თენგიზ თელიას მთავარი რეკომენდაცია! - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

თენგიზ თელიას მთავარი რეკომენდაცია!

თენგიზ თელიას მთავარი რეკომენდაცია!
საქართველოში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, გავრცელების მიხედვით, მესამე ადგილზეა (დაახლოებით 15-17% საერთო ავადობაში), ახალი შემთხვევების სიხშირის მიხედვით კი - მეორე ადგილზე, - ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, სიკვდილიანობის შემთხვევების 94% არაგადამდებ დაავადებებზე მოდის და საჭმლის მომნელებელი სისტემა პირველ სამეულშია.

ამ დროს კი ჩვენ ხშირად გვჯერა მითების, რომ "ჰერკულესი" კუჭს მოგვირჩენს, რომ შებერილობას "ნახშირი" შველის; ზოგჯერ თავად ვუსვამთ არასწორ დიაგნოზს საკუთარი თავს ინტერნეტსივრცეში მოძიებული ინფორმაციებით. ასე კი შეიძლება, ძვირფასი დრო დავკარგოთ! ჩვენ კვალიფიციური
რჩევები გვჭირდება, რომლებიც სწორ გზაზე დაგვაყენებს. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმი-გასტროენტეროლოგი, მედიცინის დოქტორი თენგიზ თელია სწორედ იმაზე გვესაუბრება, რა მოგვეთხოვება საკუთარი ჯანმრთელობისთვის და რატომ არის განსაკუთრებით საყურადღებო საჭმლის მომნელებელი სისტემა.

- ბატონო თენგიზ, რა განაპირობებს საქართველოში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების ასეთ
მწვავე სტატისტიკას?

- ეს ციფრები არც არის გასაკვირი, რადგან თვითონ საჭმლის მომნელებელი სისტემის ტრაქტია დიდი - პირის ღრუდან დაწყებული, საყლაპავი, კუჭი, წვრილი, მსხვილი და სწორი ნაწლავი, აქვეა ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი და პანკრეასი. ადამიანის ორგანიზმში ეს ყველაზე დიდი და მოცულობითი სისტემაა. ასეთი დიდი ორგანოთა სისტემა არცერთი არ არის. შესაბამისად, სწორედ ეს განაპირობებს დაავადებების სიმრავლესაც, რომლებიც შეიძლება მიმდინარეობდეს ამ ორგანოების ლორწოვანი გარსებისა და პარენქიმის ანთებით ან ანთების გარეშე. შეიძლება გამოხატული იყოს მათი ანატომიური ცვლილებები (მაგ., საყლაპავის ხვრელის მცოცავი თიაქარი, მსხვილი ნაწლავის დივერტიკულარული დაავადება, სხვადასხვა მოცულობითი წარმონაქმნები), შესაძლებელია, გამოხატული იყოს ამ ორგანოთა მხოლოდ ფუნქციური დარღვევები, როცა მხოლოდ ამ ორგანოთა მარეგულირებელი ნერვული სისტემაა მოშლილი.

თუმცა, მინდა გითხრათ, რომ დაავადება ერთია და სიმპტომი მეორე. პაციენტს აწუხებს სიმპტომები და ამიტომ მოდის ექიმთან. როგორც წესი, პაციენტების 80% მოდის სიმპტომის დონეზე, ანუ მას აწუხებს კონკრეტული სიმპტომი და სურს, რომ ეს სიმპტომი არ აწუხებდეს. ამ სიმპტომებს შორის ყველაზე ხშირია მეტეორიზმი (გაზების ჭარბი დაგროვება ნაწლავებში და კუჭში), მომართვიანობით მეორე ადგილზეა მუცლის ტკივილი, ასევე, გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება, ყაბზობა და დიარეული სინდრომი.

ეს არის ის 7 ძირითადი სიმპტომი, რომლითაც პაციენტი აკითხავს ექიმს. თითოეული სიმპტომის უკან შეიძლება იდგეს აბსოლუტურად უწყინარი, კეთილსაიმედო, ხშირად თვითლიმიტირებადი პათოლოგია ან შეიძლება, სიმპტომის უკან სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგია იმალებოდეს. ექიმის პასუხისმგებლობაც სწორედ ის არის, რომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით - პაციენტის ასაკი, ანამნეზი, გენეტიკა, ჩივილები - დაგეგმოს გარკვეული კვლევები (ინსტრუმენტული და ლაბორატორიული), მხოლოდ შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება - პაციენტის მკურნალობის შესახებ. საქმეს ისიც ართულებს, რომ ხშირად პაციენტი ერთდროულად აღნიშნავს კუჭ-ნაწლავის რამდენიმე სიმპტომის არსებობას (მაგალითად, ყაბზობას, მეტეორიზმს და მუცლის ტკივილს, ან მუცლის ტკივილს, გულძმარვას და მეტეორიზმს). აღნიშნული სიმპტომები შეიძლება ერთი ჯაჭვის (დაავადების) ცალკეული რგოლები იყოს, ან სხვადასხვა დაავადებების გამოვლინებები. აქედან გამომდინარე, როგორც წესი, მკაცრად ვემიჯნები პაციენტებისთვის ემპირიული (სიმპტომზე დაფუძნებული) მკურნალობების პრაქტიკას (მაგალითად, ომეპრაზოლი გულძმარვის დროს, ან ნახშირი მეტეორიზმის დროს). მომხრე ვარ იმისა, რომ პაციენტს განემარტოს ჩასატარებელი კვლევების არსი და აუცილებლობა, შემდგომ კი, დანიშნული მედიკამენტური მკურნალობის ასპექტები.

