საჭმლის მომნელებელი სისტემის გამომყოფი ფუნქცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საჭმლის მომნელებელი სისტემის გამომყოფი ფუნქცია

ნერწყვი

სანერწყვე ჯირკვლების მიერ გამოყოფილი სითხე შეიცავს მარილებს, ცილებსა და ფერმენტებს. ნერწყვი აქტიურად მონაწილეობს საჭმლის მონელებაში, იცავს პირის ღრუს და კბილებს ყოველგვარი დაზიანებისგან, ამძაფრებს პროდუქტების გემოს და ხელს უწყობს არტიკულაციას (სამეტყველო აპარატის ფუნქციობას). ნერწყვის გამოყოფის გარეშე ადამიანის ორგანიზმის ცხოველმყოფელობა შეუძლებელი იქნებოდა. ნერწყვის გამოყოფა დაკავშირებულია საჭმლის მონელების პროცესთან და დამოკიდებულია საკვების ფიზიკურ და ქიმიურ თავისებურებებზე. ის ინტენსიურად წარმოიქმნება ღეჭვისას. პირის ღრუში განლაგებული ნერვული დაბოლოებები თავის ტვინის შესაბამის განყოფილებებს ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რა სახისა და თვისებებისაა მიღებული საკვები. ამის საპასუხოდ შესაბამისი ბრძანება გადაეცემა სანერწყვე ჯირკვლებს, რომლებიც გამოყოფენ იმ რაოდენობისა და ხარისხის ნერწყვს, რომელიც სჭირდება ორგანიზმს კონკრეტული საკვების მოსანელებლად. ნერწყვი მხოლოდ პირის ღრუში საკვების მოხვედრისას კი არ გამოიყოფა, არამედ მხედველობითა და ყნოსვით აღქმული ინფორმაციის საპასუხოდაც, ანუ საკვების დანახვის, ანდა მისი სუნის შეგრძნებისას. ნერწყვის გამოყოფას ვეგეტატიური ნერვული სისტემა აკონტროლებს. გამოყოფილი ნერწყვის ოდენობას უშუალო კავშირი აქვს იმ პროცესებთან, რომლებიც თავის ტვინის ქერქში მიმდინარეობს. მაგალითად, დაძაბულობისას ნერწყვი უხვად გამოიყოფა, ხოლო სტრესულ სიტუაციაში, შიშის, ძლიერი ტკივილისა და გონებრივი დაძაბულობის დროს პირი გვიშრება. ნერწყვი ჭარბად გამოიყოფა ვეგეტატიური ცენტრების ორგანული დაზიანებისას, მაგალითად, პარკინსონის დაავადების, განსაზღვრული სახის დამბლისა და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის შემთხვევაში. იგივე ხდება სამწვერა ნერვის დაზიანების დროსაც. ნერწყვს დამცველობითი ფუნქციაც აქვს. ის დიდი რაოდენობით გამოიყოფა ორსულობის საწყის პერიოდში. სავარაუდოდ, ასე რეაგირებს ორგანიზმი ტოქსიკოზზე. პირი ნერწყვით ივსება მაშინაც, თუ უხარისხო პროდუქტი შევჭამეთ ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსი მკვეთრად გაგვიღიზიანდა. ყველასთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც კბილის მკურნალობისას პირი ნერწყვით ივსება. ეს რეფლექსი ძლიერდება სტომატიტისა და პარაზიტებით საჭმლის მომნელებელი სისტემის დასნებოვნების დროსაც. როდესაც ნერწყვის ფიზიოლოგიური გამოყოფა ირღვევა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსი საკვების მიღებისას ტრავმას განიცდის. ვითარდება ეროზიები, წყლულები, სწრაფად ზიანდება კბილები.

კუჭის წვენი

კუჭის წვენი უფერული, გამჭვირვალე, მომჟავო სითხეა. ის საჭმლის მომნელებელი წვენია, რომელსაც კუჭის ლორწოვანი გარსის ჯირკვლები გამოყოფს. ეს ჯირკვლები სხვადასხვა სახის უჯრედებს შეიცავს, რომლებიც წვენის შემადგენელ სხვადასხვა კომპონენტს გამოიმუშავებენ. მთავარი უჯრედები გამოყოფენ ფერმენტებს, რომელთა დახმარებითაც იშლება საკვები ნივთიერებები: პეპსინი ცილებს შლის, ლიპაზა - ცხიმებს და ა. შ. ჯირკვლების სხვა უჯრედებში ხდება მარილმჟავას სეკრეცია (გამოყოფა). სწორედ ეს მჟავა ქმნის კუჭში მჟავა გარემოს. მარილმჟავა არბილებს კუჭში მოხვედრილ საკვებ გუნდას, ააქტიურებს კუჭის წვენის შემადგენლობაში შემავალ საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, ხოცავს მიკროორგანიზმებს, აძლიერებს პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) ფერმენტების გამოყოფასა და მოქმედებას, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ჰორმონების სინთეზს. კუჭის წვენის მჟავიანობა ყოველთვის ერთგვარი არ არის. ის დამოკიდებულია კუჭის წვენის გამოყოფის სიჩქარეზე და კუჭის ლორწოს გამანეიტრალებელ მოქმედებაზე. იცვლება საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა დაავადებების დროსაც. კუჭის ლორწოვანი გარსის ჯირკვლების დამატებითი უჯრედები გამოყოფს ლორწოს, რომელიც კუჭის წვენს წებოვნებას ანიჭებს. ლორწოს ტუტე რეაქცია აქვს. ის ანეიტრალებს მარილმჟავას, რითაც ამცირებს კუჭის წვენის მჟავიანობას, იცავს ლორწოვან გარსს გაღიზიანებისგან და მონაწილეობს კუჭში მოხვედრილი საკვების მონელებაში. გარდა ფერმენტებისა, ლორწოსი და მარილმჟავასი, კუჭის წვენი შეიცავს სხვა ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებებსაც, ასევე - განსაკუთრებულ ნივთიერებას, კასლის ფაქტორს, რომელიც წვრილ ნაწლავში B12 ვიტამინის შეწოვას უზრუნველყოფს. კუჭის წვენი გამოიყოფა არა მხოლოდ საკვების კუჭში მოხვედრისას, არამედ მისი დანახვისა და სურნელის შეგრძნების დროსაც. საკვების უსიამოვნო სუნი და შესახედაობა კუჭის წვენის გამოყოფის არათუ შემცირებას, ზოგჯერ შეწყვეტასაც კი იწვევს. კუჭის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ნაწლავების, სისხლისა და სხვა დაავადებათა დროს, აგრეთვე ნერვული სტრესის გავლენით კუჭის წვენის რაოდენობა და შემადგენლობა იცვლება.

ნაღველი

ნაღველს ღვიძლის უჯრედები - ჰეპატოციტები გამოიმუშავებს. ნაღვლის გამომტანი გზებით ის საბოლოოდ თორმეტგოჯა ნაწლავში ხვდება. ნაწლავის აღნიშნულ ნაწილში მიმდინარეობს საკვების მონელება, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლა. ცხიმების მონელება-ათვისების პროცესთა მთავარი ხელმძღვანელი და კოორდინატორი სწორედ ნაღველია. თავად ის არ შეიცავს არანაირ ფერმენტს, ამიტომ არც უშუალოდ მონაწილეობს ცხიმების დაშლაში, მხოლოდ ხელმძღვანელობს, მკაცრ და ეტაპობრივ კოორდინირებას უწევს ამ ურთულეს პროცესს. ადამიანის ორგანიზმში დღე-ღამეში 0,5-1,5 ლიტრი ნაღველი წარმოიქმნება. მისი ძირითადი კომპონენტები ნაღვლის მჟავები, პიგმენტები და ქოლესტერინია. გარდა ამისა ნაღველი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, მუცინს, იონებს (Nა+ , K+, ჩა2+, ჩI-, NჩO-3) და სხვა. როგორც კი საკვები პირის ღრუში მოხვდება, ნაღველი თორმეტგოჯა ნაწლავისკენ მიიჩქარის. აქედან ის ნიშანს აძლევს პანკრეასს (კუჭუკანა ჯირკვალს) და ნაწლავთა ჯირკვლებს, რომლებიც საკვების დაშლა-მონელებისთვის საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სწრაფად გამომუშავებასა და გამოყოფას იწყებენ. საკუთრივ ნაღველი ამ დროს ცხიმებს ანაწევრებს, რათა მათი მონელება, მერე კი შეწოვა გაადვილდეს. როგორც კი ნაწლავში საჭმლის მომნელებელი ფერმენტები მოხვდება, ნაღველი მათ ააქტიურებს, არააქტიური ფორმიდან აქტიურში გადაჰყავს. გააქტიურებული ფერმენტები კი თავიანთი ფუნქციის შესრულებას იწყებენ. ნაღველი სხვა პროცესზეც ზრუნავს. საკვების მონელების შემდეგ მისი დარჩენილი ნაწილის ნაწლავებში გადაადგილება მისი საზრუნავია. სწორედ ნაღვლის წყალობით ძლიერდება ნაწლავის პერისტალტიკა (შეკუმშვითი მოძრაობა საკვების გადაადგილებისათვის). ნაღველს თორმეტგოჯა ნაწლავის პატარა და მარდ დიასახლისს უწოდებენ, რომელიც ცხიმების ათვისებასთან დაკავშირებულ საკითხებს უნიკალურად აგვარებს. სწორედ მისი წყალობით წარიმართება ცხიმების მონელების ურთულესი პროცესი სწორად და მკაცრად განსაზღვრული თანამიმდევრობით.

ფეკალური მასა და მისი გამოყოფა

ადამიანის ორგანიზმის ცალკეულ ორგანოებსა და ქსოვილებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების (მეტაბოლიზმის) შედეგად ნარჩენი ნივთიერებები წარმოიქმნება. ცვლის ამ საბოლოო პროდუქტებისგან გათავისუფლება ადამიანის ორგანიზმის ცხოველმყოფელობის ბუნებრივი ნაწილია. მეტაბოლიზმის ნარჩენი პროდუქტია ფეკალური მასაც (იგივე ექსკრემენტი, განავალი). ის წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის შიგთავსს, რომელიც დეფეკაციის შედეგად გამოიდევნება ორგანიზმიდან. საკვები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მეტად გრძელ და რთულ გზას გადის. ამ გზის ბოლო მონაკვეთზე, მსხვილ ნაწლავში, სადაც მილიონობით ბაქტერია ბინადრობს, საბოლოო ჯამში საკვების მოუნელებელი ნაწილები ხვდება. მსხვილი ნაწლავის კედლები ამ ნარჩენებიდანაც მაქსიმალურად შეიწოვს მათში ჯერ კიდევ დარჩენილ სასარგებლო ნივთიერებებს - წყალს, მინერალურ ნივთიერებებს და K ვიტამინს, რომელსაც ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები წარმოქმნიან. საბოლოოდ დარჩენილ მასას მსხვილი ნაწლავის კედლები სწორი ნაწლავისკენ გადადევნის. დეფეკაცია ანუ ფეკალური მასების გამოდევნა სწორი ნაწლავის კედლების შეკუმშვის გზით ხდება ანალური სფინქტერის მოდუნების პირობებში. ადამიანის ორგანიზმი თვითმარეგულირებელი უნიკალური სისტემაა. ნორმაში მას სასიცოცხლო მნიშვნელობის ვერც ერთი ნივთიერება ვერ დატოვებს. სწორედ ამის წყალობით ფეკალურ მასასთან ერთად ყოველდღიურად გამოიყოფა ორგანიზმიდან 100 მლ წყალი და არაორგანული იონების უმნიშვნელო რაოდენობა. ფეკალური მასის სამი მეოთხედი წყალია, ერთი მეოთხედი კი მკვრივი მასა. მის 30%-ს ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები შეადგენს, 15%-ს - არაორგანული ნივთიერებები, 3%-ს - ცილები, 20%-ს - ცხიმები, 30%-ს - საკვების სხვადასხვა მოუნელებელი კომპონენტი. ექსკრემენტი ამორფული წვრილმარცვლოვანი მასაა, რომელიც საკვების ნარჩენების წვრილი ნაწილაკებისაგან შედგება. ფეკალური მასა შეიძლება სხვადასხვა მოცულობისა იყოს. საკვებ რაციონში მცენარეული საკვების სიჭარბისას ის გაცილებით დიდია, ვიდრე ხორცის პროდუქტების ინტენსიური გამოყენებისას. შიმშილობისას მისი მოცულობა საგრძნობლად მცირდება. განავლის ფორმა და კონსისტენცია საკვების ხასიათზეა დამოკიდებული. ის შესაძლოა ორგანიზმში არსებულ სხვადასხვა დარღვევაზე მიანიშნებდეს. განავლის ფერს ძირითადად მასში არსებული პიგმენტი სტერკობილინი განაპირობებს. ჯანმრთელ ადამიანებში ის ღია ყავისფერიდან მუქ ყავისფერამდე ვარირებს, თუმცა, მიღებული საკვებისა და მედიკამენტების ზემოქმედებით, რამდენადმე იცვლება. მაგალითად, რკინა განავალს მომწვანო-მოშავო ფერს აძლევს, ჭარხალი - მოწითალოს. განავლის ფერი და შემადგენლობა იცვლება ზოგიერთი დაავადების დროსაც. აქედან გამომდინარე, ორგანიზმიდან გამოდევნილი ფეკალური მასა უბრალო ბალასტი კი არ არის, არამედ ადამიანის ჯანმრთელობის ინდიკატორი, რომელსაც დიდი სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს.