ინსულტის პირველი სიმპტომები, გადამწყვეტი წუთები და გამოჯანმრთელების შესაძლებლობა - რას გვირჩევს ნევროლოგი დავით ტაბატაძე
სახის ასიმეტრია, კიდურების სისუსტე და მეტყველების დარღვევა - ინსულტის ნიშნები, რომელთა ამოცნობამ შესაძლოა ადამიანის სიცოცხლე შეცვალოს
ინსულტის დროს დროული რეაგირება, სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობის დაწყება პაციენტის გამოჯანმრთელების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. რა განსხვავებაა იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტებს შორის, როგორ ამოვიცნოთ საგანგაშო ნიშნები, რა როლი აქვს თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს და რატომ არის მნიშვნელოვანი რეაბილიტაციის პროცესში ოჯახის ჩართულობა? ამ საკითხებზე რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „მკურნალი“ კავკასიის მედიცინის ცენტრის ნევროლოგმა დავით ტაბატაძემ ისაუბრა
რა არის ინსულტი და რა განსხვავებაა მის ორ ძირითად ტიპს შორის?
- ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლაა. ის ორ ძირითად ტიპად იყოფა - იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტად. იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდება დაავადება და რა შედეგს ტოვებს ის, განასხვავებენ გარდამავალ შეტევას, რომელსაც ზოგჯერ მცირე ინსულტსაც უწოდებენ, და ინსულტს, რომლის შედეგადაც ნევროლოგიური დეფიციტი რჩება.
იშემიური ინსულტი, ფაქტობრივად, თავის ტვინის ინფარქტია. ამ დროს სისხლძარღვის დახშობის გამო სისხლის მიმოქცევა წყდება და ტვინის კონკრეტული უბანი საჭირო რაოდენობის სისხლს ვეღარ იღებს.
ჰემორაგიული ინსულტის დროს კი ხდება სისხლძარღვიდან სისხლის ჩაქცევა თავის ტვინის ქსოვილში. ამ პროცესმა, თავის მხრივ, შეიძლება ტვინის შესაბამის უბანში სისხლით მომარაგების დარღვევა გამოიწვიოს.

ინსულტის დროს რომელი სიმპტომებია საგანგაშო?
- ეს ძალიან აქტუალური საკითხია. საქართველოში ინსულტთან დაკავშირებით ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა პაციენტების სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებული მიმართვიანობა იყო.
როგორც აღვნიშნეთ, ინსულტის დროს ყოველ წუთს მნიშვნელობა აქვს. თუ პაციენტი კლინიკაში დაგვიანებით, მაგალითად, სიმპტომების დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ ხვდება, პირველ საათებში ჩატარებული აღდგენითი მკურნალობის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, დაკარგულია. ასეთ დროს ყურადღება უკვე სხვა მიმართულებებზე, მათ შორის რეაბილიტაციასა და შემდგომი გართულებების პრევენციაზე, გადადის.
ფრაზა „დრო ტვინია“ სწორედ ამ მნიშვნელობას გამოხატავს. სტატისტიკურად, თავის ტვინის მსხვილი სისხლძარღვის დახშობისას ყოველ წუთში დაახლოებით 1,92 მილიონი ნეირონი შეიძლება დაიღუპოს.
თუმცა დაზიანებული უბნის გარშემო არსებობს ქსოვილი, რომელშიც სისხლის მიმოქცევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვა, შემოვლითი სისხლძარღვების მეშვეობით ნაწილობრივ კომპენსირდება. ამ უბანში ცვლილებები ჯერ კიდევ შექცევადია. თუ პაციენტი დროულად მოხვდება კლინიკაში, სანამ ეს ცვლილებები შეუქცევადი გახდება, შესაძლებელია ჩარევა და ტვინის ქსოვილის გადარჩენა.
თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, შესაბამისი კვლევებით დავინახოთ, ტვინის რომელი უბანია დაზიანებული და სად მიმდინარეობს ჯერ კიდევ შექცევადი ცვლილებები.
რაც შეეხება კლინიკურ ნიშნებს, მათი ამოცნობა უმნიშვნელოვანესია. ინსულტი ხშირად ასაკთან ასოცირდება, თუმცა ბოლო წლებში ახალგაზრდებშიც გვხვდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ინსულტის ნიშნების ამოცნობა არა მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეეძლოთ.
ამისთვის გამოიყენება ნიშნების ამოცნობის მარტივი პრინციპი, რომელიც ბალანსის, მხედველობის, სახის ასიმეტრიის, კიდურების სისუსტისა და მეტყველების ცვლილებების შეფასებას გულისხმობს.
საგანგაშო ნიშნებია:
- წონასწორობის უეცარი დარღვევა;
- მხედველობის უეცარი ცვლილება;
- სახის ასიმეტრია;
- კიდურებში უეცრად განვითარებული სისუსტე, მოძრაობის შეზღუდვა ან დაბუჟება;
- მეტყველების დარღვევა ან ნათქვამის აღქმის გაძნელება.
ასეთი სიმპტომების გამოვლენისას დაუყოვნებლივ უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება. არ უნდა დაველოდოთ, რომ სიმპტომები თავისით გაივლის, ან მდგომარეობის გაუარესებას ველოდოთ.
რა კვლევები ტარდება ინსულტის ეჭვის შემთხვევაში?
- არსებობს მთელი რიგი დაავადებები, რომელთა სიმპტომებიც ინსულტის ნიშნებს ჰგავს. ნევროლოგიაში ასეთ მდგომარეობებს ინსულტის მიმიკებს უწოდებენ. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მათი გამორიცხვა.
ასევე უნდა განვასხვაოთ იშემიური და ჰემორაგიული ინსულტები. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში თავის ტვინის დაზიანებასთან გვაქვს საქმე, მათი განვითარების მექანიზმები და მკურნალობის მიდგომები სრულიად განსხვავებულია. ერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო იყოს თრომბის დაშლა, მეორე შემთხვევაში კი სისხლჩაქცევის მართვა და სისხლდენასთან დაკავშირებული გართულებების პრევენცია.
ამიტომ თავდაპირველად ტარდება დიაგნოზების დიფერენცირება, რაც თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიით არის შესაძლებელი.
როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა კლინიკას წინასწარ ატყობინებს ინსულტის სავარაუდო შემთხვევის შესახებ, შესაბამისი გუნდი მობილიზებულია და პაციენტის მიღებისთვის მზად არის. პირველ ეტაპზე ხდება სხვა შესაძლო დიაგნოზების გამორიცხვა.

მნიშვნელოვანია პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის, ანუ ანამნეზის, შეკრებაც. ამის შემდეგ განისაზღვრება, შესაძლებელია თუ არა მწვავე ფაზაში აქტიური ჩარევა და სისხლის მიმოქცევის აღდგენა - რევასკულარიზაცია, ანუ რეპერფუზიული მკურნალობა.
რა როლი აქვს თრომბოლიზისსა და თრომბექტომიას?
- თრომბოლიზისმა და თრომბექტომიამ იშემიური ინსულტის მკურნალობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ეს მეთოდები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა XXI საუკუნეში და დროული ჩარევის შემთხვევაში პაციენტების მკურნალობის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
დღეს იშემიური ინსულტის დროს თრომბოლიზისის დაწყება, შესაბამისი ჩვენებების არსებობის შემთხვევაში, სიმპტომების გამოვლენიდან 4,5 საათის განმავლობაში განიხილება. თრომბექტომიის შესაძლებლობა კი გარკვეულ შემთხვევებში 24 საათამდე პერიოდში შეიძლება შეფასდეს. არსებობს გაფართოებული დროითი ფანჯრის შემთხვევებიც, თუმცა ასეთ დროს გადაწყვეტილება დამატებით ფაქტორებზეა დამოკიდებული.
თრომბოლიზისი გულისხმობს თრომბის დაშლას. ამ დროს პაციენტს ინტრავენურად მიეწოდება მედიკამენტი, რომელიც თრომბის დაშლას უწყობს ხელს და სისხლძარღვში სისხლის მიმოქცევის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა.
თუმცა თუ დაზიანებულია მსხვილი არტერია და თრომბი სისხლძარღვში სისხლის მიმოქცევას მნიშვნელოვნად ზღუდავს, შესაძლოა მხოლოდ თრომბოლიზისი საკმარისი არ აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევებში განიხილება თრომბექტომია.
კომპიუტერული ტომოგრაფიისა და საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფიული ანგიოგრაფიის მეშვეობით ფასდება სისხლძარღვების მდგომარეობა და მათი გამავლობა. თუ გამოვლინდა მსხვილი არტერიის დახშობა, შესაძლოა საჭირო გახდეს თრომბექტომია — სისხლძარღვში არსებული თრომბული მასის მექანიკური გზით მოცილება ან ასპირაცია.