- გასტროენტეროლოგიური დაავადებები განპირობებულია თუ არა გენეტიკური ფაქტორით?

- დიახ, შეიძლება ადგილი ჰქონდეს გარკვეულ გენეტიკურ მიდრეკილებებს. მაგალითად, კუჭის, მსხვილი ნაწლავის, პანკრეასისა და ღვიძლის გარკვეული სიმსივნური დაავადებებისკენ მიდრეკილება შეიძლება გენეტიკურად დეტერმინირებული იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ყველა თაობაში სიმსივნურ პათოლოგიებს გამოიწვევს. თუკი მშობლებს ან ბებია-ბაბუებს მსგავსი დაავადებები შედარებით ახალგაზრდა ასაკში ჰქონდათ, შესაბამისად, შთამომავლებზე შესაძლებელია უფრო სხვა აგრესიული ზედამხედველობა დაწესდეს და დროულად მოხდეს კატასტროფის თავიდან აცილება.

- შესაძლოა თუ არა გასტროენტეროლოგიური დაავადების ზოგიერთი კლინიკური სიმპტომი, მაგალითად - ყლაპვის გაძნელება, შეცდომით "მოინათლოს" ნევროზად?

- რა თქმა უნდა, შეიძლება. ნერვული სისტემა არეგულირებს როგორც ყველა სისტემას, ისე კუჭ-ნაწლავის ტრაქტსაც. თავისი ნერვული სისტემა აქვს კუჭ-ნაწლავსაც. აქედან გამომდინარე, ნერვული სისტემის დარღვევები, ე.წ. "ნევროზები", აისახება კუჭ-ნაწლავის ნევროზებშიც, მაგრამ ექიმის ცოდნა და პასუხისმგებლობაც ის არის, რომ გამოარჩიოს კონკრეტული სიმპტომის უკან კუჭ-ნაწლავის ნევროზი დგას თუ სხვა დარღვევები იმალება. მაგრამ კიდევ უფრო რთულდება საქმე, როცა შეიძლება ნაწილობრივ ნევროზი იყოს და ორგანული პათოლოგიაც არსებობდეს.

რაც შეეხება ყლაპვის პრობლემას, მას სამედიცინო ენაზე დისფაგიას ვეძახით. მას შეიძლება ნევროზიც განაპირობებდეს და სხვა ორგანული პათოლოგიებიც. ჩამონათვალი ძალზე დიდია: საყლაპავის ლორწოვანის ანთებითი პათოლოგიებით დაწყებული, ანატომიური დარღვევებით დამთავრებული, მათ შორის სიმსივნური წარმონაქმნებიც. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ემოციური ხალხი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებს უფრო დრამატულად აღიქვამს, ვიდრე ნაკლებ ემოციური კონტინგენტი. მაგალითად, გასტროეზოფაგალური რეფლექსი სტატისტიკურად მოსახლეობის 25 პროცენტს აწუხებს, მისი ძირითადი გამოვლინებებია გულძმარვა და ბოყინი, ასევე, არცთუ იშვიათად მისი საყლაპავის გარეშე გამოვლინებები (ხველება, გულის არითმია, ყელის ტკივილი, შუბლისა და სახის წიაღების პრობლემები, კარიესი და ა.შ.), მაგრამ ერთნი ამას დრამატულად აღიქვამენ, სხვები კი გაცილებით იოლად უმკლავდებიან. თუმცა გერდი (გასტროეზოფაგალური რეფლუქსი) მართვადი დაავადებაა. ჩივილების განეიტრალება შესაძლებელია სწორი დიაგნოსტიკური კვლევებით, გარკვეული ცხოვრების წესის შეცვლით და, რა თქმა უნდა, მედიკამენტური მკურნალობით ან, ცალკეულ შემთხვევებში, ქირურგიული ჩარევით.

- ეთანხმებით თუ არა საყოველთაოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოში ყოველ მეორე თუ მესამე ადამიანს აწუხებს "კოლიტი" ან "გასტრიტი"?

- არა, არ ვეთანხმები და აგიხსნით რატომაც!.. "კოლიტი" და "გასტრიტი" ეს უკვე სამედიცინო დიაგნოზებია და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ნუსხაში, შესაბამისი ქვესახეობების მიხედვით, სათანადო კოდიც აქვს. უფრო მეტიც, ეს მორფოლოგიური დიაგნოზებია, ანუ ბიოფსიური მასალის გამოკვლევის შემდეგ დადგენილი დიაგნოზები! სიტყვასიტყვით "კოლიტიც" და "გასტრიტიც" იტ-ი სუფიქსის გამო, შესაბამისად, მსხვილი ნაწლავისა და კუჭის ლორწოვანის ანთებას აღნიშნავს, რომელიც მხოლოდ ბიოფსიური მასალის შესწავლით დიაგნოსტირდება. ენდოსკოპიური კვლევის დროსაც კი, ექიმ-ენდოსკოპისტს შეუძლია მხოლოდ ივარაუდოს ამ პათოლოგიების არსებობა. რაც შეეხება პაციენტებს, ისინი მარტივად, კუჭის საპროექციო არეში არსებულ პრობლემებს (ტკივილს, წვას, სისავსის შეგრძნებას) გასტრიტად მოიხსენიებენ, ხოლო ქვედა მუცელში არსებულ სიმპტომებს (ყაბზობას, არასტაბილურ ნაწლავურ მოქმედებას, მეტეორიზმსა და ტკივილს) - კოლიტად. ისევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ექიმმა არ უნდა დაიზაროს და პაციენტს ვიზიტის დროს, მარტივად უნდა აუხსნას ელემენტარული ნიუანსები, რომელიც მას არასწორად ესმის და დამერწმუნეთ, პაციენტიც მადლიერი რჩება და ამის შემდეგ ის მნიშვნელოვნად უადვილებს ექიმს დაავადების მართვას.

- ორი სიტყვით იმ მითებზე, რომლებიც ხალხშია გავრცელებული: ქართული სამზარეულო კუჭ-ნაწლავის გასტროენტეროლოგიური პრობლემების მთავარი მიზეზია?

- არა, აბსოლუტურად არა. მართალია, გვაქვს, გარკვეულწილად, მძიმე კერძებიც, მაგრამ გარწმუნებთ, იმის თქმა ნამდვილად არ შეიძლება, რომ ამის გამო, გასტროენტეროლოგიური პრობლემები საქართველოში სხვა ქვეყნებზე ხშირია.

- "ჰერკულესი" უზმოზე კუჭისთვის უებარი წამალია?

- როდესაც საკვები კუჭში ხვდება, კუჭის ლორწოვანი მჟავასა და ენზიმებს გამოიმუშავებს. გამომუშავებული მჟავა გარემო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საჭმლის მონელებისთვის! კუჭის ლორწოვანის ანთებების შემთხვევაში კი ეს მჟავა უკვე გამაღიზიანებლად მოქმედებს. წლების წინათ, როცა მთელი რიგი მედიკამენტები არ არსებობდა, კუჭის ლორწოვანის დასაცავად, საკვები პროდუქტებიდან მიღებულ ლორწოვან-ემულსიურ სუბსტანციებს იყენებდნენ, იგივე "ჰერკულესს" მისი წებვადი სუბსტანციის გამო, სწორედ ეს დატვირთვა ჰქონდა და იმ დროისთვის ეფექტურადაც მუშაობდა. ამ ტაქტიკით შესაძლებელია კუჭის მჟავა გარემოსა და ლორწოვანს შორის დროებითი ბარიერული ფუნქცია განხორციელდეს. თუმცა დღეს, როცა ფარმაცევტულ ბაზარზე სხვა უამრავი კუჭის ლორწოვანის დამცავი საშუალება გვაქვს, აღნიშნული ტაქტიკა უკვე აზრს კარგავს.

"ჰერკულესის", ანუ იგივე შვრიის ფაფის, კიდევ ერთი დატვირთვაა ის, რომ ის მცენარეული ბოჭკოებით მდიდარია. აღნიშნული ბოჭკოების მიღება კი ჯანსაღი ცხოვრების წესია. ზოგადად, მცენარეული ბოჭკოების რაციონალური გამოყენება ძალზე მნიშვნელოვანი თემაა და ის არანაირად არ უკავშირდება "ჰერკულესის"მიღების აუცილებლობის მამაპაპეულ წესს. ის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი საუზმედ აუცილებლად შვრიის ფაფას ითვალისწინებს - აბსურდია. მის ნაცვლად დილით შეგიძლიათ ნებისმიერი საკვები მიიღოთ - თუნდაც ორცხობილა, თუ, რა თქმა უნდა, შაქრიანი დიაბეტი არ აწუხებს ადამიანს. ანუ დიეტების თემა გასტროენტეროლოგიაში აბსოლუტურ გადახედვას საჭიროებს.

- დღეში 2 ლიტრი წყლის მიღება აუცილებელია?

- გარკვეულწილად, მართალია. მაგალითად, ვისაც შეკრულობა აქვს, ბევრი რაოდენობით წყლის მიღება ნაწლავის სტიმულაციას ახდენს.

- წამოწოლილი ჭამა ნაწლავების გადახლართვას იწვევს?

- არა, ეს აბსოლუტური სიცრუეა. ადამიანის ორგანიზმს იმხელა კონდენსატორული უნარი აქვს, რომ, თუ ძალიან დიდ სისულელეს არ დამართებ, ის რაღაცებს გპატიობს. ასაკთან ერთად კი, როცა ორგანიზმი დუნდება, მეტი ყურადღება და გაფრთხილება რომ სჭირდება, ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ.

- დაბოლოს, რა რეკომენდაცია გაქვთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავი არ აწუხებს? მათაც სჭირდებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის დათვალიერება პერიოდულად?

- შინაგანი ორგანოების სისტემებიდან საჭმლის მომნელებელი სისტემა ერთ-ერთი ყველაზე დიდია, როგორც ზემოთ აღვნიშნე, და ამავდროულად - სუსტი. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები ან დარღვევები დიდ ზეგავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე.

გასტროენტეროლოგიურად საყურადღებო ასაკია 50 წელი. 50 წლის შემდეგ ენდოსკოპიური კვლევები 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაიკეთოს ყველამ. ისე როგორც, მაგალითად, ქალებშია აუცილებელი ძუძუს და საშვილოსნოს სკრინინგი. რა თქმა უნდა, აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ კლინიკური სიმპტომები, თორემ კლინიკური სიმპტომების არსებობის პირობებში, გასტროენტეროლოგს შეუძლია, აღნიშნული კვლევები გაცილებით ადრეულ ასაკშიც გამოიყენოს.

მინდა აღვნიშნო, რომ, რაც კი გასტროენტეროლოგიურ ტრაქტს ეხება, როგორც მკურნალობის, ისე პრევენციის თვალსაზრისითაც, თოდუას კლინიკაში ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი - უმაღლესი დონის ენდოსკოპიური და რადიოლოგიური კვლევები, ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრი და რაც, ასევე, ძალიან კომფორტულია პაციენტისთვის, აქვე არიან მომიჯნავე სპეციალისტები, მაღალი კვალიფიკაციის ექიმები, რომელთა ჩართვა შესაძლოა, საჭირო გახდეს მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე.

იცით, ამერიკელებს ერთი საინტერესო კვლევა აქვთ ჩატარებული, რომლის მიზანი იყო იმის გამოვლენა, რის ხარჯზე მიიღწევა პაციენტის კმაყოფილება, ანუ როდის ხდება პაციენტი კარგად. აღმოჩნდა, რომ პაციენტის კმაყოფილებას მხოლოდ 30%-ით განაპირობებს მედიკამენტოზური მკურნალობა, 70% კი მიიღწევა იმის ხარჯზე, რომ პაციენტი იგებს, რა სჭირს, რა არის მისი დისკომფორტის მიზეზი და სწავლობს დაავადების მართვას. ასე რომ, პაციენტის სწორ გზაზე დაყენება ექიმის ერთ-ერთი მთავარი მისიაა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კუჭ- ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დიდი ნაწილი, თავისი ბუნებით, ქრონიკულია და პაციენტს მუდმივად თუ არა, პერიოდულად მაინც უხდება სიმპტომების მართვა, აქედან გამომდინარე, ექიმის მიერ პაციენტის სწორ გზაზე დაყენება და მისთვის დაავადების მართვის სწავლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
სტატისტიკა გვამცნობს – კენჭები ნაღვლის ბუშტში პლანეტის ყოველ მეხუთე მცხოვრებს უვითარდება,
ბეილორის სამედიცინო კოლეჯში დაადგინეს, რომ ყავა ნაწლავის მიკროფლორაზე დადებითად მოქმედებს. მეცნიერების აზრით, ყავის რეგულარული
კალიფორნიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების თანამშრომლებმა წარმოადგინეს, თუ როგორ ცვლიდა ნაწლავის მიკროფლორას თერმულად დამუშავებული
ყაბზობა ბევრი ადამიანის პრობლემაა. თანამედროვე ცხოვრების წესი და მისი შემადგენელი ფაქტორები სულ უფრო მეტად
ზაფხულის ცხელ დღეებში ინტოქსიკაციის (მოწამვლის) შემთხვევები, ჩვეულებრივ, მატულობს. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს:
ისპანახი და სტაფილო მდიდარია კალიუმით, უჯრედისით და А ვიტამინით. თუმცა ისინი ნაწლავის
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად