ტკივილგამაყუჩებლები ზოგჯერ თავად ხდება თავის ტკივილის მიზეზი - რას გვირჩევს გერმანიაში მომუშავე ქართველი ნევროლოგი?
მიგრენის შეტევა შეიძლება ინსულტში აგვერიოს - გერმანიაში მომუშავე ქართველი ნევროლოგი თორნიკე ჭაღალიძე დაავადების მიზეზებსა და მკურნალობაზე
მიგრენი, რომელსაც საქართველოში შაკიკსაც უწოდებენ, მხოლოდ ძლიერი თავის ტკივილი არ არის. ეს ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც ხშირად თან ახლავს გულისრევა, სინათლისა და ხმაურის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თავბრუსხვევა და მხედველობითი დარღვევები. მიგრენის შეტევა შეიძლება საათობით ან რამდენიმე დღე გაგრძელდეს და მნიშვნელოვნად დაარღვიოს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება.
რატომ არის მიგრენი ქალებში უფრო ხშირი, რა კავშირი აქვს მას ჰორმონულ ცვლილებებთან და რატომ უვითარდებათ ზოგიერთ ქალს შეტევები მენსტრუაციის დაწყებამდე ან მის პირველ დღეებში? შეიძლება თუ არა უძილობამ, შიმშილმა, სტრესმა ან ამინდის ცვლილებამ მიგრენის პროვოცირება მოახდინოს? რამდენად საშიშია ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება და რა თანამედროვე მეთოდები არსებობს დაავადების სამკურნალოდ?
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე mkurnali.ge-ს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ნევროლოგი თორნიკე ჭაღალიძე ესაუბრა. ჩვენი რესპონდენტი გერმანიაში, KMG Klinikum Güstrow-ის ნევროლოგიურ დეპარტამენტში მუშაობს, რომელიც როსტოკის უნივერსიტეტის აკადემიური სასწავლო ცენტრია
- ბატონო თორნიკე, ადამიანების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ძლიერი თავის ტკივილი ყოველთვის მიგრენას ნიშნავს. რეალურად, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ტკივილი შესაძლოა მიგრენი იყოს და არა უბრალოდ გადაღლილობის ან დაძაბულობის შედეგი?
- მიგრენი მიეკუთვნება თავის პირველადი ტკივილების ერთ-ერთ ყველაზე ხშირ ფორმას. მისთვის, როგორც წესი, დამახასიათებელია შეტევები და არა ერთჯერადი ეპიზოდი. ასევე, ხშირად არსებობს გენეტიკური წინასწარგანწყობა. როგორც წესი, თან ახლავს ცალმხრივი ან ორმხრივი, პულსირებადი, ძლიერი თავის ტკივილი, ნელი დასაწყისით, რომელიც ძლიერდება ფიზიკური აქტივობისას.
- მიგრენის დროს ზოგიერთ ადამიანს სინათლე აუტანლად ეჩვენება, ზოგს გულისრევა აქვს, ზოგს კი მხედველობა ეცვლება. რატომ ვლინდება ერთი და იგივე დაავადება ასეთი განსხვავებული სიმპტომებით?
- ამ დაავადების თანმხლები სიმპტომები განპირობებულია თავის ტვინის მომატებული გაღიზიანებადობით, ანუ ნერვული სისტემა ზოგადად გაღიზიანებულია. შესაბამისად, იმის მიხედვით, რომელი არეალის გაღიზიანებადობას აქვს ადგილი, ვხვდებით განსხვავებულ სიმპტომებს. ესენია: სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ხმაურის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, გულისრევა, თავბრუსხვევა და ასე შემდეგ.
- პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ მიგრენი კონკრეტულ სიტუაციებში ეწყებათ -შიმშილის, უძილობის, სტრესის, ამინდის ცვლილების ან გარკვეული საკვების მიღების შემდეგ. რამდენად რეალურია ეს კავშირები და შესაძლებელია თუ არა შეტევის გამომწვევი მიზეზის დადგენა?
- მინდა გითხრათ, რომ ეს დაკვირვება საკმაოდ რეალურია. როგორც უკვე ვახსენეთ, მიგრენის დროს თავის ტვინის გაღიზიანებადობა მკვეთრად მომატებულია. თავის ტვინი იმყოფება გარკვეულ ჰომეოსტაზში. როცა ხდება ამ რიტმის ცვლილება, იქნება ეს სტრესი თუ სტრესისგან უეცარი გათავისუფლება, ეს იწვევს ჰომეოსტაზის დარღვევას და ვლინდება, მათ შორის, მიგრენის შეტევით.

- შეიძლება ადამიანს შაბათ-კვირას, დასვენების დღეებში დაეწყოს მიგრენი, მაშინ როცა სამუშაო დღეებში მსგავსი პრობლემა არ აწუხებს?
- დიახ, სრულიად შესაძლებელია. როგორც ვისაუბრეთ, როცა იცვლება გარკვეული სტაბილური მდგომარეობა, ამ შემთხვევაში სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესიდან უცებ გადავდივართ სტრესის გარეშე სიტუაციაში, ესეც შეიძლება გახდეს შეტევის გამომწვევი მიზეზი.
- მიგრენი ქალებში გაცილებით ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. რა განაპირობებს ამ განსხვავებას და რამდენად დიდ გავლენას ახდენს ჰორმონული ფონი დაავადების მიმდინარეობაზე?
- პუბერტატული ასაკის შემდეგ ქალებში მიგრენი დაახლოებით სამჯერ უფრო ხშირია. როგორც აღნიშნეთ, ეს ყველაფერი პირდაპირ დაკავშირებულია ჰორმონალურ მდგომარეობასთან, კონკრეტულად კი ესტროგენთან. სწორედ სისხლში ესტროგენის არსებული დონიდან გამომდინარე არსებობს მენსტრუალური მიგრენი. როდესაც მენსტრუალურ სისხლდენამდე ცოტა ხნით ადრე ესტროგენის დონის დაცემა ხდება, ამას თან ახლავს მიგრენის შეტევა.
- ცალკე მინდა შევეხოთ მენსტრუალურ მიგრენის. რატომ ემთხვევა ზოგიერთ ქალში შეტევები მენსტრუაციის დაწყებას? რით განსხვავდება ის სხვა ტიპის მიგრენისგან და როგორ შეიძლება მისი მართვა?
- მენსტრუალური მიგრენი პირდაპირ კავშირშია ჰორმონების დონესთან, კონკრეტულად ესტროგენებთან. ესტროგენების დონის უეცარი კლება იწვევს შეტევას. მკურნალობა სტანდარტულია, თუმცა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კონტრაცეპტივები, რომლებიც შეიცავენ ესტროგენს და მოახდენენ ესტროგენის დონის სტაბილიზებას. თუმცა აქვე საყურადღებოა, რომ მიგრენის მქონე პაციენტებში ინსულტის რისკი მომატებულია, შესაბამისად, ესტროგენების დანიშვნის დროს სიფრთხილეა საჭირო.
- შეიძლება თუ არა ქალს მიგრენი მხოლოდ მენსტრუაციის პერიოდში ჰქონდეს, დანარჩენ დღეებში კი საერთოდ არ აწუხებდეს? როგორ ხდება ასეთი შემთხვევების მართვა?
- მიგრენის შეტევას, რომელიც სამ დღეზე მეტხანს გრძელდება, მიგრენული სტატუსი ეწოდება. მას სპეციალური მკურნალობა სჭირდება, რათა მოხდეს ამ სტატუსის შეწყვეტა. სხვა შემთხვევაში, მიგრენი ძირითადად ეპიზოდურია. ასაკთან ერთად იცვლება როგორც მიგრენის ხანგრძლივობა, ასევე გამოვლინება. ასაკის მატებასთან ერთად იკლებს თავის ტკივილის ინტენსივობა და წინა პლანზე გადმოდის აურის სიმპტომები. გარკვეული ასაკიდან მიგრენა საერთოდ წყვეტს თავის გამოვლინებას.
- ბევრი ადამიანი თავის ტკივილის პირველივე ნიშნებისას ტკივილგამაყუჩებელს იღებს. რამდენად სწორია ეს მიდგომა და შეიძლება თუ არა ტკივილგამაყუჩებლების ხშირი გამოყენება თავად გახდეს თავის ტკივილის მიზეზი?
