რატომ გვიბუჟდება ხელები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვიბუჟდება ხელები

განსაკუთრებით საყურადღებოა პათოლოგიები, რომლებსაც სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის დარღვევა სდევს თან. ამ დროს ექიმის დროული კონსულტაცია აუცილებელია - თვითმკურნალობამ შესაძლოა კლინიკური სურათი წაშალოს და დაავადების ამოცნობა გაართულოს.

კიდურის დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია.

 

ამ შემთხვევაში ეს სიმპტომი საშიში არ არის. საკმარისია, კიდურს მდგომარეობა შევუცვალოთ, რომ ნერვის ფუნქცია აღდგება და უსიამოვნო შეგრძნებები გაივლის. კიდევ რის ნიშანი შეიძლება იყოს ხელის უეცარი დაბუჟება? ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი ია რუხაძე.

- ხელებში მაგისტრალური ნერვები გადის. განსაზღვრულ მდგომარეობაში ისინი ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდის, რაც პარესთეზიას - ხელებში ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს. ეს შეგრძნება, გარდა იმისა, რომ დისკომფორტს გვაყენებს და ხელს უშლის საქმიანობას, შესაძლოა სერიოზული დაავადების ნიშანიც აღმოჩნდეს, ამიტომ უმჯობესია, პირველი გამოვლინებისთანავე მივაქციოთ ყურადღება.

დაბუჟების ყველაზე ხშირი მიზეზია განსაზღვრული ცხოვრების წესი, უფრო სწორად, საქმიანობა, რომელიც ხელების ერთ პოზიციაში ხანგრძლივად გაჩერებას მოითხოვს. იმისათვის, რომ მკურნალობა დაიწყოს, ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რამ გამოიწვია დაბუჟება: კისრის ოსტეოქონდროზმა თუ ნერვზე ზეწოლამ. კარპული გვირაბული სინდრომი, როგორც დაავადება, XIX საუკუნის 80-იან წლებამდე თითქმის უცნობი იყო. კომპიუტერული ტექნოლოგიების გავრცელებასთან ერთად ეს სინდრომიც გახშირდა. კომპიუტერზე ყოველდღიური ხანგრძლივი ბეჭდვა მისი ერთ-ერთი მიზეზია. პათოლოგია ასევე ხშირად გვხვდება მკერავებს, მუსიკოსებს, მემანქანეებს, მღებავებსა და სხვა ისეთი პროფესიის ადამიანებს შორის, რომლებსაც მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ხელის მტევნით ერთი და იმავე მოძრაობის შესრულება უხდებათ.

- როგორ ვითარდება კარპული გვირაბული სინდრომი?

- მყესების მჭიდრო კონები, რომლებსაც თითები მოძრაობაში მოჰყავს, ვიწრო კარპულ არხში გადის. ამავე არხში გადის ნერვი, რომელიც აკონტროლებს ცერის კუნთს და ხელისგულის, ცერა, საჩვენებელი და შუა თითების მგრძნობელობას. ჩვეულებრივ, ეს ნერვი დაცულია. როდესაც მტევანი მეტისმეტად ინტენსიურად მუშაობს, მყესები შუპდება, ნერვი მკვეთრად იჭიმება, რასაც მოჰყვება დაბუჟება, ჩხვლეტა და თითების მოპულსირე ტკივილი. ეს სიმპტომები განსაკუთრებით მწვავდება ღამით და დილით. შორს წასულ შემთხვევებში ვითარდება ცერის კუნთის ატროფია.

ადამიანი კარგავს ამ თითის მოხრის უნარს, უჭირს მუშტის შეკვრა. ზოგი იძულებულია, პროფესია შეიცვალოს. ქალები ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები. ავადმყოფთა საშუალო ასაკი 40-60 წელია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კარპული გვირაბული სინდრომის განვითარება ნაწილობრივ B6 ვიტამინის დეფიციტსაც უკავშირდება. ცილით მდიდარი საკვები, ასევე - ზოგიერთი ნივთიერება (მაგალითად, თარტრაზინი, რომელსაც შეიცავს თმის საღებავი), ორგანიზმში ვიტამინ B6-ის შენარჩუნების უნარს ამცირებს. ამ ვიტამინის ორგანიზმიდან გამოდევნას ასევე ხელს უწყობს კორტიკოსტეროიდებისა და ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების მიღება.

