ცელიაკია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცელიაკია

ცელიაკია შეიძლება მუცლის ტკივილისა და ფაღარათის მიზეზად იქცეს. საკვები ნივთიერებების დაქვეითებული შეწოვა ანუ მალაბსორბცია იწვევს ვიტამინების დეფიციტს, რაც აისახება თავის ტვინის, პერიფერიული ნერვული სისტემის, ძვლების, ღვიძლისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ორგანოების ფუნქციობაზე. სამწუხაროდ, არ არსებობს დაავადების სამკურნალო პრეპარატი, თუმცა დიეტის მეშვეობით შესაძლებელია დაავადების ეფექტური მართვა.

როგორ ვლინდება ცელიაკია

ცელიაკიის ტიპური სიმპტომები არ არსებობს. პაციენტთა უდიდეს ნაწილს აქვს ზოგადი გამოვლინებები:

  • ფაღარათი;
  • მუცლის ტკივილი;
  • მუცლის შებერვა, აირების ჭარბი დაგროვება და გამოყოფა.

არის შემთხვევები, როცა ცელიაკიით დაავადებულებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების სიმპტომები საერთოდ არ აქვთ გამოხატული, ზოგჯერ კი დაავადების გამოვლინება მოგვაგონებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, კუჭის წყლულს, კრონის დაავადებას, პარაზიტულ ინვაზიას ან ანემიას. შესაძლოა, დაავადებამ ისეთი ატიპური ნიშნებითაც იჩინოს თავი, როგორებიცაა:

  • გაღიზიანებადობა ან დეპრესია;
  • ანემია;
  • სახსრების ტკივილი;
  • კუნთების მტკივნეული შეკუმშვა - კრამპი;
  • კანის გამონაყარი;
  • პირის ღრუს დაზიანება;
  • კბილების დაზიანება და ძვლების პრობლემები (ოსტეოპოროზი);
  • ქვედა კიდურების პარესთეზია, რაც ნეიროპათიის გამოვლინებაა.

ნივთიერებების შეწოვის დარღვევა იწვევს:

  • წონის კარგვას;
  • ფაღარათს;
  • მუცლის ტკივილს, აირების დაგროვებას;
  • ზოგად სისუსტეს;
  • ფაღარათის დროს მყრალსუნიანი ცხიმის შემცველი განავლის გამოყოფას;
  • ბავშვთა ზრდის შეჩერებას;
  • ოსტეოპოროზს.

რატომ ვითარდება ცელიაკია

ცელიაკიის მიზეზი ბოლომდე არ არის გარკვეული. ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმში ვითარდება ცვლილება, რაც იწვევს იმუნური სისტემის ჰიპერრეაქტიულობას საკვებით მიღებული გლუტეინის მიმართ. წვრილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირი ამოფენილია თმის მსგავსი თხელი შრით. ამ წარმონაქმნებს ხაოები ეწოდება. ხაოები, რომლებიც მიკროსკოპით დათვალიერებისას ნაწლავის შიგნითა ზედაპირს ხალიჩისმაგვარ შესახედაობას აძლევს, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ვიტამინების, მინერალების და საკვებით მიღებული სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებების შეწოვაში. ცელიაკიის დროს ხდება ამ ხაოების დაზიანება. ნაწლავის შიგნითა ზედაპირი კარგავს ხალიჩისებრ შესახედაობას და პრიალა იატაკს ემსგავსება, ორგანიზმი კი კარგავს ჯანმრთელობისა და ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი ნივთიერებების შეწოვის უნარს. შედეგად ცხიმი, ცილა, ვიტამინები და მინერალები გამოიყოფა განავალთან ერთად. მართალია, ცელიაკიის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ექიმებმა დაადგინეს, რომ დაავადება ხშირია ოჯახის წევრებს შორის. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანს აქვს ცელიაკია, მის გენეტიკურად მონათესავე ოჯახის წევრს მომატებული ექნება დაავადების განვითარების რისკი. მკვლევრებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი გენეტიკური მუტაცია ზრდის ცელიაკიის ალბათობას, თუმცა მათი არსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ პიროვნებას დაავადება ექნება; ეს მოწმობს მხოლოდ სხვა, ჯერ კიდევ დაუდგენელი ფაქტორების მნიშვნელობას ცელიაკიის აღმოცენებაში.


ცელიაკიის რისკფაქტორები

მართალია, ცელიაკია ნებისმიერს შეიძლება დაემუქროს, მაგრამ მისი ალბათობა მეტია, როცა ადამიანს აქვს:

  • შაქრანი დიაბეტი ტიპი I;
  • ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება;
  • დაუნის სინდრომი;
  • კოლაგენური ან ლიმფოციტური კოლიტი.

რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ცელიაკიას?

იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს არ უტარდება მკურნალობა, ცელიაკიას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული გართულებები:

  • მალნუტრიცია - კვების დარღვევა. არანამკურნალებ შემთხვევებში ცელიაკია იწვევს მალაბსორბციას ანუ შეწოვის დარღვევას, რაც საბოლოოდ მალნუტრიციას იწვევს. ვინაიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები იკარგება განავალთან ერთად და აღარ შეიწოვება ორგანიზმში, მალაბსორბცია იწვევს მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტს, იკარგება დ ვიტამინი, ფოლატები, რკინა, რაც ანემიისა და წონის დაკარგვის მიზეზად იქცევა. მალნუტრიცია ბავშვებში ზრდა-განვითარების შეფერხებას იწვევს.
  • კალციუმის კარგვა და ძვლის სიმკვრივის დაქვეითება - განავლით შეიძლება დაიკარგოს დიდი რაოდენობის კალციუმი და დ ვიტამინი. ეს შესაძლოა გახდეს ოსტეომალაციის - ძვლის დარბილების და ოსტეოპოროზის - ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითების მიზეზი. ოსტეოპოროზი მნიშვნელოვნად ზრდის მოტეხილობების რისკს.
  • ლაქტოზის აუტანლობა - გლუტეინის ზემოქმედებით წვრილი ნაწლავის დაზიანების გამო მუცლის ტკივილი და დიარეა შეიძლება გამოიწვიოს იმ საკვებმაც, რომელიც სულაც არ შეიცავს გლუტეინს. ცელიაკიით დაავადებული ზოგიერთი ადამიანი ვერ იტანს რძის შაქარს - ლაქტოზას. ამ მდგომარეობას ლაქტოზის აუტანლობა ეწოდება. ამ შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეზღუდოს არა მარტო გლუტეინის, არამედ ლაქტოზის შემცველი საკვები და სასმელიც. ცელიაკიის დროს მდგომარეობის გაუმჯობესებისას ადამიანმა შეიძლება კვლავ მიიღოს რძის პროდუქტები, თუმცა ზოგიერთ პაციენტს ცელიაკიისას ლაქტოზის აუტანლობა მუდმივად რჩება.
  • ავთვისებიანი სიმსივნე - მას, ვინც ცელიაკიის დროს უარს არ ამბობს გლუტეინის მიღებაზე, აქვს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების მაღალი რისკი. შესაძლოა, აღმოცენდეს ნაწლავის ლიმფომა ან კიბო.
  • ნევროლოგიური გართულებები - ცელიაკიისას მოსალოდნელია ნერვული სისტემის დაზიანება - გულყრა, ნერვის დაზიანება - პერიფერიული ნეიროპათია.

დაავადების დიაგნოსტიკა

ცელიაკიის სადიაგნოზო ტესტთაგან უნდა აღინიშნოს:

  • სისხლის გამოკვლევა - შესაძლოა გამოვლინდეს გარკვეული ანტისხეულების უფრო მაღალი შემცველობა, ვიდრე ჯანმრთელ პირებში. ეს არის ენდომიზიუმის საწინააღმდეგო და ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ანტისხეული არის სპეციალური ცილა, რომელიც ჩვენი იმუნური სისტემის ნაწილია და ორგანიზმს გენეტიკურად უცხო ნაწილაკების მოცილებაში ეხმარება. ცელიაკიით დაავადებულთა ორგანიზმში იმუნური სისტემა ცილა გლუტეინს უცხოდ აღიქვამს და მის საწინააღმდეგოდ დიდი რაოდენობით ანტიგენს წარმოქმნის.
  • წვრილი ნაწლავის გამოკვლევა - დიაგნოზის დასადასტურებლად შესაძლოა საჭირო გახდეს წვრილი ნაწლავის მცირე ნაწილის მიკროსკოპიული გამოკვლევა. ეს მცირე ნაწილი მიიღება სპეციალური ხელსაწყოთი - ენდოსკოპით ნაწლავის დათვალიერებისას

ცელიაკიის მკურნალობა

როგორც აღვნიშნეთ, ცელიაკია არ ინკურნება, თუმცა შესაძლებელია დაავადების ეფექტური კონტროლი დიეტის მეშვეობით. პაციენტმა ისე უნდა შეცვალოს კვების რაციონი, რომ თავიდან აიცილოს გლუტეინის მიღება. ამ მიზნით აუცილებელია, რაციონიდან გამოირიცხოს:

  • ქერი;
  • ჭვავი;
  • ხორბალი;
  • შვრია;
  • ნებისმიერი კერძი, რომელიც თუნდაც მცირე რაოდენობით შეიცავს ამ საკვებ პროდუქტებს.

