დეპრესიული სინდრომი
- ამ პრობლემებზე მრავალი ქვეყნის სოციოლოგები, ექიმები და მეცნიერები მუშაობენ. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. დეპრესიული სინდრომის ცალკეულ მექანიზმებს ქართველი ნეირომეცნიერებიც აქტიურად იკვლევენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დეპრესიული სინდრომის გავრცელების სტატისტიკა, განმაპირობებელი ფაქტორები და შედეგები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. მსოფლიო მნიშვნელობის ამ პრობლემაზე, მის თავისებურებებსა და მეცნიერულ სიახლეებზე გვესაუბრება ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ნეიროფიზიოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი მარიკა ჩხეტიანი:
-
რას წარმოადგენს დეპრესია და რა თავისებურებები ახასიათებს მას?
- დეპრესია ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ზეწოლას, დათრგუნვას ნიშნავს. ეს არის სინდრომი, რომლისთვისაც დამახასიათებელია გუნება-განწყობის დაქვეითება (ჰიპოთიმია), ინტელექტუალური და მოტორული ფუნქციების შეკავება, ვიტალური (სასიცოცხლო) სურვილების დაქვეითება, საკუთარი თავისა და გარემომცველ სინამდვილეში საკუთარი მდგომარეობის პესიმისტური შეფასება. მას, როგორც წესი, თან სდევს სომატურ-ნევროლოგიური დარღვევები.
დეპრესიისთვის დამახასიათებელია ისეთი კოგნიტიური თვისებები, როგორიც არის საკუთარი პიროვნების, გარესამყაროსა და მომავლის უარყოფითი, გამანადგურებელი შეფასება. ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი ემოციური სფეროს დარღვევებს უკავშირდება. ასეთ დაავადებებს თანამედროვე კლასიფიკაციაში გუნება-განწყობის ან ემოციური სფეროს დარღვევების სახელით მოიხსენიებენ. ეს იმით არის განპირობებული, რომ, შიზოფრენიისგან განსხვავებით, რომლის ერთ-ერთ ადრეულ და უმნიშვნელოვანეს სიმპტომს აზროვნების დარღვევა წარმოადგენს, გუნება-განწყობის დარღვევისას აღინიშნება გრძნობით-ემოციური სფეროს დათრგუნვა.
ნორმალური ფსიქიკის ადამიანი გარემოში მიმდინარე ცვლილებებს რეალისტურად აღიქვამს, ახდენს მათ ობიექტურ შეფასებას და ადეკვატურად იქცევა. როდესაც ემოციური სფეროს განმსაზღვრელი მექანიზმები ნორმალურად არ ფუნქციონირებს, ადამიანი სწყდება რეალობას, ობიექტურად ვეღარ აფასებს გარემოს და ვეღარც ადეკვატურ ქცევას განახორციელებს. გარემოში მიმდინარე ცვლილებების მცდარი, არარეალისტური შეფასება შესაძლოა აღმატებული გუნება-განწყობის (მანიის) ან უიმედობის (დეპრესიის) მიზეზად იქცეს.
-
ემოციური სფეროს დათრგუნვა ხომ ნორმალური ფსიქიკის ადამიანებსაც აღენიშნებათ? სამწუხაროდ, ასეთი რამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში არცთუ იშვიათია...
- გეთანხმებით. ეს შეიძლება განპირობებული იყოს არასასიამოვნო ცხოვრებისეული მოვლენებით, ამა თუ იმ დაავადებით, ინფექციით ან სხვა სტრესფაქტორებით. ასეთ შემთხვევაში ემოციური სფეროს დარღვევებს ობიექტური საფუძველი აქვს. მაგალითად, დეპრესია, რომელიც გამოწვეულია საყვარელი ადამიანის დაკარგვით, სავსებით ნორმალურია. მსგავსი დარღვევები დროებითია, ადვილად ექვემდებარება ფსიქოთერაპიას და მედიკამენტურ ჩარევას თითქმის არ მოითხოვს. ამ სახის დარღვევების აღსანიშნავად ლიტერატურაში ტერმინ რეაქტიულ დეპრესიას იყენებენ. ვინაიდან რეაქტიული დეპრესია გამოწვეულია გარემოს გამღიზიანებლების ზეგავლენით (ეგზოგენური ფაქტორებით), შეიძლება, ის ეგზოგენური დეპრესიის სახელითაც მოვიხსენიოთ.
მრავალრიცხოვანი მონაცემი ადასტურებს, რომ დეპრესიის შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ ცხოვრებისეული მოვლენებით არის გამოწვეული. მეორე მხრივ, არის დეპრესიის შემთხვევები, რომლებიც განპირობებულია არა ცხოვრებისეული სირთულეებით, არამედ ტვინში მიმდინარე (ცენტრალური) პროცესების პათოლოგიით, რომლის გამოც ადამიანი საღად ვერ აფასებს რეალობას. ცენტრალური პროცესების დარღვევით განპირობებულ ემოციური სფეროს დათრგუნვას ენდოგენურ (ანუ შინაგანი ფაქტორებით გამოწვეულ) დეპრესიას უწოდებენ.
-
რა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს ემოციური აშლილობა?
- არსებობს ემოციური აშლილობის ორი ძირითადი ტიპი:
- ბიპოლარული დარღვევა;
- უნიპოლარული დეპრესია.
ბიპოლარულ დარღვევებს მანიისა და დეპრესიის ფაზების მონაცვლეობა ახასიათებს. ამ ტიპის დარღვევა ქალებსა და მამაკაცებში დაახლოებით ერთნაირად ვლინდება. მანიის ფაზა შეიძლება რამდენიმე დღის ან თვის განმავლობაში გაგრძელდეს. მანიის ფაზის შემდეგ, ჩვეულებრივ, აღიძვრება დეპრესიის ფაზა, რომელიც დაახლოებით 3-ჯერ ხანგრძლივია. მანიისა და დეპრესიის ფაზები ხშირად ნათელი ანუ რემისიული პერიოდით არის გამიჯნული.
უნიპოლარული დეპრესია - ეს არის დეპრესია მანიის გარეშე. ის შესაძლოა რემისიის გარეშე მიმდინარეობდეს, უფრო ხშირად კი ეპიზოდურია. უნიპოლარული დეპრესია ქალებს მამაკაცებზე 2-3-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ.
იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება მანია დეპრესიული ფაზის გარეშე. ღრმად დეპრესიული პირები თავს უკიდურესად უღირს ადამიანებად თვლიან, აწუხებთ დანაშაულის შეგრძნება. დიდია ალბათობა, ასეთმა ადამიანებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულონ. ლიტერატურის მონაცემებით, უნიპოლარული დეპრესიით დაავადებულთა 15,9%-სა და ბიპოლარული დარღვევების მქონეთა 29,2%-ს სუიციდის მცდელობა აღენიშნება.
დეპრესიულ ადამიანებს ახასიათებთ ენერგიის დაქვეითება, მოძრაობენ და ლაპარაკობენ ნელა, ზოგჯერ ერთბაშად ჩუმდებიან და უმოძრაონი ხდებიან, ხშირად ტირიან. კარგავენ სიამოვნების განცდის უნარს, სქესობრივი ცხოვრების მიმართ ინტერესს, მადას. დარღვეული აქვთ ძილი - უჭირთ დაძინება, ადრე ეღვიძებათ და ხელახლა ჩაძინებას ვეღარ ახერხებენ. გარდა ამისა, სუსტდება ორგანიზმის ფუნქციები, ხშირია ყაბზობა, ნერწყვის გამოყოფის დაქვეითება.
მანიის ფაზას ახასიათებს უსაფუძვლო ეიფორიის შეგრძნება. ავადმყოფი განუწყვეტლივ ლაპარაკობს, მოტორული აქტივობა მომატებული აქვს, მუდმივად ეცვლება აზრები, ხტება ერთი თემიდან მეორეზე, ზოგ შემთხვევაში აღეძვრება ჰალუცინაციები, მაგრამ, შიზოფრენიული დარღვევების მქონეთაგან განსხვავებით, არ ახასიათებს აზროვნების დეზორგანიზაცია. ძალზე თავდაჯერებულია და ბრაზობს, როცა წინააღმდეგობას უწევენ. დიდხანს ფხიზლობს, აწყობს არარეალურ გეგმებს.
ბიპოლარული დარღვევები ხშირად ემართებათ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს. ასეთი დარღვევები ჰქონდათ ბაირონს, ჩერჩილს, შუმანს, ჰენდელს. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი მუსიკალური ნაწარმოები სწორედ მანიის ფაზაშია შექმნილი.
-
რას გვეტყვით მემკვიდრეობით ფაქტორზე?
-ემოციური დარღვევები მემკვიდრეობით არის განპირობებული. მაგალითად, როზენტალმა დაადგინა, რომ ემოციური (აფექტური) ფსიქოზით დაავადებულთა ახლო ნათესავებს ამ დაავადებების განვითარების ათჯერ მეტი ალბათობა აქვთ, ვიდრე სხვებს.
გერშონის მონაცემებით, თუ მონოზიგოტური (ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული) ტყუპიდან ერთ-ერთი დაავადებულია ემოციური აშლილობით, ალბათობა, რომ მეორე ტყუპისცალიც დაავადებული იქნება (განურჩევლად იმისა, ერთად იზრდებიან თუ ცალ-ცალკე), 69%-ს უტოლდება, ხოლო დიზიგოტური ანუ სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპისთვის ალბათობა მხოლოდ 13%-ს უდრის. ემოციური დარღვევების მემკვიდრეობითობა გულისხმობს, რომ ამ სახის დარღვევებს ფიზიოლოგიური საფუძვლები აქვს.
-
ვფიქრობ, საინტერესო იქნება, მკითხველს დეპრესიის მკურნალობის ფიზიოლოგიური ასპექტები განვუმარტოთ.
- არსებობს დეპრესიის მკურნალობის ოთხი ეფექტური საშუალება:
- MAO-ს (მონოამინოოქსიდაზის) ინჰიბიტორები; წამლები, რომლებიც ახდენს ნორადრენალინისა და სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბირებას (შეკავებას);
- ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT);
- ძილის დეპრივაცია (ძილის პროცესის დარღვევა);
- ფოტოთერაპია (სინათლით მკურნალობა).
1950 წლამდე დეპრესიის მკურნალობის ეფექტური გზები არ არსებობდა. 1940 წელს ექიმებმა შეამჩნიეს, რომ ტუბერკულოზის სამკურნალო ზოგიერთი წამალი პაციენტის განწყობას ამაღლებდა. აღმოჩნდა, რომ ამ წამლების წარმოებული, იპრონიაზიდი, დეპრესიის სიმპტომებს აქვეითებდა. როგორც გაირკვა, იპრონიაზიდი თრგუნავს MAO-ს აქტივობას. გარდა იპრონიაზიდისა, აღმოჩენილია MAO-ს სხვა ინჰიბიტორებიც. სამკურნალო ეფექტთან ერთად MAO-ს ინჰიბიტორებს საშიში უკუეფექტებიც ახასიათებს, რის გამოც მათი გამოყენება შეზღუდულია. თანამდევი მოვლენებიდან აღსანიშნავია ე.წ. ყველის ეფექტი. ზოგიერთი საკვები (მაგალითად, ყველი, იოგურტი, ღვინო, შოკოლადი, სხვადასხვა ხილი) შეიცავს პრესორულ ამინებს (თირამინს) - კატექოლამინების მსგავს ნივთიერებებს. სისხლსა და ქსოვილებში არსებული MAO ამ ამინების ინაქტივაციას ახდენს. ადამიანი, რომელიც მკურნალობს MAO-ს ინჰიბიტორებით, პრესორული ამინების შემცველი საკვების მიღებისას სერიოზული პრობლემების წინაშე დგება - ამინები ზრდის სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობას. ამ დროს გულისცემის სიხშირემ და სისხლის წნევამ შესაძლოა ისე მოიმატოს, რომ ინტრაკრანიალური (ქალასშიგა) სისხლდენა ან კარდიოვასკულური კოლაფსი გამოიწვიოს. აღმოჩენილია ანტიდეპრესანტების სხვა კლასიც, რომელიც ყველის ეფექტს არ იწვევს. ესენია ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, რომლებიც თრგუნავს სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცებას.
ბიპოლარული დარღვევების სამკურნალოდ იყენებენ ლითიუმის მარილებს. ისინი მანიის ფაზის გამოსასწორებლად გამოიყენება, ამიტომ მნიშვნელოვანია დროის ზუსტი შერჩევა. ლითიუმის მარილები ეფექტურია ბიპოლარული დარღვევების და არა უნიპოლარული დეპრესიის დროს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ორ დაავადებას შორის ფუნდამენტური განსხვავებაა. ლითიუმის მარილების თერაპიული ეფექტი ერთობ თვალშისაცემია. ლითიუმის მარილები უფრო ეფექტურია მანიის ფაზის მკურნალობისთვის, ამ ფაზის დათრგუნვას კი, ჩვეულებრივ, დეპრესია აღარ მოჰყვება. მრავალი მკვლევარის აზრით, ლითიუმი არ თრგუნავს ემოციურ სფეროს. პაციენტს აქვს უნარი, შეიგრძნოს და გამოხატოს სიხარული თუ მწუხარება სათანადო მოვლენების საპასუხოდ. შესაბამისად, ის არც ინტელექტუალურ პროცესებს აქვეითებს. თუმცა ლითიუმსაც ახასიათებს მავნე გვერდითი ეფექტები. მისი მოქმედების მექანიზმი ჯერჯერობით დაუდგენელია. ზოგიერთი ვერ ეგუება ლითიუმის გვერდით ეფექტებს, ამიტომ მკვლევარებმა შექმნეს ალტერნატიული მედიკამენტები, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის კარბამაზეპინი. ეს წამალი გამოიყენება ასევე საფეთქლის წილში წარმოქმნილი კრუნჩხვების სამკურნალოდ. კარბამაზეპინი ეფექტურია ბიპოლარული დარღვევების დეპრესიული ფაზისთვისაც, თუმცა მანიის ფაზაზე მისი დადებითი ეფექტი გაცილებით ძლიერია.
-
როგორია დეპრესიის მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდების ეფექტი და ახასიათებთ თუ არა მათ გვერდითი მოვლენები?
- დეპრესიის მკურნალობის სამივე არამედიკამენტური მეთოდი (ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT), ძილის დეპრივაცია და ფოტოთერაპია) ეფექტურია მხოლოდ დეპრესიის და არა ბიპოლარული დარღვევების მკურნალობისას.
ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT) პირველად იტალიელმა ფსიქიატრმა კარლეტიმ გამოიყენა 1937 წელს. ECT ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის მიღებული მეთოდია. მისი არსი ასეთია: პაციენტის თავის ქალაზე მაგრდება გამაღიზიანებელი ელექტროდები, რომელთა საშუალებითაც თავის ტვინი ელექტროდენით ღიზიანდება. დენის ძალა საკმარისი უნდა იყოს კრუნჩხვითი აქტივობის გამოსაწვევად. კურსის ჩატარებამდე პაციენტს ანესთეზიას უკეთებენ ან პარალიზების მიზნით აძლევენ კურარეს მსგავს ნივთიერებას, რათა თავიდან აიცილონ კონვულსიით (კრუნჩხვით) გამოწვეული შესაძლო დაზიანებები. მაქსიმალური გაუმჯობესება შეინიშნება 6-12 კურსის შემდეგ. ECT, მედიკამენტური მკურნალობისგან განსხვავებით, სწრაფ შედეგს იძლევა, თუმცა თან სდევს გართულებათა წყება. შესაძლოა, კრუნჩხვის დროს დაზიანდეს ტვინის ქსოვილი. მიუხედავად ნაკლოვანებებისა, ამ სახის მკურნალობა მიზანშეწონილია, ზოგჯერ - იძულებითიც. მაგალითად, მაშინ, როცა პაციენტი თვითმკვლელობის იდეით არის შეპყრობილი. ჯერჯერობით შეუსწავლელია, რა გზით თრგუნავს კრუნჩხვითი ელექტრული აქტივობა დეპრესიის სიმპტომებს. ეს, სავარაუდოდ, იმავე მექანიზმით უნდა ხდებოდეს, რომელიც მოქმედებს მედიკამენტური მკურნალობის დროს. ანტიდეპრესიული მკურნალობის ერთ-ერთი ეფექტური გზაა ძილის ტოტალური (სრული) ან სელექციური (შერჩევითი) დეპრივაცია. დეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა სიმპტომია ძილის დარღვევა. დეპრესიული ადამიანის ძილი ზედაპირულია, პირველი სტადიის ხანგრძლივობა გაზრდილია, ხოლო ნელტალღოვანი ძილისა (მე-2-3 სტადიები) - შემცირებული. ძილი ფრაგმენტირებულია: ავადმყოფს ხშირად ეღვიძება, REM ძილი (ძილის ღრმა სტადია) ადრე დგება, ღამის პირველ ნახევარში ჭარბობს REM ფაზა, ხოლო თვითონ REM ძილი შეიცავს თვალების უფრო მეტ სწრაფ მოძრაობას. ძილის სელექციური დეპრივაციის მეთოდის არსი ასეთია: REM ძილის ნიშნების გაჩენისთანავე პაციენტს აღვიძებენ, ანუ არ აძლევენ REM ფაზით ძილის საშუალებას.
ძილის სელექციური დეპრივაციის თერაპიული ეფექტი გვიან - რამდენიმე კვირაში დგება და დეპრივაციის შეწყვეტის შემდეგაც დიდხანს ნარჩუნდება. ბევრი ისეთი მედიკამენტი, რომელიც ამცირებს REM ძილის ხანგრძლივობას, ანტიდეპრესანტივით მოქმედებს. ასევე დადგენილია, რომ ანტიდეპრესანტების ძილზე გავლენის ეფექტი ხანგრძლივად (3 წლის განმავლობაში) ნარჩუნდება. დეპრესიის სიმპტომების დათრგუნვას ძილის ტოტალური (სრული) დეპრივაციაც იწვევს. ეს უკანასკნელი მყისიერ ეფექტს იძლევა, მაგრამ ღამის ნორმალური ძილის შემდეგ დეპრესიული მდგომარეობა კვლავ აღდგება. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ძილის დროს დეპრესოგენური თვისების მქონე ნივთიერება წარმოიშობა. დეპრესიისკენ მიდრეკილ პირებში ეს ნივთიერება შესაძლოა გუნება-განწყობის დათრგუნვას იწვევდეს. ეს ნივთიერება აქტიურად იშლება ღვიძილის დროს (ამიტომაც ცდილობენ, პაციენტი ღვიძილის მდგომარეობაში ჰყავდეთ). ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ პაციენტებს, რომლებიც რეაგირებენ ძილის დეპრივაციაზე, დეპრესიის სიმპტომები უფრო დღის დასაწყისში აქვთ გამოხატული, შემდეგ კი ისინი თანდათან სუსტდება. ეს პროცესი გრძელდება უძილო ღამის განმავლობაში და მომდევნო დღეს. თუ პაციენტს მიეცა გამოძინების საშუალება, ის კვლავ დეპრესიულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს იმითაც დასტურდება, რომ ხანმოკლე, თუნდაც 90-წუთიანი ჩათვლემა აღადგენს დეპრივაციით დათრგუნულ დეპრესიის სიმპტომებს. ამ ჰიპოთეზის ავტორები ვარაუდობენ, რომ დეპრესიის სიმპტომების აღდგენა განპირობებულია დეპრესოგენური სუბსტანციის (ნივთიერების) უეცარი სეკრეციით (გამოყოფით).
ხანმოკლე ეფექტის გამო ტოტალური დეპრივაციის მეთოდს კლინიკაში არ იყენებენ, თუმცა ტოტალურმა დეპრივაციამ შეიძლება დათრგუნოს ბიპოლარული დარღვევების მანიის ფაზა. მეცნიერ სუბას მიხედვით, უმჯობესია, პაციენტი გავაღვიძოთ ღამის 2 საათზე და ფხიზლად იყოს 9 საათამდე. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ძილის ტოტალური დეპრივაციის მონაცვლეობამ (ვთქვათ, კვირაში 2-ჯერ 4 კვირის განმავლობაში) შეიძლება ძალიან კარგი შედეგი გამოიღოს.
-
დადგენილია, რომ დეპრესიისადმი მიდრეკილ პირებს ფსიქიკური წონასწორობა განსაკუთრებით იმ თვეებში ერღვევათ, როდესაც მზე სუსტად და ცოტა ხანს ანათებს. შესაბამისად, ფოტოთერაპიას, როგორც მკურნალობის მეთოდს, ალბათ არანაკლებ საინტერესო ფიზიოლოგიური საფუძველი აქვს...
- დეპრესიისადმი მიდრეკილი ადამიანები უმეტესად მართლაც ზამთარში ავადდებიან. დეპრესიის ამ ფორმას სეზონური დეპრესია ეწოდება. ის გარკვეულწილად განსხვავდება უნიპოლარული დეპრესიისგან. ორივე ფორმას ლეთარგია და ძილის დარღვევები ახასიათებს, მაგრამ სეზონური დეპრესიის დროს, დეპრესიის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, შეინიშნება მზარდი მოთხოვნილება ნახშირწყლებზე და, შესაბამისად, წონის მატება. ზოგჯერ სეზონური დეპრესია ზაფხულშიც იჩენს თავს. მას ახასიათებს ძილის დარღვევა, მადის დაქვეითება და წონის კლება. სეზონურ დეპრესიასაც გენეტიკური საფუძველი აქვს.
სეზონური დეპრესია შეიძლება განიკურნოს ფოტოთერაპიით ანუ ლუკოთერაპიით. ამ დარღვევის ნერვული მექანიზმები სათანადოდ არ არის შესწავლილი, მაგრამ მის განვითარებას უკავშირებენ ეპიფიზის (ტვინის დანამატის) ნორმალური ფუნქციონირების მოშლას. ფოტოთერაპია უნიპოლარული დეპრესიით დაავადებულ პაციენტებსაც ეხმარება.
ქალბატონი მარიკას მიერ აღწერილი მეთოდების პარალელურად დეპრესიის სამკურნალოდ ევროპაში წარმატებით იყენებენ მუსიკით თერაპიას. ჰანგები თითქოს იზიარებენ ჩვენს მწუხარებას, ნაღველს გვპარავენ და შორს მიაქანებენ. სევდის გასაქარვებლად და გუნება-განწყობის გამოსაკეთებლად სპეციალისტები დეპრესიულ პირებს სეირნობასა და ბუნების წიაღში ხშირად დასვენებასაც ურჩევენ. კიდევ ერთი: 2001 წელს ამერიკულმა ჟურნალმა "ჩვენი ცხოვრება" მკითხველს ვრცელი სტატია და დეპრესიის დამარცხების ჩვიდმეტპუნქტიანი პროგრამა შესთავაზა. სქემა დაახლოებით ასეთი გახლდათ: წარმატება ბიზნესში+საყვარელი ადამიანი+მზიანი დღე+ლამაზი მელოდია=ცხოვრებას დეპრესიის გარეშე.
"ოჯახის მკურნალი" ამ ფორმულის რეალიზებას გისურვებთ!