ხელების დაბუჟება შესაძლოა გამოიწვიოს დაკბილული კუნთების სპაზმმა, სპაზმის მიზეზი კი შესაძლოა იყოს კუნთის გადაღლა, სიმძიმის გადატანა, კისრის დიდხანს ჭერა უხერხულ პოზიციაში (ტელეფონით საუბრისას, მწოლიარე მდგომარეობაში კითხვისას, ტელევიზორის ყურებისას), შეუკავებელი ხველა, კისრის მალების ოსტეოქონდროზი. ხელების დაბუჟებას იწვევს ასევე სხვადასხვა ნევროლოგიური, ენდოკრინული, ანგიოლოგიური პათოლოგია, ტრავმული დაზიანება, დამწვრობა.

- რაკი ენდოკრინული პათოლოგიები ახსენეთ, იქნებ ამაზე უფრო ვრცლად გვესაუბროთ...

- ენდოკრინული პათოლოგიის ფონზე განვითარებული ხელების დაბუჟება საკმაოდ ხშირია. ისეთი ფართოდ გავრცელებული დაავადებები, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი და ჰიპოთირეოზი, იწვევს როგორც ცალკეული ნერვული ღეროების, ასევე პერიფერიული ნერვული ბოჭკოების მრავლობით დაზიანებას. კლინიკური სიმპტომატიკა ძირითადი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. შაქრიანი დიაბეტის დროს ხელების დაბუჟება პერიფერიული ნეიროპათიული სინდრომის ერთ-ერთ პირველ სიმპტომს წარმოადგენს. დიაბეტურ პოლინეიროპათიას ახასიათებს მძიმე და პროგრესირებადი მიმდინარეობა, მოითხოვს დროულ მკურნალობას და დინამიკაში მეთვალყურეობას ელექტრონეირომიოგრაფიული მაჩვენებლების კონტროლით.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა დღე-ღამის მონაკვეთს?

- ღამით ხელების დაბუჟება ნევროლოგიურ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია. ცნობილია ამ ფენომენის სხვადასხვა მექანიზმი: კომპრესიული, კომპრესიულ-იშემიური, ლიმფოსტაზური, სისხლძარღვოვანი, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქციით განპირობებული. კლინიკური სურათი მრავალფეროვანია და კომპრესიის გამომწვევ კუნთზეა დამოკიდებული. მაგალითად, ღამის პარესთეზიები შუა დაკბილული კუნთის სინდრომს ახასიათებს. ამ დროს საქმე გვაქვს მხრის ნერვულ წნულზე მეზობლად მდებარე კუნთის ზეწოლასთან, რაც მის დისფუნქციას იწვევს.

თერაპევტები და ნევროლოგები ამ ჩივილს ზოგჯერ სათანადო ყურადღებას არ აქცევენ ან იწყებენ ანთების საწინააღმდეგო და სისხლძარღვოვან თერაპიას ფიზიოპროცედურებთან ერთად, რაც ხშირად უეფექტო აღმოჩნდება ხოლმე. ღამის დაბუჟების მიზეზად შესაძლოა იქცეს კარპული გვირაბული სინდრომიც. ამ დროს დაბუჟება მაქსიმალურია დილით (შესაძლოა, ერთვოდეს ტკივილიც), დღის განმავლობაში კი შედარებით სუსტდება.

- რატომ არის დილაობით უფრო შესამჩნევი ხელების დაბუჟება?

- ეს ზოგჯერ განპირობებულია საწოლში სხეულის უხერხული პოზიციით. მაგალითად, თუ გვერდზე გძინავთ და ხელი თავქვეშ გაქვთ ამოდებული, იგრძნობთ ხელის მტევნის დაბუჟებას. პოზიციის შეცვლის შემდეგ საჭიროა რამდენიმე წუთი, რომ დაბუჟებამ გაიაროს. ზოგჯერ კი მიზეზი ართრიტია - დილით, ზოგადი შებოჭილობის ფონზე, შესაძლოა განვითარდეს დაბუჟება, რომელიც თანდათანობით გაივლის.

- ხერხემლის რომელი ნაწილის პათოლოგიური პროცესი იწვევს დაბუჟებას?

- ხელების დაბუჟება უპირატესად ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება. კისრის ოსტეოქონდროზის დროს აღმოცენდება მოვლითი, მწველი ტკივილი კისრის უკანა და გვერდით ნაწილებში, კეფაში, მხრისა და ბეჭის არეებში. ჭირს კისრის მოძრაობა.

ხშირად დაბუჟება ღამით ვითარდება და დილამდე რამდენჯერმე აღვიძებს ადამიანს. არცთუ იშვიათად ეს მდგომარეობა შეუღლებულია მომატებულ აგზნებადობასა და დეპრესიასთან. ასეთი ადამიანები ძნელად ეგუებიან ამინდის ცვალებადობას. შესაძლოა, ამას დაერთოს თავის ტკივილი ან ტკივილი გულის არეში, რომელიც ძალიან ჰგავს სტენოკარდიულ ტკივილს.

- სტენოკარდია ახსენეთ. შეიძლება თუ არა, კარდიოლოგიურმა პათოლოგიამ ზედა კიდურის დაბუჟება გამოიწვიოს?

- სტენოკარდიული შეტევა არცთუ იშვიათად მართლაც იწვევს დაბუჟების შეგრძნებას მარცხენა ხელში. ზოგჯერ ამას თან სდევს სხვა კლინიკური სიმპტომებიც. თავის მხრივ, კისრის ოსტეოქონდროზის დროს ხელების ტკივილი და დაბუჟება შესაძლოა სტენოკარდიას ჰგავდეს. ამ დროს პირველ რიგში სტენოკარდიული შეტევა უნდა გამოვრიცხოთ.

- შესაძლოა თუ არა ოპერაციის შემდგომ ხელების დაბუჟება?

- ოპერაციის შემდგომ ხელების დაბუჟება ზოგჯერ ვერტებროგენულ პათოლოგიებს უკავშირდება, ზოგჯერ კი ხერხემლის სვეტის კისრის არეში ან ნერვული ღეროების ახლოს მდებარე ქსოვილებზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ იჩენს თავს. ასეთ დროს დამატებითი პარაკლინიკური (ელექტრონეირომიოგრაფიული, მაგნიტურ-რეზონანსული და სხვა) გამოკვლევების საფუძველზე შესაძლოა ზუსტად შეფასდეს დაბუჟების მიზეზი და გადაწყდეს ადეკვატური მკურნალობის საკითხი.

- შეიძლება თუ არა, ეს მოვლენა ტრავმამ გამოიწვიოს?

- რა თქმა უნდა. როგორც პერიფერიული, ასევე ცენტრალური ნერვული ბოჭკოების ტრავმული დაზია-ნება შესაძლოა ამა თუ იმ ლოკალიზაციის დაბუჟების მიზეზად იქცეს. ასეთ შემთხვევაში დაბუჟება უპი-რატესად ცალმხრივია. დაბუჟება შესაძლოა გამოიწვიოს აგრეთვე ზურგისა და თავის ტვინის ამა თუ იმ ხასიათის (დისჰემიურმა, ინტოქსიკაციურმა, დისმეტაბოლურმა, ტრავმულმა, სიმსივნურმა) დაზია-ნებამ. ნებისმიერ შემთხვევაში, დაბუჟება, როგორც კლინიკური სიმპტომი, განიხილება საერთო კლინიკურ სიმპტომოკომპლექსთან მიმართებით და ზუსტ დიაგნოსტიკას მოითხოვს.

- კოლაგენური დაავადებებიდან რომელი იწვევს დაბუჟებას?

- წითელი მგლურასა და კვანძოვანი პერიარტერიიტის შემთხვევაში საკმაოდ ხშირად ზიანდება პერიფე-რიული და ცენტრალური ნეირონები. კლინიკური გამოვლინება დაზიანების ტიპსა (მონონევრიტულია თუ პოლინევრიტული) და ხარისხზეა დამოკიდებული.


 

- არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ რეინოს დაავადებას, როგორია მისი კლინიკური გამოვლინება, სიმპტომები და დიაგნოსტიკა?

- განასხვავებენ რეინოს დაავადებას და რეინოს სინდრომს. რეინოს დაავადებას ანუ ნგიოტროფონევროზს წვრილი სისხლძარღვების (არტერიებისა და არტერიოლების) უპირატესი დაზიანება ახასიათებს. პროცესი ძირითადად ხელებში ლოკალიზდება, სიმეტრიული და ორმხრივია. უფრო ხშირად ავადდებიან ახალგაზრდა ქალები. ეტიოლოგიური ფაქტორებიდან გამოყოფენ სიცივეს, თითების ქრონიკულ ტრავმას, მძიმე ემოციურ სტრესს, ენდოკრინულ დარღვევებს. დაავადებას საფუძვლად უდევს სხეულის პერიფერიულ ნაწილებში, ყველაზე ხშირად - ხელებში, ერთბაშად აღმოცენებული ვაზოგენური სპაზმი.

რეინოს დაავადება მოიცავს სამ ფაზას:

I ფაზა - სიფითრე და დაბუჟება თითებში, რომელსაც თან ახლავს ტკივილი;

II - ციანოზის განვითარება და ტკივილის გაძლიერება;

III - კანის ჰიპერემია და ტკივილის თანდათანობით შემცირება.

შეტევის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთია.

მსგავსი მოვლენები შესაძლოა განვითარდეს ყურის ბიბილოს, ცხვირისა და ტერფების არეშიც.

რეინოს დაავადება სიმეტრიულად ვითარდება ტერფებში, ხელებში კი ახასიათებს ასიმეტრიული განვითარება. უპირატესად ის პროვოცირდება სიცივისა და ემოციური სტრესის ზემოქმედებით.

დიაგნოსტიკისას საჭიროა დიფერენცირება მაობლიტირებელი ენდარტერიიტისგან, კიდურში სისხლის მიმოქცევის ლავიწქვეშა არტერიის ზეწოლის სინდრომთან დაკავშირებული მოშლისგან. საზოგადოდ, როგორც რეინოს დაავადების, ასევე რეინოს სინდრომის შემთხვევაში ტარდება დიფერენციული დიაგნოსტიკა პერიფერიული სისხლძარღვების სხვა დაავადებების, მაგალითად, ერითრომელალგიის მიმართ. ერითრომელალგიის დროს მტევნის სისხლძარღვები, პირიქით, ფართოვდება, ამიტომ ტკივილს თან სდევს კანის სიწითლე.

რეინოს სინდრომი ხშირია კოლაგენური პათოლოგიების, სახელდობრ, სკლეროდერმიის დროს.

რეინოს სინდრომის დროს სისხლის მიმოქცევის მოშლამ შესაძლოა გამოიწვიოს ზედა კიდურების ქსოვილების ნეკროზი და განგრენა. როგორც რეინოს დაავადების, ასევე რეინოს სინდრომის დროს მკურნალობის მეთოდიკა ორგვარია: კონსერვატიული და ქირურგიული. კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს სისხლძარღვთა გამაფართოებელ საშუალებებს და მიმდინარეობს ხანგრძლივად. გამოიყენება ტრანკვილიზატორებიც. ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს სიმპათექტომიას.

- რამდენად ხშირია ინსულტის შემდგომი დაბუჟება?

- საკმაოდ ხშირია. ასეთი დაბუჟება უმეტესად ცალმხრივია და ინსულტის კერის ზომასა და მდებარეობაზეა დამოკიდებული. ასეთ დროს პაციენტს სჭირდება ნეირორეაბილიტაციური კურსი, რომელიც კლინიკური სინდრომის გათვალისწინებით ინიშნება.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ხელი ან თითია დაბუჟებული?

- რა თქმა უნდა, აქვს. ამის ზუსტი ნევროლოგიური შეფასება სწორი დიაგნოზის საფუძველს წარმოადგენს.

- შესაძლებელია თუ არა, დაბუჟება ნევროზული მდგომარეობის გამოვლინება იყოს?

- დაბუჟება, როგორც ნევროზული სიმპტომი, საკმაოდ ხშირია. დიაგნოსტიკის დროს საჭიროა დაბუჟების გამომწვევი ყველა შესაძლო პათოლოგიის გამორიცხვა.

- რომელი სადიაგნოზო საშუალებები გამოიყენება ამ შემთხვევაში?

- დაავადების ანამნეზი, ნევროლოგიური სტატუსის შეფასება, ელექტრონეირომიოგრაფია, დოპლეროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და სხვა კვლევები საშუალებას იძლევა, დაისვას ზუსტი დიაგნოზი.

- როგორ მკურნალობენ დაბუჟებას?

- როგორც ზემოთაც აღვნიშნე, მკურნალობის სქემა დაბუჟების მიზეზზეა დამოკიდებული, ამიტომ სწორი დიაგნოზი აუცილებელია. ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რისი ბრალია ხელების დაბუჟება: კისრის ოსტეოქონდროზისა თუ ნერვზე ზეწოლის. მეორე შემთხვევაში გამოიყენება მკურნალობის ორი მეთოდი: კონსერვატიული ანუ მედიკამენტური და ქირურგიული. პირველის მიზანია ნერვის გათავისუფლება შეშუპების მოხსნის ხარჯზე - ამის შედეგად ხელების დაბუჟებამ შესაძლოა გაიაროს, მისი უეფექტობის შემთხვევაში კი მიმართავენ ქირურგიულ მეთოდს. ამ უკანასკნელის არსი შემდეგში მდგომარეობს: ექიმი არხს გაკვეთს და ჩაჭედილ ნერვს ათავისუფლებს. ოპერაცია დიდ ხანს არ მოითხოვს, მაგრამ აუცილებელია, სპეციალისტმა ჩაატაროს. ოპერაციის შემდეგ ჩივილები იხსნება, მაგრამ რეკომენდაციები ცხოვრების ჯანსაღი წესის, სწორი კვებისა და ფიზიკური ვარჯიშის შესახებ ყოველთვის აქტუალურია.

- რაკი ცხოვრების ჯანსაღი წესი ახსენეთ, იქნებ რამდენიმე პრაქტიკული რჩევაც მოგვცეთ?

- ზოგადად, საჭიროა სწორი და სრულფასოვანი კვება, ძილ-ღვიძილის მართებული რეჟიმის დაცვა, პათოლოგიური სიმპტომის აღმოცენების შემთხვევაში - ექიმის დროული კონსულტაცია, პრაქტიკული რჩევები კი ასეთია:

  • სამუშაო დღის განმავლობაში საათში ერთხელ რამდენიმე წუთით შეწყვიტეთ მუშაობა და დაჭიმეთ ხელები.
  • ბეჭდვის დროს იდაყვები გააჩერეთ მოხრილ მდგომარეობაში, ტანთან ახლოს. ეს უზრუნველყოფს დატვირთვის თანაბარ განაწილებას.

კარპული გვირაბული სინდრომის დროს სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • მიირთვით კომბოსტო, მჟაუნა - ოქსალატები დადებითად მოქმედებს სახსრებზე.
  • თავი არიდეთ მარილიან საკვებს. ის ორგანიზმში წყალს აკავებს და სახსრების შეშუპებას იწვევს.
  • ერიდეთ რკინის შემცველ პროდუქტებს.
  • სასარგებლოა კონტრასტული ჰიდროთერაპია. ის ხსნის მტევნის შეშუპებას და ანთებას. 30-წამიანი ცხელი და ცივი აბაზანების მონაცვლეობა 5-7-ჯერ საგრძნობლად აუმჯობესებს მდგომარეობას, განსაკუთრებით ღამით, როცა ტკივილი გაუსაძლისია.
  • მდგომარეობას ამსუბუქებს კვალიფიციური აკუპუნქტურა.
  • არსებობს სპეციალური სავარჯიშო კომპლექსი, რომელიც სახლის პირობებშიც მარტივი შესასრულებელია.