კალციუმი საუკეთესო ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალებაა
კალციუმს საუკეთესო ბუნებრივ დამამშვიდებელ საშუალებად მიიჩნევს. ცხოველებზე დაკვირვებით დადგენილია, რომ, მაგალითად, კურდღლები გადატანილი სტრესის შემდეგ (მტრისაგან თავის დაღწევის, გაქცევისა და სხვა უბედური შემთხვევის მერე) ინსტიქტურად ეძებენ კალციუმით მდიდარ მცენარეებს, კერძოდ _ კამას, სალბს, როზმარინს, მაიორანს, ბეგქონდარას, რომლებიც "ნერვების დამაწყნარებელი კალციუმის" მინიმუმ 2-2,5 %-ს მაინც შეიცავენ.
ორგანიზმში წარმოდგენილ ელემენტებს შორის კალციუმს მეხუთე ადგილი უპყრია (ნახშირბადის, ჟანგბადის, წყალბადისა და აზოტის შემდეგ), ხოლო საკვებ ნივთიერებებს შორის შემცველობის მიხედვით კალციუმი მეოთხე ადგილზეა ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემდეგ. მართალია მისი 99%-ი ძვლებსა და კბილებშია გადანაწილებული მათი სტრუქტურული და ფუნქციური სრულყოფისთვის, მაგრამ დარჩენილ 1%-საც მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს დაკისრებული. საქმე ის გახლავთ, რომ კალციუმი უდიდეს როლს თამაშობს ნეირონებს (ნერვულ უჯრედებს) შორის იმპულსთა გადაცემაში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აღმგზნებ და შემაკავებელ პროცესთა დაბალანსებაში, უჯრედთა ბირთვული აპარატის მუშაობაში. აღნიშნული მინერალი ხელს უწყობს ღრუბლისებრი უჯრედების სტაბილიზაციას, აფერხებს ჰისტამინის გამოთავისუფლებას, შესაბამისად, ამცირებს ალერგიულ რეაქციათა გამოვლენას, ანთებითი პროცესებისა და ტკივილის სინდრომის განვითარებას.
კალციუმის იონების არსებობა აუცილებელია არა მხოლოდ კუნთოვანი სისტემის კოორდინირებული ფუნქციობისთვის (შეკუმშვითი ფუნქციის რეგულაციისათვის), არამედ ჰორმონთა ცვლისათვის, ზრდის პროცესთა ნორმალურად წარმართვისთვის, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებისთვის, ფერმენტთა გააქტივებისთვის, ნეირორეგულატორების (ნეირონთაშორისი კომუნიკაციის აღმასრულებელი ქიმიური ნივთიერებები) გამოყოფისა და ზოგადად, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის.
იმისათვის, რომ კალციუმმა თავისი მოქმედება განახორციელოს, აუცილებელია D ვიტამინი. ის, რომ კალციუმის დანამატები აწესრიგებს ღამის ძილს, ესეც ნეირომეცნიერულ დასაბუთებამდე, იონურ-მოლეკულურ დონეზე პროცესთა შესწავლამდე ბევრად ადრე იყო დადგენილი და პრაქტიკაში დანერგილი. D ვიტამინი არის ის "ნივთიერება გუშაგი", რომელიც გულდასმით აკონტროლებს სისხლში კალციუმის კონცენტრაციას, ანუ იმ განსაზღვრულ დონეს, რომლის ქვემოთაც არ უნდა დაეშვას მინერალის შემცველობა. სხვადასხვა ფაქტორის გამო კალციუმის ზღვრულ ნორმაზე ქვემოთ დაცემის შემთხვევაში ირთვება ე. წ. დამაბალანსებელი მექანიზმები: ნაწლავების ლორწოვანი გარსის უჯრედები კალციუმისა და ფოსფატების სისხლში დიდი რაოდენობით გადასროლის "ბრძანებას იღებენ", თირკმელები გაძლიერებულად აკავებენ ამ მინერალს სისხლში და არ უშვებენ მას ორგანიზმიდან შარდთან ერთად, საჭიროებისამებრ კალციუმის გადანაწილება სისხლში ხდება ძვლებიდანაც. ამ რთული პროცესების მთავარი მიზეზი და არსი არის ის, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა დაკმაყოფილდეს ნერვული უჯრედების მოთხოვნა კალციუმზე.
ერთპროცენტიანი დონე კალციუმისა სისხლში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაქვეითდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი კუნთები შეწყვეტენ შეკუმშვას, რამაც შესაძლოა გულის გაჩერება გამოიწვიოს. ამიტომაც ორგანიზმს ყველა საჭირო მექანიზმი და დაცვის ყველა ბერკეტი აქვს მობილიზებული, ასე მაგალითად, კალციუმის "განკარგულებაშია" ნაწლავებში არსებული სპეციალური ტრანსპორტული ნივთიერებები, ე. წ. კალბინდინები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ მინერალის სწრაფ ტრანსპორტს სისხლში და უერთებენ მას სათანადო აქტიურ ფერმენტებსა და პროტეინებს. ამგვარად, როგორც ბიოქიმიკოსები ხუმრობენ ხოლმე, გარკვეულ ვიტამინებსა და მინერალებს, მათ შორის კალციუმს "პირველი კლასით მგზავრობა უწევს".
ავტორი თინათინ გოცაძე
იხილეთ აგრეთვე ორგანიზმმა კალციუმი უკეთ რომ აითვისოს, C და D ვიტამინი მიიღეთ