თანამედროვე შეხედულება ქოლეცისტიტის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თანამედროვე შეხედულება ქოლეცისტიტის შესახებ

 ამისთვის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფექციური გასტროენტეროლოგიის განყოფილებას ვეწვიეთ. ჩვენს შეკითხვებს მედიცინის დოქტორი, ექიმი თენგიზ თელია უპასუხებს.

- ბატონო თენგიზ, სულ რაღაც ორი ათეული წლის წინათ ქოლეცისტიტი საკმაოდ გავრცელებული დიაგნოზი იყო. რამდენად ხშირია აღნიშნული პათოლოგია დღეს და საზოგადოდ, რას გულისხმობს ეს ცნება?

 - ქოლეცისტიტი სიტყვასიტყვით ნაღვლის ბუშტის ანთებას ნიშნავს, თუმცა თვით ანთების ცნება სადღეისოდ პრაქტიკოს ექიმთა, რადიოლოგთა და მორფოლოგთა შორის ერთგვარი უთანხმოების საგანია. კლასიკური გაგებით ქოლეცისტიტი მორფოლოგიური დიაგნოზია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაღვლის ბუშტის ანთებაზე მაშინ ვლაპარაკობთ, როცა მორფოლოგიური გამოკვლევა, კერძოდ, ქსოვილების მიკროსკოპული აგებულების შესწავლა, ნაღვლის ბუშტის კედლის ქსოვილში ანთებითი უჯრედების არსებობას ავლენს. ბუნებრივია, ასეთი კვლევა მხოლოდ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ შეიძლება ჩატარდეს. პრაქტიკულ მედიცინაში ქოლეცისტიტის დიაგნოსტირებისთვის კვლევის კლინიკურ-ლაბორატორიულ და რადიოლოგიურ მეთოდებს (უწინარეს ყოვლისა - მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპიურ ანუ ულტრაბგერით კვლევას) მიმართავენ. ამგვარად, როგორც ვხედავთ, სხვადასხვა სფეროს მედიკოსები ქოლეცისტიტს სხვადასხვაგვარად განმარტავენ და მისი დიაგნოსტიკის მეთოდებიც სხვადასხვაგვარი აქვთ. ამის გამო ძნელი დასადგენია, რამდენად გავრცელებული პათოლოგიაა ქოლეცისტიტი. შეიძლება ითქვას, რომ ზუსტი სტატისტიკური მონაცემების მოპოვება მისი გავრცელების შესახებ საკმაოდ რთულია.

- როდის ვითარდება და როგორ ვლინდება მწვავე ქოლეცისტიტი?

- მწვავე ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთებაა. თუ ის ნაღველკენჭოვანი დაავადების - კალკულოზის ფონზე განვითარდა, მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტი ეწოდება, ხოლო თუ ნაღვლის ბუშტში კენჭის არსებობის გარეშე აღმოცენდა, ამბობენ, რომ საქმე გვაქვს აკალკულოზურ (უკენჭო) მწვავე ქოლეცისტიტთან. თუმცა არ შეიძლება არ ითქვას, რომ მრავალი დასავლელი სპეციალისტი ქრონიკული აკალკულოზური ქოლეცისტიტის დიაგნოზს საერთოდ არ ცნობს. მათი არგუმენტი ემყარება იმ ფაქტს, რომ ნაღველკენჭოვანი დაავადების გარეშე ნაღვლის ბუშტში მიმდინარე ანთებითი პროცესი კრიტიკული მდგომარეობაა. ამ დროს ნაღვლის ბუშტის კედელში ვითარდება იშემიურ-ნეკროზული პროცესი - ირღვევა სისხლმომარაგება, ვითარდება სისხლძარღვოვანი უკმარისობა და იწყება ქსოვილების კვდომა, ეს კი მწვავე ქირურგიული პათოლოგიაა, რომელიც სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.

- რამდენად ხშირია ასეთი მდგომარეობა და ვის ემუქრება ის?

- არსებობს სტატისტიკა, რომელიც მიუთითებს, რომ აშშ-ში ქოლეცისტექტომიების ანუ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ოპერაციათა 5-10% მწვავე აკალკულოზური ქოლეცისტიტის გამო ტარდება. იმავე ქვეყნის მონაცემებით, კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი პაციენტებისთვის ჩატარებული სასწრაფო ოპერაციების ნახევარზე მეტის მიზეზი სწორედ მწვავე აკალკულოზური ქოლეცისტიტია. ამ პაციენტთა შორის იგულისხმებიან ის პირებიც, ვისაც უტარდება ინტენსიური თერაპია, მკურნალობს ტრავმატოლოგიურ კლინიკებში, აქვს დამწვრობა. მწვავე აკალკულოზური ანუ უკენჭო ქოლეცისტიტი ხშირია იმ პაციენტებს შორისაც, რომელთაც ჩატარებული აქვთ ორგანოთა ტრანსპლანტაცია, უტარდებათ მკურნალობა ციტოტოქსიკური პრეპარატებით. მწვავე აკალკულოზური ქოლეცისტიტის შემთხვევათა რიცხვი მაღალია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (როგორც მოსახლეობა უწოდებს, შიდსის ვირუსით) ინფიცირებულებს, სისტემური სნეულებებით დაავადებულებს შორის.

- რა არის ქრონიკული ქოლეცისტიტი?

- როდესაც საუბარია ქრონიკული ქოლეცისტიტის შესახებ, თანამედროვე შეხედულების თანახმად, იგულისხმება ქრონიკული კალკულოზური ანუ კენჭოვანი ქოლეცისტიტი. რაც შეეხება ქრონიკულ უკენჭო ანუ აკალკულოზურ ქოლეცისტიტს, უკვე მოგახსენეთ, რომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გასტროენტეროლოგები მის არსებობასაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ითვლება, რომ სინამდვილეში ქრონიკული ქოლეცისტიტის დიაგნოზით სხვა პათოლოგიებთან ერთად სანაღვლე გზების დისკინეზია და ფატერის დვრილის ფუნქციური უკმარისობა ინიღბება. ეს მდგომარეობები ნაღვლის ნორმალური დინებისა და გადაადგილების დარღვევას უკავშირდება. უმეტესად სწორედ  სანაღვლე გზების დისკინეზია და ფატერის დვრილის ფუნქციური უკმარისობაა მარჯვენა ფერდქვეშ ტკივილის მიზეზი.

- კვლევის რომელი მეთოდები გამოიყენება ქოლეცისტიტის დიაგნოსტიკისთვის?

- სადიაგნოზო ტაქტიკა დამოკიდებულია იმაზე, ქოლეცისტიტის რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, თუ საქმე გვაქვს მწვავე აკალკულოზურ ანუ უკენჭო ქოლეცისტიტთან, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, თანამედროვე შეხედულებით საკმაოდ სერიოზული დაავადებაა და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფთა შორის გვხვდება, აქ, თვით პათოლოგიის სიმძიმიდან გამომდინარე, დიაგნოსტირება სწრაფად უნდა მოხდეს. დიაგნოზი ეფუძნება კლინიკური, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევის შედეგებს. ეს უკანასკნელი, მკითხველისთვის კარგად ნაცნობი ექოსკოპიის ანუ ულტრაბგერითი გამოკვლევის გარდა, გულისხმობს კომპიუტერულ ტომოგრაფიას და ჰეპატობილიარულ (ღვიძლისა და სანაღვლე გზების) სინციტიგრაფიას ანუ კვლევას სპეციალური რადიოიზოტოპური პრეპარატით. რაც შეეხება ქრონიკულ კალკულოზურ ანუ კენჭოვან ქოლეცისტიტს, მისი სადიაგნოზო მეთოდი ჩვენი მკითხველისათვის კარგად ცნობილი კვლევა - ექოსკოპია გახლავთ.

- რა ცვლილებებს ავლენს ექოსკოპია მწვავე ქოლეცისტიტის შემთხვევაში?

- მწვავე ქოლეცისტიტის შემთხვევაში დიაგნოსტირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამი ნიშნის არსებობას. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მწვავე ქოლეცისტიტის დროს ნაღვლის ბუშტის კედლის სისქე ოთხ მილიმეტრზე მეტია. გარდა ამისა, მარჯვენა ფერდქვეშ, ნაღვლის ბუშტის საპრო-ექციო არეზე, ექოსკოპის გადამწოდებით ზეწოლისას ვლინდება მაქსიმალური დაჭიმულობა და/ან მგრძნობელობა. ექიმები ამ ნიშანს ექოსკოპიურ მერფის სიმპტომს უწოდებენ. ამ ორ სიმპტომთან ერთად ექოსკოპიური კვლევა პერიქოლეცისტურად ანუ ნაღვლის ბუშტის ირგვლივ ავლენს სითხის არსებობას.

- ჩვენი მკითხველებისთვის კარგად არის ცნობილი თორმეტგოჯა ნაწლავის ზონდირება. ექიმები ერთხმად აღიარებდნენ მის სამკურნალო და სადიაგნოზო მნიშვნელობას. იყენებს თუ არა თანამედროვე გასტროენტეროლოგია ამ მეთოდს?

- თორმეტგოჯა ნაწლავის ზონდირების ანუ დუოდენალური ზონდაჟის შესახებ თანამედროვე გასტროენტეროლოგიას სხვაგვარი შეხედულება აქვს. ეს მეთოდი გამოიყენება მხოლოდ ნაღვლის წვენში ქოლესტერინული კრისტალების კვლევისთვის - ეგრეთ წოდებული მელცერ-ლაიონის სხეულების დიაგნოსტირებისთვის. სხვა შემთხვევაში დუოდენალური ზონდირებით ნაღვლის ბუშტის პათოლოგიის კვლევა ფაქტობრივად უეფექტოა. ამრიგად, თორმეტგოჯა ნაწლავის ზონდირებას დიაგნოსტიკის თვალსაზრისით უწინდებური დატვირთვა არ აქვს.

- თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ სულაც არ მიუთითებს აკალკულოზურ ანუ უკენჭო ქოლეცისტიტზე. სინამდვილეში რომელი დაავადებები შეიძლება იმალებოდეს ამ სიმპტომის მიღმა?

- მსგავსი ჩივილის გამომწვევ დაავადებათა ჩამონათვალი უსაზღვროდ დიდია. ის მოიცავს როგორც ნაღვლის ბუშტის, ისე სანაღვლე გზების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის დაავადებებს. ასეთი ჩივილის მიზეზად შეიძლება იქცეს არა მარტო დასახელებული ორგანოების ორგანული ანუ სტრუქტურული ცვლილებებით გამოწვეული დაავადებები, არამედ ფუნქციური პათოლოგიაც. ეს უკანასკნელი გულისხმობს შემთხვევებს, როცა პაციენტს აქვს ჩივილები, მაგრამ ორგანოს ანატომიური სტრუქტურა შეცვლილი არ არის.

- როგორია ნაღველმდენი და სპაზმოლიზური საშუალებების ეფექტი ქოლეცისტიტის დროს? რამდენად მიზანშეწონილია ეგრეთ წოდებული ყრუ გამორეცხვები?

- ქოლეცისტიტის დროს სპაზმოლიზური საშუალებები საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება. რაც შეეხება ყრუ ამორეცხვებს, თანამედროვე მტკიცებულებითი მედიცინა, რომელიც მოითხოვს, რომ ნებისმიერი დასკვნა გამოვიტანოთ მხოლოდ მრავალრიცხოვანი კვლევის შედეგად, არ ცნობს აღნიშნული მანიპულაციის ეფექტურობას.

- მიზანშეწონილია თუ არა კალკულოზური ანუ კენჭოვანი ქოლეცისტიტის დროს ნაღველმდენების, დუოდენური ზონდაჟის, ანტიბაქტერიული პრეპარატების დანიშვნა?

- კენჭოვანი ქოლეცისტიტის დროს ნაღველმდენების გამოყენება არ არის რეკომენდებული. ამ მითითებას აქვს საფუძველიც - ნაღველმდენების ზემოქმედებით შესაძლოა დაიწყოს კენჭის მიგრაცია ანუ მოძრაობა, რომლის დროსაც არ არის გამორიცხული ნაღვლის საერთო სადინარის დახშობა და შედეგად ეგრეთ წოდებული მექანიკური სიყვითლის განვითარება. აღნიშნული მდგომარეობა ქირურგიულ მკურნალობას ექვემდებარება, თანაც ასეთ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა უფრო რთული იქნება, ვიდრე გეგმური ოპერაციისას. ანალოგიური მიზეზების გამო არ არის რეკომენდებული დუოდენალური ზონდაჟიც. რაც შეეხება ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, მათი გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ ინფიცირების შემთხვევაში.

- მკითხველი დაგვეთანხმება, რომ წლების წინათ ქრონიკული ქოლეცისტიტის ერთ-ერთ მიზეზად ნაღვლის ბუშტში მობინადრე ლამბლიები მიაჩნდათ...

- დღეს დადგენილია, რომ ლამბლიები ბინადრობენ თორმეტგოჯა ნაწლავში და არა ნაღვლის ბუშტში, ამდენად, მათ არავითარი ბრალი არა მიუძღვით ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებებში.

- რას გულისხმობს, დღევანდელი შეხედულებების თანახმად, ქოლეცისტიტის მკურნალობა?

- ქოლეცისტიტის თანამედროვე მკურნალობა გულისხმობს პათოლოგიის მიზეზის ზუსტ და ეფექტურ აღმოფხვრას. როგორც აკალკულოზური, ასევე კალკულოზური მწვავე ქოლეცისტიტის დროს ავადმყოფს სჭირდება ინტენსიური თერაპია. დიდია ალბათობა, რომ საჭირო გახდეს გადაუდებელი ქოლეცისტექტომია.

- რამდენად ეფექტურია ნაღვლის ბუშტის კენჭების მედიკამენტური მკურნალობა?

- ამჟამად არსებობს პრეპარატები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ნაღვლის ბუშტის კენჭების დაშლა, უფრო სწორად, გახსნა იმ შემთხვევაში, როდესაც კენჭი არ არის პიგმენტური (ნაღვლის პიგმენტებისაგან არ შედგება), ხოლო მისი ზომა 5 მილიმეტრზე ნაკლებია, თუმცა მკურნალობა საკმაოდ დიდ დროს და დანახარჯს მოითხოვს, ვინაიდან პრეპარატები საკმაოდ ძვირად ღირებულია. სამაგიეროდ, ლაპაროსკოპიული ქირურგია იმდენად დაიხვეწა, რომ ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა) ნაღველკენჭოვანი დაავადების მკურნალობის გაცილებით ეფექტურ მეთოდად ითვლება, ვიდრე კენჭების მედიკამენტური დაშლის მცდელობა.

- ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, რას ურჩევდით მათ, ვისაც ხშირად აწუხებს ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში?

- ასეთ პაციენტებს მინდა ვურჩიო:

  • ნუ გაიტაცებთ თვითდიაგნოსტიკა და ნუ ჩათვლიან, რომ ტკივილის მიზეზი მხოლოდ ქოლეცისტიტი შეიძლება იყოს.
  • ნუ ჩაიტარებენ ახლობლების მიერ რეკომენდებულ კვლევებს - შესაძლოა, ამ კვლევებს მათთვის არავითარი სადიაგნოზო მნიშვნელობა არ ჰქონდეს.
  • ნუ მიიღებენ ნაღველმდენებს გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ჩივილების მიზეზი შეიძლება იყოს ნაღვლის ბუშტის კენჭები ან ნაღვლის ბუშტის შიგთავსის შესქელება. ამ შემთხვევაში ნაღველმდენები შეიძლება ნაღვლის საერთო სადინარის დახშობის მიზეზად იქცეს.
  • კვლევებისა და მკურნალობის გეგმის შესარჩევად დროულად მიმართეთ სპეციალისტს.
  • ქოლეცისტიტის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნება და ფიზიკური აქტიურობა, ასე რომ, მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.