ამ მეთოდების გამოყენების მიზანია სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ტვინის დაზიანებული უბნის გარშემო იმ ქსოვილის გადარჩენა, რომლის ცვლილებებიც ჯერ კიდევ შექცევადია.
როგორ განსხვავდება იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის მკურნალობა?
- იშემიური ინსულტის დროს მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დახშულ სისხლძარღვში სისხლის მიმოქცევის აღდგენაა. ამისთვის, შესაბამისი ჩვენებების არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება თრომბოლიზისი ან თრომბექტომია.
ჰემორაგიული ინსულტის დროს კი ყურადღება სისხლდენის კონტროლს ეთმობა. საჭიროა სისხლის შედედების პროცესის შეფასება და მართვა, ხოლო შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება სისხლის შედედების ხელშემწყობი მედიკამენტებიც.
მნიშვნელოვანია პაციენტის მდგომარეობის დინამიკური კონტროლი. კომპიუტერული ტომოგრაფია შეიძლება განმეორდეს 24 საათის შემდეგ ან უფრო ადრეც, თუ პაციენტს ახალი ნევროლოგიური სიმპტომები უვითარდება. ამ გზით ფასდება, ხომ არ იზრდება სისხლჩაქცევის მოცულობა და ხომ არ ვითარდება დამატებითი გართულებები.
თუ მდგომარეობა უარესდება და სისხლჩაქცევის მდებარეობა ან სხვა გარემოებები ამის საფუძველს იძლევა, მკურნალობის პროცესში ნეიროქირურგიც ერთვება. გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა ოპერაციული ჩარევის საჭიროებაც დადგეს.
რა ზრდის ინსულტის განვითარების რისკს?
- ინსულტის რისკფაქტორები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა - მოდიფიცირებად და არამოდიფიცირებად ფაქტორებად.
არამოდიფიცირებად ფაქტორებს მიეკუთვნება ასაკი და გენეტიკური წინასწარგანწყობა. ასაკის მატებასთან ერთად ინსულტის განვითარების რისკი იზრდება, თუმცა ამ ფაქტორის შეცვლა შეუძლებელია.
მოდიფიცირებად რისკფაქტორებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება და არაჯანსაღი ცხოვრების წესი, მათ შორის კვების თავისებურებები.
ინსულტის შემთხვევების დაახლოებით 70 პროცენტში სულ მცირე ერთი მოდიფიცირებადი რისკფაქტორი მაინც გვხვდება.
პრობლემა ისიც არის, რომ პაციენტი შესაძლოა ექიმთან დადიოდეს, მაგრამ დანიშნულ მედიკამენტებს სათანადოდ არ იღებდეს. ზოგჯერ პაციენტი მკურნალობას წყვეტს, ზოგჯერ კი მედიკამენტებს არასწორი დოზით იღებს. ასეთ პირობებში არტერიული წნევის, დიაბეტის ან სხვა რისკფაქტორების კონტროლი სათანადოდ ვერ ხერხდება.
თუ ადამიანს ერთხელ უკვე ჰქონდა იშემიური ინსულტი, განმეორებითი ინსულტის, ანუ რეინსულტის, რისკი მომატებული რჩება. ეს არ ნიშნავს, რომ დანიშნული მკურნალობა აუცილებლად არაეფექტიანია - რისკი გარკვეულწილად ყოველთვის არსებობს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევამციროთ განმეორებითი ინსულტისა და სხვა გართულებების ალბათობა და პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას შევუწყოთ ხელი.
რა გართულებები შეიძლება განვითარდეს ინსულტის შემდეგ?
- ინსულტის დროს თავის ტვინის კონკრეტულ უბანში სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს იმ ფუნქციების მოშლას, რომლებზეც ეს უბანია პასუხისმგებელი. შესაბამისად, კლინიკური გამოვლინებები დაზიანების მდებარეობაზეა დამოკიდებული.
პაციენტს შეიძლება განუვითარდეს კიდურების სისუსტე, მგრძნობელობის დაქვეითება, წონასწორობის დარღვევა, მხედველობის გაუარესება, სახის ასიმეტრია ან მეტყველების ცვლილება.

მწვავე პერიოდში მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ პირველი 72 საათის განმავლობაში პაციენტის კლინიკური მდგომარეობა შესაძლოა შეიცვალოს. ამიტომ აუცილებელია მისი სათანადო მეთვალყურეობა.
შემდგომ ეტაპზე ჩვენი მიზანია პაციენტის ცხოვრების ხარისხის აღდგენა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების დროულად დაწყება.
ინსულტმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მოგვიანებით შესაძლოა გამოვლინდეს ხასიათის ცვლილებები, გუნება-განწყობის დაქვეითება, ემოციური არასტაბილურობა, დეპრესია, უძილობა და შფოთვა.
ამიტომ ინსულტის მკურნალობაში მხოლოდ ნევროლოგის მონაწილეობა არ არის საკმარისი. საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მართვაში მულტიდისციპლინური გუნდი ერთვება, რომელიც მის სხვადასხვა საჭიროებას აფასებს და შესაბამის დახმარებას უზრუნველყოფს.
როდის უნდა დაიწყოს რეაბილიტაცია?
- რეაბილიტაციის დაწყების დრო პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. როგორც კი მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ამის შესაძლებლობას მოგვცემს, სასურველია, რეაბილიტაცია რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ხშირ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, პირველივე 24 საათის შემდეგ შესაძლებელია ამ პროცესში ჩართვა.
ინსულტის მართვა მხოლოდ ნევროლოგის მეთვალყურეობით არ შემოიფარგლება. მულტიდისციპლინურ გუნდში კარდიოლოგიც მონაწილეობს, რათა შეფასდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული რისკფაქტორები და განისაზღვროს ინსულტის შესაძლო მიზეზი.
რეაბილიტაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეაბილიტოლოგი, რომელიც პაციენტს კონკრეტულ ვარჯიშებს სთავაზობს. მათი მიზანია ნერვული სისტემის ფუნქციური აღდგენის ხელშეწყობა.
მიუხედავად იმისა, რომ ნერვული უჯრედების გამრავლების უნარი შეზღუდულია, ნერვულ ქსოვილს ნეიროპლასტიკურობის უნარი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ტვინს შეუძლია, გარკვეულწილად, დაზიანებული ნერვული ქსელების ფუნქცია სხვა ნერვული კავშირების მეშვეობით აანაზღაუროს.
სარეაბილიტაციო ვარჯიშების დროს ნერვული იმპულსების გადაცემა ხელს უწყობს ფუნქციების აღდგენას და კუნთების მუშაობის გაუმჯობესებას. ინსულტის შემდეგ უმოძრაობამ შესაძლოა კუნთოვანი მასის შემცირებაც გამოიწვიოს, ამიტომ მოძრაობისა და ვარჯიშის ეტაპობრივი აღდგენა მნიშვნელოვანია.
რეაბილიტაციის მიზანი მხოლოდ დაკარგული ფუნქციების აღდგენა არ არის. მნიშვნელოვანია, პაციენტმა შეძლოს დამოუკიდებლობის მაქსიმალურად შენარჩუნებაც. არ უნდა გავაკეთოთ მის ნაცვლად ყველაფერი, რისი შესრულებაც თავად შეუძლია. მას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში დამოუკიდებლად იმოქმედოს.
ამ პროცესში ოჯახის წევრების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ინსულტის მართვის სპეციალიზებულ განყოფილებებში კარგად ესმით, რომ ოჯახის მხარდაჭერა პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
რატომ არის ოჯახის წევრების ჩართულობა მნიშვნელოვანი?
- ოჯახის წევრი პაციენტთან დროის დიდ ნაწილს ატარებს და ხშირად ამჩნევს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც ექიმთან ერთჯერადი ვიზიტის დროს შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვიანი გართულებების შემთხვევაში. ოჯახის წევრმა ყურადღება უნდა მიაქციოს პაციენტის ემოციურ მდგომარეობას, ქცევას, ძილსა და ყოველდღიურ აქტივობას.
თუ გამოვლინდა დეპრესიული ნიშნები, უძილობა, შფოთვა ან განგაშის შეგრძნება, აუცილებელია დროული რეაგირება და შესაბამისი დახმარების უზრუნველყოფა.
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი პროცესში აქტიურად მონაწილეობდეს. ემოციურმა პრობლემებმა შესაძლოა მისი მოტივაცია შეამციროს და სარეაბილიტაციო ღონისძიებებში ჩართულობას ხელი შეუშალოს.
ამიტომ აუცილებელია ოჯახის წევრებისა და სამედიცინო გუნდის აქტიური კომუნიკაცია. მათი თანამშრომლობა პაციენტს ეხმარება, მაქსიმალურად გამოიყენოს გამოჯანმრთელების შესაძლებლობები და ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესოს.
რაზეა დამოკიდებული ინსულტის შემდეგ გამოჯანმრთელება?
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კლინიკაში დროული მიმართვაა.