- თუ თავის ტკივილი გვაწუხებს და ჰგავს მიგრენის შეტევას, თან ახლავს მისთვის ტიპური, დამახასიათებელი სიმპტომები, რეკომენდებულია მედიკამენტის დროულად მიღება. არ უნდა დაველოდოთ თავის ტკივილის გაძლიერებას, რადგან უკვე ძლიერი თავის ტკივილის შეწყვეტა უფრო რთულია, ვიდრე დასაწყისში, შედარებით ნაკლებად ინტენსიური ტკივილის. რაც შეეხება მედიკამენტების რაოდენობას, როგორც წესი, უნდა მოხდეს ტკივილგამაყუჩებლების მიღების შეზღუდვა თვეში მაქსიმუმ ათ დღემდე. ამ ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში თავად თავის ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატები შეიძლება გახდნენ ტკივილის გამომწვევი მიზეზი.
- არსებობს მოსაზრება, რომ მიგრენის დროს ადამიანი უბრალოდ უნდა დაწვეს ბნელ ოთახში და შეტევას დაელოდოს. რამდენად ეფექტურია ეს მიდგომა და როდის აღარ არის საკმარისი მხოლოდ დასვენება?
- იმ შემთხვევაში, თუ გადავაჭარბეთ ამ ათ დღეს, უნდა ვცადოთ შეტევის შეწყვეტა წამლების გარეშეც. ამ შემთხვევაში ბნელი ოთახი და სიჩუმე კარგი იდეაა, რადგან მაქსიმალურად უნდა მოხდეს ტვინში სიგნალების შემცირება, რათა ტვინის გაღიზიანებადობა შევამციროთ.
- რა შესაძლებლობები აქვს თანამედროვე მედიცინას მიგრენის სამკურნალოდ? რამდენად განსხვავდება დღეს მკურნალობის მიდგომები იმ მეთოდებისგან, რომლებსაც რამდენიმე წლის წინ იყენებდნენ? თუნდაც ბოტოქსი, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან პოპულარულია.
- მიგრენის პათოგენეზში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს კალციტონინის გენთან ასოცირებული პეპტიდი - CGRP. ეს პეპტიდი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და ტკივილის წარმოქმნაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა. შესაბამისად, მიგრენის თანამედროვე მკურნალობა ძირითადად ამ პეპტიდის გარშემოა ორიენტირებული. ეს იქნება რეცეპტორების დაბლოკვა თუ ამ პეპტიდის გამოთავისუფლების შემცირება. დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა თავად ამ რეცეპტორების მონოკლონური ანტისხეულები, მაგალითად, ერენუმაბი, გალკანეზუმაბი. ისინი, როგორც წესი, პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. კეთდება ინექცია თვეში ერთხელ ან ტარდება ინტრავენური გადასხმა, რაც მიგრენის შეტევების პრევენციას იწვევს.
ასევე, ბაზარზე შედარებით ახალი მედიკამენტებია ე.წ. გეპანტები, რომლებიც ასევე მოქმედებენ თავად CGRP-ის რეცეპტორზე და გამოიყენება როგორც ტკივილის სამკურნალოდ, ასევე შეტევების შესამცირებლად.
ყველაზე კლასიკური წამლები, როგორიცაა ტრიპტანები, ასევე ამ მექანიზმით მოქმედებენ და იწვევენ ამ პეპტიდის გამოთავისუფლების შემცირებას. ბოტოქსიც სწორედ პრევენციისთვის გამოიყენება და კეთდება ინექცია სპეციალურ, ე.წ. ტრიგერულ ადგილებში. სხვა პრეპარატების მსგავსად, მასაც პრევენციული მექანიზმი ახასიათებს და, როგორც წესი, შეტევების შემცირებას იწვევს.
- როდის უნდა გადაწყვიტოს პაციენტმა, რომ მხოლოდ შეტევის დროს ტკივილგამაყუჩებლის მიღება აღარ არის საკმარისი და პროფილაქტიკური მკურნალობა სჭირდება?
- პროფილაქტიკური, პრევენციული მკურნალობა უნდა დაიწყოს იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირია მიგრენის შეტევები, რამდენად მძიმეა ეს შეტევები და რამდენად ექვემდებარება მკურნალობას. ასევე, თუ პაციენტი ძალიან ხშირად იღებს ტკივილგამაყუჩებლებს, ამ შემთხვევაში არსებობს ტკივილგამაყუჩებლების ხშირი გამოყენებით გამოწვეული თავის ტკივილის საშიშროება. რა თქმა უნდა, მიგრენას ძალიან დიდი გავლენა აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. თუ პაციენტი ამ შეტევების გამო შეზღუდულია, სამსახურის გაცდენა უწევს ან ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს პრევენციული მკურნალობის განხილვა.

- შეიძლება თუ არა მიგრენის შეტევა ინსულტში აგვერიოს? რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- დიახ, შესაძლებელია, რადგან, მაგალითად, თავის ტვინის უკანა არტერიის ინსულტებმა შეიძლება გამოიწვიონ თავის ტკივილი, როგორც ძირითადი სიმპტომი. ასევე, მხედველობის პრობლემები, რადგან მიგრენას აურით ახასიათებს მხედველობითი მოვლენები, შეიძლება აგვერიოს ინსულტში. ჩემი პრაქტიკიდან მქონია ასეთი შემთხვევა: პაციენტი შედარებით ასაკიანი, 60 წელს გადაცილებული იყო, რომელსაც ანამნეზში ჰქონდა მიგრენი აურით და ათი წელი შეტევა აღარ ჰქონია. უცებ განუვითარდა მიგრენი თავისი მხედველობის პრობლემებით. რა თქმა უნდა, ეს არატიპურია - ათი წელი შეტევების გარეშე და უცებ ხელახლა დაეწყო? შესაბამისად, ეს უკვე იყო იმის სიგნალი, რომ აქ ჩვეულებრივი მიგრენი არ გვქონდა. გადავუღეთ MRI და პაციენტს ჰქონდა ინსულტი.
- თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც მიგრენის მქონე ადამიანები უშვებენ და რის შეცვლას ურჩევდით მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში?
ვფიქრობ, ყველაზე ხშირი შეცდომა არის ტკივილგამაყუჩებლების ზედმეტად ხშირად მოხმარება. მაქსიმუმ ათი დღის განმავლობაში უნდა ხდებოდეს წამლის მიღება ერთი თვის მანძილზე. ასევე, მეორე ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, რომ დროულად არ ხდება ტკივილგამაყუჩებლის ან ტრიპტანის მიღება. ბევრ პაციენტს ეშინია ტრიპტანების მიღების, ჰგონიათ, რომ ძალიან ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია. ამიტომ დიდხანს ელოდებიან და, რადგან დროულად არ ხდება ტკივილის მართვა, შემდგომ, როცა თავის ტკივილი ძალიან ძლიერდება, რთულია მისი შეწყვეტა.
რაც შეეხება ყოველდღიური ცხოვრების რიტმს, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციისთვის ძილ-ღვიძილის ფაზისა და ძილის რიტმის დაცვა, ასევე სტრესის მეტ-ნაკლებად შემცირება. სპორტიც არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება მიგრენის პრევენციისთვის. ასევე, ვურჩევდი პაციენტებს ე.წ. პროგრესიულ კუნთოვან რელაქსაციას. ეს არის სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც, როგორც დამტკიცებულია, იწვევს შეტევების რაოდენობის შემცირებას.
- დასასრულს გკითხავთ, გერმანიაში მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ამჩნევთ თუ არა მიგრენის მიმდინარეობის განსხვავებას სხვადასხვა ქვეყანაში? რამდენად განსაზღვრავს კლიმატი და გარემო პირობები მიგრენის შეტევების სიხშირეს?
- საინტერესო კითხვაა. კვლევებით დადგენილია, რომ შედარებით ცივ ქვეყნებში მიგრენა უფრო ხშირია. ეს დაკავშირებულია, მათ შორის, გენეტიკურ ფაქტორებთან, რადგან მიგრენის განვითარებაში გენეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მიგრენა შედარებით ხშირად გვხვდება ე.წ. ჩრდილოეთის ქვეყნებში.
მეორე მომენტია ის, რომ განვითარებულ, ინდუსტრიულად წარმატებულ ქვეყნებში პაციენტებისთვის მეტი სტრესული ფაქტორია, მეტად დაძაბული ცხოვრების სტილია, რაც, შესაბამისად, შეტევების უფრო ხშირ განვითარებას განაპირობებს.