გაუმკლავდით თავის ტკივილს
- ვიდრე უშუალოდ თავის ტკივილზე ვისაუბრებდეთ, მინდა, ის შეცდომები ჩამოგითვალოთ, რომლებიც შაკიკის შესახებ არის გავრცელებული საზოგადოებაში, მათ შორის - ექიმებშიც კი. მაშ ასე:
- შაკიკს არ იწვევს სისხლძარღვების სპაზმი და ეს გასული საუკუნის 30-იან წლებში აღმოაჩინეს; "ჩვენ კი ჯიუტად ვებრძვით სპაზმს, სადაც იგი არ არის!"
- შაკიკის დროს არ უნდა ვეძებოთ: მარილები, ოსტეოქონდროზი, პროთრომბინის მომატება; არ არის აუცილებელი წნევის ხშირი გაზომვა (თუ წნევის ავადმყოფობა - ჰიპერტონია არ გაქვთ).
- შაკიკის დროს ძებნას ნუ დაუწყებთ "ჯადოსნურ პრეპარატებს".
- შაკიკის სამკურნალო მედიკამენტების უმეტესობა ორსულობისას აკრძალულია.
შაკიკი აერთიანებს 11 სხვადასხვა ავადმყოფობას, 5 გართულებას და 3 სავარაუდო ფორმას. შაკიკი ქრონიკული ორგანული დაავადებაა, რომელიც უმთავრესად მემკვიდრეობით გადაეცემა და რომლითაც მსოფლიოში - ყოველი მეათე, ხოლო საქართველოში ყოველი მეექვსე-მეშვიდე ადამიანია დაავადებული. შაკიკი ხშირად ბავშვობისას ვლინდება, თუმცა შეიძლება ნებისმიერ სხვა ასაკშიც იჩინოს თავი. ამასთან, 3-ჯერ უფრო ხშირია ქალებში. შეტევებს შორის შაკიკი სრულიად უსიმპტომოა. 40 წლის შემდეგ შეტევების სიმძაფრე და სიხშირე შესაძლოა შემცირდეს და თანდათან ადვილად დასამორჩილებელი გახდეს. შეტევას ხელს უწყობს: ემოციური ფაქტორები (სტრესი, შფოთვა, ბრაზი, დარდი, დეპრესია, აღგზნება, მღელვარება, დაძაბულობის მკვეთრი შემცირება, შიშის ან "ნერვიულობის" გადავლა), ჰორმონული ფაქტორები (მენზესი, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ლოგინობის ხანა), ამინდისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, მძაფრი სუნი, კაშკაშა შუქი, ხმაური, უძილობა (ან ზედმეტი ძილი), გადაღლა, შიმშილი (ან გაძღომა), წონის მატება, თამბაქო, ალკოჰოლი, კოფეინი, წამალდამოკიდებულება, ტრანსპორტში ჯანჯღარი, კისრის და/ან თავის ტრავმა, ინფექცია, ნაყინი, ყინულიანი წყალი, ნიტროგლიცერინი ან სხვა მედიკამენტები, ზოგიერთი საკვები. შეტევა 4-72 საათს გრძელდება და კლასიკურად 4 ფაზისგან შედგება, თუმცა ასეთი წყობა პრაქტიკაში იშვიათია და რომელიმე ფაზის არარსებობა შაკიკის დიაგნოზს არ გამორიცხავს. დაძაბული ტიპისა და შაკიკის თავის ტკივილს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ყოველი მეორე ადამიანი გადაიტანს. თქვენ წარმოიდგინეთ, შაკიკის დროს შესაძლოა საერთოდ არ აგტკივდეთ თავი. კიდევ ერთი უცნაური ფაქტი: ბავშვებში ზოგიერთი "აპენდიციტი" სინამდვილეში მუცლის შაკიკის შეტევაა. შაკიკი არ არის სისხლძარღვოვანი ავადმყოფობა და არტერიული წნევის მომატება სულაც არ არის თავის ტკივილისა და "კრიზის" ხშირი მიზეზი. შაკიკის ტკივილს იწვევს უძილობაც და ზედმეტი ძილიც, შიმშილიც და მეტისმეტი ნაყროვანებაც. წყლის სმა და ხშირი კვება კი შაკიკის შეტევებს აიშვიათებს. შაკიკის დიაგნოსტიკა არ მოითხოვს ძვირად ღირებულ გამოკვლევებს. შაკიკთან გასამკლავებლად უმნიშვნელოვანესია ექიმისა და ავადმყოფის სწორი ურთიერთობა. შაკიკი არცთუ "დიდი თავის ტკივილია", თუ მის "საიდუმლოს" ჩასწვდებით. ცხოვრების ჯანსაღმა წესმა შესაძლოა სულაც დაგავიწყოთ მისი არსებობა და, ბოლოს და ბოლოს, დარწმუნდეთ, რომ გაქვთ უფლება, იცხოვროთ ტკივილის გარეშე. გთავაზობთ შაკიკის სამახსოვროს:
- ისწავლეთ სხვადასხვა ტიპის თავის ტკივილის ერთმანეთისგან გარჩევა და მოსალოდნელი შეტევის ამოცნობა.
- აწარმოეთ თავის ტკივილის დღიური, ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი მოვლენები.
- ერიდეთ შეტევის ხელშემწყობ ფაქტორებს.
- თან ატარეთ "განუყრელი მედიკამენტები".
- აცნობეთ ექიმს ჯანმრთელობასა და სოციალურ ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გარემოება.
- განსაკუთრებულ შაკიკს განსაკუთრებული მეურვეობა სჭირდება.
- იყავით გულახდილი ექიმთან.
- არ მოგერიდოთ იმის გამხელა, რომ ექიმის ყველა მითითებას ვერ ასრულებთ.
- მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.
მიუხედავად ზოგადი პრაქტიკის ექიმის კონსულტაციისა და მკურნალობისა, თავის ტკივილი ზოგჯერ მაინც პრობლემად რჩება. თავის ტკივილი ორი ტიპისაა: პირველადი და მეორეული. პირველადი თავის ტკივილის დიაგნოზი ისმება მეორეული ტკივილის გამორიცხვის შემდეგ. სიძლიერისა და დროში განაწილების მიხედვით განასხვავებენ თავის ტკივილის შემდეგ სახეებს:
- შაკიკი - 3-ჯერ მეტადაა გავრცელებული ქალებში;
- დაძაბული ტიპის თავის ტკივილი - ოდნავ უფრო მეტადაა გავრცელებული ქალებში;
- ჯგუფური (კლასტერული) თავის ტკივილი - 4-ჯერ მეტადაა გავრცელებული მამაკაცებში.
პირველადი თავის ტკივილი თავად არის ავადმყოფობა და არ გახლავთ გამოწვეული რაიმე გამოაშკარავებული ორგანული პათოლოგიით ან ნერვული სისტემის სტრუქტურული დაზიანებით. დიაგნოზი ხშირად მხოლოდ კონსულტაციის საფუძველზე ისმება. დამატებითი კვლევა ტარდება, თუ გაჩნდა ეჭვი მეორეული თავის ტკივილის თაობაზე. მეორეული თავის ტკივილი თან ახლავს: ინფექციას, ტრავმას, მედიკამენტების ან სხვა სუბსტანციის მიღებას, უამრავ სხვა მსუბუქ თუ მძიმე ავადმყოფობას და ავადმყოფურ მდგომარეობას. ზოგადი პრაქტიკის ექიმები და ნევროლოგები თავის ტკივილის დროს ყველაზე ხშირად სამ დიაგნოზს სვამენ: დაძაბული ტიპის თავის ტკივილი (შესაბამისად, 35%, 23%), შაკიკი (30%, 34%), ორივე ერთად (12%, 17%). პირველადი თავის ტკივილების სამეულს მოსდევს მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული (6%, 9%) და სხვა პირველადი (5%, 6%) და ჯგუფური (კლასტერული) თავის ტკივილი (4%, 2%). ბუნებრივია, პირველადი თავის ტკივილი გაცილებით ხშირია, ვიდრე მეორეული თავის ტკივილის მძიმე ფორმები. სტატისტიკური მონაცემებიდან ყურადღებას იპყრობს ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის (18-დან 65 წლამდე) ნახევარზე მეტს - წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო 7,6%-ს ყოველთვიურად აწუხებს თავის ტკივილი. უკანასკნელი მონაცემი საგანგაშოა, რადგან 1,9-2,3-ჯერ აჭარბებს ამერიკისა (4%) და ევროპის (3,3%) ანალოგიურ საშუალო მაჩვენებელს. გახანგრძლივებული ტკივილი იწვევს: ძილის დარღვევას, მოთენთილობას, შრომისა და კონცენტრაციის უნარების დაქვეითებას, შფოთვას, დეპრესიას, მადის შეცვლას, დიაგნოსტიკური და სამკურნალო დანახარჯების გაუმართლებელ ზრდას, რაც დიდ ტვირთად აწვება საზოგადოებას. "რისი ბრალია ეს მოურჩენელი ავადმყოფობა?" - ეს ის კითხვაა, რომელიც ბუნებრივად უჩნდებათ მუდმივი ტკივილით გატანჯულ პაციენტებს. საინტერესო ის გახლავთ, რომ დამატებითი გამოკვლევებით აღმოჩენილი ცვლილებები, თავის ტკივილთან მათი მიზეზშედეგობრიობის არარსებობის გამო, ხშირად დათვურ სამსახურს უწევს როგორც პაციენტს, ისე მთელ საზოგადოებას. ქრონიკული თავის ტკივილის დროს დამატებითი გამოკვლევების "დათვური სამსახურის" მაგალითებია:
- რენტგენოგრაფია: დიპლოეს ვენების გაფართოება, სისხლძარღვოვანი სურათის გაძლიერება, მადეფორმირებელი სპონდილოზი, ოსტეოქონდროზი;
- კომპიუტერული ტომოგრაფია: საეჭვო ინტრაკრანიული ჰიპერტენზია, თავის ტვინის ატროფია, სუბარაქნოიდული კისტა, გაკირული ეპიფიზი ან ქორიოიდული წნულები;
- მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა: დემიელინიზაციის მცირე კერები, მუკოიდური კისტა წიაღებში;
- დოპლეროგრაფია: თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმი;
- ლაბორატორიულად: პროთრომბინის მომატება.
ჩამოთვლილ პრობლემებს ხშირად შესაძლოა არავითარი ბრალი არ მიუძღვოდეს თავის ტკივილის განვითარებაში, თუმცა სწორედ მათ გამო ხშირად ფუჭად ინიშნება: შარდმდენები, "ნოოტროპები", ვაზოდილატატორები, ვიტამინები, ანტიკოაგულანტების ხანმოკლე კურსები, ასპირინი - "პროთრომბინის დასაქვეითებლად", მეტაბოლიტები, საეჭვო კლინიკური ეფექტის მქონე პრეპარატები. ამაო "მკურნალობის" გამო პაციენტები იძულებულნი არიან, გაუმართლებლად და დიდხანს სვან ტკივილგამაყუჩებლები. ამგვარად იზრდება მათი გვერდითი მოვლენების, თავის ტკივილის ქრონიკულად გარდასახვის და არსებულ პირველად თავის ტკივილთან მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული მეორეული თავის ტკივილის შეუღლების რისკი. როგორ დავძლიოთ პრობლემა? ბუნებრივია, თავის ტკივილის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებით და სამედიცინო პრაქტიკაში მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვით.
პირველადი თავის ტკივილის მართვის პრინციპები
მკურნალობის მთავარი მიზანია ავადმყოფობის დამაზიანებელი გავლენის შესუსტება და უუნარობის შემცირება. მთავარი ამოცანებია სერიოზული ორგანული პათოლოგიის გამორიცხვა; ზუსტი დიაგნოზის დასმა; ტკივილის სიძლიერის, სიხშირის და ხანგრძლივობის შემცირება; ეპიზოდური ფორმების ქრონიკულად გარდასახვისა და მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის თავიდან აცილება. ექიმის საზრუნავია, გაერკვეს დიაგნოზში; შეუმციროს პაციენტს საწუხარი, გაუფანტოს ეჭვები, დაეხმაროს შრომისუნარიანობის აღდგენაში; დანიშნოს ეფექტიანი წამლები; როგორც "სამედიცინო ადვოკატმა", შეუმოკლოს პაციენტს სასურველ მდგომარეობამდე მისასვლელი გზა, დააზოგვინოს სამედიცინო დანახარჯები, სოციალური კომფორტი შეუქმნას მას და მის ოჯახს. მთავარი ინსტრუმენტებია პაციენტთან ღია და ეფექტური კომუნიკაცია; პაციენტის ჩართულობის გაზრდა და თვითმართვის ჩვევების გამომუშავება; პაციენტის დარწმუნება ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაში. თავის ტკივილის ადეკვატური მართვის დასაგეგმავად აუცილებელია თავის ტკივილის ტიპის ზუსტად ჩამოყალიბება, რაც როგორც ექიმის, ისე პაციენტის მხრივ დიდ მოთმინებას მოითხოვს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანს ერთდროულად შეიძლება რამდენიმე ტიპის თავის ტკივილი აწუხებდეს. მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის თავიდან აცილება გულისხმობს: მრავალპროფილურ და გუნდურ მეურვეობას; ცხოვრების ჯანსაღ წესს; ფარმაკოლოგიურ და არაფარმაკოლოგიურ პრევენციას; ანალგეზიური საშუალებების შეზღუდვას (მარტივი საშუალებები - 10-15 დღემდე თვეში; ტრიპტანები, ერგოტამინი და კომბინირებული საშუალებები - 8-10 დღემდე თვეში). მეორეული თავის ტკივილის გამორიცხვა აუცილებელია, როდესაც აშკარაა:
- საყურადღებო კლინიკური მონაცემები;
- კეროვანი ნევროლოგიური დარღვევები, მნიშვნელოვანი ლაბორატორიული ცვლილებები და გამაფრთხილებელი ანამნეზური ნიშნები.
გამაფრთხილებელი ანამნეზური ნიშნები:
- თავის ტკივილი უცნაური ან თავზარდამცემია. თან ახლავს არატიპური აურა (ხანგრძლივობა - 1 საათზე მეტი) ან კიდურების სისუსტე. კომბინირებული კონტრაცეპტივების ფონზე სიცოცხლეში პირველად განვითარდა აურა. ტკივილი აღმოცენდა 10 წლამდე ასაკში ან 50 წლის შემდეგ.
- თავის ტკივილს თან ახლავს ღებინება, აღმოცენდა გარიჟრაჟზე და გაჭიანურდა. კვირების ან თვეების განმავლობაში თანდათან იმატებს. თანხვდება სხეულის მდებარეობის ცვლას.
- თავის ტკივილი აღმოცენდა ონკოლოგიური ავადმყოფობის ან აივ-ინფექციის ფონზე.
დაძაბული ტიპის თავის ტკივილი
ეს პირველადი თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული ტიპია. მისი გავრცელება სხვადასხვა ქვეყანაში 19,7-დან 80%-მდე მერყეობს. საქართველოში ეს მაჩვენებელი 37,3%-ს უდრის. დაძაბული ტიპის თავის ტკივილი იწყება ყმაწვილობიდან და პიკს 30 წლისთვის აღწევს. ოდნავ უფრო ხშირია ქალებში. თავის ტკივილებიდან მას ყველაზე მეტი სოციალური და ეკონომიკური ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის. ხელშემწყობი ფაქტორებია: დაბალი ფიზიკური აქტივობა, სტრესი, ემოციური დაძაბულობა, დეპრესია, შფოთვა, შიმშილი, უძილობა, მძიმე ან მოუხერხებელი ფიზიკური დატვირთვა, ქვედა ყბის დაჭიმვა, თვალების გადაღლა, მედიკამენტები, ხვრინვა და ძილის აპნოე. დიაგნოზი ისმება კლინიკური გასინჯვის შედეგად. ტკივილი შეიგრძნობა შუბლში, საფეთქლებში; ხშირად მთელ თავს მოიცავს; არცთუ იშვიათად "მოგზაურობს" (იცვლის ადგილს); ზოგჯერ ვრცელდება კისრისკენ ან მისგან მომდინარეობს. მდებარეობით ორმხრივია, ხასიათით - მოჭერითი ან დამწოლი, ინტენსივობით - მსუბუქი ან ზომიერი. შაკიკისგან განსხვავებით, არ აქვს წინმსწრები სიმპტომები და აურა. ტკივილს არ აძლიერებს ფიზიკური აქტივობა, არ ახლავს გულისრევა და ალოდინია, არ ახასიათებს ძლიერი სინათლისა და ხმაურის აუტანლობა. გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე. კლინიკური ვარიაბელობისა და სპეციფიკური ნიშნების არარსებობის გამო დიაგნოზი ძირითადად დედუქციურია. იშვიათი, ეპიზოდური დაძაბული ტიპის თავის ტკივილი 30 წუთიდან 7 დღემდე გრძელდება. შესაძლოა, განვითარდეს თვეში ერთხელ. ხშირი ეპიზოდური დაძაბული ტიპის თავის ტკივილი 30 წუთიდან 7 დღემდე გრძელდება. ტკივილიანია თვეში 1-15 დღე (3 თვე ან მეტხანს) წელიწადში 12-180 დღე. ქრონიკული დაძაბული ტიპის თავის ტკივილი: ტკივილიანია თვეში 15 დღე (3 თვე ან მეტხანს) წელიწადში დაახლოებით 180 დღე ან მეტი. გამორიცხული არ არის მსუბუქი გულისრევა. მართვის მთავარი ინსტრუმენტებია: პაციენტის გამხნევება, პრობლემის დეზაქტუალიზაცია, სტრესის მართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი. თავის ტკივილი ხშირად ადვილად იხსნება მარტივი ტკივილგამაყუჩებლებით. დამოკიდებულების ადვილად აღმოცენების გამო არ არის რეკომენდებული კომბინირებული (განსაკუთრებით - ოპიოიდების და ბარბიტურატების შემცველი) პრეპარატები. ტკივილგამაყუჩებლების ჭარბი მოხმარებისა და გაჭიანურებული, ხშირი, შეუპოვარი ფორმების დროს სასურველია არაფარმაკოლოგიური (ფსიქოფიზიოლოგიური, კოგნიტურ-ბიჰევიორული, ფიზიკური) მეთოდების პრევენციულ ფარმაკოლოგიურ საშუალებებთან შეუღლება. აუცილებელია თანმხლები დეპრესიის, შფოთვის, ემოციური დარღვევების, უძილობის გამოვლენა და მკურნალობა. დაბოლოს, რას ელის თავის ტკივილით შეპყრობილი ადამიანი მკურნალი ექიმისგან?
- განსაკუთრებულ ყურადღებას;
- ყველა სატკივარისა და საწუხარის მოსმენას;
- იდეების, ეჭვების, მოსაზრებების, მოლოდინების გაზიარებას;
- შენიშვნებს ცხოვრების წესის თაობაზე;
- "საუკეთესო" წამალს და კარგად განმარტებულ მკურნალობის სქემას;
- წამლების შესაძლო გვერდით მოვლენებზე ყურადღების გამახვილებას.
რაც შეეხება მკურნალობას, ერთი შეხედვით, თავის ტკივილი პრობლემას არ წარმოადგენს - დალევ ტკივილგამაყუჩებელს და ისიც გაივლის. მაგრამ თუ სტატიას გულდასმით გაეცანით, ალბათ უკვე იცით, რომ ნებისმიერ ტკივილს, მათ შორის - თავის ტკივილსაც, ექიმი სპეციალისტის კონსულტაცია სჭირდება - ამგვარად მას უფრო ადვილად და ნაკლები ხარჯით დაამარცხებთ. გისურვებთ, არასდროს აგტკივებოდეთ თავი!