როგორი უნდა იყოს ცხოვრების წესი ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდგომ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი უნდა იყოს ცხოვრების წესი ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდგომ

ქოლეცისტექტომიის შემდეგ პაციენტებს ხშირად აწუხებთ ცხოვრების წესის, კვების, შემდგომი სამედიცინო დაკვირვების აუცილებლობის საკითხები. გვესაუბრება „ამტელ-ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის“ ექიმი ლია გოგუა.

- ქალბატონო ლია, ოპერაციის შემდეგ რა ჩივილები შეიძლება დარჩეს პაციენტს?

- ნაოპერაციები პაციენტების დაახლოებით 30%-ს შეიძლება აღენიშნებოდეს:

  • სარტყლისებრი ტკივილი;
  • სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა და მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში;
  • გულისრევა;
  • პირში მწარე გემო;
  • შარდისა და განავლის ფერის ცვლილება.

ამიტომ აუცილებელია, რომ ამ პაციენტებს მუდმივად მეთვალყურეობდეს ექიმი და პერიოდულად ჩაიტარონ შესაბამისი კვლევები. ქოლეცისტექტომიის შემდგომი სინდრომის კორექტირება შესაძლებელია დიეტოთერაპიითა და მედიკამენტური მკურნალობით.

- დარჩენილი 70% არ საჭიროებს სამედიცინო პროცედურების ჩატარებას?

- ახალ ანატომიურ პირობებში (ნაღვლის ბუშტის გარეშე) აუცილებელია ნაღვლის სადინარების მდგომარეობის კონტროლი ექოსკოპიის საშუალებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალია რისკი:

  • სადინარში კენჭის წარმოქმნის;
  • განმეორებითი ოპერაციის;
  • ოპერაციის ადგილზე ნაწიბურის წარმოქმნის, რომელიც გაართულებს ნაღვლის გამოდინებას.

შესაძლებელია მომავალში საჭირო გახდეს განმეორებითი ქირურგიული ჩარევა სტენტის, დრენაჟის ჩაყენების სახით.

- როგორ ფუნქციობს სხვა ორგანოები ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ?

- ახალ ანატომიურ პირობებში, როდესაც უკვე აღარ არსებობს ნაღვლის ბუშტი, გარკვეულწილად ცვლილებები ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ორგანოების მუშაობაში. ღვიძლი, კუჭუკანა ჯირკვალი, ნაწლავები, კუჭი, თავად ნაღვლის გამომყოფი გზები ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ უკვე სხვანაირად მუშაობენ.

ამ დროს აღინიშნება ენტეროჰორმონული სისტემის განსაკუთრებული ჰორმონების შედარებითი დეფიციტი, რომლებიც არეგულირებენ კუნთოვანი რგოლის (ოდის სფინქტერის) ტონუსს. ამ სიტუაციაში შეიძლება განვითარდეს სფინქტერის მდგრადი სპაზმი, რაც იწვევს ტკივილს მარჯვენა და მარცხენა ფერდქვეშა არეში, სარტყლისებრ ტკივილს, რომელსაც პანკრეატიტის იმიტაცია შეუძლია. ნაღველი უკვე ვეღარ გროვდება ბუშტში, ამიტომ ის გამოედინება არაკონცენტირირებული. ეს კი თორმეტგოჯა ნაწლავში კუჭუკანა ჯირკვლის ფერმენტების ნორმალურ აქტივაციას უშლის ხელს, რითაც ირღვევა საჭმლის მონელების მნიშვნელოვანი ნაწლავური ფაზა. ამის შედეგად შეიძლება განვითარდეს ფაღარათი ან ყაბზობა, ნაწლავის მიკროფლორის დარღვევა.

თუ ოდის სფინქტერი მოდუნებულია, მაშინ თორმეტგოჯა ნაწლავის მიკროფლორა შეიძლება მოხვდეს დაუცველ ნაღვლის სადინარებში. ეს კი სადინარების კედლებში ანთებით პროცესს - ქოლანგიტს იწვევს.

- როგორი უნდა იყოს ცხოვრების წესი და კვების რეჟიმი ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდგომ?

- ნაღველკენჭოვანი დაავადებისა და ქოლეცისტექტომიის გამომწვევ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი აქვს არასწორ კვებასა და ცხოვრების უმოძრაო წესს. ქოლეცისტექტომიის შემდეგ ეს ორივე ასპექტი პაციენტის მხრიდან კონტროლს მოითხოვს.

უმნიშვნელოვანესია, რომ დავიცვათ კვების რეჟიმი. რეგულარულად ვიკვებოთ მცირე ულუფებით, ყოველ 2-4 საათში (წილადობრივი კვება).

რაციონიდან უნდა გამოვრიცხოთ მძიმე და მავნე პროდუქტები: შემწვარი, ცხიმიანი, მარილიანი, შებოლილი საკვები.

რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას - ვარჯიში და ცხოვრების აქტიური წესი აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორი მუშაობისთვის. ოპერაციიდან 3-6 თვის შემდეგ, თუ არ არის რაიმე ჩივილი, შესაძლებელია ფიზიკური აქტივობის გაზრდა.

ქოლეცისტექტომია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ოპერაცია, მოითხოვს აღდგენით პერიოდს, რომლის განმავლობაშიც არაა საჭირო სპორტის რომელიმე სახეობით აქტიურად დაკავება. სტანდარტულ სპორტულ ვარჯიშს შეიძლება დავუბრუნდეთ ოპერაციიდან 6 კვირის შემდეგ. თუმცა ნაკლებად ტრავმული ვარჯიშია საჭირო, როგორიცაა, მაგალითად, სიარული, სპორტის ის სახეობები, რომლებიც არ ითვალისწინებს სიმძიმეების აწევას და ინტენსიურ დატვირთვას.

- შეიძლება თუ არა ორსულობა ქოლეცისტექტომიის შემდგომ?

- ორსულობის დაგეგმვა საჭირო არ არის ოპერაციიდან 3-6 თვეზე ადრე. ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზმი აღიდგენს ძალებს. ნებისმიერ შემთხვევაში ორსულობა, მშობიარობა, ჰორმონული ცვლილებები ახალი კენჭების წარმოქმნის რისკფაქტორებია. ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მომავალი დედის კვებას და სასურველია, თუ მას გასტროენტეროლოგი დააკვირდება.

- როგორია პოსტოპერაციული ცხოვრება?

- ცხოვრების წესი კარდინალურად არ იცვლება აღდგენითი პერიოდის შემდეგ, ამიტომ მთავარია იმ რეკომენდაციების დაცვა, რომლებზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

ძირითადი ცვლილებები ქოლეცისტექტომიის შემდეგ ფოკუსირდება რაციონსა და ფიზიკურ დატვირთვაზე. ის უნდა იყოს დამზოგველი და თანდათანობით და ფრთხილად უნდა გაფართოვდეს. ნებისმიერი საგანგაშო გამოვლინებისას უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

სასარგებლოა სპორტის დამზოგველი და ჰარმონიული სახეები, რომლებიც აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას და აქვეითებენ სტრესის დონეს (იოგა, სკანდინავიური სიარული, ცურვა). საჭმლის მომნელებელი სისტემა მგრძნობიარეა სტრესის დონის მიმართ, ამიტომ მნიშვნელოვანია ემოციური დატვირთვის არიდება.

დასკვნის სახით რომ ვთქვათ, ნაღვლის ბუშტის მოშორება არ წყვეტს ნაღვლის შედედებისა და კენჭების წარმოქმნის პრობლემას. ამას გარდა, ქირურგიულმა ჩარევამ შეიძლება გააუარესოს საკვების მონელება და თავი იჩინოს ტკივილებმა და სხვა სიმპტომებმაც. ამიტომ ქოლეცისტექტომიის შემდგომ საჭიროა ყველა პაციენტმა იცოდეს, რომ წელიწადში 1-2-ჯერ გაიაროს კონსულტაცია ექიმ-გასტროენტეროლოგთან, პერიოდულად (6 თვეში 1-ხელ) ჩაიტაროს ნაღვლის სადინარების ექოსკოპიური კვლევა. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის დანიშნულების მიხედვით ჩაიტაროს სათანადო მედიკამენტური თერაპია, დაიცვას დიეტა, უარი თქვას ალკოჰოლსა და სიგარეტზე, ან მნიშვნელოვნად მაინც შეამციროს მათი მოხმარება.