლაც შეიძლება იქცეს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ჩივილების მიზეზად, თუმცა მსგავს შემთხვევებში პაციენტს ხშირად არც რაიმე დაავადება აქვს და არც საკვების აუტანლობა თუ ალერგია აღენიშნება. მინდა, ასეთი ადამიანების საყურადღებოდ გავიმეორო: ნუ აგიტანთ შიში და ნუ გაიუფერულებთ დღესასწაულს, გახსოვდეთ, თუ საკვების მიმართ ალერგია ან მისი აუტანლობა არ გაქვთ, რომელიმე პროდუქტის მიღებისგან კატეგორიული თავშეკავება მიუღებელია, მცირე ოდენობით არც ერთი საკვები არავითარი ზიანის მომტანი არ არის.

- ბევრმა შესაძლოა იფიქროს, რომ თქვენი სიტყვები ალკოჰოლიან სასმელსაც ეხება...

- რაც შეეხება ალკოჰოლს, აქაც ოდენობა და დოზირებაა გადამწყვეტი. ამერიკის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის მონაცემებით, მამაკაცებისთვის დღეში 40 გრამამდე, ხოლო ქალებისთვის დღეში 20 გრამამდე სუფთა სპირტის მიღება ორგანიზმში საზიანო ცვლილებებს არ იწვევს. თუ სუფთა სპირტის ამ ოდენობას სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელზე გადავიანგარიშებთ, გამოვა, რომ სადღესასწაულო სუფრასთან შეგიძლიათ მშვიდად შესვათ 60-30 მილილიტრი კონიაკი ან არაყი, 300-200 მილილიტრი ღვინო, 700-350 მილილიტრი ლუდი (თუმცა ეს უკანასკნელი არ არის ტრადიციული საახალწლო სასმელი). ასე რომ, უნდა გავიმეოროთ კარგად ცნობილი ფრაზა: ზომიერება ყველგან და ყველაფერში!

- ბევრს ჰგონია, რომ კერძების მრავალფეროვნება, სხვადასხვანაირი საკვების ერთად მიღება შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დისკომფორტის მიზეზი გახდეს. აქვს თუ არა საფუძველი ამ წარმოდგენას? აღიარებს თუ არა თანამედროვე გასტროენტეროლოგია განსაზღვრული პროდუქტების საკვების ერთმანეთთან შეუთავსებლობას?

- მოსაზრება სხვადასხვა საკვების ერთმანეთთან შეუთავსებლობის შესახებ, თანამედროვე მონაცემების თანახმად, მცდარია. სადღეისოდ დადგენილია, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დისკომფორტის (მუცლის შებერვის, ტკივილის, ფაღარათის და სხვა ჩივილების) მიზეზია არა პროდუქტების მრავალფეროვნება, არამედ სულ სხვა ფაქტორები, კერძოდ:

  • რომელიმე საკვების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ;
  • ამა თუ იმ პროდუქტის ზომაზე მეტი ოდენობით მიღება;
  • ბაქტერიული კვებითი ინტოქსიკაცია.

უკანასკნელ ფაქტორზე ყურადღება განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ. ბაქტერიული კვებითი ინტოქსიკაციის რისკი საგრძნობლად იზრდება ახალი წლის დღეებში. ამ პერიოდში სუფრაზე უხვად არის პროდუქტი, რომლის თერმული დამუშავებაც საერთოდ არ ხდება, საკვების მრავალფეროვნება და სიუხვე ხშირად გვაიძულებს, პროდუქტები თუ მზა კერძები არასათანადო ტემპერატურულ რეჟიმში შევინახოთ, ასეთი საკვების მიღებას კი შესაძლოა ბაქტერიული ინტოქსიკაცია მოჰყვეს.

- დიასახლისებს მიაჩნიათ, რომ წლის ცივ პერიოდში კვებითი ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული სიფრთხილე სულაც არ არის საჭირო.

- ესეც მცდარი მოსაზრებაა, ვინაიდან საახალწლო სუფრაზე ბევრი ტრადიციული საკვები თერმულად დაუმუშავებელ მდგომარეობაშია და მაგიდაზეც დიდხანს რჩება, ამიტომ ბაქტერიების გამრავლებისთვის შესანიშნავ გარემოს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიშია კვერცხისა და მაიონეზისგან მომზადებული სალათები, კრემიანი ნამცხვრები, მხალეული. ამასთან ერთად, იმატებს საახალწლო წვეულებაზე იმ ადამიანის მოხვედრის შანსიც, ვინც იმ დროისთვის ვირუსული გასტროენტერიტით არის ავად ან უბრალოდ ვირუსმატარებელია და თავისდაუნებურად, სანიტარული წესების ელემენტარული პრინციპების უარყოფის გამო აინფიცირებს საკვებ პროდუქტს.

- რას გვირჩევდით ნაწლავური ინფექციების თავიდან ასაცილებლად?

- პირველ ყოვლისა, აუცილებლად უნდა დავიცვათ ჰიგიენის ელემენტარული წესები. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეტად პიკანტური საკითხია, არ უნდა მოგვერიდოს და უნდა დავინტერესდეთ კონსერვირებული პროდუქტების, განსაკუთრებით - მწნილეულის წარმომავლობით. უნდა დავაზუსტოთ, ხომ არ არის აღნიშნული პროდუქტი შინაურ პირობებში, კუსტარულად დაკონსერვებული და შეძლებისამებრ თავი ვარიდოთ ასეთი საკვების მიღებას.

- რისი ბრალია საახალწლო ნადიმის შემდეგ ფაღარათის აღმოცენება?

- საახალწლო სუფრის შემდეგ ფაღარათის მიზეზი, როგორც წესი, ბაქტერიული ან ვირუსული გასტროენტერიტია. საბედნიეროდ, ინფექციური გასტროენტერიტი რამდენიმე დღეში თავისთავად უკუვითარდება და იკურნება, თუმცა იშვიათად კვალიფიციური მედპერსონალის ჩარევა მაინც ხდება საჭირო.

- შეიძლება თუ არა, საახალწლო სუფრა საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე დაავადების მიზეზად იქცეს? ხომ არ იწვევს ზედმეტი ჭამა-სმა, ზოგიერთი საკვების დიდი ოდენობით მიღება გასტრიტს, ქოლეცისტიტს, პანკრეატიტს?

- როგორც აღვნიშნეთ, საახალწლო წვეულების დროს საჭმლის მომნელებელ სისტემას ნებით თუ უნებლიეთ ვტვირთავთ იმ საკვებით, რომელსაც ჩვეულებრივ დღეებში ცოტას მივირთმევთ. აქედან გამომდინარე, ქრონიკული პათოლოგიების გამწვავების რისკი ნამდვილად არსებობს. მაგალითად, ჭარბი ალკოჰოლის მიღების ფონზე შესაძლოა განვითარდეს პანკრეატიტი, ზედმეტად ცხიმიანი საკვების დიდი ოდენობით მიღების ფონზე - ინდუცირებული გასტრდუოდენოსტაზი და ასე შემდეგ.

- დაგვეთანხმებით, ნადიმის შემდეგ ღვინით სავსე ჭიქას ხშირად მინერალური ან სოდიანი წყალი ცვლის. ყოველთვის სასარგებლოა თუ არა მინერალური წყლის მიღება საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დისკომფორტის შესამცირებლად? დასაშვებია თუ არა სოდიანი წყლის გამოყენება?

- თუ ადამიანს მინერალური წყალი სიამოვნებს, არავითარი შეზღუდვა არ არის საჭირო - დაე, სვას, რამდენიც სურს. სოდიან წყალს კი, უმჯობესია, თავი ვარიდოთ და მის მაგივრად მინერალური წყალი გამოვიყენოთ. ღვთის მადლით, ეს სიკეთე ჩვენს რეგიონში უხვად არის და რაც მთავარია, ხელმისაწვდომია. რაც შეეხება მინერალური წყლების მუდმივ მიღებას, აქ ერთი პატარა საფრთხე იმალება: მოგეხსენებათ, მინერალური წყლები კუჭის მჟავიანობას აქვეითებს. აქედან გამომდინარე, მათი მუდმივი და ჭარბი მიღებისას იმატებს ინფექციური პროცესების განვითარების რისკი, ამიტომ ზომიერების დაცვა მათთან მიმართებითაც აუცილებელია.

- ხომ არ დაგვისახელებდით იმ სიმპტომებს, რომელთა აღმოცენების შემთხვევაშიც აუცილებელია ექიმთან მისვლა?

- ასეთი სიმპტომებია ცხელება (მაღალი ტემპერატურა), დიარეა, რომელსაც თან სდევს ტენეზმები - ცრუ ჭინთვები (მით უფრო, თუ ეს მოვლენები ხუთ დღეზე მეტხანს გრძელდება), სისხლიანი განავალი, დიარეის ან პირღებინების ფონზე თავს იჩენს ძლიერი გაუწყლოება. ექიმთან მისვლა აუცილებელია, თუ თავი იჩინა ბოტულიზმისთვის დამახასიათებელმა სიმპტომატიკამ - მხედველობის გაორებამ, ხმის ტემბრის შეცვლამ, ძლიერმა მიასთენიურმა სინდრომმა (კუნთების სისუსტემ), ყლაპვის გაძნელებამ.

- შესაძლებელია თუ არა, წინასწარი მკურნალობით თავიდან ავიცილოთ საკვების მიღებით გამოწვეული დისკომფორტი და ახალი წლის დღეები პრობლემების გარეშე გავატაროთ?

- განსაკუთრებული მკურნალობა არ არის საჭირო. მთავარია, არ დავივიწყოთ და ცხოვრების წესად ვაქციოთ არაერთხელ გაგონილი ფრაზა: ზომიერება ყველგან და ყველაფერში!