თუ პაციენტი სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში ხვდება კლინიკაში და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია, არსებობს შემთხვევები, როდესაც ის საავადმყოფოდან გაწერისას ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე ან მხოლოდ უმნიშვნელო ნარჩენი სიმპტომებით ეწერება.
რაც უფრო იზრდება დაგვიანების დრო, მით უფრო იზრდება ტვინის დაზიანების რისკი. როგორც აღვნიშნეთ, მსხვილი სისხლძარღვის დახშობისას ყოველ წუთში დაახლოებით 1,92 მილიონი ნეირონი შეიძლება დაიღუპოს. ეს ზრდის მძიმე ნევროლოგიური დეფიციტის განვითარების და მისი ხანგრძლივად შენარჩუნების ალბათობას.
თუ შესაბამისი მკურნალობის ჩატარება მწვავე პერიოდში, განსაკუთრებით პირველ საათებში, მოხერხდა, დადებითი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა იზრდება.
თუ პაციენტი კლინიკაში გვიან ხვდება და მწვავე ჩარევის შესაძლებლობა უკვე დაკარგულია, მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილი რეაბილიტაციასა და მეორადი გართულებების პრევენციას ეთმობა. აუცილებელია კლინიკური მეთვალყურეობა, ახალი გართულებების დროული გამოვლენა და განმეორებითი ინსულტის რისკის შესამცირებლად შესაბამისი მკურნალობა.
გამოჯანმრთელების შესაძლებლობაზე გავლენას ახდენს დაზიანებული უბნის მდებარეობაც. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაზიანების ზომა, არამედ ისიც, თუ ტვინის რომელ ნაწილში განვითარდა ინსულტი. შესაძლოა, შედარებით დიდმა დაზიანებამ ისეთ უბანში, რომელიც კრიტიკულ ფუნქციებს არ აკონტროლებს, ნაკლებად გამოხატული სიმპტომები გამოიწვიოს. საპირისპიროდ, მცირე დაზიანებამ ფუნქციურად მნიშვნელოვან უბანში შესაძლოა მძიმე ნევროლოგიური დეფიციტი გამოიწვიოს.
შესაბამისად, საბოლოო შედეგი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: რამდენად დროულად მოხდა პაციენტის კლინიკაში მიყვანა, სად მდებარეობს დაზიანება, როგორია მისი თავისებურებები, რამდენად ეფექტიანად ჩატარდა მწვავე მკურნალობა და როგორ მიმდინარეობს შემდგომი რეაბილიტაცია.
როგორ შევამციროთ ინსულტის რისკი?
- ინსულტის საუკეთესო მკურნალობა მისი პრევენციაა. როგორც აღვნიშნეთ, შემთხვევების დაახლოებით 70 პროცენტში სულ მცირე ერთი მოდიფიცირებადი რისკფაქტორი მაინც გვხვდება. ეს ის ფაქტორებია, რომელთა კონტროლითაც ზოგიერთ შემთხვევაში ინსულტის თავიდან აცილება შესაძლებელია.
მნიშვნელოვანია მოწევაზე უარის თქმა, არტერიული წნევის კონტროლი და შაქრიანი დიაბეტის სათანადო მართვა. ყურადღება უნდა მივაქციოთ წინაგულების ფიბრილაციასაც, რომელიც ინსულტის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია.
გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების წესსა და კვებას. ჭარბი წონა და სხეულის მასის ინდექსთან დაკავშირებული პრობლემები ინსულტის მომატებულ რისკთან არის ასოცირებული. ამ ფაქტორების კონტროლი დაავადების განვითარების ალბათობის შემცირებაში გვეხმარება.
ადამიანებმა უნდა იცოდნენ ინსულტის ძირითადი ნიშნებიც, რათა მათი გამოვლენის შემთხვევაში დროული რეაგირება შეძლონ. ზოგჯერ ინსულტი ისეთი მსუბუქი ან უჩვეულო სიმპტომებით მიმდინარეობს, რომ მისი ამოცნობა სამედიცინო სპეციალისტებისთვისაც რთულია. თუმცა, როდესაც გამოხატულია კონკრეტული ნევროლოგიური დეფიციტი - სახის ასიმეტრია, კიდურების სისუსტე, წონასწორობის დარღვევა ან მეტყველების ცვლილება - ამ ნიშნების ამოცნობა ჩვეულებრივ ადამიანსაც უნდა შეეძლოს.
საზოგადოების ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პაციენტი დროულად მოხვდეს სამედიცინო დაწესებულებაში და შემცირდეს ინსულტის მძიმე გართულებების განვითარების ალბათობა.