სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან

ვიზუალურად სისხლდენა შეიძლება ადვილად შესამჩნევი იყოს ან, პირიქით, სისხლი იმდენად უმნიშვნელო ოდენობით იკარგებოდეს, რომ მხოლოდ კვლევის სპეცილაური მეთოდებით აღმოჩნდეს (ფარული სისხლდენა).

სისხლდენა აშკარაა სისხლიანი ღებინების დროს. აღნიშნული მოვლენა მიუთითებს, რომ სისხლი იკარგება საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილიდან – საყლაპავიდან, კუჭიდან ან წვილი ნაწლავის საწყისი ნაწილიდან. ღებინებისას მკვეთრი წითელი ფერის სისხლის გამოყოფა შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ სისხლი ახლახან გამოიყო და სისხლდენა გრძელდება. ზოგჯერ სისხლიანი ღებინებისას გამოიყოფა ყავის ნალექის მაგვარი მასები. ჩვეულებრივ, ასე ხდება მაშინ, როცა სისხლდენა შეჩერებული ან შენელებულია, გამოყოფილი სისხლი კუჭშია ჩაღვრილი და ნაწილობრივ გარდაიქმნება მჟავა წვენის ზემოქმედებით.

საჭმლის მომნელებელი სისტემიდან სისხლდენისას სისხლი შესაძლოა გამოიყოფოდეს სწორი ნაწლავიდანაც. ამ დროს შეიძლება პაციენტს აღენიშნებოდეს შავი, კუპრისმაგვარი განავალი; შესაძლოა წითელი სისხლი შერეული იყოს განავალთან ან მუქი ალუბლისფერი სისხლი გამოიყოფოდეს დეფეკაციის (განავლის გამოყოფის) დასრულებისას. როცა სწორი ნაწლავიდან სისხლი უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა, ის შეიძლება თვალისათვის შეუმჩნეველი დარჩეს.

შავი, კუპრისმაგვარი განავალი აღმოცენდება, როცა სისხლი იკარგება საყლაპავიდან, კუჭიდან ან წვრილი ნაწლავიდან. განავლის შავ ფერს განაპირობებს ჩაღვრილ სისხლზე რამდენიმე საათის განმავლობაში კუჭის წვენის, ფერმენტების და მსხვილ ნაწლავში არსებული ბაქტერიების ზემოქმედება. შავი განავალი შესაძლოა სისხლდენის შეჩერების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში აღინიშნებოდეს.

სისხლიანი განავლის არსებობა უფრო დიდი ალბათობით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა ნაწილიდან – მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენაზე მიუთითებს, თუმცა არ არის გამორიცხული, ზედა ნაწილში აღმოცენებული სისხლის სწრაფად კარგვაც ანალოგიურად გამოვლინდეს.

სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმი საჭმლის მომნელებელი სისტემიდან სისხლის კარგვაზე განსხვავებულად რეაგირებს. უმნიშვნელო სისხლდენა შესაძლოა პაციენტმა ვერც აღიქვას, სისხლის უეცარი მნიშვნელოვანი ოდენობით კარგვა კი შეიძლება სისხლდენის ზოგადი სიმპტომების აღმოცენების, მძიმე შემთხვევებში კი ჰემორაგიული შოკის მიზეზიც გახდეს. სისხლის ქრონიკული, ნელი კარგვა ხშირად ანემიის მიზეზია.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის მიზეზები

როგორც ვხედავთ, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის გამომწვევი პროცესი შეიძლება მდებარეობდეს მის ზედა, ქვედა ნაწილში ან წვრილ ნაწლავში. ძნელია, ზუსტად მივუთითოთ, რომელი დაავადებაა უფრო ხშირი სისხლდენის მიზეზთა შორის, რადგანაც მიზეზები განსხვავებულია სხვადასხვა ლოკალიზაციის სისხლდენის და განსხვავებული ასაკის პაციენტთა შემთხვევაში. თუმცა, საზოგადოდ, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის უფრო ხშირი მიზეზებია:

ნ საყლაპავის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები და ეროზიები – საყლაპავის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები ანუ პეპტიური წყლული, როგორც უწოდებენ უცხოურ ლიტერატურაში, არის კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის (იშვიათად საყლაპავის) ლორწოვანის დეფექტი, რომელიც ღრმაა და კუნთოვანი ფირფიტის მიღმა აღწევს. დაავადების ტიპური სიმპტომია მწველი ტკივილი გულის კოვზთან (ეპიგასტრიუმში), რაც საკვების მიღების შემდეგ გაივლის.

ნ საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება – ეს არის საყლაპავის ქვედა ან კუჭის შესავალი ნაწილის ვენების გაგანიერება, რაც დაკავშირებულია კარის ვენის სისტემაში წნევის მომატებასთან. როგორც წესი, აღნიშნული ვითარდება ღვიძლის ციროზის დროს. საყლაპავის ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას შეიძლება მოჰყვეს უეცრად აღმოცენებული ძლიერი სისხლიანი ღებინება სისხლის კოლტებით, ციროზის სხვა სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც კი.

ნ ღებინების შედეგად საყლაპავის ლორწოვანის ნახეთქები – მალორი-ვეისის სინდრომი – ეს არის საყლაპავის ქვედა ან კუჭის შესავალი ნაწილის ლორწოვანის ნახეთქები, რომლებიც აღმოცენდება განმეორებითი ღებინების ან სლოკინის შედეგად. სინდრომი პირველად აღწერილი იყო ალკოჰოლიზმით დაავადებულებთან, თუმცა ძლიერი ღებინებისას ნებისმიერ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს. ცნობილია, რომ მალორი-ვეისის სინდრომი არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენათა 5%-ის მიზეზი. ლორწოვანის ნახეთქების გაჩენას შეიძლება ახლდეს ტკივილი გულმკერდის ქვედა ნაწილში.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა ნაწილიდან სისხლდენას უხშირესად იწვევს:

  • მსხვილი ნაწლავის პოლიპები – ნაწლავის პოლიპი არის ქსოვილოვანი წარმონაქმნი, რომელიც ნაწლავის კედლიდან იზრდება მისი სანათურისაკენ. როგორც წესი, პოლიპი კლინიკურად არ ვლინდება, თუ არ ჩავთვლით მცირე, ჩვეულებრივ, ფარულ სისხლდენას. ყველაზე დიდ საფრთხეს ქმნის პოლიპების ავთვისებიანად გადაგვარება. ცნობილია, რომ მსხვილი ნაწლავის კიბო უხშირესად მანამდე კეთილთვისებიანი ადენომური პოლიპისაგან ვითარდება. პოლიპის დიაგნოზი კოლონოსკოპიით დგინდება. ამავე მეთოდითაა შესაძლებელი მისი მოცილებაც.
  • დივერტიკულოზი – დივერტიკულოზი არის ერთი ან რამდენიმე დივერტიკულის არსებობა. დივერტიკული კი ღრუ ორგანოების კედლების ლორწოვანი გარსის პარკისებური გამოდრეკაა;
  • ბუასილი;
  • სისხლძარღვთა ანომალიები – ანგიოდისპლაზია, არტერიულ-ვენური მალფორმაციები;
  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები – ეს სახელწოდება აერთიანებს კრონის დაავადებასა და არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტს – მორეციდივე დაავადებებს, რომლებიც ხასიათდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა ნაწილის ქრონიკული ანთებით, რაც ფაღარათითა და მუცლის ტკივილით ვლინდება;
  • მსხვილი ნაწლავის კიბო.

გარდა ამისა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა ნაწილიდან სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს მსხვილი ნაწლავის ანომალიური სისხლძარღვები, ანალური ნაპრალი, იშემიური კოლიტი (მსხვილი ნაწლავის დაზიანება, რაც მისი სისხლმომარაგების დარღვევის შედეგად აღმოცენდება), მსხვილი ნაწლავის ანთება დასხივების ან დარღვეული სისხლის მიმოქცევის გამო.

