თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა

განსაკუთრებით საშიშია ანევრიზმის გახეთქვა, რის შედეგადაც სისხლი ტვინის ქსოვილში იღვრება.

როგორ ამოვიცნოთ ანევრიზმა? შესაძლებელია თუ არა მისი გახეთქვის თავიდან აცილება? ამ და სხვა კითხვებზე ნეიროქირურგი გიგა კვარაცხელია გვიპასუხებს.

- რა აჩენს თავის ტვინის ანევრიზმას?

თავის ტვინის ანევრიზმა შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • სისხლძარღვთა კედლის თანდაყოლილი პათოლოგიით;
  • ზოგიერთი გენეტიკური დარღვევით (შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, თირკმელთა პოლიკისტოზი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა - არტერიებისა და ვენების პათოლოგიური დატოტიანება, რაც სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს);
  • თავის ტრავმით, ჭრილობით;
  • მაღალი არტერიული წნევით;
  • ინფექციით;
  • სიმსივნით (უპირატესად - თავისა და კისრის პირველადი ან მეტასტაზური ფორმებით);
  • ათეროსკლეროზით;
  • თამბაქოსა და ნარკოტიკების (უპირატესად - კოკაინის) მოხმარებით.

თავის ტვინში ანევრიზმა ნებისმიერ ადგილას შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ უმეტესად მდებარეობს არტერიის განტოტვის ადგილას, ტვინის ქვედა ზედაპირსა და ქალას ფუძეს შორის.

- ვის შეიძლება დაემართოს დაავადება?

- თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა მოზრდილებში უფრო ხშირად აღირიცხება, ვიდრე ბავშვებში, ქალებში უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში. ანევრიზმის გახეთქვის ალბათობა მისი ნებისმიერი ფორმის დროს ერთნაირია, თუმცა, სტატისტიკით, უფრო მეტად 30-დან 60 წლამდე ასაკის პაციენტებშია მოსალოდნელი.

ანევრიზმის გახეთქვას ხელს უწყობს ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა), ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება, ნარკოტიკებისა და თამბაქოს მოხმარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თვით ანევრიზის ზომა. განასხვავებენ: მცირე (დიამეტრი - 11 მმ-ზე ნაკლები), საშუალო ზომის (დიამეტრი - 11-25 მმ) და გიგანტურ (დიამეტრი - 25 მმ-ზე მეტი) ანევრიზმას.

- რა შეიძლება მოჰყვეს ანევრიზმის გახეთქვას?

- ანევრიზის გახეთქვას მოსდევს თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა, რაც სერიოზულ გართულებებს - ჰემორაგიულ ინსულტს, ნერვული სისტემის დაზიანებას და სიკვდილსაც კი იწვევს. პირველი გახეთქვის შემდეგ ანევრიზმა შესაძლოა მეორედაც გასკდეს. ასევე შესაძლოა, განვითარდეს სხვა, ახალი ანევრიზმა.

თავის ტვინში ანევრიზმის გახეთქვას უმეტესად სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა მოჰყვება, ანუ სისხლის ჩაქცევა ღრუში, რომელიც თავის ტვინსა და ქალას შორის მდებარეობს.

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის საშიში შედეგია ჰიდროცეფალია, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავ-ზურგტვინის სითხის (ლიქვორის) დაგროვება ტვინის პარკუჭში. ჭარბად დაგროვილი ლიქვორი ზეწოლას ახდენს თავის ტვინზე. კიდევ ერთი გართულებაა ვაზოსპაზმი - ამ დროს სისხლძარღვები ვიწროვდება, რაც ზღუდავს თავის ტვინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უბნების სისხლით მომარაგებას, სისხლის მომარაგების დეფიციტი კი ინსულტს ან ქსოვილოვან დაზიანებებს იწვევს.

- არსებობს თუ არა ნიშნები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება მივხვდეთ, რომ ადამიანს თავის ტვინის ანევრიზმა აქვს?

- სანამ ანევრიზმა მეტისმეტად არ გაიზრდება ან არ გასკდება, ადამიანი უმეტესად არაფერს უჩივის. დიდი ზომის ანევრიზმა აწვება ტვინის ქსოვილებსა და ნერვებს, ამიტომ მოსალოდნელია:

  • თვალების მიდამოს ტკივილი, დაბუჟება, სისუსტე ან სახის ერთი ნაწილის დამბლა;
  • გუგების გაფართოება;
  • მხედველობის დაბინდვა.

ანევრიზმის გახეთქვის დროს ადამიანი შეიგრძნობს უეცარ და ძალიან ძლიერ თავის ტკივილს, მხედველობის გაორებას, პირღებინებას, გულისრევას, კეფის არეში დაჭიმულობას. შესაძლოა, გონებაც დაკარგოს. ზოგჯერ ანევრიზმის გასკდომას წინ უძღვის ე.წ. გამაფრთხილებელი თავის ტკივილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე ან კვირა, სინათლის მიმართ ზემგრძნობელობა, ფსიქიკური ცვლილებები - საფრთხის მოახლოების შიში, შესაძლოა, კრუნჩხვაც კი.

