დისბიოზი და დისპეფსია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

დისბიოზი და დისპეფსია

დისბიოზი და დისპეფსია
დისბიოზი და დისპეფსია ფართოდ გავრცელებული გასტროენტეროლოგიური პრობლემებია. ორივე მათგანი მუცლის არეში ტკივილისა და სხვადასხვა სახის დისკომფორტის საფუძველი ხდება. რომელი პროცესები აღინიშნება ტერმინებით – დისპეფსია და დისბიოზი? რა ხდება ამ დროს საჭმლის მომნელებელ სისტემაში? რა ჩივილები უვლინდებათ ადამიანებს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ექიმი თერაპევტი, ენდოსკოპისტი, საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის წევრი – ნათია ფალავანდიშვილი:


დისბიოზი

– ქალბატონო ნათია, აუხსენით მკითხველს რას ნიშნავს დისბიოზი?

– ადამიანის ნაწლავები დასახლებულია დიდი რაოდენობით მიკრობებით, მათ შორის არის ეგრეთ წოდებული „კარგები“ და „ცუდები“. კარგი, ანუ სასარგებლო მიკრობებია
ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები. ისინი ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალურ ფუნქციობას და აძლიერებენ იმუნიტეტს.

ზოგჯერ, გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებით, „სასარგებლო ბაქტერიების“ რაოდენობა მკვეთრად მცირდება და ამ დროს მავნე ბაქტერიები მრავლდება, ვითარდება მდგომარეობა, რომელსაც დისბიოზი ეწოდება.

– ყველაზე ხშირად რა იწვევს დისბიოზს?

– დისბაქტერიოზი არ არის
დამოუკიდებელი დაავადება, ის შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების თანმდევი, როგორებიცაა გასტრიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი და სხვა ორგანული დაავადებები. შესაძლოა მისი გამომწვევი მიზეზი იყოს გადატანილი ნაწლავური ინფექცია და ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია, სხივური და ქიმიოთერაპია, ასევე ჰორმონებისა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მოხმარება.

ამ პრობლემის წინაშე ყველაზე ხშირად ის ადამიანები დგებიან, რომლებიც ცხოვრობენ არაჯანსაღი ცხოვრების წესით, მაპროვოცირებელი ფაქტორებია: ცუდი კვება, მოუწესრიგებელი ძილი, მავნე ჩვევები და სტრესი.

– რა ჩივილები აქვთ ამ დროს?

– პაციენტს ეწყება ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ღებინება, ცუდი გემო პირში, შებერილობა, კუჭის მოქმედების დარღვევა: შეკრულობისა და ფაღარათის მონაცვლეობა.

– რას ეფუძნება დიაგნოსტიკა?

– დისბიოზის დიაგნოსტიკისათვის ინფორმაციულია განავლის ბაქტერიოლოგიული ანალიზი.

– რით შეიძლება გართულდეს არანამკურნალები დისბიოზი?

– დისბიოზის გართულებად ითვლება წონის სწრაფი კლება ან მატება, ძლიერი საერთო სისუსტე, ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება. ხშირად დისბიოზს ახლავს ფერმენტული უკმარისობა.

– რას მოიცავს მკურნალობა? რა არის გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი ამ დროს?

– ორგანიზმს დამატებით უნდა მივაწოდოთ „კარგი ბაქტერიები“, ე.წ. პრობიოტიკები. იმისთვის, რომ „კარგმა ბაქტერიებმა“ შეძლონ ნაწლავში გამრავლება, კოლონიზაცია და ბალანსის აღდგენა, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მათთვის ნაწლავში საკვები ნიადაგის ანუ პრებიოტიკის არსებობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – დიეტა: უცხიმო მოხარშული ხორცი, თევზი, ქათამი, ფაფები, პური, რძემაჟავა პროდუქტები, მცენარეული ზეთი, აუცილებელია დღეში მრავალჯერადი კვება მცირე ულუფებით.


დისპეფსია

– რა არის დისპეფსია, რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?

– დისპეფსია ანუ საჭმლის მონელების მოშლა არის ზოგადი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს მუცლის ზედა ნაწილში დისკომფორტს. საჭმლის მონელების მოშლა არ არის დაავადება, ეს არის სიმპტომების ერთობლიობა, რომელშიც შედის მუცლის ტკივილი და დანაყრების შეგრძნება ჭამის დაწყებისთანავე.

დისპეფსია შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადების სიმპტომი იყოს, თუ დისპეფსია არ არის სხვა დაავადებით გამოწვეული, ის გაცილებით მარტივი სამკურნალოა, ცხოვრების წესის შეცვლით და მედიკამენტებით.

– რა არის დისპეფსიის ძირითადი მიზეზი?

– დისპეფსია ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, ხშირად ის დაკავშირებულია ცხოვრების წესთან და შეიძლება უარესდებოდეს გარკვეული საკვების ან მედიკამენტის მიღების შემდეგ.

დისპეფსიის გამომწვევი მიზეზებია: გადამეტებული ან ძალიან სწრაფად კვება, ცხიმიანი ან ცხარე საკვები, ჭარბი ალკოჰოლი, კოფეინი, გაზიანი სასმელები, მოწევა, სტრესი, ანტიბიოტიკებისა და არასტეროიდების მიღება.

დისპეფსიამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა დაავადება: გასტრიტი, პეპტიური წყლული, ნაღვლის ბუშტის კენჭი, პანკრეატიტი, გაუვალობა, კუჭის კიბო.

უმიზეზოდ საჭმლის მონელების მოშლას ეწოდება ფუნქციური დისპეფსია ანუ კუჭის არაწყლულოვანი ტკივილი.

– რა სიმპტომებით ვლინდება დისპეფსია?

– საჭმლის მონელების მოშლისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • ჭამის დროს მალევე დანაყრება;
  • შემაწუხებელი სისავსის გრძნობა ჭამის შემდეგ;
  • წვის და შებერილობის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში;
  • უფრო იშვიათია პირღებინება და ბოყინი.

– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

– დისპეფსიის დიაგნოსტიკაში ყველაზე ინფორმაციულად მიჩნეულია თანამედროვე გამოკვლევის მეთოდი, რომელსაც ენდოსკოპია ეწოდება (ენდოსკოპია არის პროცედურა, რომელიც იკვლევს შინაგან ორგანოებს, ამ დროს ხდება შინაგანი ორგანოების ლორწოვანის უჯრედულ დონეზე დათვალიერება). ტარდება სისხლის კლინიკური ანალიზიც, კუჭის რენტგენი, მჟავიანობის დადგენა, განავლის საერთო ანალიზი.

– რა არის მნიშვნელოვანი მკურნალობისას?

– დისპეფსიის მკურნალობა, პირველ რიგში, მოიცავს ცხოვრების წესის ცვლილებას: მოწევისთვის თავის დანებებას, ალკოჰოლის მიღების შეწყვეტას, ჭარბი წონის დაკლებას, არ შეიძლება ყავა, ჩაი, ასევე აუცილებელია საკვების მიღება დაძინებამდე 3-4 საათით ადრე.

მკურნალობა მოიცავს შემდეგი მედიკამენტების ჩამონათვალს:

  • პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები;
  • H2 რეცეპტორის ანტაგონისტები;
  • ანტაციდები;
  • პროკინეტიკები;
  • ფერმენტული პრეპარატები.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
სისხლდენა შეიძლება აღმოცენდეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნებისმიერ ნაწილში – საყლაპავით დაწყებული ანალური ხვრელის ჩათვლით.
გულისრევა და ღებინება არ არის დამოუკიდებელი დაავადება - ეს რამდენიმე, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, დაავადების სიმპტომებია.
თუ ხშირად გაწუხებთ მუცლის შებერილობა, აუცილებლად უყურეთ ვიდეოს.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად