გასტრიტი და პეპტიური წყლული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გასტრიტი და პეპტიური წყლული

როგორებიცაა გასტრიტი და პეპტიური წყლული, ანუ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (როგორც მას უწოდებდნენ რუსულენოვან სამედიცინო ლიტერატურაში).

რა არის გასტრიტი

გასტრიტი არის კუჭის შიგნითა გარსის – ლორწოვანის ანთებითი დაავადება. როგორც უცხოურენოვან ლიტერატურაში მიუთითებენ, ამ ტერმინს არცთუ იშვიათად მუცლის ზედა ნაწილში ლოკალიზებული სხვადასხვა პრობლემის აღსანიშნავად იყენებენ, მაგრამ, რეალურად, გასტრიტი არის კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. ანთება შესაძლოა მოიცავდეს ლორწოვანის მთელ სიღრმეს. მიმდინარეობის მიხედვით გასტრიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. თავის მხრივ, მწვავე გასტრიტი შეიძლება იყოს ეროზიული და არაეროზიული. ქრონიკული გასტრიტის დიაგნოზი ხანგრძლივი კლინიკური ნიშნებისა და კუჭის ლორწოვანის მიკროსკოპული გამოკვლევისას მიღებული გარკვეული დამახასიათებელი სურათის საფუძველზე დგინდება.

არის თუ არა გასტრიტი ხანგრძლივი დაავადება

ჩვეულებრივ, მწვავე გასტრიტის ხანგრძლივობა 2-10 დღეა. ქრონიკული გასტრიტი, რომელსაც სათანადოდ არ მკურნალობენ, კვირებიდან წლებამდე შეიძლება გახანგრძლივდეს.

როგორ ვლინდება გასტრიტი

მუცლის ზედა ნაწილში ლოკალიზებული ტკივილი გასტრიტის უხშირესი სიმპტომია. ტკივილი შეიძლება იყოს ეპიზოდური ან მუდმივი და ხასიათდებოდეს წვის, მოჭერის, ღრღნის შეგრძნებით. გარდა ამისა, შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მადის დაქვეითება, მუცლის შებერვა, ბოყინი. მძიმე გასტრიტი შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი ღებინებით, განავალში სისხლის არსებობით და ანემიით. არის შემთხვევები, როცა პაციენტს სიმპტომები არ აქვს და დაავადება ვლინდება სხვა მიზეზის გამო ჩატარებული გასტროსკოპიისას (კუჭის ლორწოვანის გამოკვლევა სპეციალური ხელსაწყოთი) კუჭის ლორწოვანის მიკროსკოპული გამოკვლევის დროს. გასტრიტის სიმპტომები, განსაკუთრებით ქრონიკული გასტრიტის დროს, შეიძლება პერიოდულად გამწვავდეს და უკუგანვითარდეს. ხშირად გასტრიტსა და კუჭის სხვა დაავადებებთან დაკავშირებულ სიმპტომებს აღწერენ ტერმინით „დისპეფსია“.

გასტრიტის მიზეზები

როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული გასტრიტის უხშირესი მიზეზია ბაქტერია, რომლის სახელწოდებაცაა Helicobacter pylori ანუ, ჰელიკობაქტერია. ჩვეულებრივ, ჰელიკობაქტერია პირველად აზიანებს კუჭის ე. წ. ანტრალურ ნაწილს (კუჭის ეს ნაწილი არ შეიცავს მჟავას წარმომქმნელ უჯრედებს), შემდგომში კი ვრცელდება მთელ ლორწოვანზე და მკურნალობის გარეშე ცვლილებები ნარჩუნდება წლების განმავლობაში (ქრონიკული გასტრიტი).

ჰელიკობაქტერიით ინფიცირება იწვევს ძლიერ ანთებით პასუხს, რის შედეგადაც შეიძლება აღმოცენდეს ხანგრძლივი ქრონიკული ანთება და კუჭის ლორწოვანის უჯრედების ნაწლავურ უჯრედებად გარდაქმნა.

გასტრიტის მეორე მნიშვნელოვანი მიზეზია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (ამ ჯგუფს მიეკუთვნება ფართოდ გავრცელებული და ჩვენი მოსახლეობის მიერ ძალიან ხშირად გამოყენებული ტკივილგამაყუჩებლები) მიღება, ხშირად იმაზე მეტად, ვიდრე აუცილებელია.

გარდა ამ ფართოდ გვარცელებული მიზეზებისა, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული გასტრიტი შეიძლება განაპირობოს შემდეგი ფაქტორების განმეორებითმა და გახანგრძლივებულმა ზემოქმედებამ:

  • ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტული ინფექციები;
  • გარკვეული მედიკამენტები (კოკაინი);
  • ალკოჰოლის ჭარბი მიღება;
  • ნაღვლის რეფლუქსი (უკუდინება ნაწილავიდან კუჭში);
  • სოკოვანი ინფექცია;
  • ალერგიული რეაქცია;
  • აუტოიმუნური რეაქცია;
  • სტრესი (იგულისხმება მძიმე დაავადებებთან (მაგალითად, დამწვრობა, ტრავმა) დაკავშირებული და არა ემოციური სტრესი);
  • რადიაცია;
  • გარკვეული საკვებით ინტოქსიკაცია (მოწამვლა, ინფექციური ან ქიმიური);
  • ტრავმა.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვრცელი ჩამონათვალის მიუხედევად, უმრავლეს შემთვევაში, გასტრიტის მიზეზი მაინც ჰელიკობაქტერია ან ანთების საწინააღმდეგო არასტერიუდული საშუალებების მიღებაა.

როგორ სვამენ გასტრიტის დიაგნოზს

გასტრიტის დიაგნოზი ემყარება პაციენტის ჩივილებს, წარსულში დადგენილი დიაგნოზისა და ჩატარებული მკურნალობის, ანთების საწინააღმდეგო არასტერიუდული საშუალებების ან/და ალკოჰოლის გამოყენების ისტორიას. დიაგნოზს ადასტურებს გამომწვევი მიზეზის დადგენა და კუჭის ლორწოვანის მიკროსკოპული გამოკვლევა.

გასტრიტის უმთავრესი გამომწვევი – ჰელიკობაქტერია შეიძლება გამოვლინდეს ამოსუნთქული ჰაერის, სისხლის, განავლის, იმუნოლოგიური და კუჭის ლორწოვანის გამოკვლევით. მართალია, შესაძლებელია ჰელიკობაქტერიის კულტივირებაც, მაგრამ ამას იშვიათად მიმართავენ.

კუჭის ლორწოვანის ბიოფსია, რომელიც ტარდება გასტროსკოპიისას და მისი მიკროსკოპული გამოკვლევა ხშირად გვეხმარება ქრონიკული გასტრიტის მიზეზების დადგენაში და ლორწოვანის ეროზიებისა და სხვა ცვლილებების გამოვლენაში.

რიგ შემთხვევებში, კუჭ-ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ბარიუმით კონტრასტირების ფონზე ავლენს ლორწოვანის გასქელებასა და ანთებით უბნებს.

ალბათ, თავადაც ხვდებით, რომ ჩამოთვლილ კვლევათაგან კონკრეტული პაციენტისათვის მიზანშეწონილი მეთოდის შერჩევა, მხოლოდ ექიმს შეუძლია.

როგორ მკურნალობენ გასტრიტს

გასტრიტის სიმპტომების შემცირებისა და დაავადების ეფექტური მკურნალობის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა. მაგალითად, ჰელიკობაქტერიით გამოწვეული გასტრიტის მკურნალობისას სათანადო ანტიბიოტიკების გამოყენება, სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, პაციენტის განკურნების წინაპირობაა.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით გამოწვეული გასტრიტის მკურნალობისათვის აუცილებელია ამ მედიკამენტების მიღების შეწყვეტა.

გარდა გამომწვევ მიზეზებზე ზემოქმედებისა, გასტრიტის სამკურნალოდ რეკომენდებულია პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ კუჭის მჟავა წვენის გამომუშავებას ან ანეიტრალებენ მას. ეს საშუალებებია:

  • ანტაციდები – მოწოდებულია სითხის ან ტაბლეტების სახით, მცირე დროით ანეიტრალებენ კუჭის მჟავა წვენს;
  • H2 ბლოკერები – რანიტიდინი, ფამოტიდინი;
  • პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები – ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი, ესომეპრაზოლი.

ეს საშუალებები სხვადასხვა მექანიზმით მოქმედებენ, მაგრამ ამცირებენ კუჭის სიმჟავეს, გასტრიტის სიმპტომებს და ხელს უწყობენ კუჭის ლორწოვანის აღდგენას, მიუხედავად გამომწვევი მიზეზისა, ისე, რომ უშუალოდ არ მოქმედებენ გასტრიტის მიზეზზე.

დიეტა გასტრიტის დროს

გასტრიტის სიმპტომების გამწვავებას შეიძლება ხელი შეუწყოს გამღიზიანებელმა საკვებმა და მავნე ჩვევებმა. შესამაბისად, ექიმების რჩევაა, თავიდან ავიცილოთ მათი ზემოქმედება. კერძოდ, გასტრიტის სიმპტომების შესამცირებლად აუცილებელია, თავი დაანებოთ მოწევას, ერიდოთ ალკოჰოლს, შეწყვიტოთ კოფეინიანი, უკოფეინო და ნახშირწყლოვანი სასმელების მიღება, მოერიდოთ ციტრუსების, ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი საკვების მიღებას. ალერგიულებმა კი თავი აარიდონ ალერგიის გამომწვევ საკვებს.

გასტრიტის საწინააღმდეგო სპეციალური დიეტა არ არსებობს, თუმცა, დადგენილია, რომ გარკვეული საკვები ხელს უშლის ჰელიკობაქტერიის ზრდას. ასეთი საკვებია ფლავონოიდებით მდიდარი პროდუქტები – ჯინჯერისა და გვირილის ჩაი, ნიორი, კენკრა, ქინძი, ნიახური, ბროკოლი, ოხრახუში, სოიის შემცველი საკვები და პარკოსნები. საზოგადოდ, გასტრიტის სიმპტომების შემცირებას, ზემოთ ჩამოთვლილი საკვების გარდა, ხელს უწყობს ხშირი კვება მცირე ულუფებით, იოგურტი, პიტნა, ხორბლის ქატო, სტაფილოს წვენი, ვაშლი.

მართალია, სხვადასხვა ხალხური საშუალების გამოყენებით გასტრიტის სიმპტომები შეიძლება შემცირდეს, მაგრამ განსაკურნებლად მხოლოდ მათზე დაყრდნობა მიზანშეუწონელია.

როდის უნდა ველოდოთ გასტრიტისაგან განკურნებას

გასტრიტისაგან განკურნება შესაძლებელია, თუ აღმოიფხვრება მისი გამომწვევი მიზეზი.

მწვავე გასტრიტი შესაძლოა სრულად უკუგანვითარდეს ყოველგვარი გართულებების გარეშე. ქრონიკული გასტრიტის მიმდინარეობა კი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს – სრული გაჯანსაღებიდან (ადრეული მკურნალობისას) სერიოზულ გართულებებამდე. გართულებები იშვიათად შეიძლება მოჰყვეს მწვავე გასტრიტსაც.

ქრონიკულ გასტრიტს შესაძლოა მოჰყვეს პეპტიური წყლული (მისი მიზეზი ასევე ჰელიკობაქტერიაა), რაც შესაძლოა გართულდეს სისხლდენითა და ანემიით; კუჭის კიბო, ლიმფომის გარკვეული სახე, თირკმლის დაზიანება ღებინების გამო სითხის კარგვის ფონზე, თორმეტგოჯა ნაწლავის ობსტრუქცია და სიკვდილიც კი.

როგორ ავირიდოთ გასტრიტი

როცა გასტრიტი ისეთ მიზეზს უკავშირდება, რომლის არიდებაც შესაძლებელია, მაშინ გასტრიტისგან თავის დაცვაც შეიძლება. ამ მიზნით ექიმები გვირჩევენ:

  • ვერიდოთ ალკოჰოლს;
  • განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე არ მივიღოთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები – ტკივილგამაყუჩებლები;
  • თავი დავანებოთ მოწევას;
  • ავირიდოთ სხვადასხვა ქიმიური საშუალებების, რადიაციის, ტოქსინების ორგანიზმზე ზემოქმედება;
  • მართალია, გასტრიტის გამომწვევი ზოგიერთი ინფექციის თავიდან აცილება რთულია, მაგრამ ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით ჭამის წინ, საკვების მომზადებისას ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა ამცირებს ინფექციური, მათ შორის, ჰელიკობაქტერიით გამოწვევული გასტრიტის რისკს.

პეპტიური წყლული

პეპტიური წყლული (ანუ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, როგორც მას უწოდებდნენ რუსულენოვან ლიტერატურაში) არის კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის ან საყლაპავის ლორწოვანის მთლიანობის რღვევა, დაწყლულება, რაც ვრცელდება კუნთოვან შრემდე. თუ პეპტიური წყლული მდებარეობს კუჭში, საუბარია კუჭის წყლულის შესახებ. ანალოგიურია სახელწოდება სხვა ლოკალიზაციის შემთხვევაშიც. ჩვეულებრივ, პეპტიური წყლული აღმოცენდება, როცა კუჭის ამომფენი უჯრედების მიერ გამომუშავებული (სეკრეტირებული) მჟავა წვენი, ანუ პეპტიური ფაქტორი, აზიანებს ლორწოვან გარსს.

პეპტიური წყლული განსხვავდება ეროზიისაგან, რადგანაც ვრცელდება ლორწოვანის უფრო ღრმა შრეებში, იწვევს უფრო ძლიერ ანთებით ცვლილებებს, ზოგჯერ დანაწიბურებას.

პეპტიური წყლული საკმაოდ ხშირი დაავადებაა, აშშ-ის მონაცემებით, ყოველწლიურად მილიონამდე ამერიკელს აღენიშნება. ამასთან ერთად, პეპტიური წყლული, მკურნალობის დროს შეხორცების მიუხედევად, ზოგჯერ მეორდება და იწვევს როგორც შრომისუუნარობას, ასავე მნიშვნელოვან დანახარჯს. სწორედ ამის გამო, მედიკოსები ცდილობენ, პეპტიური წყლულის შესახებ სულ უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვონ.

პეპტიური წყლულის სიმპტომები

პეპტიური წყლული შესაძლოა სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს. ზოგ პაციენტს შეიძლება კუჭის წყლულის დროს არავითარი სიმპტომი არ ჰქონდეს, ზოგ შემთხვევაში კი დაავადება შესაძლოა საკმაოდ შემაწუხებელი ჩივილის მიზეზი გახდეს. პეპტიური წყლულის ყველაზე გავრცელებული ნიშანია კუჭის არეში, მახვილისებრი მორჩის ოდნავ ქვემოთ (ე.წ. „გულის კოვზთან“) ლოკალიზებული მჭრელი ან მწველი ტკივილი, ხშირად წერტილოვანი ხასიათისა.

პეპტიური წყლულის დროს ტკივილი შეიძლება:

  • აღმოცენდეს, როცა კუჭი ცარიელია – ჭამათა შორის ან ღამით ან პირიქით, გაძლიერდეს ჭამის შემდეგ;
  • შემცირდეს საკვების ან სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას;
  • გრძელდებოდეს წუთებიდან საათებამდე;
  • ძლიედებოდეს და უკუგანვითარდებოდეს დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში;

გარდა ამისა, ცნობილია პეპტიური წყლულის ნაკლებად ხშირი სიმპტომები. ესენია:

  • მუცლის შებერვა;
  • ბოყინი;
  • უსიამოვნო შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში;
  • ცუდი მადა;
  • გულისრევა, ღებინება;
  • წონის კლება.

პეპტიური წყლული შესაძლებელია მცირედ გამოხატული ამ ნიშნების დროსაც.

რა იწვევს პეპტიურ წყლულს

წარსულში დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ კუჭის წყლულის მიზეზია კუჭის მომატებული მჟავიანობა. შესაბამისად, მკურნალობის მიზანი იყო კუჭის სეკრეციის, ანუ მჟავას პროდუქციის მაქსიმალური დაქვეითება. მართალია, კუჭის სიმჟავე დღესაც განიხილება წყლულის ფორმირების მნიშვნელოვან მიზეზად და მისი დათრგუნვაც მკურნალობის მნიშვნელოვანი მიზანია, მაგრამ თანამედროვე მონაცემების თანახმად, წყლულის აღმოცენების მთავარი ფაქტორებია ჰელიკობაქტერიით ინფიცირება და ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული საშუალებების ქრონიკული გამოყენება. როგორც ვხედავთ, წყლულისა და გასტრიტის მიზეზები ანალოგიურია. წყლულის აღმოცენებისა და წარუმატებელი მკურნალობის მნიშვნელოვანი ფაქტორია თამბაქოს მოწევაც.

მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ უნდა აღინიშნოს, რომ ალკოჰოლის, ყავის, კოლას, კოფეინის, სანელებლების როლი წყლულის აღმოცენებაში არ არის დადასტურებული. ასევე არ არის მტკიცებულება, რომ წყლული ფსიქოემოციურ სტრესს უკავშირდებოდეს.

პეპტიური წყლულის დიაგნოზი

პეპტიური წყლულის დიაგნოზი შეიძლება დადგინდეს გასტროსკოპიითა და რენტგენოლოგიური გამოკვლევით. რენტგენოლოგიური გამოკვლევისას პაციენტი იღებს სპეციალურ ბარიუმის შემცველ საკონტრასტო სითხეს. ასეთი კვლევა ადვილი ჩასატარებელია, პაციენტისათვის მარტივი და იოლია, არ ახლავს რისკი (თუ არ ჩავთვლით კვლევასთან დაკავშირებულ გამოსხივებას), თუმცა, ნაკლებად ზუსტია და შეიძლება შემთხვევათა 20%-ში დიაგნოზი ვერ დადგინდეს.

ზუსტი კვლევაა ენდოსკოპია, ანუ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოთი, თუმცა, ახლავს დისკომფორტი. უკანასკნელი წლების განმავლობაში, მის შესამცირებლად, კვლევა ტარდება პაციენტის სედაციით (მედიკამენტებით გამოწვეული ძილი). სიზუსტის გარდა, ენდოსკოპიის უპირატესობა ისიც არის, რომ აუცილებლობისას შესაძლებელია ლორწოვანის უმცირესი ნაწილის აღება ბიოფსიით და მისი მიკროსკოპული გამოკვლევა, ან კვლევა ჰელიკობაქტერიის გამოსავლენად. ბიოფსია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუჭის წყლულის შემთვევაში, რადგანაც ამ დროს სიმსივნური წარმონაქმნის არსებობის რისკი არსებობს.

პეპტიური წყლულის გართულებები

თანამედროვე მკურნალობის წყალობით შესაძლებელია, პაციენტი პეპტიური წყლულით აგრძელებდეს ჩვეულებრივ ცხოვრებას მნიშვნელოვანი დიეტური შეზღუდვების გარეშე. წარუმატებელი მკურნალობის და უფრო მეტი გართულების მიზეზი შეიძლება იყოს თამბაქოს მოწევა. წყლულის გამომწვევის – ჰელიკობაქტერიის საწინააღმდეგო მკურნალობა არა მარტო გამოჯანმრთელების (წყლულის შეხორცების), არამედ დაავადების რეციდივის (განმეორების) თავიდან აცილების წინაპირობაა.

შემთხვევათა დიდ ნაწილში პაციენტები აგრძელებენ ჩვეულ საქმიანობას. შესაძლებელია წყლულის თავისთავად შეხორცებაც, თუმცა, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია დაავადების გართულებების აღმოცენებაც. მათ შორის აღსანიშნავია:

  • სისხლდენა – ვლინდება შავი, პრიალა, მყრალი განავლის არსებობით, სისუსტით, წნევის მკვეთრი დაქვეითებით, სისხლიანი ღებინებით;
  • პერფორაცია – კუჭის კედლის მთლიანობის დარღვევა, რომლის დროსაც კუჭში არსებული მჟავა წვენი იღვრება პერიტონეუმის ღრუში და იწვევს მის ანთებას – პერიტონიტს. პერფორაციის მომენტში პაციენტს ეწყება ძლიერი ტკივილი, რაც ძლიერდება ნებისმიერი მოძრაობისას. აუცილებებლია დაუყოვნებელი ოპერაცია.
  • ობსტრუქცია – თორმეტგოჯა ნაწლავის შევიწროება, რაც კუჭის დაცლას აფერხებს ან შეუძლებელს ხდის. პაციენტს აწუხებს, გულისრევა, ღებინება წინა დღეს მიღებული საკვებით, მადის დაქვეითება, წონის კლება. თუ მკურნალობის ფონზე ობსტრუქცია არ მცირდება, აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა.

საჭიროა თუ არა დიეტა პეპტიური წყლულის სამკურნალოდ

სადღეისოდ არ არის დადასტურებული, რომ გარკვეული დიეტური შეზღუდვები ან რომელიმე პროდუქტი აჩქარებდეს წყლულის შეხორცებას. არც ალკოჰოლისა და ყავის მიღებასა და წყლულს შორის უშუალო კავშირია დადგენილი. მიუხედავად ამისა, რადგან ყავაში არსებული კოფეინი კუჭის მჟავა წვენის სეკრეციის სტიმულატორია, ალკოჰოლმა კი გასტრიტი შეიძლება გამოიწვიოს, აღნიშნული პროდუქტების შემცირება მაინც მიზანშეწონილად ითვლება.

პეპტიური წყლულის მკურნალობა

პეპტიური წყლულის მკურნალობის მიზანია ტკივილის შემცირება, წყლულის შეხორცება, გართულებების არიდება. ამ მიზნების მისაღწევად პირველი ნაბიჯი რისკფაქტორების თავიდან აცილებაა – ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (ტკივილგამაყუჩებელთა უდიდესი ნაწილი) მიღების შეწყვეტა და მოწევისთვის თავის დანებება. შემდეგი ღონისძიება კი მედიკამენტების დანიშვნაა.

H. pylori ინფექციის მკურნალობა

სადღეისოდ დადგენილია, რომ ჰელიკობაქტერია შეიძლება მრავალი იმ ადამიანის კუჭში აღმოვაჩინოთ, რომელსაც არასოდეს ჰქონია არა მარტო წყლული, კუჭთან დაკავშირებული რაიმე ჩივილიც კი. საჭიროა თუ არა ასეთ შემთხვევებში ჰელიკობაქტერიის საწინააღმდეგო მკურნალობა? ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, საჭიროა შემდგომი კვლევები.

როცა დადგენილია, რომ პაციენტს აქვს წყლული და ამავე დროს ჰელიკობაქტერიული ინფექცია, აუცილებელია დაინიშნოს როგორც წყლულის, ასევე ჰელიკობაქტერიის საწინააღმდეგო პრეპარატები.

ჰელიკობაქტერიის გასანადგურებლად (ერადიკაციისთვის) რეკომენდებულია ერთდროულად რამდენიმე ანტიბიოტიკის დანიშვნა სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში. ამ მიზნით ხშირად გამოყენებული ანტიბიოტიკებია:

  • ტეტრაციკლინი;
  • ამოქსიცილინი;
  • მეტრონიდაზოლი;
  • კლარითრომიცინი;
  • ლევოფლოქსაცინი.

ჰელიკობაქტერიის ერადიკაცია მნიშვნელოვანია არა მარტო წყლულისგან განსაკურნებლად, არამედ მისი თავიდან აღმოცენებისა და შემგომში კუჭის კიბოს რისკის შესამცირებლადაც. ამ დადებით ეფექტთან ერთად, ვერ უარვყოფთ, რომ ანტიბიოტიკების გამოყენებას (რაც, ჩვეულებრივ, უნდა გაგრძელდეს 10-14 დღის განმავლობაში) შეიძლება მოჰყვეს ალერგიული რეაქცია, ფაღარათი ან ანტიბიოტიკებით გამოწვეული ე. წ. ფსევდომემბრანული კოლიტი.

სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებები

ჰელიკობაქტერიის მკურნალობისა და ამავდროულად წყლულის განკურნებისთვის აუცილებელია გარკვეული დროის განმავლობაში კუჭის სიმჟავის დათრგუნვა. ამისათვის შეიძლება დაინიშნოს:

  • ანტაციდები – მოწოდებულია თხევადი ან ტაბლეტის ფორმით; შედარებით სუსტი საშუალებებია და ხანმოკლე მოქმედებით ხასიათდება;
  • H2 ბლოკერები – ჰისტამინი არის კუჭის მჟავა წვენის გამოყოფის სტიმულატორი. H2 ბლოკერები „ბლოკავენ“ ჰისტამინის აქტივობას და ამით ამცირებენ მჟავას წარმოქმნას. მართალია, H2 ბლოკერები ეფექტურია წყლულის შესახორცებლად, მაგრამ ჰელიკობაქტერიის განადგურების გარეშე ეს ეფექტი მხოლოდ დროებითია;
  • პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები – უფრო ძლიერ თრგუნავენ კუჭის სეკრეციას, ვიდრე H2 ბლოკერები. არსებობს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების სხვადასხვა, ჩვენი პაციენტებისათვის უკვე კარგად ცნობილი სახე – ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, ესომეპრაზოლი, რაბეპრაზოლი. ისინი მოქმედების მხრივ მსგავსია და არ არსებობს მტკიცებულება, რომ რომელიმე წყლულის შესახორცებლად უფრო ეფექტურია;
  • სუკრალფატი და მიზოპროსტოლი – ზრდიან კუჭის ლორწოვანის მდგრადობას მჟავა წვენის მიმართ.

განკურნებადია თუ არა პეპტიური წყლული

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წყლულის აღმოცენების მიზეზებისა და მკურნალობის მეთოდების თანამედროვე მიღწევები საშუალებას გვაძლევს, პაციენტმა გააგრძელოს ჩვეული ცხოვრება და მკვეთრად არ შეზღუდოს კვება. დროულ გაჯანსაღებას ხელს უშლის თამბაქოს წევა. ჰელიკობაქტერიის წარმატებული მკურნალობა განაპირობებს არა მარტო განკურნებას, არამედ თავიდან აგვარიდებს დაავადების რეციდივს.