თუ გაწუხებთ მწვავე თავის ტკივილი, მეტადრე - თუ ის შერწყმულია ჩამოთვლილ ნიშნებთან, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

- შესაძლებელია თუ არა თავის ტვინის ანევრიზმის წინასწარი დიაგნოსტირება?

- როგორც მოგახსენეთ, გახეთქვამდე ანევრიზმა თითქმის არ ამჟღავნებს საკუთარ არსებობას. ხშირად იგი მოულოდნელად გამოვლინდება, სხვა მიზეზით ჩატარებული გამოკვლევის დროს. ზოგიერთი დიაგნოსტიკური მეთოდის საშუალებით შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია ანევრიზმისა და მისი ოპტიმალური მკურნალობის შესახებ, თუმცა ასეთი გამოკვლევა ტარდება უკვე სუბარაქნოიდული ჩაქცევის შემდეგ, რათა დადასტურდეს თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა.

ანგიოგრაფია სისხლძარღვების რენტგენოლოგიური გამოკვლევაა კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით. ანგიოგრამა, სხვა პათოლოგიურ ცვლილებებთან ერთად, აჩვენებს ანევრიზმის არსებობასაც. ამ მეთოდს იყენებენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს. ის საშუალებას გვაძლევს, გავარკვიოთ თავის სიმსივნის, ანევრიზმის ან გამსკდარი სისხლძარღვის ადგილმდებარეობა, ზომა და ფორმა.

თავის კომპიუტერული ტომოგრაფია დიაგნოსტიკის სწრაფი, უმტკივნეულო, არაინვაზიური მეთოდია. ეს არის პირველი დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ინიშნება მაშინ, როცა ანევრიზმის გახეთქვას ეჭვობენ. იგი უფრო ზუსტ და დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უმტკივნეულო, არაინვაზიური პროცედურაა, რომელიც კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ანევრიზმის ზომისა და ფორმის შესახებ. ასევე შეუძლია, გამოავლინოს თავში სისხლჩაქცევის არსებობა.

- ანევრიზმა ყოველთვის არ სკდება. ამ შემთხვევაში როგორ მკურნალობენ მას?

-მცირე ზომის ანევრიზმის არსებობისას პაციენტს სჭირდება მუდმივი მეთვალყურეობა. ანევრიზმის ზრდის, დამატებითი ჩივილების წარმოშობის შემთხვევაში ტარდება კომპლექსური მკურნალობა. მას ექიმი ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ანევრიზმის ადგილმდებარეობისა და სხვა მონაცემების გათვალისწინებით არჩევს.

არსებობს ქირურგიული მკურნალობის ორი მეთოდი - ოკლუზია და კლიირება. ორივე საკმაოდ რთულია. ოპერაციის ალტერნატივაა ენდოვასკულარული ემბოლიზაცია. არც იგი გახლავთ მარტივი პროცედურა.

- შესაძლებელია თუ არა, ტვინის სისხლძარღვებში ანევრიზმის წარმოშობა თავიდან ავიცილოთ?

- დღესდღეობით ანევრიზმის პროფილაქტიკის გზები უცნობია. ადამიანი, რომელსაც დაუსვამენ თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმის დიაგნოზს, განუწყვეტლივ უნდა აკონტროლებდეს არტერიულ წნევას, მისდევდეს ცხოვრების ჯანსაღ წესს, უარი თქვას სიგარეტზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე (კოკაინზე), საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით მიიღოს მედიკამენტები - ასპირინი და სხვა ასეთი პრეპარატები. ქალებმა ორალური კონტრაცეფციის თაობაზე კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან.

ანევრიზმის გახეთქვის შემდეგ პროგნოზი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თანმხლებ ნევროლოგიურ დარღვევებზე, ანევრიზმის ადგილმდებარეობაზე, სისხლდენის ხარისხზე, ასევე - იმაზეც, რამდენი ხანი გავიდა მისი გახეთქვიდან სამედიცინო დახმარებამდე.

თუ ადამიანს ანევრიზმა აქვს, მისი ცხოვრების ხარისხი დამოკიდებულია ორ მნიშვნელოვან ფაქტორზე - ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე. მკურნალობა ანევრიზმის გახეთქვამდე გაცილებით შედეგიანია, ვიდრე გახეთქვის შემდეგ. აღდგენითი პერიოდი ხანგრძლივია და რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება.

- ანევრიზმა ყოველთვის სკდება?

- მცირე ზომის ანევრიზმას გახეთქვა და სხვა გართულებები არ ახასიათებს.