წვრილი ნაწლავიდან სისხლდენა იშვიათია, შესაძლოა დაკავშირებული იყოს სისხლძარღვთა ანომალიასთან, სიმსივნესთან, მეკელის დივერტიკულთან.

მეკელის დივერტიკული არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ანომალია, რომელიც მოსახლეობის 2%-ს აღენიშნება. ეს არის თეძოს ნაწლავში ჯორჯლის მოპირდაპირე არეში არსებული თანდაყოლილი პარკისებური წარმონაქმნი. მეკელის დივერტიკულის სიმპტომები იშვიათად ვლინდება, თუმცა შეიძლება აღმოცენდეს სისხლდენა, ნაწლავთა გაუვალობა, ანთება ანუ დივერტიკულიტი. დიაგნოზის დადგენა საკმაოდ რთულია და ხშირად რადიონუკლიდურ სკანირებასაც (გამოკვლევა რადიაქტიური ნივთიერების გამოყენებით) მოიცავს.

როდის მივმართოთ ექიმს

ჩვეულებრივ, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის დროს აუცილებელია ვიზიტი ექიმთან. სასურველია ვიცოდეთ, როდის არის აუცილებელი დაუყოვნებელი მიმართვა სამედიცინო დაწესებულებაში და როდის გვაქვს დრო, მშვიდად დავგეგმოთ ვიზიტი. რა თქმა უნდა, ტუალეტის ქაღალდზე სისხლის უმნიშვნელო კვალი დეფეკაციის (ნაწლავების მოქმედების) შემდეგ, როცა პაციენტი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, არ არის იმის ჩვენება, რომ სასწრაფო გამოვიძახოთ, მაგრამ თუ სისხლის დანაკარგი აღემატება დაახლოებით 250 მლ-ს, თან ახლავს გონების კარგვის ეპიზოდი, ცივი ოფლი, გულის აჩქარება (წუთში 100-ზე მეტად), არ უნდა გადავდოთ სასწრაფო დახმარების გამოძახება.

ექიმთან ვიზიტის დროს...

თუ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა საშუალებას იძლევა, ექიმი ცდილობს დეტალური ინფორმაცია მოიპოვის სისხლდენის სიმპტომების შესახებ. აუცილებელია დადგინდეს, რა რაოდენობით სისხლი დაკარგა პაციენტმა, რამდენად ხშირი იყო სისხლის გამოყოფის ეპიზოდი. სწორი ნაწლავიდან სისხლდენის დროს ექიმი ცდილობს გაარკვიოს, სუფთა სისხლი გამოიყო თუ ის შერეული იყო განავალთან, ჩირქთან და/ან ლორწოსთან. დეფეკაციის ბოლოს მუქი ალუბლისფერი სისხლის გამოყოფა, რაც თითქოს ფარავს განავალს, ხშირია ბუასილის კვანძებიდან სისხლდენის დროს. განავალთან შერეული სისხლი, ლორწოსთან ერთად, შეიძლება აღინიშნოს ნაწლავთა ანთებითი დაავადებების ან ნაწლავური ინფექციების დროს. ექიმი ცდილობს დაადგინოს, ხომ არ აქვს პაციენტს არასასიამოვნო შეგრძნება მუცელში, სხეულის მასის დაქვეითება, ხშირი სისხლდენა, ანემიის ნიშნები. მნიშვნელოვანია ინფორმაცია პაციენტის მიერ მიღებული მედიკამენტების, განსაკუთრებით კი სისხლის შედედებაზე მოქმედი საშუალებების შესახებ.

სათანადო მონაცემების შეგროვების შემდეგ ექიმი ატარებს პაციენტის დეტალურ გასინჯვას, რათა შეფასდეს ზოგადი მდგომარეობა, ღვიძლის და/ან სისხლის დაავადებების სიმპტომების არსებობა. აუცილებელია მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა, რათა განისაზღვროს განავლის ფერი, სისხლის, სიმსივნისა და ნაპრალების, ბუასილის არსებობა.

გამოკვლევები საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის დროს რასაკვირველია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტის გამოკვლევა იგეგმება მასთან გასაუბრებისა და გასინჯვის პროცესში მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, თუმცა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის მიზეზების დადგენისას ოთხი ძირითადი მომენტია მნიშვნელოვანი:

  • სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა და სხვა ლაბორატორიული კვლევები – სისხლის საერთო ანალიზი გვეხმარება განვსაზღვროთ დაკარგული სისხლის რაოდენობა. კოაგულოგრამის მონაცემების დახმარებით კი ვადგენთ სისხლის შედედების სისტემაში დარღვევების არსებობას.
  • ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (გასტროსკოპია, როგორც მოკლედ უწოდებენ) – სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერება. კვლევა ტარდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენაზე ეჭვის დროს. ხშირად კვლევასთან ერთად შესაძლებელია სამკურნალო ჩარევაც.
  • კოლონოსკოპია – სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით მთელ სიგრძეზე მსხვილი ნაწლავის დათვალიერება. კვლევა ტარდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა ნაწილიდან სისხლდენაზე ეჭვის დროს მაშინ, როცა აშკარაა, რომ სისხლდენის მიზეზი არ არის ბუასილი.
  • ანგიოგრაფია – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მკვებავი სისხლძარღვების კონტრასტირება. ტარდება, როცა სისხლდენა სწრაფი და ძლიერია. ანგიოგრაფიის დახმარებით შესაძლებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის დიაგნოზის დაზუსტება, ამავე დროს გარკვეული სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება – სისხლმდენი სისხლძარღვის ემბოლიზაცია და სისხლძარღვის შემავიწროებელი პრეპარატის ინფუზია.

ზოგჯერ, როცა სისხლდენის მიზეზის დადგენა რთულია, შესაძლოა პაციენტს სისხლში შეუყვანონ რადიაქტიური მარკერით მონიშნული ერითროციტები და შემდეგ სპეციალური სკანერით აღრიცხონ რადიაქტივობა. ამ მეთოდს რადიონუკლიდური სკანირება ჰქვია. ის საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ სისხლდენის ადგილი.

არის შემთხვევები, როცა გასტროსკოპით და/ან კოლონოსკოპით ვერ ხერხდება სისხლდენის მიზეზის დადგენა. ასეთ დროს შეიძლება ჩატარდეს ენტეროსკოპიაც – წვრილი ნაწლავის ენდოსკოპია. დიაგნოზის დადგენაში შეიძლება დაგვეხმაროს ასევე წვრილი ნაწლავის სერიული რენტგენოგრაფია. წვრილი ნაწლავის გამოკვლევაში გვეხმარება ასევე ენდოსკოპია ვიდეოკაფსულით. ამ კვლევისას პაციენტი ყლაპავს ძალიან პატარა კამერას, რომელიც გაივლის ნაწლავს და ამ დროს გვაძლევს ფოტოგადაღების საშუალებას. ენდოსკოპია ვიდეოკაფსულით მნიშვნელოვანია წვრილი ნაწლავის გამოკვლევისას, თუმცა არ შეიძლება ჩაითვალოს კუჭიდან და მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენისას გამოკვლევის ეფექტურ მეთოდად. ამ დროს ენდოსკოპია გაცილებით მეტ ინფორმაციას გვაძლევს.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის მკურნალობა

საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის მკურნალობას 2 მიზანი აქვს – სისხლის დანაკარგის შევსება და სისხლდენის შეჩერება. სისხლიანი ღებინება, სისხლიანი ან შავი, კუპრისმაგვარი განავალი გადაუდებელი მდგომარეობებია, რომელთა შემთხვევაშიც აუცილებელია სამკურნალოდ პაციენტის სტაციონარში (საავადმყოფოს), გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაყვანა.

დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგისას აუცილებელი ხდება სისხლის შემცვლელი სითხეების ვენაში შეყვანა, ზოგჯერ სისხლის გადასხმა. როცა სისხლდენას შედედების სისტემის დარღვევები განაპირობებენ, შესაძლოა ჩატარდეს თრომბოციტების ან ახალგაყინული პლაზმის გადასხმა.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის დიდი ნაწილი თავისთავად შეჩერდება, თუმცა ზოგჯერ ასე არ ხდება. სისხლდენის ლოკალიზაცია და ხასიათი კარნახობს ექიმებს, როგორი უნდა იყოს მკურნალობის მეთოდების არჩევანი. მაგალითად, დიაგნოზის დასაზუსტებლად ჩატარებული ენდოსკოპიისას (საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით) შესაძლოა მოხდეს სისხლის დენის შეჩერებაც ადგილობრივად სითბოს, ლაზერის ზემოქმედებით ან მედიკამენტების ინიექციით. თუ ენდოსკოპიურად სისხლდენის შეჩერება ვერ მოხერხდა, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.

საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან სისხლდენის შესაჩერებლად შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა მანიპულაცია – ენდოსკოპიური ჩარევა (ბანდაჟირება), ინიექციური სკლეროთერაპია (სპეციალური მედიკამენტის შეყვანა საყლაპავის ვენაში), სპეციალური ბალონის შეყვანა საყლაპავში და მისი გაბერვით ვენაზე ზეწოლა, კარის ვენასა და სისტემურ სისხლის მიმოქცევას შორის შუნტის ფორმირება. სისხლდენის შესაჩერებლად შეიძლება დაინიშნოს სპეციალური პრეპარატის – ოქტრეოტიდის ინიექციები.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა ნაწილიდან ძლიერი სისხლდენის დროს, რაც უკავშირდება დივერტიკულს ან ანგიოდისპლაზიას, შესაძლოა სისხლდენა კოლონოსკოპიისას შეჩერდეს სპეციალური „მომჭერების“, ელექტროკაუსტიკური მოწყობილობის, გამაცხელებელი ზონდით კოაგულაციის ან ეპინეფრინის ინიექციით. პოლიპების მოცილება შეიძლება სპეციალური მარყუჟით ან ელექტროკაუტერით. თუ ეს მეთოდები არაეფექტურია ან შეუძლებელია მათი გამოყენება, ტარდება ანგიოგრაფია, რომლის დროსაც სპეციალურ კათეტერს ათავსებენ სისხლმდენ სისხლძარღვში, შემდეგ კი სისხლდენის შესაჩერებლად კათეტერით სისხლძარღვში შეჰყავთ ქიმიური ნივთიერება, ჟელატინის ღრუბლის ნაწილები ან სპეციალური სპირალი – ახდენენ სისხლმდენი სისხლძარღვის ემბოლიზაციას. შესაძლოა ადგილობრივად კათეტერიდან ჩატარდეს ვაზოპრესინის ინიექცია.

რა უნდა ვიცოდეთ ხანშიშესული პაციენტების შესახებ

არსებული მონაცემების თანახმად, ხანშიშესულთა უმნიშვნელო სისხლდენის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ბუასილი და მსხვილი ნაწლავის – კოლინჯისა და სწორი ნაწლავის კიბო. მასიური (სისხლის დიდი რაოდენობის კარგვით მიმდინარე) სისხლდენის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია პეპტიკური წყლული (კუჭის და/ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული), დივერტიკულოზი, სისხლძარღვთა ანომალიები (ანგიოდისპლაზიები). ახალგაზრდებთან შედარებით ხანშიშესულებთან ნაკლებად გვხვდება სისხლდენა საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან.

სამწუხაროდ, ხანშიშესული პირები ცუდად იტანენ მასიურ სისხლდენებს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დროულად დადგენას და მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას.