კუჭ-ნაწლავის დღესასწაული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუჭ-ნაწლავის დღესასწაული

ყველაფერთან ერთად საჭმლის მომნელებელი სისტემის გადატვირთვას ისიც უწყობს ხელს, რომ მარხვის დამთავრების შემდეგ კუჭ-ნაწლავში ის საკვები ხვდება, რომელიც დიდი ხანია აღარ მიგვიღია. აუცილებელია, წინასწარ ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე და სათანადოდ შევცვალოთ კვების რაციონი. მრავალ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ახალი წლის დადგომამდე რაციონი მცენარეული პროდუქტებით უნდა გავამდიდროთ, მივირთვათ ბოსტნეულის - ჭარხლის, კომბოსტოს, სტაფილოს, მწვანილის სალათები. ეს პროდუქტები მდიდარია უჯრედისით. უჯრედისი საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრისას იჯირჯვება, მოცულობას იმატებს და მალევე ბადებს სიმაძღრის შეგრძნებას. გარდა ამისა, ბოსტნეული ხელს უწყობს ნაწლავების პერისტალტიკას, კუჭის მოქმედებას, ნაწლავების გაწმენდას დაგროვილი წიდისგან. მას, ვინც არ მარხულობს, შეიძლება ამავე მიზნით რძემჟავა პროდუქტების (მაწვნის, ნადუღის) მიღება ვურჩიოთ. კუჭი რომ არ გადაიტვირთოს, შეიძლება ბოსტნეული წინასწარ მოვშუშოთ ან გამოვაცხოთ ქურაში, მერე წვრილად დავჭრათ, დავამატოთ მწვანილი, 1-2 ჩაის კოვზი ზეთი და გემრიელად მივირთვათ. ასეთი საკვები სასარგებლოა ყველასათვის, განურჩევლად იმისა, იცავს მარხვას თუ არა. გარდა ამისა, გვირჩევენ, რომ უშუალოდ 31 დეკემბერს ან იმ დღეს, როცა დღესასწაულის სუფრასთან აღნიშვნას ვაპირებთ, მთელი დღის განმავლობაში ჩვეულებრივი მენიუ გვქონდეს - დილით მივირთვათ ფაფა, შუადღისას კი წვნიანი და ბოსტნეულის სალათა. თუ დრო გაქვთ, რეკომენდებულია, ცოტა ხნით დაისვენოთ და თვალი მოატყუოთ. შხაპი კი იოლად მოგიხსნით დაძაბულობასა და მთელი დღის განმავლობაში მიღებულ სტრესს. მას, ვინც ახალ წელს შინ ხვდება, შეუძლია, დღის განმავლობაში საკვები ჩვეულებრივი რეჟიმით მიიღოს, ვინაიდან მთელი დღე შიმშილი და საღამოს ნოყივრად ვახშმობა დისკომფორტს გამოიწვევს. თუ ახალი წლის შესახვედრად რესტორანში მიბრძანდებით, იმავე მოსაზრებით გირჩევთ, შინიდან გასვლის წინ რაიმე მიირთვათ, რადგან, ქართული პუნქტუალობის გათვალისწინებით, სანამ სუფრასთან მოხვდებით, შეიძლება დათქმულზე მეტი დრო გავიდეს. თუ ადამიანი მარხულობს, რასაკვირველია, მან ნელ-ნელა უნდა დაუმატოს მენიუს ცხოველური პროდუქტები. უმჯობესია, დილა ღვეზლით ან ხაჭაპურით დაიწყოს, ხოლო ხორცი სადილად მიირთვას, თავდაპირველად - მოხარშული, უმჯობესია ძროხისა. ღორის ხორცი და სხვა ძნელად მოსანელებელი საკვები ჯობს მეორე დღისთვის გადავდოთ. მაინც რისი ბრალი შეიძლება იყოს საახალწლო სუფრის შემდეგ თავჩენილი შემაწუხებელი სიმპტომები? მან, ვისაც დისკომფორტი ხშირად აწუხებს, კარგად იცის, რომ გულძმარვასა და ბოყინს კუჭში არსებული მჟავე წვენისა და მოუნელებელი საკვების საყლაპავში მოხვედრა - გასტროეზოფაგური რეფლუქსი იწვევს. ახალი წლის დღეებში მის აღმოცენებას ხელს უწყობს დიდი რაოდენობით საკვებისა და სასმლის მიღება - ცხიმიანი კერძები, ალკოჰოლი, განსაკუთრებით - შამპანური, გაზიანი სასმელები, კოფეინით მდიდარი კოლა და ყავა, ციტრუსები... არსებობს მარტივი წესები, რომელთა დაცვითაც შეიძლება მინიმუმამდე შევამციროთ დისკომფორტი. საკმარისია, ჩამოთვლილი საკვები ნაკლები რაოდენობით მივიღოთ და თუ სხვა რამეს ვერ შეველევით, გაზიან სასმელებსა და ყავაზე მაინც ვთქვათ უარი. ხშირად გულძმარვით შეწუხებული ადამიანები შვებას ისევ გაზიან სასმელში ეძებენ, მაგრამ ეს მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. კუჭში აირი ისევე გამოიყოფა, როგორც გაზიანი სასმლის ჭიქაში და უფრო მეტად აძლიერებს დისკომფორტსა და ბოყინს. მალე ტუტე სასმლის გამანეიტრალებელი ზემოქმედება ქრება და კუჭის მჟავა წვენი კიდევ უფრო დიდი რაოდენობით გამოიყოფა, გულძმარვაც ძლიერდება. ხშირად მუცლის ზედა ნაწილში აღმოცენებული ტკივილი, ზეწოლა და შემაწუხებელი შებერილობა მხოლოდ დიდი რაოდენობით სხვადასხვაგვარი საკვების მიღების ბრალია და არა რომელიმე მწვავე დაავადებისა, თუმცა არ არის გამორიცხული, სხვადასხვა ცხიმის ზემოქმედებით ნაღვლის ბუშტი ძლიერად შეიკუმშოს, იქ არსებული კენჭები ამოძრავდეს და უძლიერესი ტკივილი გამოიწვიოს. კიდევ ერთი შემაწუხებელი სიმპტომია მუცლის შებერვა. ტკბილეული, ბოსტნეული, ცხიმი ხელს უწყობს ნაწლავებში აირთა დიდი რაოდენობით წარმოქმნას. აირების დაგროვება განსაკუთრებით შემაწუხებელია ყაბზობის ფონზე. ყაბზობას კი ამ დღეებში ძნელად მოსანელებელი ცილოვანი პროდუქტების - ღორისა და ცხვრის ხორცის მიღება იწვევს. მართალია, კუჭი დიდი რაოდენობით საკვებსა და სასმელს იტევს, მაგრამ ძნელად მოსანელებელი საკვები, აირების დაგროვება და კუჭის კედლების ზედმეტი გაწელვა ძლიერ ტკივილს იწვევს. ახალი წლის დღეებში, გარდა კუჭისა, დიდი დატვირთვა ადგება თორმეტგოჯა ნაწლავს, ღვიძლსა და კუჭუკანა ჯირკვალს - პანკრეასს. ეს არ უნდა დაავიწყდეთ მათ, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებები აქვს. საახალწლო და საშობაო სუფრის შემდეგ მიძინებულმა დაავადებამ შეიძლება თავი შეგვახსენოს. ახალი წლის დღესასწაულს ყველაზე დიდი ზიანი მაინც ღვიძლისთვის მოაქვს. მიზეზი კი, რასაკვირველია, ალკოჰოლია. ეს ხალხშიც კარგად იციან და ხშირად კითხულობენ, რით შეიძლება გაიწმინდონ ღვიძლი. ტერმინი `ღვიძლის გაწმენდა~ მედიცინაში არ არსებობს, ღვიძლის გაწმენდა შეუძლებელია, მაგრამ განსაზღვრული წესების დაცვით შეიძლება თავიდან ავიცილოთ ამ ორგანოზე მავნე ზემოქმედება. ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ვერიდოთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას. მეორე - დავივიწყოთ ეგრეთ წოდებული ყრუ გამორეცხვები, ოღონდ - ექიმის რეკომენდაციით. მიზეზი მარტივია: თუ მარჯვენა ფერდქვეშ შეტევითი ტკივილისა და ძლიერი დისკომფორტის მიზეზი არა აირების დაგროვება ან სანაღვლე გზების დისკინეზია, არამედ ნაღვლის ბუშტის კენჭი ან ბუშტში არსებული ნალექია, შეიძლება `გამორეცხვით~ ღვიძლის  ჭვლის - მარჯვენა ფერდქვეშ ლოკალიზებული ძლიერი ტკივილის - პროვოცირებაც კი მოვახდინოთ. გამორეცხვისას გამოყენებულმა ნაღველმდენებმა - ზეთმა, თაფლმა კი შესაძლოა კენჭების მოძრაობა გააძლიეროს და სანაღვლე გზების დახშობა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში კი განვითარდება სიყვითლე, რომელიც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. აი, ასე შეიძლება თვითმკურნალობის შედეგად ადამიანი საოპერაციო მაგიდაზე აღმოჩნდეს. საახალწლო ეგზოტიკური ნუგბარით პირის ჩატკბარუნებისას ბეწვის ხიდზე დადიან ისინი, ვისაც ალერგია აქვს. ეს მარტო ბავშვებს როდი ეხება - მოზრდილებში ალერგია ხშირად სწორედ საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ჩივილებით: ტკივილით, მუცლის შებერვითა და ფაღარათით - იჩენს თავს. ფორთოხალი, ყავა, კვერცხი, კაკალი, თევზი, ხიზილალა, შოკოლადი - კვებითი ალერგენების ჩამონათვალი დღითი დღე უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. სხვათა შორის, ბოლო დროს მოდური მიდიები, ხამანწკები თუ კრევეტები, თუ დიდი რაოდენობით მიირთვით, ალერგიას სავსებით ჯანმრთელ პირებშიც იწვევს.


რითია საშიში ხანგრძლივი სუფრა

კარგად მოგეხსენებათ, რა ხანგრძლივია ქართული სუფრა. თბილ ოთახში სულ ცოტა 5-6 საათით გაშლილი მაგიდა, რომელზეც სხვადასხვაგვარი კერძი მთელი საღამო რჩება... მეორე დღეს კი სუფრა იმავე პროდუქტებით იშლება. მაიონეზიანი სალათა და კრემიანი ნამცხვრები შესანიშნავი საკვები ნიადაგია ბაქტერიებისთვის. საკვებისმიერი ინფექციების გამომწვევი მიკრობები - სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები - მათში მრავლდებიან და ტოქსინებს გამოყოფენ. ასეთი საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ შესაძლოა მძიმე ინტოქსიკაციის სურათი განვითარდეს: დაიწყოს გულისრევა, ღებინება, წნევის დაქვეითება, ძლიერი ფაღარათი. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. როცა ინტოქსიკაცია მსუბუქია, შეიძლება დიეტურ კვებსა და სითხის მიღებას დავჯერდეთ. სითხე ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას, სითხის დანაკარგის შევსებას. განმეორებითი ფაღარათის შემთხვევაში აუცილებელია აფთიაქში ელექტროლიტების შემავსებელი ფხვნილის შეძენა. ამრიგად, აშკარაა, რომ მრავალფეროვანი და ნოყიერი საკვებით სავსე სუფრა, რომელიც ახალი წლის განუყოფელი ნაწილია, სინამდვილეში ჯანმრთელობისთვის მძიმე გამოცდაა. სამწუხაროდ, ასეთ სუფრასთან გატარებული საღამოს შემდეგ აღმოცენებულ სიმპტომებს - გულძმარვას, გულისრევას, ფაღარათს - მრავალი ჩვენგანი არა სხვების მონათხრობიდან, არამედ პირადი მწარე გამოცდილებიდან იცნობს. დელიკატესები, ნაირ-ნაირი სალათა, საცივი, სასმელები, ტკბილეული საბოლოო ჯამში დამანგრეველი ძალის ნარევს ქმნიან, რომლის მონელება კუჭ-ნაწლავს ძალიან უჭირს. საბედნიეროდ, მდგომარეობა გამოუვალი როდია. ელემენტარული წესების დაცვით შეიძლება თავიდან ავიცილოთ საახალწლო სუფრასთან დაკავშირებული სტრესი.

  • 31 დეკემბერს მთელი დღე ნუ იშიმშილებთ, რათა საღამოს სუფრას `ცარიელი კუჭით~ მიუსხდეთ - თუ მთელი დღის ნაშიმშილევი საღამოს ნოყივრად ივახშმებთ და ალკოჰოლსაც დააყოლებთ, დიდია რისკი, დღესასწაული მალე დასრულდეს და ქოლეცისიტიტის ან პანკრეატიტის შეტევით საავადმყოფოში აღმოჩნდეთ.
  • ნუ იჩქარებთ ყველა კერძის ერთდროულად გასინჯვას. ეცადეთ, ნელა მიირთვათ, ერთი კერძიდან მეორემდე კი მცირე ინტერვალი მაინც დაიცვათ. ეს მონელებას გაგიადვილებთ.
  • ეცადეთ, მხოლოდ ახალი პროდუქტები შეიძინოთ, ისიც მხოლოდ იმ მაღაზიებში, რომლებსაც ენდობით.
  • თუ უცხო კერძი შემოგთავაზეს, ეცადეთ ტაქტიანად გაარკვიოთ მისი შემადგენლობა და მომზადების წესი.
  • გაზიან სასმელებს ნატურალური წვენები ამჯობინეთ.
  • აცადეთ, მინერალურ წყალს გაზი გაუვიდეს და მერე დალიეთ. და საერთოდ, გაზიან სასმელებს ნუ მიეძალებით.
  • რასაკვირველია, უხერხულია სტუმრად ყოფნისას კერძების ამორჩევა, მაგრამ მენიუსადმი კრიტიკული მიდგომა აუცილებელია.
  • მაიონეზიან სალათებს მაიონეზის გარეშე მომზადებული ამჯობინეთ.
  • შეგიძლიათ, მიირთვათ თევზი.
  • სუფრასთან დაჯდომამდე მიიღეთ ფერმენტული პრეპარატი, რომელიც საკვების მონელებას შეუწყობენ ხელს. მით უმეტეს, თუ კუჭ-ნაწლავი ისედაც გაწუხებთ. ამ შემთხვევაში ერიდეთ საკვებს, რომელიც დარტმას მიაყენებს თქვენს სუსტ წერტილს.
  • ყოველთვის, როცა კიდევ ერთხელ გაიწვდით ხელს სალათის, ტორტისა თუ ჭიქის ასაღებად, გაიხსენეთ მოსალოდნელი დისკომფორტი.
  • არ დაივიწყოთ, რომ სუფრიდან ადგომისთანავე წამოწოლა არ არის რეკომენდებული, სავსე კუჭით დაწოლისას საგრძნობლად იზრდება რეფლუქსის განვითარების ალბათობა. თუ გულძმარვა ხშირად გაწუხებთ, ურიგო არ იქნება, ძილის წინ სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატი მიიღოთ.
  • საახალწლო სუფრასთან დროსტარების დროს ეცადეთ იშვიათად გახვიდეთ მოსაწევად. რასაკვირველია, აჯობებს, საერთოდ არ მოსწიოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სუფრასთან არამწეველებიც კი ეტანებიან თამბაქოს.
  • თუ რაიმე დაავადების გამო მუდმივად იღებთ მედიკამენტებს, ალკოჰოლს ერიდეთ. გაითვალსიწინეთ, რომ მრავალი ქრონიკული დაავადების მკურნალობის შეწყვეტა გართულებებს იწვევს.
  • ძილის წინ აუცილებლად გაანიავეთ ოთახი, სადაც უნდა დაიძინოთ.
  • დღესასწაულის მომდევნო დილით `ფორმაში სწრაფად ჩასადგომად~ ნუ დალევთ დიდი რაოდენობით მუქ ჩაისა და ყავას, განსაკუთრებით - თუ მაღალი წნევა და არითმია გაქვთ.

მოდის ახალი წელი და ყველა ცდილობს, მას კარგი განწყობით შეეგებოს. რას დაიბედებთ - დისკომფორტს, ჯანმრთელობის პრობლემებს და უსიამოვნო მოგონებებს თუ საკუთარ თავსა და სამყაროსთან ჰარმონიის შეგრძნებას, მხიარულებასა და ბედნიერებას, თქვენზეა დამოკიდებული. ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევები ახალი წლის ხალისიანად გატარებაში დაგეხმარებათ.