მეგაკოლონი და გაუვალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეგაკოლონი და გაუვალობა

მეგაკოლონის კლინიკური ვარიანტები

მეგაკოლონს აქვს ბევრი საერთო და, ტიპის კვალობაზე, ბევრი განმასხვავებელი ნიშანი. ყველა ტიპის მეგაკოლონისთვის დამახასიათებელია გაუვალობა, მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა და ტკივილი. ამ დარღვევათა გამოხატულება ცვალებადია. მაგალითად, შეკრულობა შესაძლოა 2-3 დღე გრძელდებოდეს ან რამდენიმე კვირისა თუ თვის განმავლობაში საერთოდ არ ვლინდებოდეს. მეტეორიზმი შესაძლოა გამოვლინდეს როგორც უმნიშვნელო დროებითი შებერილობით, ასევე მუცლის თანდათანობითი გადიდებით და ბოლოს მუცლის კედლის გადაბერვით. ობიექტურად ყოველთვის შეიმჩნევა მუცლის გადიდება, თუმცა მისი ფორმა არასწორია, ასიმეტრიულია მსხვილი ნაწლავის რომელიმე ნაწილის გადიდების ხარჯზე ან განავლოვანი ქვების არსებობის გამო. ზოგჯერ შეინიშნება ნაწლავის პერისტალტიკა (მოძრაობა). დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდად ითვლება ირიგოსკოპია, რომელიც სრულყოფილად ავლენს მთელი მსხვილი ნაწლავის ან მისი ნაწილის გადიდებას. განასხვავებენ მეგაკოლონის შვიდ ტიპს, რომელთა შორისაც ყველაზე ხშირად გვხვდება ჰირშპრუნგის დაავადება და იდიოპათიკური მეგაკოლონი.

 

მკურნალობა

მეგაკოლონის ტიპის დადგენა აუცილებელია მკურნალობის მეთოდის შესარჩევად. ჰირშპრუნგის დაავადება ოპერაციულ მკურნალობას მოითხოვს. ჰირშპრუნგის დაავადებას სახელი იმ დანიელი ექიმის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც პირველად აღწერა იგი. ეს თანდაყოლილი დაავადებაა, რომლის დროსაც დარღვეულია მსხვილი ნაწლავის ინერვაცია (ორგანოთა და ქსოვილების ნერვებით აღჭურვა). ინერვაციის მოშლის გამო მსხვილი ნაწლავის ნაწილი ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს: ძნელდება ან სრულიად წყდება მოძრაობა (პერისტალტიკა), ბავშვი მუდმივი შეკრულობით იტანჯება. დაავადების პირველი სიმპტომი ახალშობილებში მეკონიუმის (ნაწლავთა პირველადი შიგთავსის) შეკავებაა, თუმცა კუჭის აშლილობაც შეიძლება ერთ-ერთი პირველი ნიშანი იყოს. მუცელი, როგორც წესი, შებერილია.

მსხვილი ნაწლავი ინერვაციას მოკლებულ ადგილზე ნორმასთან შედარებით 2-3-ჯერ დიდდება. ასეთი მდგომარეობა შესაძლოა ენტეროკოლიტით (ნაწლავის ანთება) გართულდეს და სწრაფი სიკვდილით დასრულდეს. ნაწლავში წნევა თანდათან იზრდება და მდგომარეობის ნორმალიზება მკურნალობის გარეშე შეუძლებელი ხდება.

ზოგჯერ ჰირშპრუნგის დაავადება 6-12 თვის ასაკში იჩენს თავს. კლინიკა იგივეა (შეკრულობა ან ფაღარათი, მუცლის შებერილობა და სხვა), მაგრამ ბავშვის საერთო მდგომარეობა შესაძლოა ნორმალური იყოს, თუმცა კი ჩამორჩება განვითარებით და უჩნდება მიდრეკილება სხვადასხვა ინფექციის მიმართ. მძიმე ფორმის დროს შეკრულობა მუდმივია, ტემპერატურა მაღლა იწევს, აღმოცენდება მუცლის ტკივილი, ვითარდება ანემია. ჰირშპრუნგის დაავადების მქონე ბავშვის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. რაც უფრო ადრიანად დაიწყება მკურნალობა, მით უფრო უკეთესია შედეგი. ოპერაციის შემდეგ გართულება იშვიათია. ბავშვები, რომლებმაც ოპერაცია გადაიტანეს, ადვილად ახერხებენ დეფეკაციის კონტროლს, აღუდგებათ ნორმალური პერისტალტიკა, შემდგომში კი ნორმალური რიტმით ცხოვრობენ. ჰირშპრუნგის დაავადების პროფილაქტიკა შეუძლებელია.

იდიოპათიკური მეგაკოლონი დაავადების სიხშირით მეორე ფორმაა. კლინიკური სურათი, განსაკუთრებით - ადგილობრივი გამოვლინებები, ისეთივეა, როგორიც ჰირშპრუნგის დაავადების დროს, თუმცა ავადმყოფთა საერთო მდგომარეობა შედარებით უკეთესია. იდიოპათიკური მეგაკოლონი უმეტესად კონსერვატიულ მკურნალობას ექვემდებარება. ეს უკანასკნელი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს: დიდი ოდენობით ბალასტური ნივთიერებების შემცველი საკვების მიღებას; დეფეკაციის რეფლექსის გამომუშავებას; ბაქტერიული პრეპარატების (ბიფიკოლი, ბიფიდუმბაქტერინი და სხვა) მიღებას მსხვილი ნაწლავის ნორმალური ფლორის აღსადგენად; კუჭის მოქმედების მარეგულირებელი პრეპარატების რაციონალურ გამოყენებას; ნაწლავის მოტორიკის მოდულატორების (მეტოკლოპრამიდი, ციზაპრიდი, ფერმენტული პრეპარატები) დანიშვნას; ფიზიოთერაპიას; სანატორიულ-კურორტულ მკურნალობას.

 

გაუვალობა

ნაწლავური გაუვალობა დაავადებაა, რომელიც საჭმლის მომნელებელ არხში საკვების მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულ დარღვევას უკავშირდება. ნაწლავთა გაუვალობისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: ძლიერი მუცლის ტკივილი; ღებინება; კუჭის მოქმედებისა და აირებზე გასვლის შეკავება; შემაწუხებელი წყურვილი; მუცლის შებერილობა და ასიმეტრია. ამ პათოლოგიის დიაგნოსტიკისთვის ტარდება შემდეგი გამოკვლევები: მუცლის ღრუს ორგანოთა რენტგენოგრაფია და ექოსკოპია; სისხლის ანალიზი. ნაწლავთა გაუვალობის მკურნალობა კონსერვატიულადაც ტარდება და ქირურგიულადაც. პირველი მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: კუჭის ამორეცხვას კუჭის ზონდით; ოყნას; პერისტალტიკის სტიმულაციას; ინტრავენურ გადასხმებს. კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ტარდება ოპერაცია. მწვავე ნაწლავური გაუვალობა მუცლის ღრუს ორგანოების ერთ-ერთი რთული მწვავე ქირურგიული დაავადებაა, თუმცა დროულად დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში გამოსავალი კეთილსაიმედოა. გახსოვდეთ: ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით, სხვადასხვა მეთოდის კომბინაციით დროული მკურნალობისა და პროფესიონალი ექიმის (ქირურგის, პროქტოლოგის) მითითებების ზედმიწევნით შესრულებით მრავალ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან.