საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა პოლიპოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა პოლიპოზი

ზოგადად პოლიპების შესახებ

პოლიპების გარეგნული იერსახე ერთი ორგანოს ფარგლებშიც კი მეტისმეტად განსხვავებულია. არსებობს ე.წ. "ღეროვანი" პოლიპები ანუ პოლიპები ფეხზე და ე. წ. "მჯდომარე" პოლიპები ანუ პოლიპები ფართო ფუძეზე. პოლიპი შეიძლება იყოს ერთეულიც და მრავლობითიც. პოლიპის განვითარების მთავარი მიზეზი საბოლოოდ დაუდგენელია. მეცნიერთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი გამომწვევი ფაქტორი გენეტიკური გარდაქმნა-მუტაციაა, ზოგჯერ ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესი და შესაძლოა ვირუსული ინფექციაც. პოლიპები უსაფრთხო და მშვიდობიან წარმონაქმნებად არ მიიჩნევა, რადგან, ამ პრობლემაზე მომუშავე მეცნიერებისა თუ ექიმ სპეციალისტთა მონაცემებით, ძალიან ხშირია მათი მალიგნიზაცია ანუ ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარება. დღეს პოლიპს უწოდებენ ფეხზე არსებულ ნებისმიერ სიმსივნურ წარმონაქმნს, მაშინ როცა ჰიპოკრატეს დროს ტერმინი "პოლიპი" მხოლოდ ცხვირში არსებულ ფეხზე განვითარებულ წარმონაქმნს აღნIშნავდა. პოლიპი ნებისმიერი ღრუ ორგანოს კედლიდან შეიძლება განვითარდეს. მას შესაძლოა სხვადასხვა წარმოშობა და შენება ჰქონდეს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი მთელს მის სიგრძეზე მიდრეკილია პოლიპების განვითარებისადმი.