რაციონიდან გლუტეინის გამორიცხვის შემდეგ ნაწლავის ანთებითი ცვლილებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მცირდება, თუმცა ზოგიერთი უკეთესობას სულ რამდენიმე დღეში გრძნობს. სრულ გაჯანსაღებასა და ხაოების აღდგენას შესაძლოა რამდენიმე თვიდან ორ-სამ წლამდე დასჭირდეს. ნაწლავის სურათი ბავშვებს უფრო სწრაფად აღუდგებათ, ვიდრე ზრდასრულებს. გლუტეინის შემცველი საკვების შემთხვევითი მიღებისას შესაძლოა ისევ განვითარდეს მუცლის ტკივილი და ფაღარათი, მაგრამ არა ყოველთვის. ზოგიერთს გლუტეინის მიღების შემდეგ არავითარი დისკომფორტი არ აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა საყურადღებო არ არის - გლუტეინის უმნიშვნელო რაოდენობაც კი ნაწლავის გარდაუვალ დაზიანებას იწვევს.


ვიტამინები და საკვები დანამატები

მძიმე კვებითი დეფიციტის დროს აუცილებელია ექიმის დანიშნულებით გარკვეული ვიტამინებისა და მინერალების მიღება. ამ მიზნით ინიშნება კალციუმი, ფოლატები, რკინა, B12, D და K ვიტამინები. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ამ ნივთიერებათა ნაწილის მიღება ინექციების მეშვეობით.

მედიკამენტები

წვრილი ნაწლავის მძიმე ანთებისას ექიმმა შესაძლოა დანიშნოს სტეროიდები ანთების კონტროლის მიზნით. სტეროიდების ზემოქმედებით მნიშვნელოვნად მცირდება დაავადების სიმპტომები ჯერ კიდევ მანამდე, სანამ თავის ეფექტს გამოავლენდეს საკვებიდან გლუტეინის გამორიცხვა.

აკრძალულია!!!

ცელიაკიით დაავადებულმა ყველა პაციენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ აკრძალულია გლუტეინის შემცველი პროდუქტების მიღება. გთავაზობთ მათ სიას:

  • ხორბლის პური;
  • ჭვავის პური;
  • მანანის ფაფა;
  • შვრიის, ხორბლის და ქერის პროდუქტები;
  • გაითვალისწინეთ, რომ ამ პროდუქტებს შეიცავს ჰერკულესი, პერლოვკა;
  • მზა ფარში (არ არის გამორიცხული, ის შეიცავდეს სახამებელს) და ხორცის ნახევარფაბრიკატები;
  • ძეხვი, სოსისი, ლორი;
  • ხორცის კონსერვები;
  • თევზის კონსერვები;
  • იოგურტი, ყველეული, მაიონეზი (არ არის გამორიცხული, შეიცავდეს სახამებელს);
  • მზა ყავა და ყავის შემცველი სასმელები;
  • ლუდი;
  • ნაჩურთიანი კარამელი, შოკოლადი, ჩუპა-ჩუპსი;
  • ხილფაფა;
  • ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმი, რომლის შემადგენლობაშიცაა ვაფლი;
  • ნაყინი (არ არის გამორიცხული, ის შეიცავდეს სახამებელს);
  • კეტჩუპი, ტომატ-პასტა.

შეიძლება მივირთვათ?

  • სიმინდის ფქვილისგან მომზადებული პროდუქტები - მჭადი, ფაფა, ღომი;
  • სიმინდისა და კარტოფილის სახამებელი;
  • ბატიბუტი;
  • ბრინჯი და ბრინჯის კერძები - ფაფა, ფლავი;
  • წიწიბურა;
  • ახალი ან გაყინული ხორცის კერძები;
  • კარაქი, მზესუმზირას, სიმინდის, სოიის, ზეითუნის ზეთი;
  • ახალი ან გაყინული თევზი;
  • ნატურალური რძე და რძის პროდუქტები (თუ არ გაქვთ ლაქტოზას აუტანლობა);
  • ხილი, ბოსტნეული (მდგომარეობის სტაბილიზაციამდე არ არის სასურველი ძნელად მოსანელებელი ბოსტნეული, რომელიც აძლიერებს მეტეორიზმს - ლობიო, კომბოსტო);
  • მხოლოდ შაქრით შინ მომზადებული მურაბები და ხილფაფები;
  • შინ მომზადებული წვენი, ნატურალური ჩაი, ყავა, კომპოტი.