როგორ იკვლევენ ნაწლავის მიკროფლორას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ იკვლევენ ნაწლავის მიკროფლორას

განავლის ანალიზი სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან გვაწვდის ინფორმაციას პაციენტის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობაზე, საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევებზე, ნაწლავის ფერმენტაციული როლის დაქვეითებაზე, ანთებითი პროცესების არსებობა-არარსებობასა და ნაწლავის მიკროფლორის მდგომარეობაზე. როგორ განისაზღვრება განავლის ანალიზის საშუალებით მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის თვისებრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები, ამის შესახებ გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ CITO-ს მიკრობიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მარიკა კერესელიძე.

- ქალბატონო მარიკა, რა არის ნაწლავთა დისბაქტერიოზი?

- ნაწლავთა დისბაქტერიოზი კლინიკურ-ლაბორატორიული სინდრომია და დაკავშირებულია ნაწლავთა მიკროფლორის თვისებრივ და რაოდენობრივ ცვლილებებთან. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში დისბაქტერიოზი დამოუკიდებელ დიაგნოზად არ არის შეტანილი. მიკროფლორის დარღვევა კუჭ-ნაწლავის ამა თუ იმ პათოლოგიის შედეგია, რომელიც ობლიგატურ და ფაკულტატურ მიკროფლორას მოიცავს. ობლიგატურ მიკროფლორას მიეკუთვნება ბიფიდობაქტერიები, ბაქტეროიდები, ლაქტობაქტერიები, ნაწლავის ჩხირი, ენტეროკოკები, ფაკულტატურს - სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ბაცილები, საფუვრისა და საფუვრის მსგავსი სოკოები.

- რა შეიძლება ჩაითვალოს ნაწლავის მიკროფლორის გამოკვლევის ჩვენებად?

- უწინარეს ყოვლისა - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ხანგრძლივი მოშლილობა, თუ ამ დროს არ გამოიყოფა პათოგენური ენტერობაქტერია. გარდა ამისა:

  • დიზენტერიისა და სხვა მწვავე ნაწლავური ინფექციის შემდგომი რეკონვალესცენციის გახანგრძლივება;
  • ნაწლავთა დისფუნქცია, გამოწვეული ინტენსიური ანტიბიოტიკოთერაპიით, იმუნოდეპრესიული თერაპიით, ქიმიოთერაპიით, ჰორმონული თერაპიით;
  • წინასაოპერაციო პერიოდი იმ პირებში, რომელთაც აქვთ ნაწლავთა დისბაქტერიოზის განვითარების რისკფაქტორები;
  • ჩირქოვან-ანთებითი კერების არსებობა, რომლებიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას (ქოლეცისტიტი, პიელიტი, წყლულოვანი კოლიტი, ენტეროკოლიტი);
  • ალერგიული დაავადებები (ბრონქული ასთმა, დერმატიტი);
  • მუცლადყოფნის პერიოდში გადატანილი ინფექციები;
  • ნაადრევი ხელოვნური კვება;
  • იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;
  • მწვავე რესპირატორული ინფექციებით ხშირი ავადობა;
  • სტომატიტი, რძიანა და სხვა.

- ანალიზის შედეგების სისწორისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ავიღოთ განავალი და მოვახდინოთ მისი ტრანსპორტირება, რამდენ ხანში უნდა მივიტანოთ ლაბორატორიაში.

- მასალის აღება სასურველია ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყებამდე. გამოკვლევას ექვემდებარება ახალგამოყოფილი ფეკალური მასა. გამოკვლევამდე 3-4 დღის განმავლობაში არ არის მიზანშეწონილი საფაღარათო პრეპარატების, ვაზელინის ან აბუსალათინის ზეთის მიღება. დიეტის დაცვა სავალდებულო არ არის. ოყნის საშუალებით მიღებული ფეკალური მასა გამოსაკვლევად უვარგისია. ცხელი წყლით კარგად გარეცხილ ჭურჭელში (ქოთანში) დეფეკაციის შედეგად მიღებული ფეკალური მასის ზედა ულუფის 30-40 გრამს ხის ან მინის წკირის საშუალებით მოათავსებენ სტერილურ კონტეინერში. დეფეკაციამდე სასურველია მოშარდვა, რათა ფეკალური მასა და შარდი ერთმანეთში არ აირიოს. ერთ წლამდე ასაკის ბავშვების განავალს იღებენ 70%-იანი სპირტით გაწმენდილი მუშამბიდან, რადგან პამპერსიდან მასალის აღება არ შეიძლება. მასალის გამოკვლევა უნდა მოხდეს არა უმეტეს 1-2 საათის შემდეგ. თუ ლაბორატორიაში მასალის დროული გადაგზავნა შეუძლებელია, რეკომენდებულია მისი მაცივარში შენახვა, მაგრამ არა უმეტეს 4 საათისა.

- რამდენი ხანია საჭირო ნაწლავის მიკროფლორის ანალიზისთვის და საჭიროებს თუ არა ეს სპეციალურ პირობებს?

- მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის თვისებრივ და რაოდენობრივ განსაზღვრას სჭირდება 72 საათი. ზუსტი და სარწმუნო შედეგის მისაღებად გამოკვლევის ყველა ეტაპი - დათესვა, საორიენტაციო ტესტები, დეტექცია, იდენტიფიკაცია - უნდა იყოს სტანდარტიზებული. საჭიროა მაღალი ხარისხის საკვები ნიადაგების გამოყენება, მიკრობთა ზრდისთვის სათანადო ტემპერატურული და ატმოსფერული პირობების შექმნა.


- რა ახდენს გავლენას გამოკვლევის შედეგებზე და რას გვირჩევდით ნორმიდან გადახრის შემთხვევაში?

- ნაწლავთა ნორმომიკრობიოცენოზს დიდი ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვს. მისი დარღვევის გამოვლინება ვარიაბელურია: ობლიგატური ანაერობული და აერობული მიკროფლორის რაოდენობრივი გადახრა, მაგალითად, ბიფიდობაქტერიების ზრდის არარსებობა მინიმალურ განზავებაში, ლაქტოზაპოზიტიური ნაწლავის ჩხირის რაოდენობის შემცირება, პირობითპათოგენური ენტერობაქტერიების, ლაქტოზანეგატიური ნაწლავის ჩხირის და ცანდიდა-ს გვარის საფუვრისმაგვარი სოკოების რაოდენობის მომატება, ჰემოლიზური ნაწლავის ჩხირის და ოქროსფერი სტაფილოკოკის მაღალი შემცველობა. მიღებული შედეგების პირველადი შეფასება შეიძლება შემდეგნაირად: თუ ნაწლავთა ნორმობიოცენოზისთვის არადამახასიათებელი მიკრობების წილი 10-15%-ია, ხოლო დანარჩენი ობლიგატური მიკროფლორის ტიპური წარმომადგენელია, მაშინ მიკროფლორა ნორმის ფარგლებშია. არატიპური ბაქტერიების რაოდენობის მატება 30%-ზე მეტით და მიკრობული სურათის სიჭრელე (ლაქტოზანეგატიური ენტერობაქტერიები, სოკოები, კოკები და სხვა), ამავე დროს - ბიფიდობაქტერიების ან ლაქტოზაპოზიტიური ნაწლავის ჩხირის რაოდენობის შემცირება დისბაქტერიოზზე მიუთითებს. გამოკვლევის შედეგებზე გავლენას ახდენს:

  • ასაკი;
  • კვების რეჟიმი;
  • წელიწადის დრო;
  • გადატანილი ნაწლავთა ინფექციები;
  • ანტიბიოტიკების მიღება;
  • ქიმიოპრეპარატები;
  • ნაწლავის PH;
  • ორგანიზმის იმუნური სტატუსი;
  • მასალის აღების პირობები;
  • შენახვის ხანგრძლივობა;
  • გამოკვლევის ჩატარების ტექნიკა;
  • საკვები ნიადაგის ხარისხი.

ნაწლავთა მიკროფლორის ბიოცენოზის დარღვევაზე მსჯელობისას ყოველთვის ითვალისწინებენ კლინიკურ სურათს და განმეორებითი გამოკვლევის მონაცემებს.

- თქვენ ჩამოთვალეთ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც გამოკვლევის შედეგებზე გავლენას ახდენს. ერთ-ერთი მათგანია ანალიზის ჩატარების ტექნიკური მხარე. გარდა ამისა, გამოკვლევას სჭირდება 72 საათი, თანაც მეტად სკრუპულოზური სამუშაოა. ხომ არ არსებობს ნაწლავის მიკროფლორის გამოკვლევის ალტერნატიული მეთოდი?

- ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის ზემოთ აღწერილი მეთოდი ყველაზე მეტად არის გავრცელებული (ავტორები - ეპშტეინ-ლიტვაკი და ვილშანსკაია). მეთოდი ზუსტია, მაგრამ შრომატევადი. მისი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ეს არის პირდაპირი მეთოდი, რომელიც განსაზღვრავს მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის თვისებრივ და რაოდენობრივ შემადგენლობას. პერსპექტიულია თანამედროვე ბიოქიმიური ექსპრესმეთოდი (ავტორი - არდატსკაია), რომელიც ემყარება მიკრობთა მეტაბოლიზმის განსაზღვრას, ე.წ. მოკლეჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს, რაც ადეკვატურად ასახავს ნაწლავთა მიკროფლორის მდგომარეობას.

- რას გვიჩვენებს განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე და როგორია მისი ჩვენება?

- დღეს ლაბორატორიაში ფარული სისხლდენის განსაზღვრის მიზნით გამოიყენება ქრომატოგრაფიული ტესტი HEXAGON OBTI ტესტ. ტესტი აღმოაჩენს 0,50მგ-ზე ნაკლებ ჰემოგლობინს მშრალ განავალში და მგრძნობიარეა მხოლოდ ადამიანის ჰემოგლობინის მიმართ. ტესტი ტარდება, როდესაც ექიმი კლინიცისტი ეჭვობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ფარული სისხლდენის არსებობას.

- ხომ არ არის საჭირო პაციენტის მომზადება ამ ანალიზისთვის, მაგალითად, დიეტის დაცვა?

- განავალი მინარევების გარეშე გროვდება სუფთა და მშრალ კონტეინერში იმავე წესების დაცვით, რომლებიც ზემოთ უკვე ჩამოვთვალეთ. HEXAGON  OBTI  ტესტ-ის გამოყენებისას განსაკუთრებული დიეტის დაცვა არ არის საჭირო. უვარგისია სინჯი, თუ პაციენტს აქვს სისხლმდენი ბუასილი ან მენსტრუაცია - ამან შესაძლოა ცრუ დადებითი პასუხი გამოიწვიოს. ალკოჰოლის ჭარბმა მიღებამ, ასპირინით, ფენილბუტაზონით, კორტიკოსტეროიდით და რეზერპინით მკურნალობამ შესაძლოა ფარული სისხლდენა გამოიწვიოს, ამიტომ ტესტის ჩატარებამდე 2 დღით ადრე ამ მედიკამენტების მიღება უნდა შეწყდეს.

- რამდენი ხანია საჭირო პასუხის მისაღებად და როგორია ნორმა?

- განავალში ფარული სისხლდენის ქრომატოგრაფიული ტესტის პასუხის მიღებას სჭირდება 10 წუთი. ნორმაში შედეგი უარყოფითი უნდა იყოს, ანუ განავალში სისხლი არ უნდა აღმოჩნდეს. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ლაბორატორიული მონაცემების ინტერპრეტაციას შესაბამისი პროფილის ექიმი (პედიატრი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი) ახდენს კლინიკური სურათის გათვალისწინებით. დიაგნოზსაც მკურნალი ექიმი სვამს. თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს, შესაძლოა განავლის ანალიზი გარკვეული პერიოდის შემდეგ განმეორებით ჩატარდეს.