მეხსიერების დაქვეითება
შესაბამისად, გარემოში მიმდინარე ცვლილებათა დამახსოვრებისა და "დასწავლის" საშუალებით ჩვენ ცოდნის დაგროვების უნარი გვაქვს და ამ ცოდნას ადეკვატური ქცევის რეალიზაციისა და აზროვნებისთვის ვიყენებთ.
ამრიგად, მეხსიერება წარმოადგენს ფენომენს, რომლის საშუალებითაც ხდება "დასწავლა". ამ გაგებით ქცევის ფსიქოფიზიოლოგიაში "დასწავლა" და "მეხსიერება" ერთმანეთისგან განუყოფელია.
მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ცხოვრებისეული გამოცდილებით არის დაგროვილი. მეხსიერების დაკარგვა ადამიანის დეპერსონალიზაციას იწვევს და ადამიანთა შორის ურთიერთობას შეუძლებელს ხდის. მეხსიერების დეფიციტი და დასწავლისუუნარობა დაუნის სინდრომს, დისლექსიას, ალცჰაიმერის, ჰანტინგტონისა და სხვა დაავადებებს ახასიათებს.
ნორმაში მეხსიერების მხრივ შეფერხება არ უნდა აღინიშნებოდეს, თუმცა, ხანდაზმული ადამიანებივით, ზოგჯერ ახალგაზრდებიც უჩივიან ერთგვარ შეფერხებას. მაგალითად, ვერ იხსენებენ ცნობილი მსახიობის გვარს, ან კიდევ, თითქოს თავიდან ამოუფრინდათო - სულ ახლახან წაკითხული წიგნის სათაურს.
ახალგაზრდებში მეხსიერების დაქვეითება შესაძლოა ნევროზთან ან დეპრესიასთან იყოს დაკავშირებული. 40 წელს გადაცილებულ და მით უფრო ასაკოვან ადამიანებში "მეხსიერების გამოვარდნა" განსაკუთრებით ყურადსაღებია, შესაბამისად, პირი აუცილებლად უნდა მიიყვანონ ექიმთან საკონსულტაციოდ.
ასაკოვან ადამიანებში მეხსიერების დაქვეითებას რატომღაც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, ახლობლები ამას ასაკთან დაკავშირებულ ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ. განგაშის ზარს მხოლოდ მაშინ რეკენ, როდესაც უკვე მეტისმეტად გვიანია. მაგალითად, ადამიანი მათ ვეღარ ცნობს, ვერ იხსენებს ნაცნობებისა და ახლობლების სახელებს, მათ ვინაობას და სხვა. ეს უკანასკნელი უკვე დემენციაზე (ჭკუასუსტობაზე) მიანიშნებს. ამ შემთხვევაში დიაგნოზი საკმაოდ მძიმეა და, რაც მთავარია, პათოლოგიაც ძნელად იკურნება. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ დაავადება ერთბაშად არ ვითარდება - ჭკუასუსტობას წინ უძღვის წლები, რომელთა განმავლობაშიც ადამიანს თანდათანობით უქვეითდება მეხსიერება, ყურადღება, კონცენტრაციის უნარი. სწორედ ამას უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება, ეს სიმპტომები არ უნდა უგულებელყონ ახლობლებმა, არ უნდა მიაწერონ "ორგანიზმის დაბერებას", მის ასაკობრივ ცვლილებებს. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ პათოლოგიის პირველი სიმპტომების გამოვლენიდან გამოხატულ ჭკუასუსტობამდე საშუალოდ 5 წელი მაინც გაივლის.
მეხსიერება ურთულესი ფენომენია. მისი განსხვავებული ფორმების რეალიზაციაში განსხვავებული ნერვული სტრუქტურები და მექანიზმები მონაწილეობენ.
"ანტეროგრადული ამნეზია"
"ანტეროგრადული ამნეზია" ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უნარის დაკარგვას ნიშნავს. "ანტეროგრადული ამნეზიით" დაავადებულ ადამიანებს ახსოვთ ტვინის დაზიანებამდე აღქმული ანუ წარსულში განვითარებული მოვლენები, მაგრამ არ შეუძლიათ იმ მოვლენათა დამახსოვრება, რომლებიც ოპერაციის შემდეგ განვითარდა. სრული ანუ აბსოლუტური "ანტეროგრადული ამნეზია" შეუძლებელია.
იგივე ითქმის "რეტროგრადული ამნეზიის" შესახებაც, რაც ტვინის დაზიანებამდე მომხდარი მოვლენების გახსენების შეუძლებლობას ნიშნავს. 1889 წელს სერგეი კორსაკოვმა პირველმა აღწერა მეხსიერების დარღვევა, რომელიც ტვინის დაზიანების შედეგად აღინიშნება, ამიტომ ამ დარღვევას მის პატივსაცემად "კორსაკოვის სინდრომი" ეწოდა.
კორსაკოვის სინდრომის უმნიშვნელოვანეს სიმპტომს ძლიერი "ანტეროგრადული ამნეზია" წარმოადგენს. ავადმყოფს შეუძლია ნორმალურად საუბარი და კარგად ახსოვს ტვინის დაზიანებამდე დიდი ხნით ადრე მომხდარი მოვლენები, მაგრამ არ ძალუძს მიმდინარე მოვლენების დამახსოვრება.
"კორსაკოვის სინდრომი" ქრონიკული ალკოჰოლიზმის შედეგად ვითარდება. დადგენილია, რომ აღნიშნული დარღვევა ალკოჰოლიზმით გამოწვეული თიამინის (ვიტამინი B1) დეფიციტის გამო აღიძვრება. ალკოჰოლიკები, ჩვეულებრივ, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღების ფონზე ცოტა საკვებს მიირთმევენ, ამიტომაც, წესისამებრ, ვიტამინების საგრძნობ დეფიციტს განიცდიან. გარდა ამისა, ალკოჰოლი აკავებს ნაწლავებში თიამინის შეწოვას და ამის შედეგად აღძრული თიამინის დეფიციტი ტვინის დაზიანებას იწვევს.
როგორ უნდა გაიუმჯობესოთ მეხსიერება
- მოიწესრიგეთ ძილი - ძილის დროს თავის ტვინში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს. მათ შორის ბევრი მეხსიერების "მუშაობასაც" ემსახურება. ნორმალური ძილის გარეშე მეხსიერება ქიმიურ და მოლეკულურ დონეზე ვერ "რეალიზდება და იმუშავებს" სრულფასოვნად.
- ნუ დაგავიწყდებათ თავის ტვინის ფუნქციობისთვის დღე-ღამის ბიოლოგიური რიტმის მნიშვნელობაც. უნდა იძინოთ ღამით და არ უნდა ათიოთ ღამეები იმ იმედით, რომ დღისით გამოიძინებთ. ტვინის უჯრედები ყველაზე ინტენსიურად სწორედ დღე-ღამის ბნელ პერიოდში, ანუ ღამით აღდგება.
- მაქსიმალურად დაიტვირთეთ ფიზიკურად - ფიზიკური დატვირთვის დროს ტვინი უკეთ მარაგდება სისხლითა და ჟანგბადით. საყურადღებოა ისიც, რომ კუნთების აქტიური მუშაობის დროს გამოიყოფა განსაზღვრული სახის ჰორმონები, რომლებიც აუცილებელია მეხსირების შენარჩუნება-განმტკიცებისთვის. თუ რეგულარულად ვერ ვარჯიშობთ, უარი თქვით ლიფტზე, ზოგჯერ - ტრანსპორტზეც, ერთი-ორი გაჩერება მაინც გაიარეთ ფეხით. ყოველდღიურად ფეხით სიარული აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ხელს უშლის მრავალი დაავადების განვითარებას. მაგალითად, ინსულტის ალბათობა 50%-ით მცირდება.
- ყურადღება მიაქციეთ კვებას - მეხსიერებისა და, საზოგადოდ, თავის ტვინის ნორმალური მუშაობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან კვებას - ამინმჟავების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების სათანადო რაოდენობას.