ნაღვლის ბუშტის პოლიპები

ნაღველკენჭოვან დაავადებაზე ეჭვის მიტანისას ან სხვა მიზეზით ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარებისას ადამიანებს ნაღვლის ბუშტში ხშირად აღმოაჩნდებათ პოლიპოზური წარმონაქმნები. ნაღვლის ბუშტის პოლიპები უხშირესად ქალებში გვხვდება. აღნიშნული ორგანოს პოლიპოზური წარმონაქმნები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა - ცრუ ანუ ფსევდოსიმსივნეებად და ჭეშმარიტ სიმსივნეებად. ფსევდოსიმსივნეებს მიეკუთვნება ქოლესტერინული და ანთებითი პოლიპები,  რომლებიც არ წარმოადგენს კეთილთვისებიან სიმსივნეებს, აღნიშნული ტერმინის პირდაპირი მნიშვნელობით. როგორც ქოლესტერინული,  ასევე ანთებითი პოლიპები ნაღვლის ბუშტის კედლის რეაქტიული ცვლილების შედეგია. მიჩნეულია, რომ ამ წარმონაქმნებს არაფერი აქვთ საერთო პოტენციურ ავთვისებიან სიმსივნეებთან. რაც შეეხება ჭეშმარიტად კეთილთვისებიან სიმსივნურ წარმონაქმნებს, რომლებიც ნაღვლის ბუშტის ლორწოვანი გარსისაგან ვითარდება - ადენომები ან პაპილომებია. მათ რეალურად შეიძლება ჰქონდეთ ავთვისებიანი ზრდის პოტენციალი. ნაღვლის ბუშტის ადენომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელსაც ჯირკვლოვანი ქსოვილის პოლიპოიდური განვითარება ახასიათებს. მისგან განსხვავებით, პაპილომები დვრილოვანი ზრდით გამოირჩევა. რაც შეეხება ანთებით პოლიპებს, ისინი, ფაქტობრივად, ნაღვლის ბუშტის ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის ანთებითი ჰიპერპლაზიის შედეგია. თავად ჰიპერპლაზია უჯრედოვანი ელემენტების ჭარბად წარმოქმნა ანუ ქსოვილის ცალკეული შემადგენელი ელემენტების რაოდენობრივი მატებაა. ნაღვლის ბუშტის ანთებითი პოლიპის შემთხვევაში ეპითელური უჯრედების ინტენსიურ გამრავლებას სწორედ ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესები განაპირობებს. ქოლესტერინული პოლიპის შემთხვევაში კი ლორწოვანი გარსის ამობურცვა-მატებას ქოლესტერინული ჩანართები უდევს საფუძვლად. ულტრაბგერითი გამოკვლევით ასეთ პოლიპებს შესაძლოა ნაღვლის ბუშტის კედელთან ფიქსირებული ქვების შესახედაობა ჰქონდეთ. საყურადღებოა, რომ ზოგჯერ ნაღვლის ბუშტის ქოლესტერინული ჩანართებით მდიდარ ადენოკარცინომასაც ანალოგიური ექოგენური სურათი აქვს. სტატისტიკური მონაცემებით, ნაღვლის ბუშტის ადენოკარცინომას ასიდან 50 შემთხვევაში თან ახლავს ნაღვლის კენჭები. ნაღვლის ბუშტის პოლიპებს შორის ყველაზე ხშირად (შემთხვევათა 60%-ში) ქოლესტერინული პოლიპები გვხვდება, შემდეგ - სხვა ფორმები. ნაღვლის ბუშტის მრავლობითი პოლიპეი ანუ პოლიპოზი იშვიათად იწვევს განსაკუთრებულ სიმპტომოკომპლექსს, განსხვავებით, მაგალითად, ნაღველკენჭოვანი დაავადებისაგან. მეტიც - უხშირესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ნაღვლის ბუშტის პოლიპოზის დროს ადამიანს შესაძლოა აწუხებდეს დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში, ყველაზე ხშირად - მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ამა თუ იმ საკვების აუტანლობა. მკურნალობის ტაქტიკა ნაღვლის ბუშტის პოლიპოზის დროს ოპერაციულია. თუ ნაღვლის ბუშტის პოლიპოზი ანუ მრავლობითი პოლიპი ნაღველკენჭოვან დაავადებასთან არის შერწყმული, ნაჩვენებია ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა - ქოლეცისტექტომია. ამ უკანასკნელს მიმართავენ იმ შემთხვევაშიც, თუ პოლიპის დიამეტრი 10 მმ-ზე მეტია,  ან კიდევ აღინიშნება მრავლობითი პოლიპი ანუ პოლიპოზი. ქოლეცისტექტომია ნაჩვენებია ე. წ. "სიმპტომური" პოლიპოზის დროსაც, როდესაც მრავლობითი პოლიპის არსებობა ნაღვლის ბუშტში შეუღლებულია არაკენჭოვან ქოლეცისტიტთან. რაც შეეხება 10 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის მქონე პოლიპებს, მათი მკურნალობის ტაქტიკა ბოლომდე განსაზღვრული არ არის. ქირურგების უმრავლესობა მიიჩნევს,  რომ ოპერაცია აუცილებელია პოლიპების ავთვისებიანი ბუნებისა და მოსალოდნელი მალიგნიზაციის საფრთხის გამო, განურჩევლად მათი დიამეტრისა და ზომებისა, მაგრამ თუ ნაღვლის ბუშტში 5 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის მქონე ერთეული პოლიპი აღმოჩნდა, ხშირად დაკვირვების ტაქტიკას მიმართავენ. ულტრაბგერითი გამოკვლევით პერიოდულად აკვირდებიან პოლიპს, აკონტროლებენ მის ზრდასა და სხვა თავისებურებებს, მიღებული შედეგების საფუძველზე კი განსაზღვრავენ მკურნალობის ტაქტიკას.


კუჭის პოლიპები

კუჭში შესაძლოა აღმოჩნდეს როგორც ერთეული, ისე მრავლობითი პოლიპი. ეს უკანასკნელი ზოგჯერ მტევნისებურად არის განვითარებული, ზოგჯერ კი მთელ ლორწოვან გარსს ფარავს. არის შემთხვევები, როდესაც ფეხზე მდგომი ანუ "ღეროვანი" პოლიპები კუჭის ლორწოვანი გარსის ნაკეცების მწვერვალზეა განთავსებული და,  შესაბამისად, მათ გაგრძელებას წარმოადგენს. ფორმით პოლიპები უმეტესად სფერულია ან ოვალური, იშვიათად - დვრილისებრი ან სოკოსებრი. ბუსუსისებრ პაპილომებს, რომლებიც ხშირად კიბოდ გადაგვარდება, აქვს ყვავილოვანი კომბოსტოს შესახედაობა. პოლიპების ზედაპირი ხავერდოვანი, გლუვი, ამობურცული ან მარცვლოვანია. რაც შეეხება მათ შეფერილობას - ის სტრუქტურაზეა დამოკიდებული: რამდენად ჭარბობს პოლიპში შემაერთებელი ქსოვილი, როგორ არის განვითარებული სისხლძარღვოვანი ქსელი, რა ხარისხის ტროფიკის ანუ კვების დარღვევა აღინიშნება და სხვა. არსებობს რუხი, წითელი, ნარინჯისფერი, მოვარდისფრო-ალუბლისფერი პოლიპები. პოლიპის კონსისტენცია დამოკიდებულია მის ჰისტოლოგიურ სტრუქტურაზე ანუ ქსოვილოვან შენებაზე. ფიბროზული ქსოვილის სიჭარბისას პოლიპი მკვრივია,  ხოლო ჯირკვლოვანი ქსოვილის სიჭარბისას – გაცილებით რბილი. 

კუჭის პოლიპების მალიგნიზაცია - კიბოდ გადაგვარება

კუჭის კიბოს განვითარებას, როგორც წესი, წინ უძღვის სხვადასხვა პათოლოგიური პროცესი. კიბოსწინარე დაავადებებს მიეკუთვნება წყლულოვანი პათოლოგია, ჰიპერპლაზიის კერები -პოლიპები, ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესები ქსოვილებში გამოხატული პროლიფერაციითა და დისტროფიული ცვლილებებით და სხვა დაავადებები. ყველა ჩამოთვლილი პათოლოგიის დროულად დიაგნოსტიკა და ლიკვიდაცია, ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს კიბოს განვითარების თავიდან აცილებას.

1) კუჭის პოლიპები და ადენომები ზოგადად "არამშვიდობიანი" წარმონაქმნებია, რადგან არავინ უწყის მათ საფუძველზე როდის მიეცემა კიბოს განვითარებას დასაბამი. კუჭის პოლიპებს კლინიკურად გამოხატული სიმპტომები ნაკლებად ახასიათებს. ამა თუ იმ კლინიკური ნიშნის გამოვლენა დამოკიდებულია თანმხლები ატროფიული ან ჰიპერტროფიული გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების) მიმდინარეობაზე.

2) კლინიკური დაკვირვებების საფუძველზე სპეციალისტები ასკვნიან, რომ პოლიპისგან კიბო უმეტესად 1-2 წელიწადში ვითარდება.

3) პოლიპები, რომლებიც კლინიკური სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და შემთხვევით დიაგნოსტირდება რენტგენოსკოპიისას, განსაკუთრებით - კუჭის წვენის ნორმალური შედგენილობის პირობებში, შესაძლოა დიდხანს არსებობდეს კარცინომის განვითარების გარეშე, მაგრამ როგორც კი კუჭის წვენის მჟავიანობა შემცირდება, შესაძლოა კიბო მალევე განვითარდეს.

4) პრეპარატზე არსებული პოლიპი, რომელსაც გარეგნულად კეთილთვისებიანი შესახედაობა აქვს, მიკროსკოპიული გამოკვლევისას შესაძლოა უკვე ავთვისებიანი აღმოჩნდეს (სწორედ ამას ეწოდება პოლიპის მალიგნიზაცია).

5) ყველაზე მცირე ზომის სიმსივნურმა წარმონაქმნებმაც კი (საუბარია კუჭის კიბოზე), რომლებიც პოლიპის თავისგან ან ფეხისგან არის განვითარებული, შესაძლოა ადრეულ მეტასტაზებს მისცეს დასაბამი.

6) პოლიპის ავთვისებიანობის საბოლოოდ დასადგენად მისი მოკვეთის (რეზექციის) შემდეგ საჭიროა კუჭის პრეპარატის სერიული გამოკვლევა. ამასთანავე, აუცილებელია, გამოკვლეულ იქნეს ყველა პოლიპი.

რა სიმპტომების საფუძველზე  შეიძლება ვიეჭვოთ კუჭის პოლიპი?

კლინიკური სურათი სხვადასხვაგვარია, სპეციფიკური სიმპტომები კუჭის პოლიპებს არ ახასიათებს. ამ დროს თავჩენილი ნიშნები - გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, მუცლის შებერვა, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან - ჩვეულებრივ, კუჭის სხვა დაავადებებისთვისაც არის დამახასიათებელი.

ნაწლავის პოლიპები

ნაწლავის კედლიდან პოლიპები მის სანათურში იზრდება. მიზეზი, ჩვეულებრივ, ქრონიკული ანთებაა. ნაწლავის პოლიპოზის მქონე პაციენტთა დიდ ნაწილს ანამნეზში აღენიშნება ქრონიკული კოლიტი, ენტეროკოლიტი, დიზენტერია, წყლულოვანი კოლიტი და სხვა. თუმცა, ისიც საყურადღებოა, რომ პოლიპების წარმოქმნისა და ქრონიკული ანთებითი პროცესით დამძიმებული ნაწლავის უბნები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. ამასთან, ნაწლავის პოლიპები ზოგჯერ ბავშვებსაც აღენიშნებათ. პატარებს კი, როგორც ცნობილია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული პათოლოგიები შედარებით იშვიათად აწუხებთ. მსხვილი და სწორი ნაწლავის როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი პოლიპების აღმოჩენა და მოცილება შესაძლებელია კოლონოსკოპის საშუალებით. არსებობს პოლიპები,  რომელთა მოკვეთაც ტრადიციული ქირურგიული წესით ხდება. პოლიპები ზოგჯერ წლობით არსებობს ნაწლავში, განსაკუთრებულ კლინიკურ სურათს არ იძლევა, დიდად არ აწუხებს ადამიანს და, შესაბამისად, მათ არსებობასაც არავინ ეჭვობს. ამიტომაც ექიმებს მიაჩნიათ, რომ 50 წელს გადაცილებულებმა პერიოდულად უნდა გამოიკვლიონ ნაწლავთა მდგომარეობა - ეს ნაწლავთა კიბოს პროფილაქტიკის ერთადერთი გზაა. თუ ადამიანს ნაწლავის პოლიპი აღმოაჩნდა, ექიმი სპეციალისტი მის დაუყოვნებლივ მოცილებას ურჩევს. დღეს ამისათვის მეტად სრულყოფილი, ნაკლებტრავმული სამედიცინო აღჭურვილობაა მოწოდებული, რომლის წყალობითაც პოლიპების მოცილების პროცესი საგრძნობლად არის გამარტივებული. სამწუხაროდ, პოლიპები ხშირად რეციდივს განიცდის - ქირურგიული მოკვეთის შემდეგ ხელახლა ვითარდება, ზოგჯერ - გაცილებით მეტიც კი. ისიც ცნობილია, რომ ჰორმონული პრეპარატების ცხენის დოზებით მიღება ხშირად თრგუნავს პოლიპების ზრდა-განვითარებას, თუმცა აღნიშნულ პრეპარატებს სარგებლობაზე მეტად ზიანი მოაქვთ ორგანიზმისთვის. აქედან გამომდინარე, მკურნალობის ეს მეთოდი საუკეთესო გამოსავალი არ არის.